გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.10.2018
საქმის ნომერი
330310017002024509
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5169-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - რ----- მ-------–--ე

წარმომადგენლები - ხ------- მ---- და მ---–---- ჩ-----–---ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ-------- ფ----------ე

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ა--------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ №1------ ბრძანება.

 

1.2. რ----- მ-------–--ე აღდგენილი იქნას შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე.

 

1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ----- მ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდურის (სარგოს) ანაზღაურება.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმაც არ ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი - რ----- მ-------–--ე, შს ორგანოებში მსახურობდა 2005 წლიდან, ხოლო დაკავებულ თანამდებობაზე 2016 წლიდან. მოქმედი დისციპლინური სახდელი არ გააჩნდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2017 წლის 13 აპრილის დასკვნა (დანართი #1) (ს.ფ. 48-52).

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2017 წლის 13 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის #123 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდა პოლიციის კაპიტან - რ----- მ-------–--ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა (დანართი #1).

 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შევიდა მოქალაქეების - ე---------ე გ-------–--ის, ი--- ბ---–---–ის, ე-------- ნ-----–-----–---–ის და დ----- წ------–---–-ს განცხადებები შს სამინისტროს მოსამსახურის - რ----- მ-------–--ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე.

 

სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ 2014 წლის აგვისტოში, პატრულ- ინსპექტორი - რ----- მ-------–--ე სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ქ. ქობულეთში, რა დროსაც გაიცნო მოქალაქე - ე---------ე გ-------–--ე, რომელთანაც ჩამოუყალიბდა ახლო ურთიერთობა. ურთიერთობის გათვალისწინებით არსებული ნდობის გამო, ე---------ე გ-------–--ე რ----- მ-------–--ეს გარკვეული დროის მანძილზე, დაბრუნების პირობით აძლევდა ფულად თანხას, რამაც ჯამში შეადგინა - 3 250 ლარი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ე---------ე გ-------–--ე პერიოდულად უკავშირდებოდა ტელეფონით რ. მ-------–--ეს და სთხოვდა ვალის დაბრუნებას, რაზედაც ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ არ ჰქონდა ფული და ვერ დაუბრუნებდა ვალს. მორიგი სატელეფონო საუბრის დროს რ. მ-------–--ე გაღიზიანდა და მიაყენა ე---------ე გ-------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად დაემუქრა მათ შორის არსებული ინტიმური კავშირის გახმაურებით.

 

2016 წლის ნოემბერში, რ. მ-------–--ემ გაიცნო მოქალაქე - ი--- ბ---–---–ი, რომელთანაც ასევე ჩამოაყალიბა ახლო ურთიერთობა. გარკვეული ხნის შემდეგ, რ. მ-------–--ემ ი. ბ---–---–ს თხოვა, რომ ლიბერთი ბანკიდან მისთვის გამოეტანა სესხი - 300 ლარის ოდენობით და დაპირდა, რომ სესხს დაფარავდა ერთი თვის ვადაში. მათ შორის არსებული ურთიერთობის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რ. მ-------–--ე იყო პოლიციის თანამშრომელი, ი. ბ---–---–მა ლიბერთი ბანკიდან გამოიტანა სესხი - 300 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა გადასცა რ. მ-------–--ეს. დაპირების მიუხედავად, რ. მ-------–--ემ არ დაფარა ი. ბ---–---–ის მიერ გამოტანილი სესხი, რის გამოც სესხს დაემატა პროცენტი - 65 ლარის ოდენობით. ამდენად, ი. ბ---–---–ი იძულებული გახდა თვითონ დაეფარა სესხი და დარიცხული პროცენტი, სულ - 365 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ, მოქალაქე ი. ბ---–---–ი სისტემატიურად უკავშირდებოდა რ. მ-------–--ეს და სთხოვდა ვალის დაბრუნებას, თუმცა ეს უკანასკნელი თავს არიდებდა ვალის გადახდას, მორგი სატელეფონო საუბრისას, როდესაც ი. ბ---–---–მა რ. მ-------–--ეს სთხოვა ვალის (365 ლარი) დაბრუნება, რ. მ-------–--ე გაღიზიანდა და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ვალი არ დაუბრუნებია.

 

2016 წლის მარტში, რ. მ-------–--ე ტელეფონით დაუკავშირდა მოქალაქე - ე-------- ნ-----–-----–---–ს, რომელსაც სთხოვა ესესხებინა მისთვის ფული. ე. ნ-----–-----–---–ი ენდო რ. მ-------–--ეს, ვინაიდან ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ, ასესხა მას 650 ლარი, რა დროსაც განუმარტა, რომ აღნიშნული თანხა შეგროვებული ჰქონდა დედის ოპერაციისთვის და შეეძლო თანხის სესხება ერთი თვის ვადით. მ-------–--ე დათანხმდა პირობაზე და ე. ნ-----–-----–---–ს 650 ლარი ჩაარიცხანა პირად საკრედიტო ბარათზე. მიუხედავად ე. ნ-----–-----–--–-ს არაერთი მოთხოვნისა, რ. მ-------–--ეს დაებრუნებინა მისთვის აღნიშნული თანა, რ. მ-------–--ეს ვალი არ დაუბრუნებია.

 

2016 წლის დეკემბერში, რ. მ-------–--ემ მოქალაქე - დ----- წ------–---–-სგან იქირავა ბინა, ხოლო 2017 წლის იანვარში საცხოვრებლად სხვა ბინაში გადავიდა რ. მ-------–--ემ ქირის საფასური სრულად არ გადაიხადა, კერძოდ დარჩა დავალიანება 71 ლარის ოდენობით,რომელიც დღემდე არა აქვს გადახდილი.

სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ რ----- მ-------–--ის მიერ უხეშად იქნა დარღვეული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების 3.3. პუნქტის მოთხოვნები (...პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი; ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა).

 

გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ შს სამინისტროს მოსამსახურე - რ----- მ-------–--ე სისტემატიურად, უხეშად არღვევდა პოლიციის შესახებ კანონის, პოლიციის ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური წესდების მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული ნორმატული აქტების თანახმად, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, პოლიციელის მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, პოლიციელის მხრიდან ჩადენილი მსგავსი ქმედება საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. იდენტური დისციპლინური გადაცდომების სიმრავლე დროის მოკლე მონაკვეთში, რ. მ-------–--ის მხრიდან მსგავსი საქციელის განმეორების მაღალი ალბათობის ვარაუდის საფუძველს იძლეოდა.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ შს სამინისტროს მოსამსახურე - რ----- მ-------–--ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პოლიციის კაპიტან - რ----- მ-------–--ის მიმართ უნდა გამოყენებულიყო საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2017 წლის 13 აპრილის დასკვნა (დანართი #1) (ს.ფ. 48-52);

- 2015 წლის 7 ოქტომბრის ე---------ე გ-------–--ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 53-54);

- 2015 წლის 12 ოქტომბრის რ----- მ-------–--ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 55-56);

- 2017 წლის 2 მარტის ე---------ე გ-------–--ესთან სატელეფონო საუბრის ოქმი (ს.ფ. 57);

-2016 წლის 22 დეკემბრის ი--- ბ---–---–ის განცხადება (ს.ფ. 58);

- 2017 წლის 26 იანვრის ი--- ბ---–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 65-66);

- 2017 წლის 10 თებერვლის ე-------- ნ-----–-----–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 68-70)

- დ----- წ------–---–-ს განცხადება (ს.ფ. 72);

- 2017 წლის 9 თებერვლის დ----- წ------–---–-ს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 73-74);

- 2017 წლის 15 თებერვლის რ----- მ-------–--ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 76-79).

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის №1------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტების, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის (სამსახურიდან დათხოვნა), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი - რ----- მ-------–--ე (პ/ნ: 3----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 47).

 

3.1.4. 2018 წლის 3 ოქტომბერს, საქმეში წარმოდგენილი დ----- წ------–---–-ს განცხადებით დგინდება, რომ რ----- მ-------–--ემ ბინის ქირავნობასთან დაკავშირებული თანხა სრულად დაფარა და მასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ასევე მიუთითა, რომ მიუხედავად თანხის გადახდის დაგვიანებისა მასა და რ----- მ-------–--ეს შორის არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა და მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 3 ოქტომბრის დ----- წ------–---–-ს განცხადება (ს.ფ. 105).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ----- მ-------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება“ (სადავო პერიოდში მოქმედი), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“ (სადავო პერიოდში მოქმედი), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება“ (სადავო პერიოდში მოქმედი), „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ №1------ ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. ასევე, განაცდური სარგოს ანაზღაურებაზე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იყენებს პრევენციულ და იძულების ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მითითებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია - ქ. თბილისის მთავარი სამმართველო.

6.3. „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების 1.1. პუნქტის თანახმად, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. ამავე ბრძანების 3.3. პუნქტის მიხედვით კი, პოლიციელი, თავისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით; პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი; ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.

 

ამავე წესის მე-3 მუხლში კი ჩამოთვლილია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის №1------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტების, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის (სამსახურიდან დათხოვნა), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი - რ----- მ-------–--ე (პ/ნ: 3----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2017 წლის 13 აპრილის დასკვნა (დანართი #1) (ს.ფ. 48-52). აღნიშნული დასკვნა კი შედგენილი იქნა პოლიციის კაპიტან - რ----- მ-------–--ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით. კერძოდ, გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი იქნა, რომ რ----- მ-------–--ის მიერ უხეშად იქნა დარღვეული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების 3.3. პუნქტის მოთხოვნები. ამასთან, იგი სისტემატიურად, უხეშად არღვევდა პოლიციის შესახებ კანონის, პოლიციის ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური წესდების მოთხოვნებს. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ შს სამინისტროს მოსამსახურემ - რ----- მ-------–--ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პოლიციის კაპიტან რ----- მ-------–--ის მიმართ უნდა გამოყენებულიყო საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნაში მითითებული გარემოებები სადავო არ გამხდარა მოსარჩელის მიერ, მის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ქმედებების განხორციელების ფაქტი (12.10.2015წ. რ----- მ-------–--ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 55-56); 15.02.2017წ. რ----- მ-------–--ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 76-79). აღნიშნული გარემოებები დადასტურებული იქნა ასევე 07.10.2015წ. ე---------ე გ-------–--ის ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 53-54); 02.03.2017წ. ე---------ე გ-------–--ესთან სატელეფონო საუბრის ოქმით (ს.ფ. 57); 22.12.2016წ. ი--- ბ---–---–ის განცხადებით (ს.ფ. 58); 26.01.2017წ. ი--- ბ---–---–ის ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 65-66); 10.02.2017წ. ე-------- ნ-----–-----–---–ის ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 68-70) და განცხადებით (ს.ფ. 72); 09.02.2017წ. დ----- წ------–---–-ს ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 73-74).

 

სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია 2018 წლის 3 ოქტომბერს, საქმეში წარმოდგენილი იქნა დ----- წ------–---–-ს განცხადება (ს.ფ. 105), რომლითაც დგინდება, რომ რ----- მ-------–--ემ ბინის ქირავნობასთან დაკავშირებული თანხა სრულად დაფარა და მიუხედავად თანხის გადახდის დაგვიანებისა მასსა და რ----- მ-------–--ეს შორის არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს რ----- მ-------–--ის მიმართ გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებული გარემოებების არსებობას.

 

სასამართლო სრულად იზიარებს დასკვნაში მითითებულ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, პოლიციელის მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ. პოლიციელის მხრიდან ჩადენილი მსგავსი ქმედება საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას, ხოლო იდენტური დისციპლინური გადაცდომების სიმრავლე დროის მოკლე მონაკვეთში, რ----- მ-------–--ის მხრიდან მსგავსი საქციელის განმეორების მაღალი ალბათობის ვარაუდის საფუძველს იძლეოდა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად და თვლის, რომ რ----- მ-------–--ის მიმართ მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტი (სამსახურიდან დათხოვნა), რადგანაც მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ქონდა ადგილი პოლიციელის ეთიკური სტანდარტების დაუცველობას და მოქალაქეებისადმი არაკორექტულ დამოკიდებულებას, რის გამოც სასამართლოს თვლის, რომ გასაჩივრებული - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის №1------ ბრძანება კანონიერია, რადგან გამოცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე - რ----- მ-------–--ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ №1------ ბრძანება და სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე - რ----- მ-------–--ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----- მ-------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი