განაჩენი

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
330100118002630871
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1-------–------- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - მ----------------------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - რ---–----------–---–-

 

ბრალდებული - რ------------------, დაბადებული 1----–-–---- იანვარს, პირადი #0----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები თბილისში, ვ---------–-----------------------------------------------ში, ამჟამად პატიმარი

 

წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ-----------------მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თბილისში, ვ---------–----------------------–----------------------------------–-----------------ში, მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა გამოსაყენებლად ვარგისი საბრძოლო მასალა - ვაზნები, კერძოდ: 1930 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ერთი ცალი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (,,TT‘‘), პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის: ,,ППШ‘‘, ,,ППД‘‘, ,,ППC‘‘, აგრეთვე, ,,CZ‘‘ მოდელის პისტოლეტისათვის და სხვა, ასევე, ორი ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის რევოლვერების, შაშხანებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული ვაზნები ნანახი და ამოღებული იქნა 2----–-–-- 3 ივლისს, რ------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

 

2----–-–-- 1 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, რ------------------, შვილიშვილ გ-----------------------------------------------–---–-----თან ერთად, იმყოფებოდა თბილისში, ვ---------–----------------------–----------------------------------–----------ში მდებარე, თავის საცხოვრებელ ბინაში. დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე, ხსენებული საცხოვრებელი ბინის მისაღები ოთახის ფანჯრიდან, რ------------------ს მიერ, მისსავე კანონიერ მფლობელობაში არსებული, #П---, 1985 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერიდან დაუდევრად განხორციელებული გასროლის შედეგად, მოპირდაპირე მხარეს, ვ---------–-----------–-------–------------------------------------------–--------------ში მცხოვრებმა, თავის საცხოვრებელ ბინაში აივანთან მყოფმა შ--–--------------მ გულმკერდის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა, გულისა და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იმ გამონაკლისით, რომ რ-----------------მა გასროლა განახორციელა ვ---------–-----------–-------–--------------- კორპუსის მიმართულებით, რა დროსაც გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. შესაბამისად, რ------------------ს ქმედება განზრახ მკვლელობიდან გადააკვალიფიცირა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე.

 

სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ--------------------–--ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა თბილისში. მეუღლემ - შ--–--------------მ, შვილებთან ერთად, წაიყვანა დასასვენებლად, თავად კი სამსახურის გამო დაბრუნდა თბილისში. კვირას, 1 ივლისს, ესაუბრა მეუღლეს. მეორე დღეს დილიდან ურეკავდა, მაგრამ კავშირზე ვერ გადიოდა. ამის გამო, მეზობელს სთხოვა, ჩასულიყო და ენახა. მეზობელმა უთხრა, რომ ბინიდან ტელევიზორის ხმა გადიოდა, მაგრამ შ--–-- კარს არ აღებდა. ბოლოს შევიდნენ სახლში და ნახეს, რომ შ--–-- გარდაცვლილი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ შ--–-------------- სრულიად უკონფლიქტო ადამიანი იყო, არ უფიქრიათ, რომ ეს შესაძლოა მკვლელობა ყოფილიყო, ექსპერტის პასუხამდე ეგონათ, რომ გულით იყო გარდაცვლილი. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მისი მეუღლე მოპირდაპირე კორპუსის (რომელიც მთლად პირდაპირ არ დგას, ოდნავ მაღლაა, მაგრამ მაინც ჩანს) მე-5 სართულიდან ნასროლი ტყვიით იყო გარდაცვლილი, ბევრი დამთხვევა აღმოაჩინეს, მათ შორის, მის მეუღლესა და რ-----------------ს შორის 3 კვირით ან 1 თვით ადრე არსებული კონფლიქტი. კერძოდ, ერთ დღეს შ--–--- ძალიან შეწუხებულმა და შეურაცხყოფილმა უთხრა, რომ იქითა კორპუსიდან, სადაც ლიფტს ემსახურებოდა, ურეკავდა ვიღაც და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, რაღაც აბსურდს აბრალებდა, ვითომ ვიღაც გოგო შეათრია ლიფტში, ამის გამო, ის მამ---ცი ეუბნებოდა, გადმოეთრიე ახლავეო. შ--–-- გადავიდა იმ კორპუსში, ნახა კორპუსის თავმჯდომარე, რომელიც იცნობდა იმ ადამიანს, ვინც მას იბარებდა, რომელიც რ------------------ აღმოჩნდა, ავიდნენ იმ გოგოს სახლში, გოგონას დედამ თქვა, რომ მის შვილს შეეშალა, ის კაცი წვერებიანი იყოო, და ამით კონფლიქტი ამოიწურა.

 

დაზარალებულის განმარტებით, ყოველდღე უყურებს რ------------------ს ბინის ფანჯრებს, ყველა მხრიდან ჩანს, როგორც საძინებლიდან, ისე - სამზარეულოდან, და ვერ იჯერებს, რომ შემთხვევით იყო ნასროლი, რადგან წინ დიდი სივრცეა, შეეძლო სხვა მხარეს გაესროლა და არა მაინცდამაინც მათი სახლის მიმართულებით.

 

მოწმე შ--–-------------–--ის ჩვენების მიხედვით, სიძესთან - შ--–--------------სთან ერთად, ოჯახი ჩაიყვანა ს------–- დასასვენებლად და, მასთან ერთადვე, დაბრუნდა თბილისში. მეორე დღეს დაურეკა დამ - რ----------- და უთხრა, რომ შ--–-- არ გამოდიოდა სატელეფონო კონტაქტზე და სთხოვა, მასთან სახლში მისულიყო. მივიდა, ეზოში მდგარ შ--–--ს მანქანაში ჩაიხედა, სახლშიც აიხედა, შუქი ჩამქრალი იყო, მხოლოდ ტელევიზორის სინათლე გამოდიოდა ფანჯრიდან. დაურეკა შვილს - ა-------------–---ს, რომელიც საპატრულო პოლიციაში მუშაობს. მან ურჩია სამაშველოს გამოძახება. მეზობლისგან ჩაიხედეს სახლში, აივნის კარი ღია იყო, ფარდა ფრიალებდა, არანაირი დაზიანება კარს არ ჰქონდა. მაშველები ზემოდან ჩავიდნენ შ--–--ს ბინაში. შემდეგ მიუსამძიმრეს და უთხრეს, რომ ბინაში პიროვნება გარდაცვლილი იყო. სახლში არანაირი არეულობა არ ყოფილა, ყველაფერი ჩვეულებრივ იყო დალაგებული. შ--–-- მ---------ის გვამი სამზარეულოს აივანზე გასასვლელ კართან, გვერდულად, მარცხენა მხარეს ესვენა, ფეხები ზღურბლისკენ ჰქონდა, თავი - შიგნით, სამზარეულოში. პირველი შეხედვით არაფერი ემჩნეოდა და იფიქრეს, გულის შეტევით გარდაიცვალა. გვამი პატრულის თანამშრომელმა გადმოაბრუნა, სასწრაფო დახმარების ექიმმა პულსი გაუსინჯა, დაადგინეს, რომ გარდაცვლილი იყო. შემდეგ ნახეს პატარა ჭრილობა. პოლიციელების მხრიდან სხვადასხვა ვერსიები განიხილებოდა, კრიმინალისტებიც ათვალიერებდნენ, ზომავდნენ, თქვეს, რომ შ--–-- ტყვიით იყო გარდაცვლილი, რაც კიდევაც დადასტურდა ექსპერტიზით. პანაშვიდებზე მეზობელი ქალებისგან გაიგო რამდენიმე ხნის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ. შ--–-- ლიფტს არემონტებდა თურმე, რა დროსაც გოგონასთვის უთქვამს, რომ აიყვანდა ლიფტით, მას სხვანაირად გაუგია, რასაც კონფლიქტი მოჰყოლია დაკავებულთან. შემდეგ გაარკვიეს, რომ არაფერ შუაში არ იყო და შერიგდნენ. საქეიფოდაც სდომიათ ერთად წასვლა, მაგრამ შ--–-- არ სვამდა და უარი უთქვამს. როგორც გაიგო, ეს ადამიანი მეგობრებთან ერთად ქეიფობდა და საერთოდ აზრზე არ იყო, რა მოხდა, მეორე დღეს სათევზაოდ წავიდა, მობრუნდა და პოლიციამ მიაკითხა, ჰკითხეს, იარაღი ჰქონდა თუ არა, აჩვენა იარაღი და ამით დაადგინეს, რომ მისი იარაღიდან გასროლილი ტყვიით იყო გარდაცვლილი შ--–--------------.

 

მოწმე ა-------------–---ს ჩვენების თანახმად, 2 ივლისს ვერ დაუკავშირდნენ ბიძას - შ--–--------------ს. ამის გამო, მამა - შ--–-------------–--ე მივიდა, შეამოწმა, მანქანა ადგილზე იდგა, სახლიდანაც ტელევიზორის ხმა გადიოდა, კარს კი არ აღებდა. გამოიძახეს სამაშველო სამსახური, რომლის თანამშრომელიც მეზობლის ფანჯრიდან ჩავიდა, კარი შიგნიდან გახსნეს და შ--–-------------- გარდაცვლილი დახვდათ. მისი გვამი სამზარეულოში მარცხენა მხარეს ესვენა, ეტყობოდა, რომ მოწყვეტით იყო დაცემული. ისეთი გაშავებული იყო, ინფარქტით გარდაცვლილი ეგონათ.

 

მოწმე ს-------- მ---------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მამა შ--–--------------, დედასთან - რ--------------------–--ესთან და დედის დეიდასთან ერთად, ცხოვრობდა ვ---------–----------–-------------------------------- ბინაში, მე-5 სართულზე. მამა ლიფტების მომსახურებით იყო დაკავებული, ასევე, ემსახურებოდა მათი სახლის მოპირდაპირედ მ--- მ/რ-ნში მდებარე კორპუსებსაც. მომხდარი ფაქტის შესახებ 2 ივლისის ღამის საათებში შეიტყო ტელეფონით დისგან - მ--- მ---------ისგან. ბინაში მისულს გამოძახებული დახვდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ექსპერტ-კრიმინალისტები. გარდაცვლილი მამა აივნის ზღურბლთან იწვა, მოხრილ მდგომარეობაში, გვერდულად. ბინაში არეულობის კვალი არ იყო. როცა ექსპერტიზის თანამშრომლებმა გვამი გადმოაბრუნეს, მკერდის არეში ნახეს ნაჩხვლეტი მცირე ზომის ჭრილობა. პანაშვიდების დროს მისულმა ქალებმა თქვეს, რომ მამას რამდენიმე ხნის წინ ჰქონდა რაღაც კონფლიქტი რ-----------------თან. საქმის მასალებიდან იცის, რომ სწორედ მან გაისროლა ფანჯრიდან. ასევე, მამამაც 2-3 კვირით ადრე თქვა, რომ მას დაურეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც ის ნაწყენი და შეურაცხყოფილი იყო. როგორ მოგვარდა ეს ამბავი, არ იცის.

 

მოწმის განმარტებით, გზის მეორე მხარეს, მ--- მ/რ-ნში კორპუსები შედარებით შემაღლებულ ადგილზეა, 28-ე კორპუსის პირდაპირ, ანუ მამის ბინიდან რომ გამოიხედოს ადამიანმა, პირდაპირ არაფერია, წინაღობა არაა, სივრცე თავისუფალია, ერთი კორპუსი დგას პირდაპირ, საიდანაც სროლა განხორციელდა, დგას ხელმარცხნივ დისტანციაზე, ანუ წინ ერთი კორპუსია და მარცხენა მხარეს არის მეორე კორპუსი, საიდანაც სროლა მოხდა. ეს კორპუსი შედარებით შემაღლებულ ადგილზე დგას. დაახლოებით 150-200 მეტრამდე მანძილია აღნიშნული კორპუსიდან მათ კორპუსამდე. სამზარეულოს აივნიდან მარცხენა მხარეს ჩანს ეს კორპუსი, ასევე, ჩანს ღამის საათებშიც, თუ სახლში სინათლეა ანთებული.

 

მოწმე მ--- მ---------ის ჩვენების თანახმად, 28-ე კორპუსი, სადაც მშობლები ცხოვრობდნენ, გზის პირას მდებარეობს, ოდნავ არის შეწეული ავტოსადგომის გამო მ--- მ/რ-ნისგან, რომელიც გზის მეორე მხარეს მდებარეობს. მამის გარდაცვალების შესახებ 2 ივლისს ს------–- მყოფმა შეიტყო მეუღლისგან. როდესაც მივიდა, მამა გარდაცვლილი სამზარეულოში იწვა მხოლოდ საცვლით, რაღაც წერტილი ჰქონდა გულმკერდთან. ვერავინ მიხვდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩათვალეს, რომ გულით გარდაიცვალა. შემდეგ გაიგეს ექსპერტისგან, რომ ტყვიით იყო გარდაცვლილი. მამა მუშაობდა ლიფტების შეკეთებაზე. რ-----------------ს არ იცნობს, იცოდა მხოლოდ ის, რომ რამდენიმე თვით ადრე მცირედი უთანხმოება ჰქონდათ. თემა ლიფტში რაღაც გაურკვევლობას ეხებოდა ვიღაც გოგოსთან, რომელსაც შეეშინდა შ--–-- მ---------ის, რომელიც იმ დროს ლიფტის კარს აკეთებდა. უსამართლოდ დამადანაშაულესო, წუხდა მამა, მაგრამ იმ ეტაპზე თქვა, რომ ყველაფერი გავარკვიეთო. როგორც შემდეგ გაიგო, კონფლიქტის მონაწილე რ------------------ იყო.

 

მოწმის განმარტებით, რ------------------ს კორპუსის წინ სიცარიელეა, მათი (შ--–-- მ---------ის) კორპუსი კი მკვეთრად გვერდით დგას, კორპუსებს შორის დაახლოებით 150-დან 200 მეტრამდეა მანძილი. მათი კორპუსი ოდნავ ქვემოთ მდებარეობს, უშუალოდ წინ არაფერი ეღობება, ოდნავ მარჯვნივ დგას სხვა კორპუსი და შედარებით უფრო მკვეთრად მარცხნივ დგას ბრალდებულის კორპუსი. მე-5 სართულიდან მე-5 სართულზე იყო ნასროლი, რის გამოც ფიქრობს, რომ შემთხვევით არ შეიძლება გაისროლო სიცარიელეში კორპუსის მიმართულებით. კონფლიქტის მონაწილე რომ იმ კორპუსში ცხოვრობდა, პანაშვიდზე მისული მეზობლისგან გაიგო.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლის, მოწმე გ-----------–---ს ჩვენების მიხედვით, 2----–-–-- 2 ივლისს 112-დან მიიღეს გამოძახება ვ---------–----ში. ადგილზე საპატრულო პოლიცია დახვდათ, გააცნეს, თუ რა სიტუაცია იყო, ზარის ინიციატორიც ადგილზე იყო და განუცხადა, რომ კონტაქტზე არ გამოდიოდა პიროვნება. შეამოწმეს, რითი იყო კარი დაკეტილი, აღმოჩნდა, რომ საკეტი მიხურვით იყო დაკეტილი. აუხსნეს, რომ კარის დაზიანების გარეშე ვერ შევიდოდნენ, რაზეც ზარის ინიციატორმა უარი განაცხადა და ამის გამო ზედა სართულიდან, მეზობლის ფანჯრიდან, ჩავიდა აივანზე. აივნის კარი ღია იყო, სახლში შესვლამდევე დაინახა ადამიანი, მწოლიარე მდგომარეობაში.

 

მოწმე ი-----------–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შ--–--------------ს იცნობდა დაახლოებით 30 წელი. ბოლო პერიოდში მასთან ერთად მუშაობდა ლიფტების შეკეთებაზე. მისი გარდაცვალების თაობაზე მეორე დღეს გაიგო. გარდაცვალების წინა დღეს, ივლისის პირველ რიცხვში, ჩამოვიდა ის სურამიდან, დილის საათებში, 10-11 საათისთვის შეხვდა, გასაღები გადასცა ლიფტის, რის შემდეგ აღარ უნახავს. შეხვედრისას ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო, არანაირი აღელვება არ შეუმჩნევია. შ--–--ს არანაირი კონფლიქტის შესახებ მისთვის არ უთქვამს, რაიმე რომ ყოფილიყო, შ--–-- ეტყოდა, რადგან მეგობრები იყვნენ, თან ერთად მუშაობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ.

 

მოწმე ვ-–------------ს ჩვენების თანახმად, 2----–-–-- 2 ივლისი დგებოდა, ღამით ფეხბურთს უყურებდა მეუღლესთან - ნ-------------სთან ერთად, როდესაც გასროლის ხმა გაიგო, აივანზე გავიდა, დაიძახა, ვინმე ხომ არ იყო, მაგრამ არავინ გამოეხმაურა, სიმშვიდე და სიწყნარე იყო, ქუჩის განათება იყო ორივე მხარეს, არც არავინ ჩანდა, არავითარი ცვლილება არ ეტყობოდა ქუჩას, ქუჩის განათების კვალობაზე ჩანდა იქაურობა, მაგრამ ისე, რომ რაიმე გაერჩია, ვერა. შ--–--------------ს და რ-----------------ს კარგი კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჰქონდათ, კონფლიქტი მათ შორის არ ყოფილა. მხოლოდ ერთხელ მოხდა, შ--–--- დაურეკა, გარეთ გასულიყო, უთხრა, რომ ტელეფონზე ვიღაც ურეკავდა და აგინებდა, დაამშვიდა, შეიძლება, ვინმეს ეშლებოდა ნომერი, მაგრამ ცოტა ხანში ისევ გარეთ დაიბარა შ--–---, რა დროსაც უთხრა, რომ კვლავ დაურეკა იმ პიროვნებამ და უთხრა; ,,დამელოდე, მოვალო‘‘. ამ საუბრისას მათთან მივიდა მის კორპუსში, მეზობლად მცხოვრები რ------------------. ჰკითხა, თუ რა მოხდა, რ-----მა კი შ--–--ზე მიუთითა, რომ მათ მეზობელ ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენა. შ--–--- უთხრა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფასო, ამის გამო, რ-----მა მე-9 სართულზე წაიყვანა, დააკაკუნა, სახლიდან ქალმა გამოიხედა, რომელსაც რ-----მა უთხრა, თქვენი შვილისთვის შეურაცხყოფა რომ მიუყენებია, ის კაცი მოვიყვანეო. არაო - ქალმა უთხრა, ის წვერებიანი იყოო, არადა, შ--–-- წვერგაპარსული და მოწესრიგებული დადიოდა, ალბათ, ბავშვს რაღაც შეეშალაო, უთხრა. ამის გამო რ-----------------მა შ--–--------------ს ბოდიში მოუხადა, როგორც ახსოვს, იმ ქალმაც მოისმინა რ------- სიტყვები: ,,დიდ ბოდიშს გიხდი, შევცდიო‘‘. არაფერი ზედმეტი არ ყოფილა მათ შორის, ასე დაშორდნენ ერთმანეთს. ამ ამბავს კონფლიქტსაც ვერ დაარქმევს, უფრო გაუგებრობა იყო, რაც ამოიწურა.

 

მოწმის განმარტებით, მათი კორპუსიდან შ--–-------------- ცხოვრობდა გზის მეორე მხარეს, მ--- მ/რ-ნში, მე-5 სართულზე, რ------ კი მის კორპუსში, მე-5 სართულზე ცხოვრობს. კორპუსებს შორის გზა ჩამოდის, დაშორება დაახლოებით 150-200 მეტრი იქნება, ორივე კორპუსი გზის პირზე დგას, ორმხრივი მოძრაობაა. მათი კორპუსის ცოტა ქვევით, გზის პირზე, გზის მეორე მხარეს დგას შ--–--ს კორპუსი.

 

მოწმე ნ-------------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მეუღლესთან ერთად სახლში ფეხბურთს უყურებდა, როდესაც ქუჩის მხრიდან, ღია ფანჯრებიდან, სროლის ხმა გაიგო, მჭექარე ხმა იყო. მეუღლე წამოხტა და აივანზე გავიდა, თუმცა არავინ იყო, ეზოს მხრიდანაც არაფერი ხდებოდა. პოლიციაში გაიგო, რომ შ--–-------------- იყო გარდაცვლილი, რომელიც მათთან ლიფტებს ემსახურებოდა. მერე გაიგეს, რომ ამ ფაქტზე რ------------------ დააკავეს, რომელსაც მხოლოდ კარგად დაახასიათებს, ბევრი გაჭირვებული ადამიანისთვის ერთად გაუმართავთ ხელი, მისი კონფლიქტის შესახებ არ სმენია. გაიგო, რომ რაღაც გაუგებრობა იყო და შერიგდნენ, თუმცა რამდენი ხნის წინ და რას ეხებოდა, არ იცის.

 

მოწმის განმარტებით, მათი საცხოვრებელი მ--- მ/რ-ნის ცენტრალური ადგილია, ეს არის 1--–--------------–- კორპუსი. კორპუსი ს----–---–------------ ჩამომავალ თითქმის ცენტრალურ გზაზე დგას, კორპუსის ნაწილი ოდნავ წინაა გამოწეული, ნაწილი ოდნავ შიგნითაა, ერთსადარბაზოიანია, მაგრამ ასეთი განლაგება აქვს. ჩამომავალი ქუჩა ჰყოფს 1-ელ და მ--- მიკრორაიონებს. შ--–-------------- ცხოვრობდა 1--–-------ნის 28-ე კორპუსში, მისი კორპუსი ცოტა ქვემოთაა, დაბლა მხარეს, ხოლო მათი საცხოვრებელი ადგილი ოდნავ უფრო შემაღლებულზეა, კორპუსები ერთ სიბრტყეზე არაა, ქუჩა დაქანებულია და კორპუსებიც შესაბამისად. მათ კორპუსსა და 28-ე კორპუსს შორის დაახლოებით 200-300 მეტრი იქნება.

 

მოწმე ნ--------–---–----ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2----–-–-- 1 ივლისს მეზობელმა რ-----------------მა დაპატიჟა ფეხბურთის ჩემპიონატის ერთად საყურებლად, სახლში რ------- შვილიშვილი გ-------ც დახვდა, 10 საათისთვის დაიწყეს ლუდის დალევა, ტელევიზორს უყურებდნენ, თან მეორე დღეს სათევზაოდ წასვლას გეგმავდნენ, ბავშვიც უნდა წაეყვანათ, მთვრალები არ იყვნენ, რადგან ორი კაცისთვის ორი ლიტრი ლუდი ბევრი არ არის, თან ბოლომდე არ იყო დაცლილი ბოთლი. თვითონ დივანზე იჯდა, რ------ გვერდით, ხელმარცხნივ ეჯდა, ფანჯრის ქვეშ მდგარ გამათბობელთან შვილიშვილი გადიოდა-გამოდიოდა. ფეხბურთის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ რ------ ადგა და ოთახში შევიდა, 2-3 წუთში გამოვიდა მისაღებიდან, შემოიტანა ,,ნაგანის‘‘ სიტემის იარაღი, რაც არ იცოდა, თუ ჰქონდა, იცოდა მხოლოდ, რომ ორლულიანი სანადირო თოფი ჰქონდა, რაჭაში დაჰქონდა ხოლმე სანადიროდ. ხელში კიდევ რაღაც ეჭირა, თქვა, რომ დაზიანებული ტყვიები ეწყო იარაღში და უნდა გავსინჯოო, დაზიანებული პატრონები დევს და უნდა ამოვალაგოო. ხელში ატრიალებდა, ბარაბანი გადმოსწია, დადგა ფანჯარასთან მისკენ ნახევრად ზურგით, ფანჯრის ცოტა გვერდით, თან ხელში იარაღს ატრიალებდა, რა დროსაც მოხდა გასროლა. გარეთ სიბნელე იყო და არ იცის ზუსტად, რა მიმართულებით მოხდა გასროლა, თან ყურადღება ტელევიზორისკენ ჰქონდა მიპყრობილი. გასროლის შემდეგ რ------ გაოგნებული, გაფითრებული სახით შეტრიალდა. რ-----, რა მოხდა, რატომ გაისროლეო? - ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა: გასინჯვა მინდოდა, დაზიანებული ტყვიები იყო, ტყვიები უნდა ამომეღო და უცბად ხელი გამომეკრაო, თუ რაღაც მომიხდაო... გამივარდაო.

 

მოწმის განმარტებით, რ------ რომ გამიზნულად ესროლა, შეუძლებელი იყო, სახლში ამხელა ხმა დატრიალებულიყო. მათი კორპუსი დგას მაღალზე, ქვედა, 1--–-------ნის კორპუსი შედარებით დაბალზეა. მათსა და გარდაცვლილის კორპუსს შორის დაახლოებით 200 მეტრი დაშორება იქნება. იმ ფანჯრიდან გახედვისას, საიდანაც გასროლა მოხდა, თუ თავს გაჰყოფს ადამიანი, გზის მეორე მხარეს, სადაც გზა ჩადის, დაინახავს იქით მხარეს კორპუსებს, ზუსტად პირდაპირ ამ ფანჯრიდან მათივე კორპუსის კედელს უყურებენ, ანუ საგანგებოდ გახედვის შემთხვევაში ჩანს ის კორპუსი, რომელშიც გარდაცვლილი ცხოვრობდა. თუ თავს და ხელს გაჰყოფს და მუცლით გადაეყუდება გამათბობელს, რომელიც დაახლოებით 40 სმ-ითაა გამოწეული კდლიდან, მაგ შემთხვევაში შეიძლება 28-ე კორპუსისკენ გასროლა, მაგრამ რ------ გამათობელზე გადაყუდებული არ დაუნახავს, მას დამიზნებით არ განუხორციელებია სროლა. იმ ადგილიდან, სადაც თვითონ იჯდა, მოპირადაპირე მიკრორაიონის კორპუსები არ ჩანს, რადგან საკმაოდ ქვევითაა, კორპუსები ჩანს მხოლოდ ფანჯარასთან მისვლის შემთხვევაში, თუ თავს გაჰყოფს ადამიანი.

 

მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ გასროლის შემდეგ ჩვეულებრივ დაიწყეს საუბარი, რ-----მა იარაღი სხვა ოთახში გაიტანა, აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ვინმეს მოხვდებოდა იმ კორპუსში. მეორე დღეს რ------ სათევზაოდ წავიდა ბავშვთან ერთად, თვითონ ვერ წავიდა, რადგან შეუძლოდ იყო. რ------- შ--–--------------სთან კონფლიქტზე არაფერი სმენია. პოლიციაში დაკითხვისას გაიგო, რომ გარდაცვლილს 28-ე კორპუსში უცხოვრია.

 

შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტის ი-------------------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე მ-----–------–-–---–ის ჩვენების მიხედვით, აბარია რვა კორპუსი ვ---------–----ის 1---–------ნში, მათ შორის, 28-ე კორპუსი და ევალება იქ მაცხოვრებლებთან კომუნიკაცია. 28-ე კორპუსის წინ გადის საავტომობილო ქუჩა, მოპირდაპირე მხარესაა მ--- მ/რ-ნის კორპუსები. როგორც იცის, 28-ე კორპუსში ღამით გასროლის შედეგად დაიღუპა ადამიანი. შემდეგ გაიგო, რომ პირდაპირი კორპუსიდან მოხდა გასროლა. ამ ორ კორპუსს შორის დაახლოებით 150 მეტრიანი დაშორებაა, შუაში რაიმე წინაღობა არ არის. 28-ე კორპუსის ცოტა ზევით, მაღალზეა ის კორპუსი, საიდანაც გასროლა მოხდა.

 

ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე ი-----–-----------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–-- 2 ივლისს განყოფილებაში მიიღეს სასწრაფო დახმარების შეტყობინება, რომ ბინაში გარდაცვლილი დახვდათ შ--–--------------. სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება და გავიდა შემთხვევის ადგილზე, გამოიძახა ექსპერტები, მათ შორის, სამედიცინო, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს კვლები, ასევე, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები. ბინა, სადაც გარდაცვლილი იყო, 1--–-------ნის 28-ე კორპუსშია. ბინაში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ არის სამზარეულო, სადაც ესვენა შ--–-- მ---------ის გვამი. აივნის კარი ღია იყო და გვამი სამზარეულოდან აივანზე გასასვლელ კართან გვერდულად ესვენა, ფეხები აივნის კართან ჰქონდა, თავიდან სისხლი არ ჩანდა, ექსპერტის მოსვლის შემდეგ გადააწვინეს და ნახეს, რომ მთლიანად მოსვრილი ჰქონდა მარცხენა მხარე, ტრუსები და ჩუსტები ეცვა, მუჭები ჰქონდა შეკრული, ერთში სანთებელა ჰქონდა, მეორეში - ნამწვი. გვამის დათვალიერებისას ექსპერტმა დ--------------–--- მარცხენა მხარეს, მკერდთან, მკერდის ქვემოთ, ნაჩხვლეტი ნახა. გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ამოიღეს საჭირო ნივთები, ხელის კვლები, ანაწმენდები, იმის გამო, რომ გვამზე ჭრილობა აღინიშნებოდა, აივნიდან ლურსმნებიც ამოიღეს. ექსპერტისგან პასუხის მიღების შემდეგ, რომ გვამიდან ტყვიის გულა იყო ამოღებული, აცნობა პროკურორს, დანაშაული გადაკვალიფიცირდა და საქმე მკვლელობების განყოფილებას გადაეცა, თუმცა, ზემდგომი პროკურორის მითითებით, საქმეზე მათი განყოფილებაც მუშაობდა. საქმის გადაცემის შემდეგ მას საგამოძიებო მოქმედება აღარ ჩაუტარებია. რაც შეეხება ბინის მდებარეობას, აივანზე წინ არის გზა, რის შემდეგაც კორპუსებია, ოდნავ მარჯვნივ და ოდნავ მარცხნივ. 28-ე კორპუსი გზიდან დაახლოებით 20-25 მეტრში დგას, მანძილი მოპირდაპირე კორპუსებს შორის დაახლოებით 100 მეტრია.

 

თ---–---------–-–------------------------------------------------–-------–- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, მოწმე ი-----–--–--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე გადაეცათ ი--------------- სამმართველოდან, რადგან მკვლელობის ნიშნები გამოიკვეთა. შედიოდა საგამოძიებო ჯგუფში, ძირითადი გამომძიებელი ა--------–------–---–- იყო. დაევალათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება, რაც საჭირო გახდა საქმეში ახალი გარემოებების გამოკვეთის გამო. მოიწვიეს როგორც კრიმინალისტები, ისე - ბალისტი კ---------------- და მათი მონაწილეობით დეტალურად მოხდა უშუალოდ იმ ადგილის დათვალიერება, სადაც აღმოჩენილ იქნა შ--–-- მ---------ის გვამი. ექსპერტის მიერ მოხდა ვიზირება, რაც საექსპერტო ტერმინია და დადგინდა, რომ გასროლა სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო შემთხვევის ადგილის კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, მ--- მ/რ-ნის 1--–--------–------- კორპუსების ზედა სართულებიდან. ის კორპუსები ოდნავ შემაღლებულზე მდებარეობს, ისიც გზის პირასაა, როგორც გარდაცვლილის, თუმცა გარდაცვლილის კორპუსი გზიდან რამდენიმე მეტრშია. რაც შეეხება კორპუსების რაოდენობას, იმ უბანში რამდენიმე კორპუსია, მაგრამ მიჯრით არ დგას, ერთმანეთისგან ცოტა დაშორებულია. დაათვალიერა შ--–-- მ---------ის ავტომანქანა, ასევე, კვლავ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რადგან კიდევ იყო დამატებით ჩასატარებელი მოქმედებები. ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე შედგა ოქმები, რაც გაეცნო მონაწილეებს და დაფიქსირდა ხელმოწერები. გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ 4 ივლისს გამოკითხა ბრალდებულის მეგობარი ნ--------–---–----, რომელმაც განაცხადა, რომ გასროლის დღეს იმყოფებოდა მასთან და დეტალურად მისცა ინფორმაცია, ადასტურებდა, რომ რ-----------------მა გაისროლა 28-ე კორპუსისკენ. გამოკითხვის ოქმში შეიტანა ზუსტად ის, რასაც ნ--------–---–---- აფიქსირებდა. გაეცნო და ისე მოაწერა ხელი, შენიშვნა რომ ჰქონოდა, დაფიქსირებული იქნება.

 

შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტის საგამოძიებო ს-----------–-------–- განყოფილების უფროსის, უფროსი გამომძიებლის, მოწმე კ-----------ს ჩვენებით, საქმეში ჩართული იყო როგორც მენეჯერი, ასევე, ჩატარებული აქვს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც მიიღო ინფორმაცია, რომ ეს დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ყოფილიყო რ------------------ს მიერ. დაიგეგმა და განხორციელდა ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები. აღმოჩნდა, რომ რ-----------------ზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღით იყო გარდაცვლილი შ--–--------------. ოპერატიული ინფორმაცია იყო, რომ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შესაძლოა ფლობდა გ-----------ს მეგობარი ნ--------–---–----, რომელიც იმავე კორპუსში ცხოვრობდა. რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ მას ბოლომდე არ ეთქვა მომხდარი, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, პროკურორის დადგენილებით, სპეციალურმა სამსახურმა დაუმონტაჟა ვიდეოჩამწერი, შევიდა ნდობაში, რომ მას საუბარში გაემხილა რაღაც დეტალები და განხორციელდა ნ--------–---–----ს აუდიო-ვიდეოჩაწერა. საუბრისას ნ--------–---–----მ განაცხადა, რომ შემთხვევის ღამეს იმყოფებოდა რ-----------------თან სახლში, ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ, ლუდი დალიეს, მაგრამ მთვრალი და გადამთვრალი არ ყოფილან, თუმცა ნასვამები იყვნენ, სახლში რ------- შვილიშვილიც იყო, მატჩებს შორის შესვენებისას რ------ გავიდა ოთახიდან, შემდეგ გამოვიდა, ხელში ბარაბნიანი იარაღი ეჭირა, ფანჯარასთან დადგა, მთლად ხელი ფანჯარაში არ გაუყვია, მაგრამ გამოკრა და მოხდა გასროლაო. ამაზე შეშფოთდა, რა ქენიო - უკითხავს, რაზეც რ------ უპასუხია, რაღაც ძველი ტყვია იდო, გასინჯვა მინდოდა და მოხდა ეს გასროლა, გავარდაო. თუ რა შედეგი მოჰყვა, ამის შესახებ არც რ-----მა და არც ნ--------- არაფერი იცოდნენ, შემდეგ გაიგეს, რომ იმ კორპუსში ვიღაც გარდაიცვალა. რაიმე კონფლიქტზე შ--–--------------სა და რ-----------------ს შორის ინფორმაცია პირადად არ მიუღია. საუბრის დასრულების შემდეგ არ უთქვამს ნ--------–---–----სთვის, რომ იწერდა.

 

მოწმე ზ--------------ს ჩვენების თანახმად, მუშაობს თ---–---------–-–--- დეპარტამენტში დეტექტივების ს-----------–--------– განყოფილებაში. შ--–-- მ---------ის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებში. მკვლელობის ფაქტზე მთლიანად საგამოძიებო ჯგუფი გადის და ნაწილდება ფუნქციები სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. გამოკითხული ჰყავს რამდენიმე მოწმე და მონაწილეობა აქვს მიღებული ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. ამ საგამოძიებო მოქმედებას წინ უძღვოდა მის მიერ მიღებული ინფორმაცია, რომ რ------------------ ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას ამ საქმეზე და გარკვეული შემხებლობა უნდა ჰქონოდა მასთან. დაწერა პატაკი, მოახსენა ხელმძღვანელობას და პროკურორის დადგენილებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევიდან გამომდინარე, 2----–-–-- 3 ივლისის 2---- საათიდან 2---- საათამდე ჩაატარა ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა რ-----------------თან, რომელიც ი--------------- #8 განყოფილებაში იმყოფებოდა, ის ამ დროს დაკავებული არ იყო, არც ბორკილები ედო და არც გადაადგილება ჰქონდა შეზღუდული. არანაირ დაპირებას და ზეწოლას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია, იმყოფებოდნენ მხოლოდ თვითონ და რ------------------, რომელმაც ისაუბრა, თუ რა გარემოებებში მოხდა მის მიერ სახლში შენახული, მის საკუთრებაში არსებული და რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. რა შედეგები მოჰყვა, იმ პერიოდისთვის მისთვის ცნობილი არ იყო. რ------------------ მოუყვა, რომ მის სახელზე ირიცხებოდა ,,ნაგანის‘‘ სიტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ინახავდა სახლში, სულ რამდენიმე ვაზნა ჰქონდა დიდი ხნის დანესტილი და, როგორც მისთვის ცნობილი იყო, სასროლად უვარგისი, რადგან გამოცდილი ჰქონდა. სწორედ იმ დღეს, როდესაც მოხდა ფაქტი, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უყურებდა მეზობელთან ერთად. მისაღები ოთახის ფანჯრიდან განახორციელა გასროლა და ტყვია მისთვის მოულოდნელად გავარდა. რ------------------ ცხოვრობდა ვ---------–-------– მ/რ-ნში და გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსში ცხოვრობდა გარდაცვლილი შ--–--------------.

 

შსს თ---–---------–-–--- დ-----------------------------------------------------------------–-----------------გამომძიებლის, მოწმე ლ-–--------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჩართული იყო შ--–-- მ---------ის გაზრახ მკვლელობის საქმის გამოძიებაში, ჩაატარა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. მას შემდეგ, რაც ექსპერტმა დაადასტურა, რომ შ--–-- მ---------ის სხეულიდან ამოიღო ტყვიის გულა, გარდაცვლილის სხეულიდან აიღეს ნიმუშები. ასევე, პატაკის საფუძველზე, დაკითხა კ---------------, რომელმაც აღნიშნა, რომ შ--–-- მ---------ის განზრახ მკვლელობა განხორციელებული იყო ვინმე რ------------------ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად. შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხდა რ------------------ს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რ-----------------მა ნებაყოფლობით წარადგინა ,,ნაგანის‘‘ სისტემის ბარაბნიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც იდო 5 გაუსროლელი და ერთი გასროლილი ვაზნა, საიდანაც მოხდა გასროლა. საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, შესთავაზეს განყოფილებაში მათთან ერთად წასვლა. რ------------------ დაეთანხმა, არ უთქვამთ, რომ არსებობდა ინფორმაცია მის მიერ მკვლელობის ჩადენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რ------------------ თავისივე მანქანით წაჰყვა მათ. როგორც იცის, მასთან განყოფილებაში ზ--------------მ ჩაატარა ფარული საგამოძიებო მოქმედება - აუდიო-ვიდეოჩაწერა, რის შემდეგაც გამოკითხა ზ--------------. გარდა ამისა, გამოკითხული ჰყავს თანამშრომელი კ---------------, რომელმაც, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედება - აუდიო-ვიდეოჩაწერა მოახდინა ნ--------–---–----სთან, რომელიც რ------------------ს სახლში იმყოფებოდა გასროლის დროს.

 

მოწმის ჩვენებით, რ------------------ ცხოვრობს ვ---------–---, მ--- მ/რ-ნის 1---–------ კორპუსში. ორი კორპუსი დგას ამაღლებულ ადგილას, მისი ბინა არის მე-5 სართულზე, ხელმარცხნივ, მისაღებ ოთახში არსებული ფანჯარა იყურება უშუალოდ გზაზე, იმ მხარეს, სადაც გარდაცვლილი შ--–-------------- ცხოვრობდა. გარდაცვლილისა და რ------------------ს კორპუსები სწორ სიბრტყეზე არ მდებარეობს, ანუ გ-----------ს ბინა ზემოდან დაჰყურებს გარდაცვლილის სახლს, ამ კორპუსებს შორის დაშორება კი დაახლოებით 150-200 მეტრამდეა.

 

შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტის საგამოძიებო ს-----------–-------–- განყოფილების გამომძიებელმა, მოწმე ა--------–------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა შ--–-- მ---------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქმის გამოძიების ირგვლივ. მოწმემ განაცხადა, რომ იგი საქმის ძირითადი გამომძიებელია და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა. ამასთან, აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და, შესაბამისად, გარდაცვლილის და ბრალდებულის საცხოვრებელი კორპუსების მდებარეობა პირადად არ უნახავს.

 

2----–-–-- 3 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, რაც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, თბილისში, ვ---------–---, 1--–-------ნი, 28-ე კორპუსი, ბინა #----ში, ადგილი დათვალიერდა ექსპერტ გ------- ნ----------- და სამედიცინო ექსპერტ დ--------------–--- მონაწილეობით. შესასვლელიდან ხელმარცხნივ, სამზარეულოში, აივანზე გასასვლელთან, რომლის კარი ღია მდგომარეობაშია, ასვენია შ--–-- მ---------ის გვამი მარცხენა გვერდზე, ხელები და ფეხები მოხრილი, აცვია მუქი ფერის ტრუსი და მოლურჯო ჩუსტები, მარცხენა ხელში უჭირავს სანთებელა, მარჯვენა ხელში - სიგარეტის ნამწვი. გულთან აქვს ნაჭრილობევი, გვამს მარცხენა გვერდი, მუცელთან, აქვს მოსვრილი სისხლისმაგვარი ლაქებით, ასეთივე ლაქებია გვამის ქვეშ იატაკზე და გვამის ფეხებსა და ხელებზე. სახეზე აქვს დაზიანებები. გვამი ხელის შეხებით ცივია, გამოხატულია გვამური გაშეშება სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში. აქვე ასახულია სხვა გვამური ნიშნები. მარცხენა მტევანში აქვს მომწვანო ფერის სანთებელა. ექსპერტების მიერ სახლის აივნის კედლიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, ხელის კვლები, ადგილზე მოხდა ფოტოგადაღება, გვამი გადასვენებულ იქნა საექსპერტო კვლევისათვის.

 

2----–-–-- 3 ივლისის შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმის მიხედვით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტ დ--------------–---თან განხორციელებული სატელეფონო გასაუბრებით დადგინდა, რომ, შ--–-- მ---------ის გვამის სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, გულმკერდის მიდამოში, 180 სმ სიგრძის ცხედრის ტერფიდან 139 სმ სიგრძეზე აღმოჩენილ იქნა ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ზემოდან ქვემოთ, მარცნიდან მარჯვნივ, წინიდან უკან, დაახლოებით 8 სმ სიდიდის დახრილობით. ამ მონაცემის გათვალისწინებით და ამ საორიენტაციო მოცემულობით ექსპერტ-ბალისტიკოს კ--------------------ს მიერ და ექსპერტ კრიმინალისტების მიერ განხორციელდა ექსპერიმენტი. კერძოდ, აივანზე გასასვლელი კარის ჩარჩოს შუაში დაიდგა შტატივი ბალისტიკური ვიზირების მოწყობილობით, რომლითაც, ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, გამოთვლილ იქნა გარდაცვლილ შ--–-- მ---------ის მიმართ განხორციელებული გასროლის მიმართულება. ექსპერიმენტის შედეგად საორიენტაციოდ გაირკვა, რომ გასროლა უნდა განხორციელებულიყო შემთხვევის ადგილის მოპირდაპირედ, მისამართიდან: თბილისი, ვ---------–---, მ--- მ/რ-ნის 1-ლი ,,-------------------–- ან მ--- სადარბაზოს მეათე და ზედა და 1--–---------–------- კორპუსების მეათე და მას ზემოთ რომელიმე სართულის აივნის ან ფანჯრის მხრიდან, ასევე, სახურავიდან.

 

ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ბალისტიკოს-ექსპერტის, მოწმის სახით დაკითხულ კ--------------------ს ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, რათა, როგორც შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად მოეხდინა შემთხვევის რეკონსტრუქცია სროლის მიმართულების დასადგენად. ადგილზე დახვდა საგამოძიებო ჯგუფი, გაეცნო შემთხვევის ადგილს, აინტერესებდა გვამის, კონკრეტულად, კიდურების ადგილმდებარეობა. გამომძიებლის და სამედიცინო ექსპერტის მიერ შემოწმდა სხეულზე არსებული ჭრილობების ადგილმდებარეობა, მნიშვნელოვანი იყო, ტერფიდან რა სიმაღლეზე იყო დაზიანება. ბალისტიკური შტატივის გამოყენებით მოხდა დაახლოებით ტრაექტორიის დადგენა. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა მონაცემი, უნდა განისაზღვროს, სად იდგა ადამიანი, ამ შემთხვევაში ეს იყო აივანზე გასასვლელი კარი, ფეხები იყო კარის ჩარჩოზე. სწორედ იქ დააყენა შტატივი, აიღო წერტილი, სადაც, სავარაუდოდ, იდგა გარდაცვლილი. ჭრილობის საწყისი წერტილი იყო სამედიცინო ექსპერტის მიერ მიწოდებული მონაცემი, რომ შემავალი ჭრილობა ტერფიდან 139 სმ სიმაღლეზე იყო. შტატივს მიეცა დახრის 8 სმ-იანი კუთხე სროლის სექტორის დასადგენად. გვამზე არსებული დაზიანების მიხედვით და ხსენებული იარაღის გამოყენებით, დაადგინა დაახლოებით სროლის ტრაექტორია, საორიენტაციო მიმართულება, თუ საიდან იყო ნასროლი, დადგინდა სექტორიც, ეს იყო შემთხვევის ადგილის მოპირდაპირე კორპუსის მაღლა სართულები. რეკონსტრუქციის დროს ორიენტირდება, რომ სიკვდილამდე ადამიანი იდგა სწორად. ადამიანი რომ დახრილ მდგომარეობაში ყოფილიყო, ეს შეცვლიდა სექტორს, ანუ სწორად მდგომისთვის სექტორი მაღლაა, დახრილისთვის დახრის კუთხე ქვევით იწევა, შ--–-------------- გადახრილი იყო თუ სწორად იდგა, ამის დადგენა ვერ ხდება.

 

ექსპერტ-კრიმინალისტმა, მოწმე ტ-----------------მ, ასევე, დაადასტურა შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერება გასროლის ტრაექტორიის განსასაზღვრად. ექსპერიმენტი ლ--------------------------, ბალისტიკოსთან და გამომძიებელთან ერთად ჩაატარეს. ვინაიდან შეუძლებელი იყო ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა/დაფიქსირება, განსაზღვრეს სავარაუდო ადგილი. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა სამზარეულოს და აივნის გასასვლელს შორის. პირველ რიგში, კვლევისათვის და ექსპერიმენტისათვის საჭირო იყო ადამიანის აგებულების დადგენა, რა სიმაღლის იყო, სად ჰქონდა დაზიანება, რა მიმართულებით განხორციელდა დაზიანება სხეულში. ვინაიდან გამჭოლი დაზიანება არ იყო, მნიშვნელოვანი იყო, რა ტყვიასთან და რა იარაღთან ჰქონდათ საქმე, რომ ევარაუდათ, რამხელაზე შეეძლო იმ იარაღს მიეყენებინა მომაკვდინებელი ზიანი. გარდაცვლილი, როგორც ახსოვს, 180 სმ-მდე იყო და მარცხენა მხარეს, გულმკერდის არეში, ჰქონდა მიყენებული დაზიანება, ანუ დახრილ მდგომარეობაში ჰქონდა შემავალი და გაჩერებული ტყვია რაღაც გრადუსებში, დაახლოებით 8 სმ იყო ტყვიის შესვლისა და გაჩერების ადგილებს შორის მანძილი. ვინაიდან გარდაცვალებამდე არავის უნახავს, ადამიანი როგორ იდგა და ზუსტად - სად, პრაქტიკიდან და ბალისტიკური კვლევის მეცნიერებიდან გამომდინარე იმოქმედეს, აიღეს ადამიანის სიმაღლე მდგომარე პოზიციაში. მილიმეტრი ცდომილება მოხვედრის ადგილიდან გასროლის ადგილზე რამდენიმემეტრიან ცვლილებას იძლევა, მოხრის შემთხვევაში, მილიმეტრზე კი არა, უკვე სანტიმეტრებზე სხვაობა, 10-20 მეტრიც შეიძლება იყოს, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, გააჩნია რამდენი სმ-ით იყო მოხრილი, ასევე, გააჩნია სროლის მანძილს. ხელს უწყობდათ ის გარემოება, რომ გაშლილი ტერიტორია არ იყო, წინ უძრავი ობიექტები ჰქონდათ. იყო 1--–---------–------- კორპუსი მარცხენა მხარეს, ეს მხარე ივარაუდეს, რადგან გულმკერდის არეში მარცხენა მხარეს იყო ტყვია მოხვედრილი. 1--–---------–------- კორპუსები გარდაცვლილის კორპუსთან შედარებით შემაღლებულ ადგილზე იყო, რაც, ასევე, ცვლილებას იძლეოდა, ანუ აქ უკვე მათემატიკური სიზუსტე იყო საჭირო. მოძრავ ობიექტებზე გამოთვლა ყოველთვის სავარაუდოა, ზუსტად არ დგინდება. ექსპერიმენტიდან, რომლის თანახმად, ადამიანი გამართულ მდგომარეობაში იდგა, მიიღეს ის, რომ პირველი კორპუსების, როგორც ახსოვს, მე-8-დან ზევით სართულებიდან იყო ნასროლი. გამოყენებული იარაღი ,,ნაგანის‘‘ სისტემის იყო, მისი ვაზნა და მასრა სპეციფიურია და სხვა იარაღებში არ გამოიყენება. ვიზირების დროს ხელის მიმართულება არ დგინდება, დგინდება მხოლოდ გასროლის ადგილი, ტყვიის ტრაექტორიაზე ყველაფერი მოქმედებს ქარი, ტემპერატურა, ანუ შეიძლება იარაღით გასროლა მოხდეს ზუსტად კონკრეტულ ადგილზე, მაგრამ ქარია, წვიმა თუ მზე, ეს ყველაფერი მოქმედებს მისი მიმართულების შეცვლაზე. შესაბამისად, ზუსტი 100%-იანი ხელის მოძრაობისასაც თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრში დგომისას რამდენიმე მეტრ ცდომილებას ყოველთვის იძლევა. მოწმის განმარტებით, სროლის ტრაექტორიის შეცვლაზე იარაღის სიძველე გავლენას ვერ ახდენს, ცვეთა მოქმედებს იარაღის მხოლოდ ძალაზე, ომისდროინდელი იარაღიც ჩვეულებრივი სიზუსტით ისვრის. ტექნიკური მახასიათებლები იარაღს აქვს 500 მეტრიანი, ხოლო თუ გაცვეთილია, იკლებს მხოლოდ მომაკვდინებელი ძალა.

 

2----–-–-- 3 ივლისის ამოღების ოქმით, ლ------------–--------–-----------------–----------–---- ექსპერტიზის ადმინისტრაციულ შენობაში ექსპერტ დ--------------–---გან ამოღებულ იქნა გარდაცვლილ შ--–-- მ---------ის ტანსაცმელი - ტრუსი, ასევე, ამოღებულ იქნა გვამის გამოკვლევისას ნანახი უცხო სხეული (ტყვია), ასევე, სისხლის, თმის, ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით:

· პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდები (14 ვაზნიდან, ნაგანიდან, ,,П----‘‘ და 5 ვაზნიდან, 1 მასრიდან)...‘‘, მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,რევოლვერი ნაგანი‘‘ (სახელური) მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და რ------------------ს (ნერწყვის ნიმუში) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

· კონტეინერში, წარწერით: ,,რევოლვერი ნაგანი‘‘ (სასხლეტი), მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და რ------------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. შ--–-- მ---------ის, გ------- გ-----------სა და ნ--------–---–----ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

· კონტეინერში, წარწერით: რევოლვერი ნაგანი (ჩახმახი), მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი რ------------------ს, ხოლო მეორე წილი გ------- გ-----------ს გენეტიკური პროფილების იდენტურია;

· პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდები 7 (შვიდი) ნიმუშად... ბიოლოგიურ ჩხირებზე...‘‘, მოთავსებულ კონვერტში წარწერით: ,,...საცხოვრებელი სახლის აივანზე გასასვლელი კარის გარეთა სახელურიდან‘‘, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და შ--–-- მ---------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;

· კონვერტში, წარწერით: ,,...აღებული საცხოვრებელი სახლის აივანზე გასასვლელი კარის შიდა სახელურიდან‘‘, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და შ--–-- მ---------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ნ--------–---–----ს, გ------- გ-----------სა და რ------------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

· პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთ) ც. სიგარეტის ნამწვი და 1 (ერთი) ცალი სანთებელა...‘‘, მოთავსებულ სანთებელასა და ნამწვზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და შ--–-- მ---------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;

· პაკეტში, წარწერით: ,,...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი...‘‘, მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ--–--------------ს;

· პაკეტში, წარწერით: ,,...შ--–-- მ---------ის გვამის ტრუსი...‘‘, მოთავსებულ საცვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ--–--------------ს;

· პაკეტში, წარწერით: ,,..შ--–-- მ---------ის გვამის გამოკვლევისას აღებული სისხლის, თმის, ფრჩხილის და ანაწმენდი ნიმუშები...‘‘, მოთავსებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ--–--------------ს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ, რომლმაც განმარტა, რომ, ისევე, როგორც ნებისმიერმა ბიოლოგიურმა მასალამ, ნიმუშებმა გაიარა სხვადასხვა ეტაპები, რის შედეგადაც მიიღეს გენეტიკური პროფილი, რომელიც შედარდა შესადარებელი ნიმუშების სახით წარდგენილ პირთა გენეტიკურ პროფილებს. შედარების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული გენეტიკური პროფილები იყო ერთმანეთის იდენტური. მონოზიგოტი ტყუპების გარდა, მსოფლიოში არ არსებობს ორი ადამიანი, რომელსაც აქვს მსგავსი/იდენტური გენეტიკური პროფილი. აღნიშნულის საფუძველზე გენეტიკური ექსპერტიზა არის უტყუარი და სიტყვა იდენტურით გამოიხატება, არ შეიძლება, რომ ეკუთვნოდეს სხვა პირს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, შ--–-- მ---------ის სიკვდილის მიზეზია გულმკერდის მიდამოს ერთი ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, გულის და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით. ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, განვითარებულია სიკვდილის დადგომამდე უახლოეს წინა პერიოდში, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. სროლა ნაწარმოები უნდა იყოს არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ. გვამური მოვლენების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დროის შუალედი, არანაკლებ 20 საათისა. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში მითითებულია, რომ შ--–-- მ---------ის გვამიდან აღებულ სისხლსა და შარდში არ აღმოჩნდა ალკოჰოლის, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების ნიშნები, ასევე, მომწამვლელი ნივთიერებები.

 

მოწმის სახით დაკითხული სამედიცინო ექსპერტის - დ--------------–--- ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილზე დაათვალიერა შ--–-- მ---------ის გვამი. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 20 საათი - ნიშნავს, რომ გვამის გამოკვლევამდე ამაზე ნაკლები დრო არ იყო გასული, გვამური მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება მეტიც იყოს გასული. ყველა ჭრილობას თავისი წარმოშობის მექანიზმიდან გამომდინარე აქვს სპეციფიკური ნიშნები, რითაც დგინდება ცეცხლნასროლია, ბლაგვი საგნითაა მიყენებული თუ ნაკვეთია, დამოკიდებულია ჭრილობის მორფოლოგიურ სურათზე. ამ შემთხვევაში გვამიდან ამოღებულ იქნა ტყვია. არაახლო მანძილი ძირითადად პისტოლეტებისთვის არის ერთი მეტრი მანძილი, წესით ის მანძილია, სადაც უკვე დამატებითი ფაქტორები აღარ მოქმედებს. დამატებით ფაქტორებს უწოდებენ, როდესაც გასროლის შედეგად იარაღში ხდება აფეთქება დენთის ნაწილაკების, რის შედეგად წარმოიშობა გაზი, ალი, კვამლი და დაუწვავი ნაწილაკები, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა მანძილზე ლულასა და სხეულს შორის დალაგდეს. შესაბამისად, ამ ფაქტორების მიხედვით დგინდება ახლო მანძილი. ზუსტი მანძილი განისაზღვრება ძირითადად ახლო მანძილის შემთხვევაში. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ დასკვნაში მითითებული ნაჭდევები, რაც სიკვდილამდეა განვითარებული, შესაძლებელია, მიყენებული იყოს გასროლის შედეგად დაცემით. არსებული დაზიანებიდან გამომდინარე, რა მიზანმიმართულ მოძრაობებს და რამდენს გააკეთებდა ადამიანი, კომპლექსური ექსპერტიზის გარეშე არ დგინდება, მაგრამ გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, მოძრაობის შესრულება, რადგან ლიტერატურაში აღწერილია, რომ თავმოკვეთილ ადამიანსაც კი შეუძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. საქმის მასალებით, ფოტოსურათებით, არსებული მონაცემებით, თუ რა პოზაში იყო ადამიანი, როცა დაზიანებას იღებდა, უნდა მოხდეს ვითარების რეკონსტრუქცია.

 

ექსპერტმა ც------------------მ, თავის მხრივ, დაადასტურა დასკვნის ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ნაწილი, ჩატარებული შ--–-- მ---------ის გვამიდან აღებულ ნიმუშებზე.

 

2----–-–-- 3 ივლისის რ------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, რ------------------ს მიერ წარდგენილ იქნა მის სახელზე რეგისტრირებული, ,,ნაგანის‘‘ სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი, რომელზეც ბარაბნის გვერდით მეტალზე ამოტვიფრულია ПР 33. მარცხენა მხარეს მეტალზე ამოტვიფრულია ვარსკვლავის ნიშანი, რომლის ქვემოთ ამოტვიფრულია 1941. რევოლვერის ბარაბანში ჩადის 7 ვაზნა. მასში მოთავსებულია 5 გაუსროლელი ვაზნა და ერთი გასროლილი ვაზნა. მოხდა მოცემული რევოლვერის განმუხტვა. რ------------------ს მიერ, ასევე, წარდგენილ იქნა მოცემული ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერის სარეგისტრაციო მოწმობა, გაცემული მის სახელზე 04.12.2--- წ. (კატეგორია A, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება).

 

ქიმიური ექსპერტიზის #----რან დასკვნით, წარდგენილი იარაღის ლულიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა, ე.ი. ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-------------მ და განმარტა, რომ ანაწმენდზე არსებულ ნახშირის ნაწილაკებზე ჩატარდა ქიმიური გამოკვლევა, რის შედეგადაც დაფიქსირდა NO2 არსებობა (დენთის წვის პროდუქტი), რაც ნიშნავს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან ნაწარმოებია გასროლა.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის #-----ბ დასკვნით, ერთი ტყვია წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრის ,,7,62 mm Nagant‘‘ ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის, 1895 წლის ნიმუშის, რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისთვის‘‘. გამოსაკვლევი ერთი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერის გაცვეთილი ლულიდან.

 

ბალისიტიკური ექსპერტიზის #----/ბ დასკვნით:

· გამოსაკვლევი #П--- იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1895 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერს; იგი მიეკუთვნება ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. რეკონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება;

· 5 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის, 1895 წლის ნიმუშის, რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისათვის‘‘; აღნიშნული 5 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა წარმოდგენილ მდგომარეობაში არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია გამოსაყენებლად;

· 11 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის, 1895 წლის ნიმუშის, რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისათვის‘‘; აღნიშნული 11 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა წარმოდგენილ მდგომარეობაში არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია გამოსაყენებლად;

· ერთი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის, 1895 წლის ნიმუშის, რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისათვის‘‘. აღნიშნული ერთი ცალი მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის #П--- რევოლვერში;

· დადგენა იმისა, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი მასრა და ტყვია შეადგენდა თუ არა გასროლამდე ერთ მთელს, ვერ მოხერხდა;

· შ--–-- მ---------ის გვამიდან ამოღებული და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვია-მასროთეკაში მოთავსებული, 7,62 მმ კალიბრის ერთი ტყვია გასროლილია 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის #П--- რევოლვერიდან.

 

საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–-----მ დაადასტურა ორივე დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ბალისტიკური გამოკვლევისათვის წარდგენილი იყო ერთი დალუქული ფუთა, წარწერით: შ--–-- მ---------ის გამოკვლევისას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ნანახი უცხო სხეული - ტყვია. პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ფუთის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ტყვია. პარამეტრები შეადარა საცნობარო მონაცემებს და დადგინდა, რომ აღნიშნული ტყვია წარმოადგენს 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანისთვის‘‘ განკუთვნილი ვაზნის შემადგენელ ნაწილს. ტყვია დათვალიერდა მიკროსკოპის მეშვეობით, დადგინდა, რომ აღნიშნული ერთი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის“ რევოლვერის გაცვეთილი ლულიდან. იარაღში ტყვიის გასროლის შედეგად ტყვიაზე აღიბეჭდება ლულის ხრახნილების კვალი. რაც მეტ ხანგრძლივ როტაციაშია იარაღი, მით უფრო ცვდება ლულის ველები. რაც სუსტად გამოხატულია კვალი, მით გაცვეთილია ლულა, თუმცა საკმარისი ნიშნებია იმისათვის, რომ ვარგისი ყოფილიყო. გამოკვლეულ ხუთივე ვაზნას კაფსულის ძირზე აღენიშნებოდა მრავალჯერადი დაცემის კვალი. ვარგისიანობის დასადგენად ხუთივე ვაზნა მოათავსა საშტატო იარაღის დოლურაში და მოხდა მათი გასროლის მცდელობა, მაგრამ, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, არცერთ შემთხვევაში არ გაისროლა, შესაბამისად, დასკვნაში მიუთითა, რომ უვარგისია სროლისათვის და გამოსაყენებლად.

 

მოწმის განმარტებით, რევოლვერის ტიპის იარაღში, განსხვავებით პისტოლეტებისგან, ყოველი გამოკვრის ანუ გასროლის შემდეგ ხდება დოლურის/ბარაბნის გადატრიალება და ახალი ვაზნის მიწოდება გასასროლად, დოლურაში უნდა მოთავსდეს ვაზნა, შეუპირისპირდეს ხელით ლულას და შემდეგ ჩახმახის გადმოწევა და გასროლა ხელის მოქმედებასთან უნდა მოვიდეს, ჩახმახისთვის ხელის გამოკვრის გარეშე იარაღი არ გაისვრის.

 

მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ იმავე ფუთაში მოთავსებულ ერთ ცალ მასრას კაფსულაზე აღენიშნებოდა საცემელის რამდენიმეჯერადი ზემოქმედების კვალი, რაც ნიშნავს, რომ ამ გასროლამდე შესაძლოა რამდენჯერმე სცადეს გასროლა. ყველა ცეცხლსასროლ იარაღს აქვს თავისი ინდივიდუალური ნიშნები, რომელიც კვალს ტოვებს, შესაბამისად, ამ იარაღის ნიშნები სხვა ,,ნაგანის“ რევოლვერს ვერ ექნება. ანუ გამოკვლეული მასრა გასროლილია იმავე ,,ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან, რაც გამოიკვლია. თუ დაზიანებულია კაფსულა, ან დენთია დანესტილი, გასროლა ვერ მოხდება. იგივეა, თუ კაფსულის შიგთავსის მდგრადობა დაზიანებულია, არ შეიძლება მოხდეს კაფსულიდან ნაპერწკლის გავარდნა, შეიძლება, დენთი მშრალი იყოს, მაგრამ კაფსული იყოს დაზიანებული და, შესაბამისად, მაინც არ მოხდება გასროლა. ზოგადად რევოლვერების და პისტოლეტებისთვის სამიზნე მანძილი 50-60 მეტრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყვია იმის იქით არ მიფრინავს. რევოლვერებისა და პისტოლეტებისთვის საშუალო მანძილი, რა დროსაც დამაზიანებელ ეფექტს ინარჩუნებს, არის 150-300 მეტრამდე, ამის შემდეგ ტყვია მიფრინავს ჩვეულებრივი ტრაექტორიით, ხოლო ექნება თუ არა დამაზიანებელი ეფექტი, არ იცის. მეორე ფუთაში არსებული 14 ცალი ვაზნიდან 11 ცალი ვაზნა უვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო 1 ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია, თუმცა ეს ვაზნა არ იყო განკუთვნილი ,,ნაგანის‘‘ სისტემის ამ იარაღისათვის. ასევე, ,,ნაგანისთვის‘‘ განკუთვნილი არ იყო არც დარჩენილი 2 ვაზნა. დასკვნის ის ნაწილი, სადაც წერია 13 ცალი ვაზნა, არის გამომძიებლის კითხვა პირდაპირ გადმოტანილი, თვითონ კი დაადგინა, რამდენიც იყო რეალურად, ანუ 14 ვაზნა.

 

მოწმის განმარტებით, გვამიდან ამოღებული ტყვია გასროლილია ზუსტად იმ იარაღიდან, რომელიც გამოსაკვლევად გადაეცა. რაც შეეხება ტყვიის და მასრის ერთობლიობას, აღნიშნულ ტყვიასა და მასრაზე არ აისახა იმ კერძო და ინდივიდუალური ნიშნების ერთობლიობა, რომელთა მიხედვით ცალსახად დადგინდებოდა, შეადგენდა თუ არა გასროლამდე ეს ტყვია და მასრა ერთ მთელს. ამასთან, დაადგინა, რომ როგორც ტყვია, ისე - ვაზნა გასროლილია წარდგენილი იარაღიდან. ამავდროულად, მოწმემ განმარტა, რომ გაცვეთილი ლულის შემთხვევაში იცვლება იარაღის სროლის სიმჭიდროვე, გარკვეული გადახრები აქვს, ტრაექტორიაც, შესაბამისად, არასტაბილურია. მოცემული იარაღის ნაწილები და მექანიზმები, მათ შორის, ჩახმახიც, სრულ მწყობრშია, მხოლოდ ლულაა გაცვეთილი. ამასთან, ჩახმახის გადმოწევის გარეშეც, შესაძლებელია, მოხდეს გასროლა, უბრალოდ, მაგ შემთხვევაში ცოტა მეტი ძალაა საჭირო, ვიდრე გადმოწეული ჩახმახის შემთხვევაში.

 

სასამართლომ, ასევე, გამოიკვლია დაცვის მტკიცებულებები, კერძოდ, გ--------------------–---------------------------------–----------–---–-------------------------–-------- დასკვნა, რამდენად შესაძლებელია სროლისათვის უვარგისი ვაზნა რამდენჯერმე ნემსის (დამცემი, საცემელი) დარტყმის შედეგად (მოახდინოს) მოვიდეს მოქმედებაში (მოახდინოს გასროლა), რომლის თანახმადაც:

1. კაფსულის შემადგენლობის რომელიმე კომპონენტის უვარგისობამ შესაძლებელია გამოიწვიოს აალების შეყოვნება ან ფუჭი დარტყმა, რა დროსაც ნარევი დეტონირდება გვიან ან სულაც არ დეტონირდება, მაგრამ განმეორებითი დარტყმის შედეგად სხვა ადგილზე შეიძლება მოხდეს ნარჩენი ნარევის დეტონირება, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, სროლისათვის უვარგისი ვაზნა რამდენჯერმე ნემსის (დამცემი, საცემელი) დარტყმის შედეგად მოვიდეს მოქმედებაში (მოახდინოს გასროლა), რაც არაერთხელ მომხდარა პრაქტიკაში;

2. საბჭოური იარაღის და საბრძოლო მასალის წარმოების ტექნოლოგიები, მათ შორის, დენთი, კაფსულის შემადგენელი ნაწილები, ასევე, დამკალიბრებელი ხელსაწყოები იყო საერთო სერიული წარმოების, ამიტომ ,,ნაგანის‘‘ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღში რამდენჯერმე ნემსის (დამცემი, საცემელი) დაცემის შემდეგ, შესაძლებელია, მოვიდეს მოქმედებაში ვაზნა, რომელზეც რამდენჯერმე არის განხორციელებული ნემსას (დამცემი, საცემელი) ზემოქმედება;

3. ენდოსკოპის მეშვეობით იარაღის გამოკვლევით დადგინდა, რომ გააჩნია ცვეთის გარკვეული ხარისხი, კერძოდ, ლულის (ხრახნული) ნაჭდევები, მინდორი გაცვეთილია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გასროლისას სამიზნის დაზიანების სიბღუჯის გაშლა. ამიტომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღით დამიზნებით გასროლა სავარაუდოდ 200 მ (მიზნის დასაზიანებლად) ფაქტიურად შეუძლებელია, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღების (პისტოლეტების და რევოლვერების) დამიზნების მაქსიმალური მანძილი შეადგენს 50 მეტრს.

 

დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დასკვნის ავტორმა გ--------------–---–მა და განმარტა, ,,ნაგანის‘‘ ლულა იმ დონეზეა გაცვეთილი, რომ სროლა შეუძლია, მაგრამ ტერმინალზე მოხვედრის შემდეგ აუცილებლად იქნება დარღვეული ლუფტი, სროლის სიბღუჯე. სასროლად ვარგისია და უპრობლემოდ შეიძლება ტერმინალის დაზიანება. ვაზნების კაფსულები დაზიანებულია, მასრასაც ჰქონდა დაზიანებული კაფსული. ოდნავ რომ გადატრიალდეს ბარაბანი, უკვე სხვა ადგილას ურტყამს თუნდაც მიკრონით. კაფსულები დამზადებულია ძველი მოდიფიკაციით და გააჩნია გარკვეული გამოშრობის შესაძლებლობა და არ ნიშნავს, რომ კაფსულა არ გაისვრის. იმ შემთხვევაში, თუ ნემსა ურტყამს მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე ადგილზე, გასროლა არ მოხდება, მაგრამ საკმარისია, ოდნავ სხვა ადგილზე მოახდინოს დარტყმა ნემსამ, შესაძლებელია მომენტალურად აალება, რაც ხშირად ჰქონია პრაქტიკაში. პოლიციის აკადემიაში სწავლებისას მსროლელს უხსნიან, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არავითარ შემთხვევაში არ შემოატრიალონ, პირდაპირ უნდა ეჭიროთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ რამდენიმე დაცლის შემდეგ გაუსვრია, განსაკუთრებით ძველ ვაზნებს ახასიათებს ასეთი არატექნოლოგიური პროცესი. მიკროსკოპის ქვეშ გამოიკვლია 1 ცალი მასრა, რომელსაც აღენიშნებოდა ოდნავ გვერდზე ადგილზე დანაცემი, დამატებითი დანაცემი. ამ დაზიანებას შეეძლო აალების გამოწვევა. აალება შესაძლებელია დოლურას ოდნავ გადატრიალებითაც, რაც პრაქტიკაში ხდება. კონსტრუქციულად ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღს ბევრი ნაკლოვანება გააჩნია. იარაღის განსამუხტად, გასასროლად, ძალიან დიდი ძალის მოდებაა საჭირო, მაგრამ თუ ჩახმახი გადმოწეულია, თავისუფლად შეიძლება გამოკვრის შედეგად მოხდეს გასროლა. განმუხტვის შედეგად ბარაბნის საჭერი და ვაზნების გამოსაყრელი პირის გაწევისას შეიძლება მოხდეს გასროლა. თუ თითი შიგნითაა და ადამიანმა გამოწია ვაზნების ამოსაყრელი და დოლურას დამჭერი ღერძი, აუცილებლად მოხდება გასროლა, ანუ იმდენი ძალა თავისუფლად ყოფნის, რომ გასროლა მოხდეს, რადგან ლუფტს ითვალისწინებს. ასევე, თუ ჩახმახი არ არის გადმოწეული, ლუფტი აძლევს საშუალებას, რომ მოახდინოს დაცემა, იმ განსხვავებით, რომ ცოტა მეტი ძალა სჭირდება ვიდრე შეყენებულ ჩახმახს. კაფსულის დაძველების შემთხვევაშიც ერთმა რომელიმე კომპონენტმა შეიძლება გამოიწვიოს აალება. სროლისთვის უვარგისმა ვაზნამაც შეიძლება გამოიწვიოს გასროლა. აღნიშნული სამართლებრივად ვერ აისახება დასკვნაში, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით შესაძლებელია. დამიზნების მანძილი რევოლვერების და პისტოლეტების არის 25-დან 50 მეტრამდე, ამის შემდეგ დამიზნების მანძილი ნაკლებია, რადგან გაფანტვა არის დიდი და პროფესიონალი მსროლელის შემთხვევაშიც კი, თითქმის შეუძლებელია მიზანში გარტყმა. ცეცხლსასროლ იარაღებს სპეც.ლულებს უკეთებენ, რომ 100 მეტრის შემდეგ მოხვდეს.

 

2----–-–-- 12 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ადვოკატ რ---–----------–---–-ს მიერ დათვალიერდა თბილისში, ვ---------–---, მ--- მ/რ-ნი, 1---–------ კორპუსში, მე-5 სართულზე მდებარე #-- ბინა. ბინაში ხელმარცხნივ განთავსებულია სამზარეულო, ხელმარჯვნივ საძინებელი, ჰოლიდან პირდაპირ შევდივართ მისაღებ ოთახში, კარიდან ხელმარჯვნივ დგას კედლის ავეჯი, მარცხენა მხარეს დგას დივანი და ორი სავარძელი, კარიდან პირდაპირ დგას ტელევიზორი. მისაღებ ოთახში კარიდან ხელმარცხნივ არის ფანჯარა, ფანჯრის ქვემოთ კედელთან დამონტაჟებულია გაზის გამათბობელი, გამათბობლის გვერდით მარცხენა მხარეს დგას სავარძელი, შუაში დივანი და პატარა ზომის მაგიდა, მარჯვენა მხარეს - მეორე სავარძელი. ფანჯრიდან პირდაპირ მოჩანს 1--–------- კორპუსის კედელი, მარჯვენა მხარეს ფანჯარიდან მოჩანს ვ---------–---, 1--–-------ნი, 28-ე კორპუსი. გაზის გამათბობელსა და ფანჯარას შორის დამონტაჟებულია მილი, სახაზავის საშუალებით გაზომილ იქნა ფანჯარასა და გამათბობელს შორის დაშორება, რამაც შედგინა 41 სმ. გადაღებულ იქნა ფოტოსურათები.

 

ბრალდებულ რ------------------ს ჩვენების მიხედვით, 2----–-–-- 29 ივნისს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს ვ---------–---, მ--- მ/რ-ის 1---–------ კორპუსში. 30 ივნისს შვილიშვილი გ------- გ-----------ც მივიდა მასთან, გეგმავდნენ მეზობელ ნ--------–---–----სთან ერთად სათევზაოდ წასვლას, მაგრამ კვირას ვერ წავიდნენ, რადგან ნ-------- არ ეცალა. კაუჭების შესაძენად ლ--–--- ბაზრობაზე იყო გ-------სთან ერთად, შემდეგ სახლში იყვნენ, საღამოს ნ--------–---–---- ესტუმრათ ფეხბურთის საყურებლად, თან ერთ ბოთლ ლუდს სვამდნენ. მოგვიანებით, შესვენების დროს გაახსენდა, რომ მანქანისთვის ქანჩი სჭირდებოდა. რომ არ დავიწყებოდა, უნდოდა მოეძებნა და მანქანის გასაღებთან ერთად დაედო, რომ მის გარეშე არ წასულიყო სათევზაოდ. ქანჩი ედო იმავე ადგილზე, სადაც ,,ნაგანის‘‘ რევოლვერი ინახებოდა. ამის გამო გაახსენდა, რომ იარაღი გაფორმების შემდეგ, წლების მანძილზე, გაუწმენდავი იყო, მიტანის დღიდან არ გამოუღია. მოინდომა იარაღის გაწმენდა, აიღო საწმენდი საშუალებები - ტილო, ჯაგრისი, სპირტი, გამოვიდა და ჩაილაპარაკა, დიდი ხანია არ გამიწმენდიაო. საწმენდები მაგიდაზე დადო და, ნ----------- ზურგით, ღია ფანჯარასთან დადგა, ცალი ფეხით კუთხურად იდგა სავარძელსა და ფანჯარასთან მდგარ გამათბობელს შორის, ფანჯარასთან უკიდურეს მარცხენა მხარეს იდგა. უნდოდა განემუხტა, ვაზნა თვითონ არ ჩაუდია. იარაღი ფანჯარაში გაყოფილი არ ჰქონია, ფანჯრიდან არ იყო დაშორებული, კედელთან იდგა მიყრდნობილი, მარცხენა ხელში იარაღი ეჭირა, მარჯვენათი ხსნიდა, იარაღი ცერად ეჭირა, თითი სასხლეტში ჰქონდა, იარაღმა დაისხლიტა და წამებში, მისი გაუფრთხილებლობის გამო, მოხდა გასროლა. ოთახში გავარდა, სასწაული ხმა ჰქონდა, არასდროს ამ იარაღიდან არ ჰქონდა გასროლილი და ხმაც არ იცოდა. გ------- ხმაურზე შევიდა ოთახში, ნ--------აც შემცბარი სახე ჰქონდა. თვითონაც არ მოელოდა, ფუჭი პატრონები იყოო, ნ-------- განერვიულებულმა უთხრა. მოულოდნელობისგან არასასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, აიღო საწმენდები და, იარაღთან ერთად, თავის ადგილზე დააბრუნა. ფეხბურთის შემდეგ ნ-------- სახლში წავიდა. მეორე დღეს (ორშაბათს), შვილიშვილთან და მეზობლებთან ერთად, სათევზაოდ წავიდა, ნ-------- არ წასულა. დაბრუნდნენ უკვე 2-ში, ღამის სამი საათისთვის. დაიძინეს, რის შემდეგაც ისევ შვილიშვილთან ერთად ასუფთავებდა მანქანას, რა დროსაც ეზოში პოლიციის თანამშრომლები მოძრაობდნენ. მეზობელმა უთხრა, რომ მაცხოვრებლების საბუთებს ამოწმებდნენ. შვილიშვილი სახლში აგზავნა, თუ მიაკითხავდნენ, დაეძახა. მანქანის გასუფთავებას რომ მორჩა, სადარბაზოში შეხვდნენ პოლიციელები. მიესალმნენ ერთმანეთს და გზა გააგრძელეს. 10-15 წუთის შემდეგ მივიდნენ მასთან და ჰკითხეს ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით. გამოუტანა ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერი და სანადირო თოფი, საბუთებთან ერთად, ამონაწერი გააკეთეს და დაემშვიდობნენ. 10-15 წუთში ისევ დაბრუნდნენ, უთხრეს, რომ რაღაც დაავიწყდათ. ისევ გამოიტანა იარაღები, ჩაატარეს ჩხრეკა, პაკეტებში რაღაც დალუქეს და უთხრეს, რომ განყოფილებაში იქნებოდა საჭირო წასვლა. გამოიცვალა და ეზოში ჩავიდა, სადაც ელოდებოდნენ. რომ ნახა მათ მანქანაში ადგილი არ იყო, საკუთარი მანქანით წავიდა განყოფილებაში. შემდეგ საკმაოდ გვიან გაიგო, რომ გარდაცვლილი იყო შ--–--------------. შ--–--------------ს ახლოს არ იცნობდა, ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე, მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში, მოუწია მასთან შეხვედრა, ტელეფონზეც ესაუბრა. მეზობლის გოგონას ლიფტში კაცის შეშინებია და ამასთან დაკავშირებით ესაუბრა, იქვე ახლოს ცხოვრობდა თურმე, არ იცოდა არც მისი საცხოვრებელი და არც ნანახი ჰყავდა. მასთან შეხვედრისას კორპუსის თავმჯდომარეც გამოვიდა, ავიდნენ მე-9 სართულზე, იმ გოგონას ოჯახში, სადაც ქალბატონმა ნ----–----------------მ, დედამ, უთხრა, რომ ბავშვი შეშინებულა, რადგან ლიფტის კარი არ მუშაობდა, ლიფტიორი კი არემონტებდაო. სასიხარულოდ გაირკვა ყველაფერი, ძალიან კარგი საუბარი ჰქონდათ მას და შ--–--ს, ხელი ჩამოართვა, არაერთხელ მოუბოდიშა, გადაკოცნა, პატიება სთხოვა და დაიშალნენ. მეტჯერ არც შეხვედრია და არც ტელეფონით უსაუბრია. გოგონას შეშინების თაობაზე კი მარკეტში მიმავალმა გაიგო მეგობრის - ს-----------------------, რომელიც ფაქტის გამო გაღიზიანებული იყო. მაღაზიიდან დაბრუნებულმა ლიფტიორის ნომერზე დარეკა, რაც კარზე ეწერა და შეუთანხმდა შეხვედრაზე. შენობების და იმის გათვალისწინებით, რომ გამათბობელი 40 სმ-თაა დაშორებული კედლიდან, ასევე, 40 სმ-მდე სისქის არის კედელი, თან მისი აღნაგობის მხედველობაში მიღებით, ნახევარი ტანით უნდა გადასულიყო ფანჯარაში, ხელი უნდა გაეყო, რომ 28-ე კორპუსისკენ გაესროლა, რაც ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელია. ფანჯრიდან არა მარტო გარდაცვლილის კორპუსი, მთლიანად საცხოვრებელი ჩანს ძალიან ცუდად, კედელს თავი უნდა მიადო, რომ გამოჩნდეს, მარჯვენა მხარეს ჩანს ის საცხოვრებელი. იმ კორპუსში აივანზე გამოსული ადამიანი დღისით არ ჩანს, ღამით კი, 12 საათზე ხილვადობა თითქმის ნულის ტოლია, თან ლამპიონები ხან არის, ხან - არა და იქ ადამიანის შემჩნევა შეუძლებელია. ვერ დაუმიზნებ, რადგან მაშინ კედელს უნდა აეკრა. ფანჯარის კუთხიდან ის კუთხე ჩანს, მაგრამ სროლა შეუძლებელია ადამიანისთვის, ვინც ცაცია არ არის, თან შეუძლებელია, სხეულთან ახლოს ხელით განმუხტვის დროს დაუმიზნო ადამიანს, ვერც კედელსაკრული დაუმიზნებ. ,,ნაგანის‘‘ იარაღი ბიძაშვილმა აჩუქა და გაიფორმა, მაშინ მოსთხოვეს ბალისტიკისთვის 3 ვაზნა, გასინჯეს და 1 კვირის შემდეგ დაურეკეს, რომ გაფორმებული იყო და წაეღო. მასთან ერთად ჰქონდა ძველი ვაზნებიც, რაც პ------ ქუჩაზე, მაღაზია ,,დ----–-‘‘, სასროლეთში გასინჯა, არცერთმა არ გაისროლა, ჩააწყო პარკში და წლების განმავლობაში ასე ინახებოდა. რადგან სასროლეთში ყველა ვაზნაზე იყო მომხდარი მექანიკური ზემოქმედება და არცერთმა არ გაისროლა, ამიტომ არ უნდა გავარდნილიყო, მისი აზრით, რადგან არცერთი ტყვია ახალი არ ყოფილა, ახალი იყო მხოლოდ ის, რომელიც 5,6 კალიბრის იარაღს ეკუთვნის.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ, მათ შორის, მოწმეების: მ--------------–------------–--------------------------------------------------------------------–----–-–---–------------------------–---–-----------------------–--------------------------------------------–---–---–------–------------–---–-----------------–---–--, გ------- გ-----–-–---–--, გ------- გ----------, გ------- გ--------------–---–------- გამოკითხვის ოქმები, ასევე, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური დასკვნა. შესაბამისად, მათში ასახულ ინფორმაციას მიენიჭა პრეიუდიციული ძალა.

 

როგორც გამოკვლეული, ასევე, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა ადგენს, რომ შ--–-------------- გარდაიცვალა რ------------------ს მხრიდან ,,ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ქმედების არაპირდაპირი განზრახვით ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რ------------------ს გაუფრთხილებელი ქმედება, რამაც გამოიწვია შ--–-- მ---------ის სიცოცხლის მოსპობა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ##1/1/548; 22/01/2015; §4).

 

სასამართლო განმარტავს, რომ, კანონის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.

 

ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვლია მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილი იყო მხარეთა მიერ, შეაფასა თითოეული ცალ-ცალკე და ერთობლიობაში და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ რ-----------------მა გასროლა განახორციელა ვ---------–-----------–-------–--------------- კორპუსის მიმართულებით, რა დროსაც ის მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნოს ობიექტური პირი დამნაშავის ბრალეულობაში, აუცილებელია ზედმიწევნითი კონტროლი ყველა მტკიცებულებაზე და შეფასება ვიწრო პრიზმაში, რათა ბრალდებულს უსაფუძვლოდ არ დაედოს მსჯავრი მძიმე დანაშაულისათვის.

 

იმისთვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს განზრახ დანაშაულის, მოცემულ შემთხვევაში მკვლელობის ჩადენა, უნდა წარმოჩინდეს როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური მხარე, ჰქონდა თუ არა რ-----------------ს ამგვარი განზრახვა, თუნდაც არაპირდაპირი, რაც უნდა დადგინდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზით, კერძოდ, უნდა შეფასდეს დანაშაულის ჩადენის გარემოებები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მოტივი, მიზანი და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით არ გამოკვეთილა, თუ რა მოტივი უნდა ჰქონოდა ბრალდებულს შ--–-- მ---------ის ან იმავე კორპუსში მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირის სიცოცხლის მოსპობის, რის გამოც თავად ბრალდების მხარემ გამორიცხა რ------------------ს მხრიდან მკვლელობის პირდაპირი განზრახვით ჩადენა.

 

რაც შეეხება მოწმეთა მიერ გაცხადებულ, ერთი თვისა თუ თვენახევრის წინანდელ უსიამოვნო შემთხვევას, თითოეული მოწმე, ვინც ირიბად მაინც იცოდა აღნიშნულის თაობაზე, მათ შორის, გარდაცვლილის ახლობლები და ოჯახის წევრები აცხადებენ ერთადერთს, რომ მათ შორის მალევე აღმოიფხვრა გაუგებრობა და რ-----------------მა ბოდიშიც კი მოუხადა შ--–--------------ს. ამ გაუგებრობის თვითმხილველმა მოწმემ - ვ-–------------მ თავის ჩვენებაში დამაჯერებლად და დარწმუნებით ახსნა, რომ აღნიშნულ გაუგებრობას არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა არანაირი გაგრძელება და არ შეიძლებოდა რ-----------------ს შ--–-- მ---------ის მიმართ რაიმე ცუდი განზრახვა ჰქონოდა. საგულისხმოა, რომ, მანამ, სანამ ექსპერტმა არ განაცხადა, რომ შ--–-------------- ტყვიით იყო გარდაცვლილი, მისი ოჯახის წევრებს არც კი გახსენებიათ ერთი თვის თუ თვენახევრის წინანდელი გაუგებრობა, რაც მალევე ბრალდებულის ბოდიშით და შერიგებით დასრულდა, და ფიქრობდნენ, რომ შ--–-------------- გულით იყო გარდაცვლილი.

 

იმისათვის, რომ პირის მსჯავრდება მოხდეს მკვლელობის არაპირდაპირი განზრახვით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ კონკრეტული ქმედების განხორციელებისას პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ რ-----------------მა დამიზნებით განახორციელა გასროლა გარდაცვლილ შ--–-- მ---------ის საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით, რა დროსაც იგი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის (შ--–-- მ---------ის ან მითითებულ კორპუსში მაცხოვრებელი სხვა ნებისმიერი პირის მოკვლის) შესაძლებლობას, არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

მოწმე ნ--------–---–----ს ჩვენების თანახმად, რომელიც არის სასამართლოში დაკითხული ერთადერთი თვითმხილველი მოწმე (რამდენადაც ბრალდებულის შვილიშვილმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ), 2----–-–-- 1 ივლისს, საღამოს, ის იმყოფებოდა რ------------------ს საცხოვრებელ სახლში და ერთად უყურებდნენ ფეხბურთს, თან სვამდნენ ლუდს, რა დროსაც საფეხბურთო მატჩებს შორის შესვენებისას რ----- გ----------- ოთახიდან გამოიტანა ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღი, რომელიც მან პირველად ნახა რ------------------ს ხელში, თქვა, რომ იარაღში დაზიანებული ტყვიები ეწყო და უნდა გაესინჯა, ამოელაგებინა. დადგა ფანჯარასთან, მისკენ ნახევრად ზურგით, ფანჯრის ცოტა გვერდით, თან ხელში იარაღს ატრიალებდა, რა დროსაც მოხდა გასროლა. მოწმემ სასამართლოს გადმოსცა, ასევე, რ------------------ს რეაქცია გასროლაზე, თქვა, რომ გასროლის შემდეგ რ------ გაოგნებული, გაფითრებული სახით შეტრიალდა მისკენ და კითხვაზე, თუ რატომ გაისროლა, უპასუხა, გასინჯვა მინდოდა, დაზიანებული ტყვიები იყო, უნდა ამომეღო და უცბად გამივარდაო.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე ნ--------–---–----ს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, რომელიც ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე და რომელშიც მოწმეს მითითებული აქვს, რომ რ-----------------მა სროლა განახორციელა 1--–-------ნის 28-ე კორპუსის მიმართულებით, სადაც ცხოვრობდა გარდაცვლილი შ--–--------------. საქმის არსებითი განხილვისას (ისევე, როგორ გამოკითხვის ოქმშია მითითებული) მოწმემ ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სროლის განხორციელების დროს რ------------------ მისგან ზურგით იდგა, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ოთახში არსებული ნივთების განლაგების გათვალისწინებით, თუ სად იჯდა მოწმე გასროლის მომენტში და სად მდებარეობს ფანჯარა, რომლიდან გასროლილმა ტყვიამაც იმსხვერპლა შ--–--------------, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, ნ--------–---–----ს დაენახა რ------------------ს ხელის და იარაღის მიმართულება, რაც თავად მოწმემაც ცალსახად დაადასტურა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში.

 

მოწმე ნ--------–---–----ს ჩვენებასთან თანხვერდაშია თავად ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ზუსტად ემთხვევა ნ--------–---–----ს აღწერილობას გასროლის მომენტში რ------------------ს ღია ფანჯარასთან მოწმისგან ზურგით დგომის თაობაზე. ბრალდებულის განმარტებით, ის ცალი ფეხით, კუთხურად იდგა სავარძელსა და ფანჯარასთან მდგარ გამათბობელს შორის, ფანჯარასთან უკიდურეს მარცხენა მხარეს, კედელთან მიყრდნობილი, იარაღი ფანჯარაში გაყოფილი არ ჰქონია, განსამუხტად მარცხენა ხელში ცერად ეჭირა, ხოლო მარჯვენათი ხსნიდა, თან დაუდევრად თითი სასხლეტში ჰქონდა, რა დროსაც იარაღმა დაისხლიტა და წამებში მოხდა გასროლა. უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მათთვის მოულოდნელი იყო, არც რ-----------------ს და არც ნ--------–---–----ს არ უფიქრიათ გასროლის შედეგად რაიმე სახის ლეტალურ შედეგზე და მათ ჩვეულებრივ გააგრძელეს ტელევიზორის ყურება.

 

ხაზგასასმელია შ--–-- მ---------ის საცხოვრებელი სახლის (კორპუსის) მდებარეობა და მანძილი ბრალდებულისა და გარდაცვლილის საცხოვრებელ კორპუსებს შორის. დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ--------------------–--ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ მათი კორპუსი გზიდან შეწეულია და წინ საკმაოდ დიდი ეზო აქვს. მოწმე ს-------- მ---------ემ განაცხადა, რომ მამის ბინიდან გახედვისას წინ არაფერი დგას, ხელმარცხნივ დისტანციაზე შემაღლებულზეა კორპუსი, საიდანაც გასროლა მოხდა და მანძილი ამ კორპუსებს შორის დაახლოებით 150-200 მეტრამდეა. იგივეზე მიუთითეს მოწმეებმა - მ--- მ---------ემ და ვ-–------------მ, რომლის ჩვენებითაც, კორპუსებს გზა ჰყოფს და შ--–-- მ---------ის კორპუსი ცოტა ქვევით, გზის მეორე მხარესაა. იგივე განაცხადეს პოლიციის თანამშრომლებმა - მ-----–------–-–---–მა, ი-----–------------------------------–-–--------–---–--. ამასთან, მოწმე ნ--------–---–----ს ჩვენებით, მათი კორპუსი დგას მაღალზე, 1--–-------ნის კორპუსი შედარებით დაბალზეა, მათსა და გარდაცვლილის კორპუსს შორის დაახლოებით 200 მეტრი დაშორება იქნება და შ--–-- მ---------ის კორპუსი რ------------------ს ბინის ფანჯრიდან, საიდანაც განხორციელდა გასროლა, მხოლოდ საგანგებოდ გახედვის, ფანჯარაზე გადაწევის შემთხვევაში ჩანს.

 

როგორც მოწმე ნ--------–---–----მ განაცხადა, რ------------------ ფანჯრიდან არ გადაწეულა, იგივეს აცხადებს ბრალდებულიც, ასეთ ვითარებაში კი, ბრალდებულისა და გარდაცვლილის საცხოვრებელი კორპუსების მდებარეობის გათვალისწინებით, სასამართლო გამორიცხავს ბრალდებულის მხრიდან დამიზნებით გასროლის შესაძლებლობას შ--–-- მ---------ის კორპუსის მიმართულებით, ასევე, გამორიცხავს ყოველგვარი მოტივის გარეშე, თუნდაც ტყვიის გასინჯვის მიზნით (რაზეც ბრალდების მხარე აპელირებს), კორპუსის მიმართულებით მიზანმიმართულ სროლას, მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის კორპუსის წინ თავისუფალი სივრცეა.

 

სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია სპეციალისტების/ექსპერტების მიერ სასამართლოსთვის მიცემული განმარტებები მათ მიერ გაცემულ დასკვნებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბრალდებულის განცხადება ვაზნების ვარგისიანობაზე და სპეციალისტების დასკვნა ემთხვევა ერთმანეთს. კერძოდ, რ-----------------მა განაცხადა, რომ ახალი ტყვია იარაღში არ ჩაუდია და მასში ეწყო ძველი ვაზნები, რომლებიც შემოწმებული ჰქონდა პ------- არსებულ სასროლეთში, იარაღის მაღაზია ,,დ----–-‘‘ და არცერთმა არ გაისროლა.

 

ექსპერტ ვ---------–------ მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იარაღიდან ამოღებული 5 ცალი ვაზნა და 11 ცალი ვაზნა, რაც ბინის ჩხრეკისას სეიფიდან იქნა ამოღებული, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია გამოსაყენებლად. მათზე აღინიშნებოდა საცემელის მრავალჯერადი ზემოქმედების კვალი. ყველა მათგანი შემოწმდა და არცერთმა არ გაისროლა. აღნიშნული გარემოება ადასტურებს ბრალდებულის ჩვენების სინამდვილეს ვაზნების ვარგისიანობასთან დაკავშირებით, რამდენადაც რ------------------სგან ამოღებულ ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერში მოთავსებული ყველა ვაზნა, ისევე, როგორც დანარჩენი ვაზნები, განკუთვნილი ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღისთვის, აღმოჩნდა გამოსაყენებლად უვარგისი.

 

მართალია, ექსპერტმა ვ---------–-----მ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ შეუძლებელია სროლის განხორციელება უვარგისი ვაზნით, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ალტერნატიული დასკვნა, რომლის შემდგენი პირი გ--------------–---–ი, ასევე, დაკითხულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ ძველ ვაზნებს ახასიათებს არატექნოლოგიური პროცესი, როცა დაძველებული და დანესტილი კაფსულის ერთმა რომელიმე კომპონენტმა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მომენტალური აალება, ყოფილა შემთხვევები, რომ დაცლის შემდეგ ისევ გაუსვრია, განსაკუთრებით ძველ ვაზნებს ახასიათებს ასეთი არატექნოლოგიური პროცესი.

 

სასამართლო არ აცხადებს, რომ რომელიმე ექსპერტის/სპეციალისტის მოსაზრება მცდარია, თუმცა, ვინაიდან არსებობს ორი განსახვავებული მოსაზრება უვარგისი, გამოყენებული ვაზნების ირგვლივ, ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, ორივე მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ პისტოლეტებისთვის, მათ შორის, ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღისთვის მანძილი ტერმინალზე დამიზნებისთვის არ სცდება 50-60 მეტრს. ამასთან, ორივე ექსპერტის მიერ დადგენილია, რომ ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღს, საიდანაც განხორციელდა გასროლა, ლულა გაცვეთილი აქვს. ექსპერტ ვ---------–------ განმარტებით, მართალია, ლულის გაცვეთა ხელს არ უშლის გასროლას, თუმცა ცვეთის შედეგად იარაღის სროლის სიმჭიდროვე იცვლება, აქვს გარკვეული გადახრები და, შესაბამისად, ტრაექტორიაც არასტაბილურია.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ექსპერტ ტ-----------------ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, ტყვიის ტრაექტორიაზე მოქმედებს გარე ფაქტორები, კერძოდ, ქარი, ტემპერატურა და ა.შ., ქარია, წვიმა თუ მზე, ეს ყველაფერი მოქმედებს ტყვიის მიმართულების შეცვლაზე. შესაბამისად, ზუსტი 100%-იანი ხელის მოძრაობის დროსაც კი, თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრში დგომისას, მითითებული ბუნებრივი მოვლენები რამდენიმემეტრიან ცდომილებას იძლევა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარეს არ აქვს დადგენილი და არც სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოკვეთილა, თუ რა მეტეოროლოგიური პირობები იყო შემთხვევის ღამეს, 2----–-–-- 1-2 ივლისს, რაც შესაძლოა გავლენის მომხდენი კომპონენტი ყოფილიყო ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რაც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის მტკიცებულების სახით გამოყენებაზე და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა, აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ ერთადერთი მიზნისკენ, სავარაუდო ბრალდებულისგან მოიპოვოს ინფორმაცია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე და პირდაპირ ხელყოფს ბრალდებულის კონსტიტუციურ უფლებას, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჩატარებული ვითარების რეკონსტუქციისთვის მოწყობილი ბალისტიკური ვიზირების შედეგად, რა დროსაც მხედველობაში იქნა მიღებული გვამის მდებარეობა, სიმაღლე, დაზიანების ადგილი და სხვა ფაქტორები, დადგენილია, რომ გასროლა მომხდარია ვ---------–---, მ--- მ/რ-ნის 1--–--------–------- კორპუსის მე-10 ან ქვემოთ სართულებიდან, ანუ დადგენილია მხოლოდ სავარაუდო (და არა ზუსტი) გასროლის ადგილი. ბალისტი ექსპერტის - კ----------------სა და ექსპერტ-კრიმინალისტ ტ-----------------ს მიერ დეტალურად იქნა ახსნილი ჩვენებებში, თუ რა კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგად მივიდნენ ამ დასკვნამდე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ ბრალდებულ რ------------------ს მიერ ადგილი ჰქონდა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას არაპირდაპირი განზრახვით, თუმცა ბრალდებულის ქმედებას უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და მან რეალურად განხორციელებული ქმედებისათვის უნდა აგოს პასუხი.

 

ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ------------------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, ბრალდებულის მხრიდან დარღვეულ იქნა იარაღთან მოპყრობის წინდახედულობის ნორმა და მჭიდროდ დასახლებულ ადგილას მის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღიდან განხორციელებული გასროლით სიცოცხლე მოესპო მოპირდაპირე მხარეს მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, თავისი ბინის აივანთან მდგომ შ--–--------------ს.

 

ამასთან, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის კვალიფიკაციისთვის განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ გაუფრთხილებელ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიცოცხლის მოსპობას შორის, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა - შ--–-- მ---------ის გარდაცვალების მიზეზია გულმკერდის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობა გულისა და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რაც პირდაპირაა დაკავშირებული რ------------------ს გაუფრთხილებლობით განხორციელებულ გასროლასთან მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ------------------ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა

 

რ------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საძინებელი ოთახის სეიფში ნანახი იქნა 2 ცალი მეტალის მოგრძო ფორმის მოყვითალო ვაზნა და 1 ცალი მეტალის მუქი ფერის ვაზნა.

 

ბრალდებულ რ------------------ს ჩვენებით, ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა ვაზნები, რაც ნაგანის რევოლვერს ეკუთვნოდა, რომელთაგან არცერთი ახალი არ ყოფილა, ახალი იყო მხოლოდ ის 2 ვაზნა, რომელიც 5,6 კალიბრის იარაღს ეკუთვნის. ექსპერტის დაკითხვის შემდეგ აღიდგინა მეხსიერებაში, რომ კომბინირებული თოფი ჰქონდა ადრე და შესაძლოა ჩხრეკისას ამოღებული ეს 2 ცალი ვაზნა იმ იარაღის ყოფილიყო, თუმცა მესამე ვაზნა, არ იცის, საიდან აღმოჩნდა, რადგან მაგისი იარაღი არ ჰქონია.

 

შსს თ---–---------–-–--- დ-----------------------------------------------------------------–-----------------გამომძიებლის, მოწმე ლ-–--------–---–-ს ჩვენების თანახმად, რ------------------ს საძინებელი ოთახის სეიფიდან, საიდანაც მან გამოიტანა იარაღი, ამოღებულ იქნა ორი ერთნაირი და ერთი სრულიად სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა. ყველაფერი რ------------------ს თანდასწრებით დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები და გადაეცა გამომძიებელს.

 

ბალისიტიკური ექსპერტიზის #----/ბ დასკვნის მიხედვით:

- 1 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1930 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (,,TT‘‘), პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის: ,,ППШ‘‘, ,,ППД‘‘, ,,ППС‘‘, აგრეთვე ,,CZ-52‘‘ მოდელის პისტოლეტისათვის, ჩინური წარმოების ,,MOD. 50‘‘, ,,MOD. 54‘‘ და ,,MOD. 64‘‘ მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისათვის, ასევე, იუგოსლავიური წარმოების ,,M-56‘‘ მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისათვის და სხვა; აღნიშნული 1 ცალი 1930 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად;

- 2 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის რევოლვერების, შაშხანებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული 2 ცალი 5,6 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–-----მ სასამართლოში დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ მეორე ფუთაში არსებული 14 ცალი ვაზნიდან 11 ცალი ვაზნა უვარგისია გამოსაყენებლად, 1 ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია, თუმცა აღნიშნული ვაზნა არ არის განკუთვნილი ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღისათვის. ასევე, ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღისთვის არ იყო განკუთვნილი არც დარჩენილი 2 ვაზნა. ამასთან, აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 ცალი ვაზნა კომბინირებული თოფებისთვის არის განკუთვნილი, ამ ვაზნას ვერანაირად ვერ გაისვრის ვერც 12 კალიბრის სანადირო თოფი.

 

მოცემული მტკიცებულებების ურთიერთანალიზითა და თავსებადობის შეფასებით, სასამართლო ცალსახად დადგენილად მიიჩნევს, რომ რ------------------ მართლსაწინააღმდეგოდ ფლობდა გამოსაყენებლად ვარგის 3 ცალ საბრძოლო მასალას - ვაზნას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მ--- მუხლის ,,მ‘‘ პუნქტის მიხედვით, საბრძოლო მასალა არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.

 

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ.

 

იმ საკითხთან მიმართებით, თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა რ------------------ს მიერ საბრძოლო მასალის - 3 ცალი ვაზნის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, რაც ამოღებულ იქნა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მასზე კანონიერად გაპიროვნებულ ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღთან და მის ვაზნებთან ერთად, ბრალდებულმა სასამართლოს ვერ მიაწოდა კონკრეტული ინფორმაცია.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ 1 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1930 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის სხვადასხვა სახის ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ასევე, 2 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის რევოლვერების, შაშხანებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. ექსპერტმა ვ---------–-----მ თავის ჩვენებაში განმარტა ისიც, რომ აღნიშნულ ვაზნებს ვერ გაისვრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღი, რასაც რ------------------ კანონიერად ფლობდა, და ვერც კომბინირებული სანადირო თოფი.

 

ის ფაქტი, რომ რ------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული მითითებული ვაზნები, დადასტურებულია როგორც გამომძიებელ ლ-–--------–---–-ს ჩვენებით, ასევე, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, რომელიც თავისი ხელმოწერით აქვს დადასტურებული ბრალდებულს.

 

რაც შეეხება ამოღებულ ვაზნებზე ბრალდებულის დნმ-ის არარსებობას და ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ დგინდება რ------------------ს შემხებლობა ამ საგნებთან და, შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ განმარტა, რომ როდესაც მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია, საგამოძიებო თუ სხვა პროცესუალური დოკუმენტები (მაგალითად, როგორიცაა ჩხრეკის ოქმი) შედგენილია კანონის დარღვევის გარეშე, ასევე, რელევანტურია სხვა მტკიცებულებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ შეიძლება კატეგორიულად დადგინდეს შეხების შემთხვევაში გენეტიკური პროფილის დარჩენა, არ არის პირის გამართლების საფუძველი. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის #96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის #262აპ-17 გადაწყვეტილებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ რ------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ საბრძოლო მასალაზე არ გამოვლინდა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, არ წარმოადგენს ამ კუთხით მისი უდანაშაულობის მტკიცების საფუძველს.

 

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის, ასევე, არ აქვს მნიშვნელობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საგამოძიებო მოქმედების ამსახველი წერილობითი დოკუმენტით - ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რ------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში არსებული სეიფიდან ამოღებულ იქნა ზემოხსენებული საბრძოლო მასალა, რომელიც, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, რომლის შეძენისა და შენახვის კანონიერი უფლება რ-----------------ს არ გააჩნდა. შესაბამისად, დგინდება, რომ რ------------------ უკანონოდ ფლობდა ბრუნვისთვის შეზღუდულ საგნებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ რ-----------------მა მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენითა და შენახვით ჩაიდინა განზრახი დანაშაული.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ რ------------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოცემულ დანაშაულთან მიმართებაშიც, ისევე, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილ სიცოცხლის მოსპობასთან მიმართებით, სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ------------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მ--- ნაწილითა და 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

რ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსასჯელის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო ბრალდებულ რ------------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია ნასვამ მდგომარეობაში, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ბინაში, რა დროსაც ბრალდებულს უნდა გაეთვალისწინებინა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა იარაღთან დაუდევარ მოპყრობას, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებულს კანონიერად ჰქონდა გაფორმებული იარაღი, იცოდა იარაღთან მოპყრობის წესები, მიუხედავად ამისა, უხეშად დაარღვია წინდახედულობის ნორმა და მისმა დაუდევარმა ქმედებამ გამოიწვია უმძიმესი შედეგი - გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომის გამოყენებას. რაც შეეხება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, აღნიშნული ქმედებისთვის ბრალებულს სასჯელის სახით განუსაზღვრავს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვლისწინებული სანქციის მინიმუმს.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. კერძოდ, დანაშაულის იარაღი - ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერი, ერთი ცალი 5,6 მმ კალიბრის ვაზნა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; მობილური ტელეფონები (სიმბარათებით), ტანსაცმელი და ოთახის ჩუსტები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, დაქტილოფირები, სავარძლის ამონაჭერი, 4 ცალი ბეტონის ლურსმანი, ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, სანთებელა, ბინაში შესასვლელი კარის საკეტი მექანიზმი (სახელურებთან ერთად), დაქტილობარათი, 16 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, ერთი ცალი 7,62 მმ კალიბრის მასრა და ერთი ცალი ტყვიის გულა უნდა განადგურდეს, ხოლო კომპაქტ დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რ----- გ-----------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

 

რ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ-----------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

რ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2----–-–-- 4 ივლისიდან.

 

რ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერი და ერთი ცალი 5,6 მმ კალიბრის ვაზნა, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; მობილური ტელეფონები (სიმბარათებით), ტანსაცმელი და ოთახის ჩუსტები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, დაქტილოფირები, სავარძლის ამონაჭერი, 4 ცალი ბეტონის ლურსმანი, ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, სანთებელა, ბინაში შესასვლელი კარის საკეტი მექანიზმი (სახელურებთან ერთად), დაქტილობარათი, 16 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, ერთი ცალი 7,62 მმ კალიბრის მასრა და ერთი ცალი ტყვიის გულა განადგურდეს, ხოლო კომპაქტ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე