გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
330310018002576606
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4938-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „დ---“

წარმომადგენელი - ლ-----------ე, ლ------------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ----------------ე

 

მოპასუხე - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თ--------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-------ს N2------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „დ---ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 1--------------ს N1------ ბრძანება შპს „დ---ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნოს შპს „დ---ს“ N2--------- აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი საგარანტიო თანხა ე.წ. ბე 371 244 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების დავალების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2018 წლის 16 მარტი) დგინდება, რომ შპს ,,დ---’’ 2017 წლის 01 სექტემბერს რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. დირექტორი ა-----–----–---.

 

შპს ,,დ---ს’’ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ს/ფ 20-21

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი

 

3.1.2. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 აპრილის N4---- ბრძანების მიხედვით, დამტკიცდა ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარებისათვის N1 დანართის შესაბამისად. გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, ზემოთ აღნიშნული ბრძანების N1 დანართის შესაბამისად. ელექტრონული აუქციონის ჩატარებისათვის განისაზღვრა ინტერნეტგვერდი - www.eauction.ge . ბიჯის სიდიდე განისაზღვრა საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით.

 

დანართი N1-ის მიხედვით, N10 ობიექტის მე-6 პუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტია - ს------------------–----–----------------–------–------–-ს მიმდებარე ტერიტორია. მდინარე რიონზე ,,ჭ---–-ს’’ ქვიშა-ხრეშის საბადო (კ---------------------------------–--–----------–----------------–---–-----------------------------------------------). სალიცენზიო ობიექტი მდებარეობს - ს------------------–----–-----------------–-----–------–-------------ე ტერიტორიაზე. აუქციონის საწყისი ფასი - 742 087 ლარი. ბიჯის სიდიდე (საწყისი ფასის 10 %) 74 208,7 ლარი. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს (50 %) თანხის ოდენობა + 200 ლარი სალიცენზიო მოსაკრებელი - 371 244. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის დაწყების და დასრულების დრო და თარიღი - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო 2----–-–------------–-------------------------------------–---------–-–---------------------------------. ელექტრონული აუქციონი დაიწყო 2----–-–-----------------------------------------------–---------–-–---------------------------------. სარგებლობის ლიცენზიის ვადაა 5 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 აპრილის N4---- ბრძანება და დანართი N1 - ს/ფ 249-252

 

3.1.3. 2018 წლის 0------ის სს ,,ლ--------------ს’’ მიერ გაცემული N1--------- საგადახდო დავალების მიხედვით, ლ-----------ის (6----------) მიერ, გადამხდელის ანგარიშიდან G---------------------, გადამხდელის ბანკის სს ,,ლ--------------’’, ბანკის კოდი: LBRTGE22, გადაირიცხა, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე G---------------------, მიმღები ბანკის სს ,,ლ--------------’’, ბანკის კოდი: LBRTGE22. გადახდის დანიშნულება შპს "დ---" 4--------; (-2----------U------------------------) შპს დ---; განმკარგავი: 2--------, გ.ნ.: 2---------, ს.ნ:, ს//ნ 4--------, საგარანტიო თანხა: 371 244,00 ლარი, 0---------’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო დავალების N1--------- ასლი - ს/ფ 33

 

3.1.4. ვებგვერდზე შესვლის ისტორიის ამონაწერის მიხედვით, 2018 წლის 0------ს შპს ,,დ---’’ აუქციონში მონაწილეობისა და ვაჭრობის მიზნით ავტორიზაციისთვის, მისი კომპიუტერის IP მისამართიდან: 1-----------, არაერთხელ შეეცადა შესულიყო ინტერნეტგვერდზე www.eauction.ge , მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოსარჩელის მითითებით, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ვერ მოახდინა აუქციონის პროგრამაში ავტორიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვებგვერდზე შესვლის ისტორიის ამონაწერი - ს/ფ 265

 

3.1.5. სატელეფონო ზარების განხორციელების შესახებ ამონაწერის მიხედვით, შპს ,,დ---ს’’ უფლებამოსილი პირი შეეცადა 2018 წლის 0------ს მობილური ტელეფონის ნომრიდან: 9----------- დაკავშირებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, განხორციელა შეტყობინება ,,sms’’ ,,eauction.ge’’-ზე, განხორციელა ზარი 17:27:05 (ხანგრძლივობა: 8 წამი), 17:27:56 (ხანგრძლივობა: 72 წამი) და 17:29:19 (ხანგრძლივობა: 128 წამი) საათზე ტელეფონის ნომერზე: 0----------, თუმცა იმის გამო, რომ იყო არასამუშაო დღე, დაკავშირება ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სატელეფონო ზარების განხორციელების შესახებ ამონაწერი - ს/ფ 35-37

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება - იხ.: სხდომის ოქმი

 

3.1.6. ინტერნეტგვერდიდან - www.eauction.ge ამონაწერის მიხედვით განაცხადის ნომერია N2---------; აუქციონის ნომერია N2--- ლოტის ნომერი N10, დაწყება/დასრულება: 0--------- 12:00 – 0--------- 18:00 ; ლოტის სტატუსი: Closed, ფასის ისტორია: 0 ბიჯი, საწყისი ფასი: 742 087 ლარი, ვაჭრობის ბიჯი: 74208,7 ლარი, საგარანტიო თანხა: 371 244 ლარი, მიმდინარე ფასი: 742 087 ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითებული იქნა ტელეფონის ნომრები: (----------------------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინტერნეტგვერდიდან - www.eauction.ge ამონაწერი ს/ფ 38-39

 

3.1.7. შპს ,,დ---ს’’ დირექტორმა ა-----–----–---მ 2018 წლის 07-----ს N4--- განცხადებით მიმართა სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარეს, 2018 წლის 0------ს ჩანიშნული აუქციონის, ს------------------–----–----------------–-----–------–-----------------------------------------–------–---------------–-–-----ის მიღებასთან დაკავშირებით (აუქციონის განაცხადის ნომერი: N2---------) და აცნობა, რომ აღნიშნულ დღეს შპს ,,დ---ს’’ (ს/ნ 4--------) სახელით საგარანტიო თანხა 371 244 ლარი შეიტანა კომპანიის წარმომადგენელმა ლ-----------ემ (პ/ნ 6----------). თანხის შეტანის დრო იყო 15:30 საათი. მას შემდეგ რაც ვერ მოხერხდა აუქციონზე ავტორიზაცია, დახმარების მიზნით დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტელეფონის ნომერზე 2 601 601. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სამსახური შაბათ დღეს არ მუშაობდა, რაც მისთვის მანამდე არ იყო ცნობილი, რადგან ვერ მოხერხდა ზემოთ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა, ასევე ვერ განხორციელდა აუქციონზე ბიჯის დადება და აუქციონი გამოცხადდა ჩაშლილად.

 

შპს "დ---ს" დირექტორმა, ითხოვა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება, მიუთითა რომ შპს ,,დ---ს’’ მხრიდან არ ყოფილა უგულვებელყოფილი აუქციონის პირობები. ასევე ითხოვა განმეორებით აუქციონის გამოცხადება და 2018 წლის 0------ს შპს ,,დ---ს’’ მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ჩათვლა განმეორებით გამოცხადებული აუქციონის საგარანტიო თანხად.

 

2018 წლის 1------ს შპს ,,დ---ს’’ დირექტორმა ა-----–----–---მ დაზუსტებული განცხადებით მიმართა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსს, კიდევ ერთხელ მიუთითა 2018 წლის 07-----ს წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებები. მანვე განმარტა, რომ აღნიშნულ ლოტს მინიჭებული აქვს სტატუსი ,,არ შემდგარი’’ და არა ,,ჩაშლილი’’ რის გამოც ის არ უნდა იქნეს მიჩნეული დასრულებულად.

 

მიუხედავად იმისა რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შპს ,,დ---’’-მ ვერ შეძლო აუქციონში მონაწილეობის მიღება, რისი ინტერესიც ნამდვილად გააჩნდა (371 244 ლარის ოდენობით საგარანტიო თანხის გადახდა, კონკრეტული IP მისამართიდან ვებ. გვერდ eauction.ge -ზე შესვლა ვაჭრობის მიმდინარეობის პერიოდში, მცდელობა მოეხდინა ავტორიზაცია აუქციონში მონაწილეობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე დაკავშირების მცდელობა) და გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ სხვა პოტენციური პრეტენდენტის მიერ არ ყოფილა გამოხატული ინტერესი აღნიშნული ლიცენზიის შეძენასთან დაკავშირებით, შპს ,,დ---’’ გამოთქვამდა მზადყოფნას სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში მყისიერად განეხორციელებინა ე.წ. ბიჯის გადახდა, რაც აღნიშნულ ლოტზე განსაზღვრული იყო 74 208,7 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა კანონით დადგენილ 15 დღიან ვადაში და ითხოვა შპს ,,დ---’’-სთან შესაბამის ხელშეკრულების გაფორმება, რათა მოცემულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებულიყო შპს ,,დ---’’ და მასზე გაცემულიყო სარგებლობის შესაბამისი ლიცენზია.

 

ასევე ალტერნატიული სახით შეთავაზებული იქნა აღნიშნულ ლოტზე გამოცხადებულიყო ხელახალი აუქციონი და შპს ,,დ---ს’’ მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა - 371 244 ლარის ოდენობით, ჩათვლილიყო გადახდილად, მზადყოფნა გამოთქვა მიეღო ვაჭრობაში მონაწილეობა აღნიშნულ ლოტზე. იმ შეთხვევაში თუ სააგენტო მის მიერ გაკეთებულ ორივე შეთავაზებაზე არ დაეთანხმებოდა შპს ,,დ---ს’’ დაბრუნებოდა საგარანტიო თანხა უკან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 07-----ის განცხადება N4--- - ს/ფ 200

- 2018 წლის 1------ის განცხადება - ს/ფ 201-203

 

3.1.8. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-------ს N2------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს ,,დ---ს’’ უარი ეთქვა მის მიერ 2018 წლის 07-----სა და 1------ს წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილებაზე.

 

სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ სააგენტოს უფროსის 2018 წლის 01 მაისი N2 ბრძანებით რეგულირდება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი, რომელიც წარმოადგენს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოსათვის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საკითხების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტს. აღნიშნული წესის თანახმად, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს ვაჭრობაში მონაწილედ, აუცილებელია მის მიერ განხორციელებული იყოს ბიჯის დადების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ პრეტენდენტს აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია, რაც ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად, თავისთავად წარმოადგენს მისთვის ბეს დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველს. წერილში მითითებულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ პირს ვაჭრობაში მონაწილება არ მიუღია. საგამონაკლისო ნორმა, რომელიც გარკვეული მიზეზით ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის გამო ბეს დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა არ არსებობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-------ს N2------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ს/ფ 44

 

3.1.9. 2018 წლის 05 ივნისს შპს ,,დ---მ’’ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-------ს N2------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.

 

შპს ,,დ---მ’’ მოითხოვა სამი სხვადასხვა შესაძლებლობიდან მიღებულიყო ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: 1. სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს დავალებოდა შპს ,,დ---’’ N2--------- აუქციონში მიეჩნია გამარჯვებულად, რომლითაც სარეალიზაციოდ გამოტანილი იყო ,,ს------------------–----–----------------–------–------–-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე ,,ჭ---–-ს’’ ქვიშა-ხრეშის საბადო (კ---------------------------------–--–----------–----------------–---–-----------------------------------------------) სარგებლობის ლიცენზია და მასთან ეწარმოებინა აუქციონის შემდგომი პროცედურები სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით; 2. სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს დავალებოდა იმავე ლოტზე გამოეცხადებინა განმეორებითი აუქციონი და შპს ,,დ---ს’’ მიერ უკვე გადახდილი თანხა ჩაეთვალა განმეორებით აუქციონში გადახდილ საგარანტიო თანხად; 3. სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს დავალებოდა დაებრუნებინა შპს ,,დ---ს’’ მიერ N2--------- აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი საგარანტიო თანხა ე.წ. ,,ბე’’ 371 244 ლარის ოდენობით, ვინაიდან მათი ქმედება იყო კაბალური, ეწინააღმდეგებოდა კანონიერებისა და სამართლიანობის ზოგად პრინციპებს, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონსა და საქართველოს კონსტიტუციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული საჩივარი - ს/ფ 232-238

 

3.1.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის 2018 წლის 14 აგვისტოს N---------- წერილის მიხედვით, 2018 წლის 0------ს სსიპ ,,წიაღის ეროვნული სააგენტოს’’ N248 აუქციონის, N10 ლოტზე (განაცხადის N2---------) ვაჭრობის მიმდინარეობის პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე სახის ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზი.

 

ასევე, 2018 წლის 0------ს არ ფიქსირდება ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAucton.ge ავტორიზაციის მცდელობა კონკრეტული IP მისამართიდან 1-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის 2018 წლის 14 აგვისტოს N---------- წერილი - ს/ფ 243-244

 

3.1.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 1--------------ს N1------ ბრძანებით შპს ,,დ---ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 1--------------ს N1------ ბრძანება - ს/ფ 121-123

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,დ---ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 01 მაისი N2 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-------ს N2------ გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 1--------------ს N1------ ბრძანება - შპს ,,დ---ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია ამ კანონის რეგულირების სფერო, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლით დადგენილია, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პრინციპები, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა.ა.’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს. ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.

 

"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 თავით დადგენილია სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია, როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება, ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

 

წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 01 მაისი N2 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი“, რომლის პირველი მუხლის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გამცემი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო); ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქციონი არის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გამართული ღია (ელექტრონული ან მის გარეშე) ან დახურული აუქციონი; „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი პრეტენდენტი არის აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის შემომტანი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირი. ამავე დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ეს დებულება არეგულირებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონის ჩატარებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით ტარდება ღია ან დახურული აუქციონი. ღია აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი. ელექტრონული ფორმით ღია აუქციონი ტარდება სააგენტოს ოფიციალური ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით, IV თავით დადგენილი წესით. დახურული აუქციონის გამართვის თაობაზე, განსაკუთრებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას იღებს და აუქციონს აცხადებს ლიცენზიის გამცემი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 აპრილის N4---- ბრძანების მიხედვით, დამტკიცდა ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარებისათვის N1 დანართის შესაბამისად. გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, ზემოთ აღნიშნული ბრძანების N1 დანართის შესაბამისად. ელექტრონული აუქციონის ჩატარებისათვის განისაზღვრა ინტერნეტგვერდი - www.eauction.ge . ბიჯის სიდიდე განისაზღვრა საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით. დანართი N1-ის მიხედვით, N10 ობიექტის მე-6 პუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტია - ს------------------–----–----------------–------–------–-ს მიმდებარე ტერიტორია. მდინარე რიონზე ,,ჭ---–-ს’’ ქვიშა-ხრეშის საბადო (კ---------------------------------–--–----------–----------------–---–-----------------------------------------------). სალიცენზიო ობიექტი მდებარეობს - ს------------------–----–-----------------–-----–------–-------------ე ტერიტორიაზე. აუქციონის საწყისი ფასი - 742 087 ლარი. ბიჯის სიდიდე (საწყისი ფასის 10 %) 74 208,7 ლარი. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს (50 %) თანხის ოდენობა + 200 ლარი სალიცენზიო მოსაკრებელი - 371 244. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის დაწყების და დასრულების დრო და თარიღი - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო 2----–-–------------–-------------------------------------–---------–-–---------------------------------. ელექტრონული აუქციონი დაიწყო 2----–-–-----------------------------------------------–---------–-–---------------------------------. სარგებლობის ლიცენზიის ვადაა 5 წელი.

 

"სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ღია აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება მიენიჭოს იმ პრეტენდენტს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუქციონი შეიძლება გაიმართოს: ა) ლიცენზიის გამცემი ორგანოს შენობაში; ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისამართზე; გ) ელექტრონულად ვებგვერდზე www.eauction.ge ან ლიცენზიის გამცემი ორგანოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. მე-4 პუნქტის მიხედვით კი ლიცენზიის გამცემი ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge, აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის გამცემ ორგანოს სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარედგინოს ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

ზემოაღნიშნული დებულების მე-4 თავით დადგენილია ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი და პირობები. დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონულ აუქციონს ატარებს ლიცენზიის გამცემი მისი ოფიციალური ვებგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction .ge-ს მეშვეობით, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ასევე ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

 

საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 2018 წლის 16 მარტი) მიხედვით შპს ,,დ---’’ 2017 წლის 01 სექტემბერს რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. დირექტორი ა-----–----–---. შპს ,,დ---ს’’ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-რეალიზაცია და მას ასევე სურვილი ჰქონდა მიეღო მონაწილება აუქციონში ს------------------–----–------–----------–------–------–-------------ე ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე ,,ჭ---–-ს’’ ქვიშა-ხრეშის საბადოზე (კ---------------------------------–--–----------–----------------–---–-----------------------------------------------) სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 0------ს სს ,,ლ--------------ს’’ მიერ გაცემული საგადახდო დავალების N1--------- მიხედვით, ლ-----------ეის (6----------) მიერ, გადამხდელის ანგარიშიდან G---------------------, გადამხდელის ბანკის სს ,,ლ--------------’’, ბანკის კოდი: LBRTGE22, გადაირიცხა, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე G---------------------, მიმღები ბანკის სს ,,ლ--------------’’, ბანკის კოდი: LBRTGE22. გადახდის დანიშნულება შპს "დ---" 4--------; (-2----------U------------------------) შპს დ---; განმკარგავი: 2--------, გ.ნ.: 2---------, ს.ნ:, ს//ნ 4--------, საგარანტიო თანხა: 371 244,00 ლარი, 0---------’’.

 

დებულების მე-15 მუხლით განსაზღვრულია ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი. პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში პრეტენდენტის სტატუსი. მე-2 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს ყველა მოქმედება პრეტენდენტის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები. მე-2 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტი უფლებამოსილია: ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს შესაბამისი ლიცენზია; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები. მე-3 პუნქტის თანახმად 3. პრეტენდენტი ვალდებულია: ა) დაიცვას აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები; ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასს. ამავე დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში არ ბრუნება პრეტენდენტის მიერ გადახდილი "ბე"-ს თანხა - ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს ,,დ---ს’’ მიერ გადახდილი იქნა "ბე’’-ს თანხა 371 244,00 ლარის ოდენობით.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპია უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

საქმეში წარმოდგენილი ვებგვერდზე შესვლის ისტორიის ამონაწერის მიხედვით, 2018 წლის 0------ს 16------ საათიდან 1------- საათამდე შპს ,,დ---’’ აუქციონში მონაწილეობისა და ვაჭრობის მიზნით ავტორიზაციისთვის, მისი კომპიუტერის IP მისამართიდან: 1-----------, არაერთხელ შეეცადა შესულიყო ინტერნეტგვერდზე www.eauction.ge , მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოსარჩელის მითითებით, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ვერ მოახდინა აუქციონის პროგრამაში ავტორიზაცია. სატელეფონო ზარების განხორციელების შესახებ ამონაწერის მიხედვით კი შპს ,,დ---ს’’ უფლებამოსილი პირი შეეცადა 2018 წლის 0------ს 15:44:13 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან: 9----------- დაკავშირებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, განხორციელა შეტყობინება ,,sms’’ ,,eauction.ge’’-ზე, განხორციელა ზარი 17:27:05 (ხანგრძლივობა: 8 წამი), 17:27:56 (ხანგრძლივობა: 72 წამი) და 17:29:19 (ხანგრძლივობა: 128 წამი) საათზე ტელეფონის ნომერზე: 0---------- თუმცა იმის გამო, რომ იყო არასამუშაო დღე, დაკავშირება ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო მიუთითებს შპს "დ---ს" მხრიდან 2018 წლის 0------ს განხორციელებულ ქმედებაზე, რაც გამოიხატა 371 244,00 ლარის ოდენობით ბეს თანხის გადახდაში და თვლის, რომ აღნიშნული ქმედებით მოსარჩელემ გამოხატა ნება მონაწილეობა მიეღო აუქციონში, მით უფრო, რომ მისი საქმიაობის ძირითადი მიმართულებაა წიაღისეულის მოპოვება-რეალიზაცია, თუმცა მოსარჩელისავე განმარტებით, რასაც ადასტურებს საქმეში მის მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, ასევე მისი აუქციონის შემდგომი ქმედებები და მოთხოვნები, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღო მონაწილეობა აუქციონში. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანო, თუ აუქციონს ატარებს არასამუშაო დღეს, უნდა უზრუნველყოს იმის შესაძლებლობაც, რომ აუქციონში მონაწილე პირებს ჰქონდეთ საშუალება ცხელი ხაზის მეშვეობით აღმოფხვრან შექმნილი პრობლემები. სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,დ---ს’’ უარი არ განუცხადებია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე, უარი არ განუცხადებია ელექტრონულ ვაჭრობაზე, არამედ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განახორციელა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული აუქციონში - ინტერნეტგვერდზე www.eauction.ge ავტორიზაცია და შემდგომ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება, ბიჯის დაფიქსირება.

 

სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საკითხი, არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს არ შეუფასებია წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში, ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-------ს N2------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმდენად, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-------ს N2------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს და აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 1--------------ს N1------ ბრძანებაც, შპს ,,დ---ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიღებულიყო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-------ს N2------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „დ---ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 1--------------ს N1------ ბრძანება შპს „დ---ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხეს - წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნოს შპს „დ---ს“ N2--------- აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი საგარანტიო თანხა ე.წ. ბე 371 244 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ადვოკატის მომსახურების ხარჯის 14 849 ლარის ანაზღაურების თაობაზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეს ერთვის მხოლოდ საადვოკატო მომსახურების 2018 წლის 0-------- ხელშეკრულება N1---, სადაც მხარეები შეთანხმებულნი არიან საადვოკატო მომსახურების საფასურზე, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემთხევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ ხარჯი გაღებულია. წარმოდგენილი მტკიცებულებების და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,დ---ს’’ მოთხოვნა მის სასარგებლოდ, სასამართლოს გარეშე გაღებული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, არ არის საფუძვლიანი, ხარჯის გაღების ფაქტი არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, ხოლო მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეებს - სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „დ---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-------ს N2------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „დ---ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 1--------------ს N1------ ბრძანება, შპს „დ---ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნოს შპს „დ---ს“ N2--------- აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი საგარანტიო თანხა ე.წ. ბე 371 244 ლარის ოდენობით.

 

4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, დაეკისროთ მოპასუხეებს - სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოსარჩელე შპს „დ---ს“ სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი