გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210119002820059
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1158-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოსამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე - ე-----------–---–ი;

წარმომადგენელი - ლ--–--------–---–ი;

მოპასუხეები - მ-------------ე, თ-------–---–----ე, თ----------------–ი;

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - მ-------------ეს, თ-------–---–----ეს და თ----------------–ს ე-----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით - 13 726.52 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც, 11000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო - 2726.52 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა მ-------------ემ და თ----------------–მა სარჩელზე წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს, თუმცა არსებითად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შედავება არ განუხორციელებიათ.

 

2.2. მოპასუხე თ-------–---–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ამდენად, სარჩელთან დაკავშირებით მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ე-----------–---–მა 2016 წლის 3 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ''ს--------------------------------–ოს'' გადასცა 4000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლის დარიცხვით, რაც საერთო ჯამში შეადგენდა - 532.02 აშშ დოლარს.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელე ე-----------–---–მა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ''ს--------------------------------–ოს'' გადასცა 7000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვით, ხოლო წლიური საპროცენტო სარგებელი 33%-ით, რაც საერთო ჯამში შეადგენდა - 2194.50 აშშ დოლარს.

 

3.1.3. დადგენილია, რომ შპს ''ს--------------------------------–ოს'' ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია. უფრო მეტიც, შპს ''ს--------------------------------–ოსთან'' დაკავშირებულმა პირებმა დანაშაულებრივი გზით გაფლანგეს აღნიშნული თანხები, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს ამ საკითხის ძიება. კერძოდ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N09---------2. 2016 წლის 14 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მოსარჩელე ე-----------–---–ი დაზარალებულად იქნა ცნობილი და მისი რიგითი ნომერია N7--.

 

3.1.4. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე 1------- დამნაშავედ იქნენ ცნობილი თ-------–---–----ე, მ-------------ე და თ----------------–ი.

 

3.1.5. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის შესაბამისად მოსარჩელე ე-----------–---–ი არის დაზარალებულად ცნობილი. კერძოდ, დაზარალებულთა სიაში ე-----------–---–ი არის 1526-ე ნომრად დაფიქსირებული.

 

3.1.6. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი საქმეზე N1------- გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

3.1.7. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ე-----------–---–ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი - 11000 აშშ დოლარის ოდენობით, რამდენადაც 11000 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას, ხოლო დამატებით სარჩელით მოთხოვნილი - 2716.51 აშშ დოლარი წარმოადგენს საპროცენტო სარგებელს, რომელიც მოსარჩელეს უნდა მიეღო შპს ''ს--------------------------------–ოს'' მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

3.1.8. მოსარჩელე ე-----------–---–სა და შპს ''ს--------------------------------–ოს'' შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებისა და საპროცენტო სარგებლის მსესხებლისათვის გადაცემის ვალდებულება კომპანიას არ შეუსრულებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულებები, გრაფიკები, სალაროს ქვითრები - ს.ფ.27-36;

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ - ს.ფ. 38-97;

- 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი - ს.ფ. 98-221;

- 2018 წლის 16 მაისის განაჩენი - ს.ფ. 222-313;

- 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინების ასლი - ს.ფ. 314-316;

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებლები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის მასალების შესწავლისა და შეფასების შედეგად, მათ შორის, 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მ-------------ის, თ-------–---–----ის და თ----------------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ე-----------–---–---თვის 11000 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესის თანახმად, სამოქალაქო დავის განხილვისას, ისევე როგორც კონკრეტული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და მასა და შპს ''ს--------------------------------–ოს'' შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, შპს ''ს--------------------------------–ომ'' მოსარჩელესაგან ისესხა ჯამში - 11 000 აშშ დოლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ თ-------–---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მ-------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----------------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შპს ''ს--------------------------------–ო'' (ს/ნ 43------5) რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ----------------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ-------–---–----ე. შპს ''ს--------------------------------–ოს'' საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ----------------–ის მეუღლე _ მ-------------ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ''ს--------------------------------–ომ'' მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ''ს--------------------------------–ოს'' დირექტორმა თ-------–---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ-------------ის წაქეზებით და თ----------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ-------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მ-------------ეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გ----------ე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ-------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს ''ს--------------------------------–ომ'' ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, უდავოდ მიიჩნევა ამავე ნორმით დადგენილი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განაჩენს სასამართლო შეაფასებს, როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით. კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. შესაბამისად, მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის დანაწესიც განამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მ-------------ის, თ-------–---–----ის, თ-----------------–ის მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.

 

რაც შეეხება უშუალოდ დამდგარი ზიანის ოდენობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია სარჩელის საფუძვლად მითითებული სადავო გარემოების, დანაშაულის შედეგად მოსარჩელისათვის 11000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულებები, რომლითაც შპს ''ს--------------------------------–ომ'' მოსარჩელისგან ისესხა საერთო ჯამში სესხის ძირითადი თანხა - 11000 აშშ დოლარის ოდენობით. განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს იყენებდნენ პირადი მიზნით, რის შედეგადაც დაზარალდა 2343 მოქალაქე. მათ შორის საქმეში წარმოდგენილია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა უტყუარად დადასტურება.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეებს - მ-------------ეს, თ-------–---–----ეს და თ----------------–ს მოსარჩელე ე-----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 11000 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 219-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის - ''ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის'' თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებლად შემოიფარგლება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის წარმოდგენით.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების - მ-------------ის, თ-------–---–----ის და თ----------------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხების საერთო ჯამში - 11 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი).

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეთათვის სოლიდარულად შპს ''ს--------------------------------–ოს'' მიერ მისთვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის დაკისრების შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, საქმის მასალებით არ დგინდება ამ ნაწილში მიზეზობრივი კავშირი მოპასუხედ დასახელებული პირების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ვინაიდან საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვალდებულება მოსარჩელის წინაშე იკისრა შპს ''ს--------------------------------–ომ'' და არა მოპასუხედ დასახელებულმა პირებმა.

 

ამასთან, სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ იგი ვერ გაიზიარებს მოპასუხე მ-------------ის მიერ გაკეთებულ განმარტებებს სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რამდენადაც მხარეს საქმის მოსამზადებელ პერიოდში და არც მის მიერ წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებითი შედავება არ განუხორციელებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს ახალ გარემოებებს, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს შესაგებელში არ მიუთითებია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე მუხლის მე-3-ე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით საერთო ჯამში - 928 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით ე-----------–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მე-------------ს (პირადი/ნომერი 25--------9) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ლა---------------------------–--------------------------მ. დაზუსტებული ფართობი, ს/კ. 5------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 30921-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს - მ-------------ეს, თ-------–---–----ეს და თ----------------–ს მოსარჩელე ე-----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის სახით - 11 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. უცვლელად დარჩეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხე მე-------------ს (პირადი/ნომერი 25--------9) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ლა---------------------------–--------------------------მ. დაზუსტებული ფართობი, ს/კ. 5------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. მოპასუხეებს - მ-------------ეს, თ-------–---–----ეს და თ----------------–ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით - 928 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან - 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი