გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210019002926657
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35929-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე ლ---- თო----ე, ლ--–ი თო----ე, ო---- თო----ე, გუ-–-----ა ჯო----ა, ი--- ნ------ე

წარმომადგენელი კ-----------------–-–---–ი

მოპასუხე შპს ,,M----------E"

წარმომადგენელი მ-----------ე

დავის საგანი ვალდებულების შესრულებულად აღიარება, ქონების იპოთეკისგან განთავისუფლება, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შესრულებულად იქნეს აღიარებული ლ---- თო----ის მიერ 2015 წლის 18 აპრილს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე 2015 წლის 24 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება და იპოთეკისგან გათავისუფლდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები: ს/კ 0----------------------; ს/კ 0----------------------; ს/კ 7------------

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს დ-------------------- მიერ 2018 წლის 12 ივლისს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე ლ---- თო----ე 2015 წლის აპრილიდან 2018 წლის ივლისამდე დასაქმებული იყო შპს „------------–-- აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური სარგო შეადგენდა 1200 ლარს. მოპასუხე კომპანიაში დასაქმებამდე, მას გააჩნდა გარკვეული სასესხო ვალდებულებები, რის შესახებაც მოპასუხისთვის ცნობილი იყო. ვინაიდან დამსაქმებელი დაინტერესებული იყო მოსარჩელის კომპანიაში მუშაობით, შესთავაზა მიმდინარე ვალების გადაფარვა დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობის სანაცვლოდ, ხოლო მოსარჩელის ძალისხმევით კომპანიისთვის სარგებლის მოტანის შემდგომ ხელფასის გაზრდა. ლ---- თო----ის მუშაობის პერიოდში მოპასუხე კომპანიამ მიიღო მნიშვნელოვანი სარგებელი.

 

2015 წლის 18 აპრილს 3 თვის ვადით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სესხის თანხა განისაზღვრა 130 000 აშშ დოლარით. ხოლო 2015 წლის 24 დეკემბერს კვლავ სამი თვის ვადით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ისესხა 7000 აშშ დოლარი. ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული სამი სხვადასხვა უძრავი ქონება.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ძალისხმევით კომპანიამ გაზარდა შემოსავლები და მიიღო არაერთი სარგებელი, რაც მხარეთა წინასწარ შეთანხმებულ პირობას წარმოადგენდა, მოპასუხემ არც ხელფასის ოდენობა გაუზარდა და არც სესხის ხელშერკულებები მოშალა. ბოროტად ისარგებლა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებით და სამი წლის შემდგომ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო თუ არა შპს „------------–-- ამას საქმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან შპს ,,M----------E” წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რომელსაც სხვა კომპანიასთან და მოსარჩელის შრომით ურთიერთობასთან კავშირი არ გააჩნია. გარდა ამისა, მოსარჩელე, მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული არ ყოფილა. შესაბამისად, სარჩელში დასახელებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს.

 

ლ---- თო----ე 2018 წლის 18 აპრილს და ამავე წლის 24 დეკემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხესთან იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოსარჩელე არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც კომპანიამ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. სააღსრულებო ფურცელი გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 18 აპრილს შპს ,,M----------E“-ს და ლ---- თო----ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სამი თვის ვადით გადაეცა 130 000 აშშ დოლარი, წლიური სარგებელის 20%-ის დარიცხვით.

 

3.1.2. ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონებები: ქ. თბილისი, ა-----–-------–------------- ს/კ 0---------------------- (თანამესაკუთრეები - ლ---- თო----ე, ლ--–ი თო----ე, ო---- თო----ე, გუ-–-----ა ჯო----ა, ი--- ნ------ე); ქ. თბილისი, ქ-------------------------- ს/კ 0---------------------- (მესაკუთრე ი--- ნ------ე); მცხეთა, ს------–--–--------- ს/კ 7----------- (მესაკუთრე ი--- ნ------ე)

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 35-41)

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 24-29)

 

3.1.3. 2015 წლის 24 დეკემბერს შპს ,,M----------E“-ს და ლ---- თო----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სამი თვის ვადით გადაეცა 7 000 აშშ დოლარი, წლიური სარგებელის 20%-ის დარიცხვით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 42-45)

 

3.1.4. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხის ჯამში - 137 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რაც დადასტურებულია სოციალურ ქსელში მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელს შორის არსებული მიმოწერებითაც, რომელთა ავთენტურობა ასევე სადავო არაა მხარეებს შორის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სოციალურ ქსელში მხარეთა მიმოწრები (ს.ფ 83-95)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,M----------E“-ის მოთხოვნის საფუძველზე 2018 წლის 12 ივლისს ნოტარიუს დ-------------------- მიერ გაცემულია #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 137 000 აშშ დოლარი, რასაც ემატება სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები მიექცა აღსასრულებლად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 30-34)

 

3.2.2. ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებულია 2018 წლის 12 ივლისს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წინადადება გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ (ს.ფ 46-48)

 

3.2.3. მოსარჩელეების მიერ 2015 წლის 18 აპრილის და ამავე წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

 

მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტი და ის გარემოება, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს სამართლებრივი კავშირი გააჩნიათ შპს „------------–-- მოსარჩელის შრომით ურთიერთობასთან.

 

ამასთანავე, მოსარჩელის ზეპირი განმარტების გარდა, სხვა ხასიათის მტკიცებულებით არ დგინდება მოდავე მხარეებს შორის შეთანხმება, რომლითაც მოსარჩელის დაბალი შრომითი ანაზღაურების სანაცლოდ ეტაპობრივად გადაიფარებოდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 35-41)

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 42-45)

- წინადადება გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ (ს.ფ 46-48)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- თო----ის, ლ--–ი თო----ის, ო---- თო----ის, გუ-–-----ა ჯო----ას და ი--- ნ------ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 427-ე, 429-ე, 623-ე, მუხლები; ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლები; "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ (შემდეგში ნოტარიუსთა ინსტრუქცია) 72-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. უდავოა, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 18 აპრილს და 2015 წლის 24 დეკემბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელის მიზანს წარმოადგენდა კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგო----ეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება.

კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგო----ეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნული მოსაზრებით მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.

მოსარჩელემ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო.

მან ვერ წარმოადგინა საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვალდებულების შესრულების ფაქტს და მოდავე მხარეებს შორის არსებულ შეთანხმებას მოსარჩელის დაბალი შრომითი ანაზღაურების სანაცლოდ ვალდებულების ეტაპობრივად გაქვითვის შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ 2015 წლის 18 აპრილის და ამავე წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, არ არსებობს ვალდებულების შესრულებულად აღიარების და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს 2018 წლის 12 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გარკვევის შემდეგ, რადგან ნოტარიუსი ეყრდნობა მხოლოდ კრედიტორის განმარტებას. მოსარჩელეს არ მისცეს განმარტების შესაძლებლობა, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მას კრედიტორთან მიმართებაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კანონის მე-40 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. სხვა მონაცემთა შორის უნდა შეიცავდეს, მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ;

 

"სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ (შემდეგში ნოტარიუსთა ინსტრუქცია) 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება, კანონმდებლობის შესაბამისად, დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.

 

2018 წლის 12 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლები შეიცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს, მასში აღნიშნულია, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველია 2015 წლის 18 აპრილს შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. დასახელებული გარემოება მეტყველებს მასზედ, რომ მხარეთა მხრიდან ზედმიწევნით ზუსტადაა დაცული სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა გარიგების სანოტარო წესით დადასტურების შესახებ.

 

ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები ადასტურებენ, რომ ნოტარიუსისგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსისა და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხემ მართებულად გამოიყენა მისთვის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუსმა კანონიერად, შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი და არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ნოტარიუს დ-------------------- მიერ 2018 წლის 12 ივლისს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ---- თო----ის, ლ--–ი თო----ის, ო---- თო----ის, გუ-–-----ა ჯო----ას და ი--- ნ------ის სასარჩელო მოთხოვნები არცერთ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ნოტარიუს დ-------------------- მიერ 2018 წლის 12 ივლისს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე