გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
330210018002693503
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/31194-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - მი--------------ო ორგანიზაცია შპს „ნ--------------ი“

წარმომადგენელი - გ---–----------

 

მოპასუხეები - ე-–--------–---–ი, ფ--------------ი

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-–--------–---–ს და ფ--------------ს, მი--------------ო ორგანიზაცია შპს „ნ--------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 4 491.92 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 475.23 ლარი, პროცენტი - 216.69 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1 800 ლარი; თავდების ფ--------------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 10 000 ლარით;

1.2. ე-–--------–---–ს და ფ--------------ს, მი--------------ო ორგანიზაცია შპს „ნ--------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, ყოველდღიური პირგასამტეხლო 6.73 ლარის ოდენობით 2018 წლის 26 ოქტომბრიდან აღსრულებამდე არაუმეტეს ერთი წლისა (1912.85 ლარის ფარგლებში);

1.3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

1.4. ე-–--------–---–ს და ფ--------------ს მი--------------ო ორგანიზაცია შპს „ნ--------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 192.14 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 18 ივლისს, შპს „ნ--------------ს“ და ე-–--------–---–ს შორის, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გაიცა სესხი 2 500 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი ყოველდღიური 0.186 % -ის ოდენობით და აგრეთვე პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული შემოსატანი თანხის 3 % -ის ოდენობით, ხოლო მთლიანი ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხის და მიუღებელი სარგებლის ჯამის 0.5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობისა.

 

2018 წლის 18 ივლისს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა ფ--------------მა, რომლის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით.

 

მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მის მიერ განხორციელებულია მხოლოდ ერთი გადახდა 2018 წლის 19 ივლისს და 2018 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6 304.27 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 475.23 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 216.69 ლარი და პირგასამტეხლო - 3 612.35 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე-–--------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზეც სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი სარგებლის განსაზღვრას ხელშეკრულებაში ეთანხმება, თუმცა, მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ ამ ფაქტის მხედველობაში მიღება, ვინაიდან იგი შეუსაბამოა ნაკისრ ვალდებულებასთან მიმართებით. ამასთან, მოპასუხე პირგასამტეხლოს მიიჩნევს მაღალ ოდენობად.

 

2.2. მოპასუხე ფ--------------ს სარჩელის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ უბრალოდ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 18 ივლისს მი--------------ო ორგანიზაცია შპს „ნ--------------ს“ და ე-–--------–---–ს შორის, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა სესხი 2 500 ლარის ოდენობით. საპროცენტო სარგებელი ყოველდღიური 0.186 %, აგრეთვე პირგასამტეხლო, გრაფიკით განსაზღვრული შემოსატანი თანხის 3 % -ის ოდენობით, ხოლო მთლიანი ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხის და მიუღებელი სარგებლის ჯამი 0.5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 17);

- სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18 - 22)

 

3.2.2. 2018 წლის 18 ივლისს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა ფ--------------მა, რომლის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 17);

- სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18 - 22)

3.2.3. 2018 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის 18 ივლისის სესხის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა შეადგენს 4 491.92 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 475.23 ლარი, პროცენტი - 216.69 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 1 800 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

- ცნობა დავალიანების შესახებ(ს.ფ.25)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, მე- 400, 417-ე, 420-ე, 463-464-ე, 623-625-ე, 891-ე, 892-ე მუხლებით

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის - 2 475.23 ლარის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ნ--------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივლისს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება 2 500 ლარზე, 90 დღის ვადით, ყოველდღიურად, სარგებლის სახით 0,186%-ის დარიცხვით და ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოპასუხეების მხრიდან დარღვეულ იქნა. მოსარჩელე მოითხოვს საპროცენტო სარგებლის 216.69 ლარის გადახდას, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2018 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს შპს „ნ--------------ს“ გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

 

პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.

 

მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა, კერძოდ, მოპასუხეებს დაეკისროთ 2018 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 1 800 ლარისა და 2018 წლის 26 ოქტომბრიდან აღსრულებამდე, ყოველდღიურად 6.73 ლარის გადახდა - არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს, ერთ შემთხვევაში, 361 ლარამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში, 0,05 ლარამდე, რაც შეადგენს 1.23 ლარს.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

2018 წლის 18 ივლისის ხელშეკრულებით მოპასუხე ფ--------------მა როგორც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს „ნ--------------ის“ წინაშე სოლიდარულად იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 10 000 ლარის ფარგლებში.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია სესხის დაბრუნების შეთანხმებული პირობები. დადგენილია, რომ ე-–--------–---–ი და ფ--------------ი წარმოადგენენ სოლიდარულ მხარეებს. შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის 2 475.23 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს თანხა 37.13 ლარის ოდენობით და ამავე ოდენობის თანხა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დარჩენილ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად შპს „ნ--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 30.77 ლარი, ხოლო დარჩენილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზინაის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ნ--------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ე-–--------–---–ს და ფ--------------ს, მი--------------ო ორგანიზაცია შპს „ნ--------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 3052.92 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 2 475.23 ლარი, პროცენტი - 216.69 ლარი, პირგასამტეხლო - 361 ლარი;

3. ე-–--------–---–ს და ფ--------------ს, მი--------------ო ორგანიზაცია შპს „ნ--------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 18 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან არამუეტეს ერთი წლისა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 1.23 ლარი მაგრამ, არაუმეტეს ერთი წლისა.

4. შპს „ნ--------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 25/10/2018 წელს სს „თიბისი ბანკი“-ს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 192.14 ლარიდან 37.13 ლარი;

5. ე-–--------–---–ს და ფ--------------ს შპს „ნ--------------ის“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სოლიდარულად დაეკისროთ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 67.9 ლარის ანაზღაურება;

6. არ დაკმაყოფილდეს შპს „ნ--------------ი“-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე