გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/3295-2017
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 მაისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - ი.მ. შ--–-ა ლ------ე;
წარმომადგენელი: ვ-–- შ--–-----ი, ზ------ გ------–--ე;
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - ა-----------------------------------------ა;
წარმომადგენელი - რ----- ი-----ე, გ------ გ---–--ე;
დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში - თანხის დაკისრება;
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება;
სასამართლოს სხდომაზე განიხილა გადაწყვეტილების -დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 07 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ი.მ. შ--–-ა ლ------ის წარმომადგენელმა, მოპასუხე ააიპ „-------------------------------------ის“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ააიპ „-------------------------------------ამ“ 2007 წლის 20 იანვარს ჩაატარა ელექტრონული ტენდერი N-------------, რომლის შესაბამისად გამარჯვებულ ი/მ შ--–-ა ლ------ეს ააიპ „-------------------------------------ის“ ფილიალებისათვის უნდა მიეწოდებინა ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილი. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 279856 ლარი. მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, თვეში 4-ჯერ, 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 97 ფილიალში. ი.მ. შ--–-ა ლ------ე ფილიალებში წარადგენდა პროდუქციის მიღების სასაქონლო ზედნადებს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებდა ფილიალის უფლებამოსილი პირი და ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშსწორება კი ხდებოდა თვეში ერთხელ, უნაღდო ანგარიშწორებით, 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას იხდიდა დაგვიანებით, მოსარჩელე ახერხებდა მომდევნო თვეში პროდუქციის მიწოდებას, თუმცა ადგილი ჰქონდა მიწოდების ვადის გადაცილებას, რაშიც ძირითადად ბრალი მიუძღვის გაერთიანების ხელმძღვანელობას. მოპასუხე, თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის მიზეზს ხსნიდა იმ გარემოებით, რომ ფილიალები დროულად არ აწვდიდნენ მიღება-ჩაბარების დოკუმენტს. სინამდვილეში, მოპასუხე დაინტერესებული იყო მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით, რათა შეეწყვიტა მასთან ურთიერთობა. 2017 წლის 8 აგვისტოს ქ. ქუთაისში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად ხელშეკრულების პირობების დარღვევისა, იგი არ შეწყდებოდა და დარჩენილ დროს, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ყველა პირობას შეასრულებდნენ მაქსიმალურად პირნათლად. მიუხედავად ამისა, სექტემბრის თვეში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 1033.04 ლარი, მოპასუხემ ინდ. მეწარმის ანგარიშზე ჩარიცხა 25 ოქტომბერს, რამაც თავის მხრივ იმოქმედა ოქტომბრის თვეში პროდუქციის მიწოდების ვადაზე. 2018 წლის 22 სექტემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი ხელშეკრულების დარღვევისათვის დაჯარიმდებოდა „მიმწოდებელი“, „შემსყიდველი“ გაწეული მომსახურების თანხას არ გადარიცხავდა, ვიდრე „მიმწოდებელი“ არ გადაიხდიდა ჯარიმას. შეთანხმებაზე „გაერთიანების“ ოფისში ისე მოაწერინეს ხელი შ--–-ა ლ------ეს, რომ მას საერთოდ არ წაუკითხავს დოკუმენტი. ამით კიდევ ერთი წინასწარი პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ მიმწოდებელმა საკმარისი თანხის არარსებობის გამო, ვერ განახორციელა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც დაჯარიმდა და საბოლოოდ გაერთიანებამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება 2017 წლის 25 ოქტომბერს (ბრძანება N------), თუმცა, იმავე დღესვე ჩარიცხა მეწარმის ანგარიშზე სექტემბრის თვეში მიწოდებული პროდუქტის ღირებულება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დაინტერესებული იყო როგორმე ბოლომდე მიეყვანა ხელშეკრულება, არ დაუყენებია საჯარიმო თანხის მოთხოვნის საკითხი, რომელიც შეადგენს 6160 ლარს.
ი.მ. შ--–-ა ლ------ის სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე ააიპ „-----------------------------------ას“ მის სასარგებლოდ დაეკისროს ოქტომბერის თვეში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 15391.68 ლარი და საჯარიმო თანხა 6160 ლარი.
მოპასუხე ააიპ „-----------------------------------ის“ წარმომადგენელმა სესაგებლით სარჩელი არ ცნო.
შეგებებულ სარჩელში ააიპ „-----------------------------------ის“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ 2017 წლის 20 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა 2017 წლის 25 ოქტომბერს. მისი მოქმედების პერიოდში, ი.მ. შ--–-ა ლ------ე ხუთჯერ დაჯარიმდა პროდუქციის მიწოდების ვადების დარღვევის გამო, დარიცხული ჯარიმების საერთო თანხამ შეადგინა 7556 ლარი, რაც არის სახელშეკრულებო ღირებულების (279865 ლარი) -2.7%. ხელშეკრულების 9.3, 9.7.1. და 9.4 მუხლებით, თუკი საჯარიმო სანქციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, დამრღვევს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30% ოდენობით, რაც შეადგენს 83956.8 ლარს. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, ააიპ „-----------------------------------ამ“ განიცადა 26406.412 ლარის პირდაპირი მატერიალური ზიანი, ვინაიდან საჭირო გახდა კვების პროდუქტების მიწოდების უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, პირდაპირი შესყიდვის გზით პროდუქტების მიღება, შემდეგ დამატებითი ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, რამაც გამოიწვია მომსახურების გაძვირება.
მოსარჩელის მოთხოვნაა, მოპასუხე ი.მ. შ--–-ა ლ------ეს ააიპ „-----------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლოს 15571.9 ლარის და მიყენებული ზიანის 26406.412 ლარის გადახდა.
ი.მ. შ--–-ა ლ------ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2019 წლის 16 აპრილს სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა ი.მ. შ--–-ა ლ------ე, რომელსაც სასამართლო სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ააიპ „-----------------------------------ის“ წარმომადგენელმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სასამართლომ განიხილა რა სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი.მ. შ--–-ა ლ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება „-----------------------------------ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა არც მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენლები. მოსარჩელის წარმომადგენელმა ვ-–- შ--–-----მა სატელეფონო შეტყობინებით აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, რომ იყო ავად და აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა სასამართლოში მომდევნო პროცესზე. თავად მოსარჩელეს და წარმომადგენელ ზ------ გ------–--ეს კი სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე არ უცნობებიათ სასამართლოსთვის და არც საქმის განხილვის გადადება უთხოვიათ, შესაბამისად, სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, შეგებებულ სარჩელში მოპასუხეა ი.მ. შ--–-ა ლ------ე, რომლის გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელე „-----------------------------------ამ“ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება. შესაბამისად, შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად ჩაითვალა და სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ი.მ. შ--–-ა ლ------ეს ააიპ „-----------------------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15571.9 ლარის გადახდა.
რაც შეეხება მოთხოვნას მიყენებული ზიანის 26406.412 ლარის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოთხოვნა სამართლებრივად არ არის დასაბუთებული. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული ზიანი, რაც გამოიხატა პირდაპირი შესყიდვების გზით პროდუქტების მიღებასა და შემდგომში, დამატებითი ელექტრონული ტენდერის გამოცხადებასა და ჩატარებაში, რამაც გამოიწვია მომსახურების გაძვირება.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად სახეზე უნდა იყოს არა მარტო ზიანი, არამედ უნდა იკვეთებოდეს მოპასუხის ბრალეულობაც და უნდა არსებობდეს პირდაპირი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. განსახილველ შემთხვევაში, მართალია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა, მაგრამ შემდგომში მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები, რაც უკავშირდება ახალი ხელშეკრულების პირობებში გაძვირებული პროდუქტების შეძენას, არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რომელსაც ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო ისედაც დაეკისრა პირგასამტეხლო. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ შეეძლო ევარაუდა ან სცოდნოდა იმ ზიანის შესახებ, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი.მ. შ--–-ა ლ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 647 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში ააიპ „-----------------------------------ა“ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 467.15 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ი.მ. შ--–-ა ლ------ეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 201-ე, 229-ე, 230-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ი.მ. შ--–-ა ლ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ი.მ. შ--–-ა ლ------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 647 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. მიღებული იქნას გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ააიპ „-----------------------------------ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ი.მ. შ--–-ა ლ------ეს ააიპ „-----------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 15571.9 ლარის გადახდა.
5. ი.მ. შ--–-ა ლ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 467.15 ლარის გადახდა.
6. მოპასუხე ი.მ. შ--–-ა ლ------ეს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება გადაწყვეტილების ასლი, ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
7. გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე