განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-----19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–-----------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--–----------–-------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1----–-–--------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------------–--–---–------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, უ--------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი;
თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2019 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, გ--–----------- ქ.თბილისში, ცო-------------ისა და მ-----–------იას ქუჩების კვეთის მიმდებარედ იპოვა დ----------–--–-ძის კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული თანხით და ნივთებით, რომელიც თავისად დაიგულა და თვითნებურად განკარგა, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 666 (ექვსასსამოცდაექვსი) ლარის და 36 (ოცდათექვსმეტი) თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, გ--–--------ია ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დ----------–--–-ძის კუთვნილ „სოლო“ ბარათზე არსებულ თანხას, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 25 (ოცდახუთი) ლარის ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
გ--–----------- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, გ--–--------ია ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დ----------–--–-ძის კუთვნილ „სოლო“ ბარათზე არსებულ თანხას, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 25 (ოცდახუთი) ლარის ქონებრივი ზიანი.
რაც შეეხება გ--–--------იას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, ბრალდების ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ გ--–--------იას მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გ--–--------ას ედავება დ----------–--–-ძის კუთვნილი საფულის, მასში მოთავსებული თანხით და ნივთებით, თავისად დაგულებას და თვითნებურად განკარგვას, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 666 (ექვსასსამოცდაექვსი) ლარის და 36 (ოცდათექვსმეტი) თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილ იქნეს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი უფლება არ აქვს, ანდა მას ეს უფლება შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. თვითნებობა უფლების ისეთი განხორციელებაა, როცა უგულებელყოფილია მისი რეალიზაციის კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესი. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი. ის შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურს ან მორალურს. დანაშაული მატერიალურია და დამთავრებულად ჩაითვლება ფიზიკური პირისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტიდან. თვითნებობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: ა). მოქმედებას ან უმოქმედობას; ბ). შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის სახით ფიზიკური პირისათვის; გ). მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თვითნებობა განზრახი დანაშაულია, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ე.ი. თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ფიზიკური პირისთვის და სურს ეს შედეგი, ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას, ანდა შეგნებულად უშვებს, ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და მათი გამოკვლევა არ მომხდარა სასამართლო სხდომაზე, თუმცა აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს მტკიცებულებები შეაფასოს ობიექტურად და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს არა თვითნებობას, არამედ ქურდობას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ: გ--–--------იასათვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილი იყო ის გარემოება, რომ იგი დაეუფლა სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს (დ----------–--–-ძის საფულეს, მასში მოთავსებული თანხითა და დ----------–--–-ძის კუთვნილი პირადი ხასიათის დოკუმენტებით). შესაბამისად, მისთვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილი იყო ის გარემოება, რომ აღნიშნული საფულე, მასში მოთავსებული თანხით, ნივთებით და დაზარალებულის კუთვნილი პერსონალური დოკუმენტაციით, წარმოადგენდა სხვის საკუთრებას, რომელზეც მას არავითარი უფლება არ გააჩნდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ--–----------- იპოვა რა დ----------–--–-ძის კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული თანხით და ნივთებით, აღნიშნული თავისად დაიგულა და თვითნებურად განკარგა, ვინაიდან ბრალდებულისათვის ერთმნიშვნელოვნად აღქმადი და ნათელი იყო ის გარემოება, რომ აღნიშნული საფულე წარმოადგენდა სხვის კუთვნილ ნივთს, რომელსაც სავარაუდოდ ეძებდა დაზარალებული, რომელშიც მოთავსებული იყო მისი კუთვნილი ფულადი თანხა, ნივთები და პერსონალური ხასიათის პირადი დოკუმენტაცია. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. ასეთ ვითარებაში კი ბრალდებულის ქმედების შეფასება იმგვარად, რომ იგი თავისად დაგულვებულ უფლებას ახორციელებდა, არსობრივად მცდარია.
გამომდინარე იქედან, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანა პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელში ჩარევის უფლება სასამართლოს არ გააჩნია, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაამძიმოს პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება და მისი სამართლებრივი მდგომარეობა და ბრალდებულს მსჯავრი დასდოს იმ მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს უფრო მკაცრს სასჯელს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გ--–--------ია საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და იგი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ--–--------იას მხრიდან თვითნებობის ჩადენის ფაქტი, რის გამოც იგი საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს, თუმცა მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ გ--–--------იას მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ გ--–--------იას ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა დ----------–--–-ძის კუთვნილ „სოლო“ ბარათზე არსებულ ფულად თანხას, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გ--–--------იას მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება დ----------–--–-ძის კუთვნილი „სოლო“ ბარათზე არსებული ფულადი თანხის ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთის მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, გ--–--------ია სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში გ--–--------იას მიერ დ----------–--–-ძის კუთვნილი „სოლო“ ბარათზე არსებული თანხის - 25 (ოცდახუთი) ლარის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და გ--–--------იას მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–--------იას მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–--------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ გ--–--------ია აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს. ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით (იგი განიცდის მძიმე ეკონომიურ სიდუხჭირეს) სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბრალდებულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის და შინაპატიმრობის დანიშვნა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ--–--------იას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ქ.თბილისში, ხ----------ის ქუჩა #6-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ--–--------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი საქართველოს ბანკის ამერიკან ექსპრესის პლასტიკური ბარათი, 2 ცალი საქართველოს ბანკის „სოლო“ ბარათი, 1 ცალი „რომპეტროლის“ ბარათი (შესანახად გადაეცა დ----------–--–-ძეს), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- გ--–--------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს გ-–-----------–---ევის პოლიციის მეცხრე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- გ--–--------იასგან ამოღებული საფულე, 1 ცალი ხატი, დ----------–--–-ძის სახელზე გაცემული პირადობის და მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, უნი ქარდის, მთაწმინდის პარკის და „ფარმადეპოს“ ბარათები, მაღაზია „ნიკორას“ ბარათი, „vip club“-ის ბარათი, „plus“ ბარათი, „ფრიდას“ ბარათი, „ავერსი“-ს გათამაშების რვა ცალი ბილეთი, ფურცელი წარწერით „დ-------------“ (შესანახად გადაეცა დ----------–--–-ძეს), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-274-ე, 275-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--–--------ია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;
2. გ--–--------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
3. გ--–--------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ქ.თბილისში, ხ----------ის ქუჩა #6-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ--–--------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი საქართველოს ბანკის ამერიკან ექსპრესის პლასტიკური ბარათი, 2 ცალი საქართველოს ბანკის „სოლო“ ბარათი, 1 ცალი „რომპეტროლის“ ბარათი (შესანახად გადაეცა დ----------–--–-ძეს), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- გ--–--------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს გ-–-----------–---ევის პოლიციის მეცხრე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- გ--–--------იასგან ამოღებული საფულე, 1 ცალი ხატი, დ----------–--–-ძის სახელზე გაცემული პირადობის და მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, უნი ქარდის, მთაწმინდის პარკის და „ფარმადეპოს“ ბარათები, მაღაზია „ნიკორას“ ბარათი, „vip club“-ის ბარათი, „plus“ ბარათი, „ფრიდას“ ბარათი, „ავერსი“-ს გათამაშების რვა ცალი ბილეთი, ფურცელი წარწერით „დ-------------“ (შესანახად გადაეცა დ----------–--–-ძეს), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი