განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
170100119002958960
დავის ტიპი
120
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/27-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

7 მაისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ--------------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ--–---------------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------, პირადი ნომერი - 6----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–--- რაიონი სოფელი ბ------.

 

ადვოკატი - მ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, წ--–--- მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------ში, მ--–-------------- შეკამათება მოუვიდა მეზობელ გ------–---------------, რაც გადაიზარდა გ------–----------- მხრიდან მ--–-------------- მეუღლის, მ-----–----------- აუგად მოხსენიებაში. აღნიშნულით განაწყენებულმა მ--–-------------- შურისძიების მოტივით, თანნაქონი ჯოხის სახის არეში არაერთჯერადი დარტყმით, გ------–----------- მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (3 აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.). განსახილველ საქმეში ბრალდებულ მ--–-------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომაზე, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატის მონაწილეობით სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მ--–-------------- აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულისა და მოწმეების - გ------–-----------, ნ-----–------------, ა---------–----------, მ--------------, ს-------------------- და ი-------–-------–---–-- გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ნივთმტკიცება, ასევე მათთან დაკავშირებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ--–-------------- მიერ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ქმედება აუცილებლად განზრახ უნდა იქნეს ჩადენილი, ხოლო ქმედებით მიყენებულმა ჯანმრთელობის ზიანმა უნდა შეადგინოს მსუბუქი ხარისხი, ხანმოკლე მოშლით. ამასთან მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა განხორციელებულ ქმედებასა და ჯანმრთელობის დაზიანებას შორის.

 

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ--–-------------- განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ--–-------------- მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებულებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (5 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც მ--–-------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი შესაბამისი კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადინის დროს მოქმედი რედაქციით (ვინაიდან ყველაზე მსუბუქია) უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ. ის ფაქტი, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მ--–------------- დანაშაულის ჩადენის მომენტში შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვერ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას, რადგან საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7. მ--–-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან დანაშაული შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინა, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, გასათვალისწინებელია მისი როლი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში, ასევე გასათვალისწინებელია დაზარალებულის ვიქტიმურობა.

 

8. მ--–-------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

10. ფსიქიატრიული ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ--–------------- იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, თუმცა თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. იგი იძულებით მკურნალობასა და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

13. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

14. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის გათვალისწინებით, რომელიც განხორციელდა მსხვერპლის მიერ მ--–-------------- მეუღლის აუგად მოხსენიების გამო, რა დროსაც იგი იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რა დროსაც იგი დაავადებული იყო პარანოიდული შიზოფრენიით, არასრული რემისიის მდგომარეობაში და არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის, იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, სასამართლო გამორიცხავს მკაცრი სასჯელების, მოცემულ შემთხვევაში - თავისუფლების აღკვეთის ან შინაპატიმრობის გამოყენებას, ხოლო გამასწორებელი სამუშაო მას ვერ დაენიშნება, რის გამოც ყველაზე შესაბამისი სასჯელი მ--–-------------- მიმართ ჯარიმაა.

 

15. მ--–-------------- მიმართ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ზემოაღნიშნულ გაემოებებთან ერთად ითვალისწინებს, რომ იგი არ მუშაობს და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ითვალისწინებს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები და მიაჩნია, რომ ჯარიმა 1000 ლარი პროპორციული სასჯელი იქნება მ--–--------------თან მიმართებით.

 

16. ამასთან, მ--–------------- სასამართლოს განჩინებით მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის 2019 წლის 15 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, რაც უთანაბრდება პატიმრობას, ხოლო სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. მ--–-------------- სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გათვალისწინებით მას უნდა შეუმცირდეს ჯარიმის სახით დანიშული სასჯელი და საბოლოოდ უნდა განესაზრვროს ჯარიმა 600 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 29 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარი, რაც იმავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 600 ლარი.

 

2. მ--–-------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის არსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტან პირს მ--–--------------.

 

3. ნივთმტკიცებები: ხის ჯოხი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო მ--–--------------ა და გ------–----------- ტანსაცმელი, იმავე ვადაში დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს.

 

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი