განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
080100119002899457
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/201-19 (N041110219001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23.04.2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ----------------–---–ი

მამის სახელი: ჯ--------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ----------–---------–---–------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მ----------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ----------––---------–---–--------------ში მდებარე სახლში, მ---------------–---–მა იძალადა დედაზე ლ---------------–---–ზე (ხელი დაარტყა სახის არეში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე დ--------------ის ჩვენებით, ის მუშაობს ტ------–-- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მას გამოკითხული ჰყავს ბრალდებულ მ---------------–---–ის ძმა - მ--–---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მ----------------–---–ის მიერ თავისი დედის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი - ერთხელ დაარტყა დედას სახის არეში, შემდეგ თავად ჩადგა მათ შორის, რომ კიდევ არ მომხდარიყო რაიმე ფაქტი და თან გააკეთა შეტყობინება 112-ში. მოწმე მ--–---------------–---–მა აღნიშნა, რომ როდესაც მ----------------–---–ი არის მთვრალი სახლში, ის შეურაცხყოფას აყენებს მათ და ისმის გინება მისი მხრიდან. მის მიერ დანიშნული იქნა ალკოჰოლური თრობის ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ მ----------------–---–ი იყო მთვრალი. აგრეთვე, ამ საქმეზე გამოკითხული იყვნენ პოლიციის მუშაკები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და რომლებმაც განაცხადეს, რომ მისვლისას მათ შემოესმათ გინების ხმა მ---------------–---–ისგან და ნახეს, თუ როგორ ცდილობდა მ--–---------------–---–ი თავისი ძმის დაწყნარებას და შეჩერებას. მ--–---------------–---–ის გამოკითხვის შემდეგ მის მიერ გამოკითხული იქნა მისივე სახლში დაზარალებული ლ---------------–---–ი, რომელიც იყო ცუდად და იწვა, მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მისი შვილის წინააღმდეგ. მოწმე დ--------------ე დანაშაულის ფაქტს არ შესწრებია. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ს-------–---------–---–ის ჩვენებით, ის მუშაობს ტ------–-- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 17:00 საათზე 112-იდან შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის შესახებ, რომლის თანახმად ქ-----–---–-------–----ედას სცემდა შვილი. სამმართველოს რამოდენიმე თანამშრომელი წავიდა შემთხვევის ადგილზე, როდესაც გამოცხადდნენ აღნიშნულ მისამართზე, სახლის მეორე სართულიდან მოესმათ გინების ხმა, დაინახეს, რომ მ----------------–---–ი იწევდა დედისკენ საცემად, აგინებდა, უყვიროდა და მას აკავებდა მისი ძმა - მ--–---------------–---–ი. ბრალდებული ადგილზევე იქნა დაკავებული. დაზარალებული ამ დროს იყო მეორე ოთახში და ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. ბრალდებული მ---------------–---–ი იყო ნასვამი და აგრესიული. ოჯახის წევრების განცხადებით, როდესაც მ---------------–---–ი იყო ნასვამი, ის იყო აგრესიული და უკონტროლო, ხშირად აყენებდა ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმედ დაკითხვის დროს მ---------------ემ და მ----------------–---–მა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს საჯაროდ წაკითხული მოწმე მ--–--------------–---–ის გამოძიების დროს გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციით, ის დედასთან ლ--------------–---–----, ძმასთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ტ------–-- რაიონში. დანაშაულის ჩადენის დღეს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 17:00 საათზე მისმა ძმამ, ბრალდებულმა მ---------------–---–მა, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, დედას დაუწყო ხმამაღლა გინება, ამ დროს ის იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. მოწმემ განმარტა, რომ მან დაინახა, როგორ მოუქნია ხელი მ---------------–---–მა დედას და მოარტყა სახის არეში, რის შემდეგაც ის ჩადგა დედას და ძმას შორის, რათა კიდევ არ დაერტყა მ---------------–---–ს მისთვის, რადგანაც იწევდა მისკენ და კვლავ აგინებდა დედას. თუმცა, ვერ შეძლო ძმის დაწყნარება, რის გამოც მისივე კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დარეკა 112-ში და ოპერატორს განუცხადა, რომ დედას სცემდა შვილი და ითხოვა დახმარება. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ მ---------------–---–ის მიერ დედის მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ხოლო ხელის დარტყმის ფაქტი მანამდე არ ყოფილა. (ტომი. 1. ს.ფ. 16-18).

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ 11/02/2019 17:19 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ტ------–-- რაიონული სამმართველოს დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრიდან 5-------- და აცნობეს, რომ დედას სცემს შვილი. (ს.ფ.2).

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად მ---------------–---–ს, 11/02/2019 22:02 საათზე ჩატარებული შემოწმების შედეგად დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა, რასაც არც თავად უარყოფდა (0,65 პრომილე). (ტომი.1. ს.ფ. 31).

 

დაზარალებულმა ლ---------------–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად შვილის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა, რომ ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ოჯახში ძალადობა:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად. კერძოდ, ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მ----------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ამყარებს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებებზე, რომლებიც არ არიან დანაშაულის ფაქტის თვითმხილველნი და აღწერენ მხოლოდ ბრალდებულის ვერბალურად გამოხატულ აგრესიას, რაც მათი აზრით მიმართული იყო დედისკენ. მათ ასევე დაადასტურეს მოწმე მ--–--------------–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ბრალდებულის მიერ დედისთვის ხელის დარტყმის შესახებ, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს ვერ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.

 

ამდენად, საქმეზე დაკითხული მოწმეები: დ--------------ე, მ----------------–---–ი, მ---------------ე, ს------–---------–---–ი არ არიან უშუალოდ დანაშაულის ფაქტის თვითმხილველნი და ისინი ავრცელებენ იმ პირისგან (დაზარალებულისაგან) მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მათი ჩვენებები ბრალდების ირგვლივ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული.

 

ამდენად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები, ხოლო ერთადერთი პირდაპირი მოწმის, ბრალდებულის ძმის - მ--–---------------–---–ის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენა და მოწმის სახით დაკითხვა ვერ მოხერხდა მისი საზღვარგარეთ ყოფნის გამო, რის გამოც საჯაროდ იქნა წაკითხული მისი გამოძიების დროს გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია. თანახმად საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილისა: ,,თუ მოწმე არ გამოცხადდება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაითხვა... დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს’’.

 

ამასთან, დაზარალებულსა და ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახური კონფლიქტის უშუალო მონაწილე პირები არ ადასტურებენ ძალადობის ფაქტს, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს არც გამოძიებისათვის, არც სასამართლოსათვის და ზოგადად არავისთვის მიუწოდებია ინფორმაცია მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, ხოლო ერთადერთი პირდაპირი მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ მოხერხდა და საჯაროდ იქნა წაკითხული მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, იმ ფონზე, როცა დაზარალებულის სხეულზე არ არის აღმოჩენილი ძალადობის რაიმე კვალი, ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან იძლევა დაეჭვების საფუძველს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მეტიც, ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ისეთი ძალადობის ფაქტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილის შეგრძნება ჰქონდა. ასევე, წარმოდგენილი არ არის ფიზიკური ზიანის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მოგვცემდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოცემული სახის დაზიანება დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს გარდაუვლად გამოიწვევდა.

 

ამდენად, დანაშაულის შემადგენლობის ორივე აუცილებელი ნიშანი, როგორც ძალადობა, ისე ამ ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის განცდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მ---------------–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, მ----------------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ----------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. მ---------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მ---------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. გამართლებულ მ---------------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე