გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/372-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "ს----------–--------ი"
წარმომადგენელი გიორგი კვერნაძე
მოპასუხე რ----- ბ----ო
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ----- ბ----ოსათვის სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 7866.82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 6677.79 ლარი, პროცენტი – 490.14 ლარი, ხოლო ჯარიმა – 650.89 ლარი.
1.2. რ----- ბ----ოსათვის სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 15 დეკემბერს სს ს----------–--------სა და რ----- ბ----ოს შორის დაიდო №ATM-8598758 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 9,500 ლარი. კრედიტის ვადა 48 თვე. სარგებელი - წლიური 14,1%; ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის (კრედიტის ძირითადი თანხა და/ან მასზე დარიცხული პროცენტი) 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საბანკო კრედიტის დაფარვა ყოველთვიურად, თვის 15 რიცხვში თანხის გადახდით. მოპასუხემ არაჯეროვნად, ნაწილობრივ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 6677.79 ლარი, სარგებელი 490.14 ლარი, საკომისიო 48 ლარი, პირგასამტეხლო 650.89 ლარი, ჯამურად 7866.82 ლარი. ბანკმა აღსრულების ბიუროს მიმართა გადახდის ბრძანების მიღების მოთხოვნით, მაგრამ მოვალის მიერ პროტესტის შეტანის გამო ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, რის გამოც გადახდილი სააპლიკაციო საფასური არ დაუბრუნდა. ეს ხარჯი გაღებულია კრედიტის ხელშეკრულებიდნ გამომდინარე, რის გამოც მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბანკიდან რეალურად აიღო 8850.9 ლარი. გადახდილი აქვს 3848 ლარზე მეტი. ამის მიუხედავად ბანკის მოთხოვნით კვლავ გადასახდელია 8850 ლარი, რაც ბანკის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრებაა. გადახდილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით თანახმაა გადაიხადოს 5500 ლარი ძირითადი თანხა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პროცენტია წლიური 14.1%. ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 17.6%. რეალურად ბანკი ახდევინებდა არა 14.1%, არამედ 17%-ს.
სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს 5500 ლარი. მოპასუხემ არ ცნო სააპლიკაციო საფასურის დაკისრების მოთხოვნა და განმარტა, რომ პროტესტი იმის გამო წარადგინა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რის გამოც ამ ხარჯის გადახდა რა ეკისრება.
(23.04.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 15 დეკემბერს სს ს----------–--------სა და რ----- ბ----ოს შორის დაიდო №ATM-8598758 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 9,500 ლარი. კრედიტის ვადა: 48 თვე; საპროცენტო განაკვეთი - წლიური 14,1%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17.69%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის (კრედიტის ძირითადი თანხა და/ან მასზე დარიცხული პროცენტი) 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საბანკო კრედიტის დაფარვა თანდართული გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად თვის 15 რიცხვში თანხის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო 181 ლარი, ასევე დაზღვევის მართვის საკომისიო, რომელიც ყოველთვიურად გადასახდელ თანხასთან ერთად გადაიხდევინება 8 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 3.19 პუნქტის მიხედვით, დაზღვევის მართვის საკომისიო დაერიცხება არაუმეტეს ბანკის მიერ განსაზღვრული თანხის მოცულობას და გადაიხდევინება ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კლიენტის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევა. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. კლიენტის მიერ დასაცავი დაზღვევის პირობები მოცემულია ბანკის ვებმისამართზე. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული საკომისიო გადაიხდება ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე, მიუხედავად იმისა, კლიენტი ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე იქნება თუ არა დაზღვეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-23. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 78-84. ტომი 1)
3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ნოემბრის NSP181021371/511601 გადაწყვეტილებით სს „ს----------–--------ს“ უარი ეთქვა რ----- ბ----ოს მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე იმის გამო, რომ მოვალემ წარადგინა პროტესტი. სს „ს----------–--------მა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2018 წლის 30 ოქტომბერს გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ბრძანების ასლი (ს.ფ. 4-6. ტომი 1)
- საფასურის გადახდის ქვითარი (ს.ფ. )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. რ----- ბ----ომ ნაწილობრივ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. საერთო ჯამში გადახდილი აქვს 3820,06 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 2 372.21 ლარი, პროცენტი 1405.76 ლარი, პირგასამტეხლო 42.09 ლარი, საკომისიო 181 ლარი, დაზღვევის საკომისიო 120 ლარი. 2018 წლის 17 აპრილის შემდეგ კრედიტი ბანკისთვის არ დაუბრუნებია.
მოპასუხის განმარტებით, მან ბანკისგან მიიღო არა ხელშეკრულებაში მითითებული 9050 ლარი, არამედ ნაკლები თანხა 8850.9 ლარი, რადგან 181 ლარი თანხის გაცემამდე გამოუქვითეს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ნაერთი ამონაწერი ანგარიშიდან, სადაც ასახულია რ----- ბ----ოს საბანკო ანგარიშზე განხორცილებული ტრანზაქციების ისტორია, სადაც ასახულია არა მარტო სადაო კრედიტის თანხის მიღება და მის დასაბრუნებლად თანხის გადახდა, არამედ სხვა დანიშნულებით ანგარიშზე თანხის შეტანის ისტორიაც. საბანკო ამონაწერში 2016 წლის 15 დეკემბერს მითითებულია ტრანზაქცია სესხის გაცემა, ხოლო სესხის თანხა 9 050 ლარი. ამდენად, არ დასტურდება, რომ მოსარჩელისგან მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებაში მითითებულზე ნაკლები თანხა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადაო ხელშეკრულება დადებულია რეფინანსირების მიზნით, სს ს----------–---------იდან სესხის აღების მიზანი იყო სს თიბისი ბანკის მიმართ არსებული სამი სხვადასხვა საკრედიტო ვალდებულების დაფარვა: კერძოდ, რეფინანსირებულია სამომხარებლო სესხის გაცემული 2016 წლის 2 აგვისტოს, მოცულობა 3000 ლარი; საკრედიტო ბარათი გაცემული 2014 წლის 22 აგვისტოს მოცულობა 2000 ლარი; საკრედიტო ბარათი გაცემული 2014 წლის 22 აგვისტოს მოცულობა 3060 ლარი.
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სამომხმარებლო კრედიტის ათვისების საკომისიო 181 ლარი, ასევე დაზღვევის მართვის საკომისიო 8 ლარი. ეს თანხა გადაიხდება ათვისებულ სამომხმარებლო კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, 2016 წლის 15 დეკემბერს გადახდილია ბანკის საკომისიო 181 ლარი, რაც განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი არ არის. მოსარჩელე მოითხოვს საკომისიოს 48 ლარის გადახდას, რაც არის დაზღვევის მართვის საკომისიოს დავალიანება, რომელიც მოპასუხეს ყოველთვიურად 8 ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე ყოველთვიურად გადასახდელ თანხასთან ერთად დაზღვევის მართვის საკომისიოს 2017 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში სტაბილურად იხდიდა, ხოლო შემდგომ პერიოდში ეს თანხა ყოველთვიურად არ გადაუხდია. საკომისიოს ეს თანხა საერთოდ არ გადაუხდია 2018 წლის თებერვალში, 2018 წლის მარტში. საერთო ჯამში დაზღვევის საკომისიოს თანხა გადახდილია 120 ლარი. ხელშეკრულება დადებულია 48 თვის ვადით, რა დროში გადასახდელი საკომისიოს თანხაა 384 ლარი, საიდანაც გადახდილია 120 ლარი, ხოლო სარჩელის აღძვრამდე პერიოდში გადასახდელი საკომისიოა 48 ლარი.
საბანკო ამონაწერის თანახმად, კრედიტის დაბრუნების მიზნით 2017 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 17 აპრილამდე პერიოდში გადახდილია ძირითადი თანხა 2372.21 ლარი, სარგებელი 1405.76 ლარი, პირგასამტეხლო 42.09 ლარი, საკომისიო 181 ლარი და დაზღვევის მართვის საკომისიო 120 ლარი.
ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს სახით ჯამურად გადახდილია 3820.06 ლარი, ხოლო საკომისიოსთან ერთად ჯამურად სულ გადახდილია 4 121,06 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ იმის გამო, რომ სესხი სარგებლიანია, გადახდილი თანხის ნაწილი მიემართება კრედიტის პროცენტის გადასახდელად და თანხა მთლიანად ძირითად თანხას არ აკლდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის ყოველთვიურად გადახდა ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდით. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ მის მიერ გადახდილი თანხით მცდარად არის შემცირებული საკრედიტო დავალიანება. მან ვერ მიუთითა გაანგარიშება, რომლის მიხედვით გადასახდელი თანხაა 5500 ლარი. სასამართლო კვლავ აღიშნავს, რომ კრედიტი სარგებლიანია, რის გამოც მსესხებლის ძირითად ვალდებულებაში შედის არამარტო მიღებული კრედიტის თანხის, არამედ სარგებლის გადახდაც. მოპასუხის განმარტებით, 5500 ლარი კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანებაა, რაც ხელშეკრულების პირობებიდან არ გამომდინარეობს, რადგან მსესხებელს ევალება ყოველთვიურად ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა და გადახდილი თანხა სრულად ძირითად თანხას არ აკლდება.
ამდენად, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 6677,79 ლარი, სარჩელის აღძვრამდე პერიოდის სარგებელი 490,14 ლარი, საკომისიო 48 ლარი, სულ 7 215,93 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-23. ტომი 1)
- ამონაწერი ანგარიშიდან და დავალიანების ცნობა (ს.ფ. 24-64. ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეს არაჯეროვნად აქვს შესრულებული საკრედიტო ვალდებულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 388-ე, 316-ე მუხლები
· საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 13 მაისის ბრძანება #35/04 „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ"
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის არსი განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით. ამ ნორმის მიხედივით, თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის (2016 წლის 15 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი; 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს; 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი; 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ; 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.
2014 წლის 22 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 9 050 ლარი 48 თვის ვადით. კრედიტის სარგებელი განისაზღვრა წლიური 14,12 %-ით, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17.6%. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.
სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი ფულადი თანხებით სარგებლობისათვის. პროცენტი წარმოადგენს ნასესხები ძირითადი თანხის სარგებელს, რომელიც პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.
საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს მყარი (ფიქსირებული) ან ცვალებადი (ინდექსირებული). როგორც სესხის, ისე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს შეთანხმებას მყარ ან ცვალებად საპროცენტო განაკვეთზე. ამ შემთვევაში ხელშეკრულებით სარგებელი გათვალისწინებულია მყარი საპროცენტო განაკვეთით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 13 მაისის ბრძანება #35/04 „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ" „ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს განმარტავს როგორც საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის მანძილზე ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების, გარდა საჯარო ინდექსის ცვლილების გარემოებისა, დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებაში წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება; ამავე ბრძანების მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტის მიხედვით, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის კრედიტის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით;
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის მიხედვით, 1. ფინანსური ხარჯები არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ:
ა) საპროცენტო ხარჯები/შენატანები;
ბ) მომსახურებაზე ბანკის მიერ დაწესებული გადასახდელები;
გ) ბანკის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯები;
დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯები;
ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯები;
ვ) სანოტარო ხარჯები;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
თ) გადასახდელი, რომელსაც მომხმარებელი უხდის მესამე პირს საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას;
ი) ბანკის სხვა პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას;
კ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ბანკმა შეიტყო ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტში მოცემული ვალდებულების შესრულებისას.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ ხარჯს მომხმარებელი უხდის მესამე პირს და ბანკს არ შეუძლია ზუსტი ფინანსური ხარჯის ოდენობის დადგენა, ბანკმა ის უნდა განსაზღვროს აღნიშნული ხარჯის მოსალოდნელი საბაზრო ღირებულების საფუძველზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მითითებული ბრძანება ძალადაკარგულია 2017 წლის 1 მაისიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 12/23/2016 N 151/04 ბრძანებით „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლის საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი ხელშეკრულებაა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესების საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კრედიტის გაცემის და კრედიტით სარგებლობის ფინანსური ხარჯების ანაზღაურების საკითხებს.
ამდენად, სარგებლიანი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია დააბრუნოს არა მარტო მიღებული კრედიტის თანხა, არამედ კრედიტორს უნდა გადაუხადოს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი. კერძო, სადაო ხელშეკრულებით სარგებელთან ერთად გათვალისწინებულია ფინანსური ხარჯი სესხის გაცემის საკომისიო და დაზღვევის მართვის საკომისიო, რომელთაგან სრულად გადახდილია სესხის გაცემის საკომისიო, ხოლო ნაწილობრივ ანაზღაურებულია სესხის ძირითადი თანხა, სარგებელი და დაზღვევის მართვის საკომისიო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხემ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, მან სრულად არ დააბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მხარეებს შორის სადაოა ის, თუ გადახდილი თანხით როგორ უნდა შემცირდეს საკრედიტო ვალდებულების მოცულობა.
ხელშეკრულების მიხედვით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილია, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა ყოველი თვის 15 რიცხვში. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ გადახდილი თანხა სრულად ძირითად თანხას უნდა გამოაკლდეს. მოპასუხის ეს პოზიცია არ გამომდინარეობს ხელშეკრულების შინაარსიდან და მას არც სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილის ერთობლივად გადახდა, რის გამოც მოვალის მიერ თანხის გადახდით სრულად სესხის ძირითადი თანხა არ დაფარულა. სადაო შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები. ეს ნორმა აწესრიგებს კრედიტორის მიერ მოთხოვნის იძულებითი დაკმაყოფილების მიზნით მოქმედებების დაწყების შემდეგ გადახდილი თანხის დავალიანების გადასახდევინებლად მიმართვის პრინციპს, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება სასამართლო ხარჯების დაფარვას, ხოლო შემდეგ გადახდევინება წარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით - ძირითადი თანხა და ბოლოს პროცენტები. ამ შემთხვევაში დავა შეეხება ვალდებულების შესრულების ვადაში მოვალის მიერ გადახდილ თანხას, რაზეც ამ ნორმით დადგენილი წესი არ ვრცელდება.
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამომხმარებლო კრედიტის ათვისების საკომისიო 181 ლარი, ასევე დაზღვევის მართვის საკომისიო 8 ლარი. ეს თანხა გადაიხდება ათვისებულ სამომხმარებლო კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტ სარგებლის გადახდის პერიოდულობით ყოველთვიურად. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, 2016 წლის 15 დეკემბერს გადახდილია კრედიტის გაცემის საკომისიო 181 ლარი, რაც განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი არ არის. მოსარჩელე მოითხოვს საკომისიოს 48 ლარის გადახდას, რაც არის დაზღვევის მართვის საკომისიოს დავალიანება, რომელიც მოპასუხეს ყოველთვიურად 8 ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე ყოველთვიურად გადასახდელ თანხასთან ერთად დაზღვევის მართვის საკომისიოს 2017 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში სტაბილურად იხდიდა, სულ ამ მიზნით გადახდილია 120 ლარი. ხელშეკრულება დადებულია 48 თვის ვადით, რა დროში გადასახდელი საკომისიოს თანხაა 384 ლარი, საიდანაც გადახდილია 120 ლარი, ხოლო მოთხოვნილია სარჩელის აღძვრამდე პერიოდში გადასახდელი საკომისიოა 48 ლარი. ამდენად, სარჩელით მოთხოვნილი საკომისიო არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის მართვის საკომისიოს თანხა.
საბანკო ამონაწერის თანახმად, კრედიტის დაბრუნების მიზნით 2017 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 17 აპრილამდე პერიოდში გადახდილია ძირითადი თანხა 2372.21 ლარი, სარგებელი 1405.76 ლარი, პირგასამტეხლო 42.09 ლარი, საკომისიო 181 ლარი და დაზღვევის მართვის საკომისიო 120 ლარი.
ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს სახით ჯამურად გადახდილია 3820.06 ლარი. იმის გამო, რომ სესხი სარგებლიანია, გადახდილი თანხის ნაწილი მიემართება კრედიტის პროცენტის გადასახდელად და თანხა მთლიანად ძირითად თანხას არ აკლდება. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ფინანსური ხარჯის, საკომისიო გადახდა, რომლის დავალიანებაა 48 ლარი. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის ყოველთვიურად გადახდა ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდით. რის გამოც მსესხებლის ძირითად ვალდებულებაში შედის არამარტო მიღებული კრედიტის თანხის, არამედ სარგებლის გადახდაც. მოპასუხის განმარტებით, 5500 ლარი კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანებაა, რაც ხელშეკრულების პირობებიდან არ გამომდინარეობს, რადგან მსესხებელს ევალება ყოველთვიურად ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა და გადახდილი თანხა სრულად ძირითად თანხას არ აკლდება.
ამდენად, მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობების და კანონის შესაბამისად სწორად მიმართა გადახდილი თანხა კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის გადასახდელად, რის გამოც მოპასუხის დავალიანება შეადგენს სარჩელის მოთხოვნილ ძირითად თანხას და პროცენტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილის 5500 ლარის გადახდაზე, რაც ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია, ხოლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო მოპასუხეს ასევე სრულად უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნის და მის საწინააღმდეგოდ მოპასუხის მიერ დასახელებული არგუმენტების საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „თ“ პუნქტი, რომლის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .
ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ძირითად თანხასთან ერთად სარგებლის და საკომისიოს თანხის გადახდა, საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ კრედიტი სრულად და დროულად გადახდილი არ არის, რის გამოც მოპასუხის უნდა დაეკისროს კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის ის დავალიანება, რასაც მოითხოვს მოსარჩელე.
საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას, რის გამოც მოპასუხეს სესხის ძირითად თანხასთან და სარგებელთან ერთად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს 650.89 ლარის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია პირგასამტეხლოს არსი შემდეგნაირად: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზნით სასამართლოსთვის მინიჭებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი წამოიჭრება ვალდებულების დარღვევის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დანაკარგების მინიმალურად კომპენსირებას, რის გამოც პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ეს პირგასამტეხლოს დანიშნულება არ არის.
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს, უნდა შეფასდეს დარღვევის შინაარსი, ვადის გადაცილების ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწყვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 6677.79 ლარი. 2018 წლის აპრილიდან სესხი მოვალეს არ დაუბრუნებია, ხოლო სარჩელი აღძრულია ვალდებულების დარღვევიდან 1 წელიწადში. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 7167.93 ლარი. გადასახდელი თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის დავალიანების 10%-ზე ნაკლები თანხა, რაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო თანაზომიერი ფინანსური სანქციაა. პირაგასამტეხლოს ოდენობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გააჩნია ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია. განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ერთდროულად უზრუნველყოფს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის სანქციის დაკისრებას, იგი სამართლიანი ფულადი სანქციაა და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის ანაზღაურება.
მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების მიზნით გამარტივებული წარმოების განსახორციელებლად გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე სს „ს----------–--------მა“ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც სრულად დაკმაყოფილდა. ამდენად, მოპასუხის პროტესტი საფუძვლიანი არ აღმოჩნდა. სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, გასწია ხარჯი დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება ( ვალი) და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით დადგენილია პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით აღსრულებისათვის გაწეული ხარჯები.
სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რადგან მოპასუხის უსაფუძვლო პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა და საჭირო გახდა დავის საერთო სასარჩელო წესით დაწყება საერთო სასამართლოში, სადაც სარჩელი დაკმაყოფილდა. ამდენად, ამ ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მსესხებელს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 3. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელის მოთხოვნა 7866.82 ლარის დაკისრების შესახებ სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხემ ცნო 5500 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 70%. სახელმწიფო ბაჟის 239 ლარის 70% არის 167.3 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 71.7 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. რ----- ბ----ოს დაეკისროს სს „ს----------–--------ისათვის“ 7866.82 ლარის გადახდა,;
1.2. რ----- ბ----ოს დაეკისროს სს ს----------–--------ისათვის სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა;
2. რ----- ბ----ოს დაეკისროს სს ს----------–---------ისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღურებლად 71.7 ლარის გადახდა
3. სს „ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს 2019 წლის 4 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 167.3 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 ( საგადასახადო დავალება N2).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი