განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
090100119002928839
დავის ტიპი
18 - 303 2 , 18 - 303 1
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/18–2019) 090100119002928839

განაჩენი

საქართველოს სახელით

8 აპრილი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

პროკურორი - მ----------–--–-–---–--

ბრალდებული– გ---------------------

ადვოკატი - მა-------------------ს

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0-----------

ბრალდებულ გ--------------------- მიმართ

მამის სახელი: ჯ-----

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ლ--------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ს-–----–---

პირადი ნომერი:2----------;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

რეგისტრირებული: ქვეყანა-საქართველო; რაიონი ლ-------, სოფელი- ბ----–-.

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო; ქვეყანა-საქართველო; რაიონი ლ-------, სოფელი- ბ----–-.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის მეორე ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

1. გ---------------------, 2018 წლის ოქტომბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ლ-------ს სატყეო უბნის ხოფურის სატყეოს N18 სამცველოს 31–ე კვარტალში, უკანონოდ გაჩეხა 1(ერთი) ძირი ნაძვის და 3(სამი) ძირი სოჭის (საერთო მოცულობა 34.65 კუბური მეტრი), ასევე 3 (სამი) ძირი წიფლის (მოცულობა 5.18 კუბური მეტრი) ჯიშის პირველი და მეორე ხარისხის ხე–ბუჩქნარი, რითაც გარემოს მიადგა 5272 ლარისა და 26 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.ც------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, გ-------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ერთი ათასი ) ლარის ოდენობით, რაც მის მიერ გადახდილი არ არის.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, არაერთგზის

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 27 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.120–124).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარისების უწყისით, ლ-------ს სატყეო უბნის ხოფურის სატყეოს N18 სამცველოს 31–ე კვარტალში, ნაძვის, სოჭისა და წიფლის ჯიშის მცენარის უკანონო მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 5272 (ხუთიათას ორას სამოცდათორმეტი) ლარსა და 26(ოცდაექვსი) თეთრს (ს.ფ.3–5) .

 

6. გ--------------------- გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითხოვა პატიება მომხდარის გამო.

 

7.დაზარალებულ რ----–---------–----ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ ხე ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის შედეგად გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5272 (ხუთიათას ორას სამოცდათორმეტი) ლარი და 26 (ოცდაექვსი) თეთრი (ს.ფ. 40–42) .

 

8. გ--------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე გ-------–---------------- 2018 წლის 16 დეკემბრის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ გ--------------------- 2018 წლის 11 დეკემბრის და 25 დეკემბრის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 11 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერეების ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით; 2018 წლის 11 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 18 იანვრის შუამდგომლობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“ ამოღების ჩატარების შესახებ, მოსამართლის განჩინებით და ამოღების ოქმით; დადგენილებით გ--------------------- მიმართ სასამართლო – ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნით; საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უკანონოდ მოპოვებული ხე–ტყით; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ცნობით აღსრულების ეროვნული ბიუროდან; ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; გ--------------------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; გ--------------------- ნასამართლობის ცნობით; ც------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განაჩენით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის წერილით თანდართული მასალებით; მიმართვით ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისადმი; მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი; მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი; მიმართვით აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი; პასუხით ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურიდან; მიმართვით ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისადმი დაზარალებულის წარმომადგენლის გამოყოფაზე და პასუხით; დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ და დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; დადგენილებით გ--------------------- ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; მიმართვით იურიდიული სამსახურისადმი; მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი; ოქმით ადვოკატთან გასაუბრების შესახებ; შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; მიმართვით ლ-------ს რაიონული სამმართველოსადმი; შუამდგომლობით ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ;

 

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ--------------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, არაერთგზის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, არაერთგზის – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

11. გ-------------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

12. გ--------------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ოჯახური მდგომარეობა (არის ეკონომიურად უკიდურესად ხელმოკლე, დ------------–-), ხასიათდება დადებითად.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

13. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ-------------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - პატიმრობა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რომელიც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--------------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის ოჯახური და ეკონომიური მდგომარეობა, რომ კმაყოფაზე ჰყავს ცოლ–შვილი, რომელთა ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------------------- მიერ ჩადენილი ქმედება არ არის თავისუფლების აღკვეთის სახით ამ კატეგორიის დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის პირობებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

გ-------------------- საბოლოოდ სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად და ახლად დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული საჯარიმო სასჯელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა ეს მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება ბრალდებულ გ--------------------- მიმართ გამოყენებული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, პროპორციული იქნება იმ მიზნის, რასაც დამნაშავის რესოციალიზაცია მოიცავს, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესების მოთხოვნებსა და ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებების მოთხოვნებს შორის.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 14-ე ნაწილით, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბრალდებული გ-------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ც------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ-------------------- მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

2.გაუქმდეს გ--------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება -გირაო.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ--------------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი:

– წიწვოვანი ჯიშის 12 ერთეული ხე–მორი, რომელიც შესანახად ჩაბარებული აქვს ხ--------------------

– წიფლის ჯიშის 4 მორი, რომელიც ინახება გ-----------------------.

 

განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს სსიპ ეროვნული სატყეო საგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი