გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
330210118002736417
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ხ-------------------ე

წარმომადგენელი - ლ---------------–---–ი

 

მოპასუხეები - მ--–----------–---–ი, ნ-----–-------ა

მოპასუხე მ--–----------–---–ის წარმომადგენელი - მ---------------ე

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს მ--–----------–---–სა და ნ-----–-------ას მოსარჩელე ხ-------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 5000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 1200 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მ--–----------–---–მა 2015 წლის 5 დეკემბერს მოსარჩელისგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, რაც 2016 წლის 5 ივნისამდე უნდა დაებრუნებინა. იმავე რიცხვში შედგენილი ხელწერილით ნ-----–-------ამ, როგორც თავდებმა, სოლიდარულად იკისრა სესხის დაბრუნების ვალდებულება. შეთანხმების თანახმად, თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელს დამატებით უნდა გადაეხადა პროცენტის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის თანხა მოპასუხეებს არ დაუბრუნებიათ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წერილობითი შესაგებელი მხოლოდ მ--–----------–---–მა წარადგინა, რომელმაც განმარტა, რომ მისი ინფორმაციით თანხის ნაწილი ნ-----–-------ას გადახდილი უნდა ჰქონდეს, თუმცა ვერ შეძლო მასთან დაკავშირება, ვინიდან იმყოფება კანადაში. საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მ--–----------–---–მა ნაწილობრივ ცნო, სესხის ძირითადი თანხიდან 2500 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლოდან - 600 აშშ დოლარი.

 

ნა----–-- მი----ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 5 დეკემბერს შედგენილი ხელწერილის თანახმად მ--–----------–---–მა ხ-------------------ისგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, 2016 წლის 6 ივნისამდე. ხელწერილით მსესხებელმა თანხმობა განაცხადა, რომ თანხის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდიდა 0,3%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.12.2015 წლის ხელწერილი.

 

3.1.2. 2015 წლის 5 დეკემბერსვე შედგენილი ხელწერილით ნ-----–-------ამ, როგორც სოლიდარულმა თავდებმა პირმა, მ--–----------–---–ის მიერ ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა. ასევე დაადასტურა, რომ თანხის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხამა იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადა 0,3%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.12.2015 წლის თავდებობის ხელწერილი

 

3.1.3. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ორივე ხელწერილით შეთანხმებული პროცენტი წარმოადგენდა პირგასამტეხლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სესხის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეების მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

მ--–----------–---–ის განმარტებით, სოლიდარული თავდების მიერ გადახდილია თანხის ნაწილი, თუმცა ვინაიდან ვერ ახერხებს მასთან დაკავშირებას, ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა.

 

შესრულების შესახებ სათანადო მტკიცებულების წარუდგენლობის გამო სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ფულადი ვალდებულება მათ მიერ ნაწილობრვ შესრულებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. აღნიშნული წესი გამომდინარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოვალისთვის აუცილებია, ვინაიდან სწორედ მას აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებულია, თუმცა აღნიშნულის შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი მას არ წარმოუდგენია. ამგვარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, მით უფრო როცა კრედიტორი აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს. მოპასუხის მხრიდან ფაქტის უარყოფის შემთხვევაში, კი მხოლოდ ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას. ხოლო „გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევასა და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს (სუსგ Nას-№ას-929-891-2014, 22.04.2015.; №ას-763-722-2015, 28.09.2015 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, რაც საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას მსესხებლისათვის სესხის თანხის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სესხის შეთახმებით მსესხებელმა მ--–----------–---–მა თანხმობა განაცხადა, თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების პირობაზე. მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 1200 აშშ დოლარის დაკისრება, რაც ვადაგადაცილებული პერიოდის გათვალისწინებით, არის შემცირებული. ამდენად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხის აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

2015 წლის 5 დეკემბრის ხელწერილით მოპასუხე ნ-----–-------ამ სოლიდარულად იკისრა სესხის ხელშეკრულებით მ--–----------–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მათ შორის სესხის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდა.

 

ამდენად, ნა----–-- მი----ს მ--–----------–---–თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს სესხის თანხის 5000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1200 აშშ დოლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ხ-------------------ის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 499 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მ--–----------–---–სა და ნ-----–-------ას ხ-------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 6200 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5000 აშშ დოლარი და 1200 აშშ დოლარი პირგასამტეხლო.

 

3. მ--–----------–---–სა და ნ-----–-------ას ხ-------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 499 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე