გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/217-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ
13 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - მ-----------–---
წარმომადგენელი - ლ--------–--ე
წარმომადგენელი - ც-–------------–---–ი
მოპასუხე: ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება
წარმომადგენელი - ს---------------ე
დაინტერესებული პირი - ე----------–---–ი
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის გიორგი შანიძის მიერ 2019 წლის 7 მაისს გამოცემული N015037 შემაკავებელი ორდერი.
2. მოპასუხისა და დაინტერესებული პირის პოზიცია
2.1 მოპასუხე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების წარმომადგენელი ს---------------ე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა შეტყობინება, შეტყობინების ინიციატორი გახლდა ე----------–---–ის მეუღლე ა---------–--------, გამოიკითხა ე----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მშობლებთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. პოლიციის მუშაკმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და შედგა შემაკავებელი ორდერი. შესაბამისად მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
2.2. დაინტერესებულ პირის ე----------–---–ი სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2019 წლის 4 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძება ქ. ქუთაისში, ი. ჭ-------ის გამზ. N59 ,,ა’’ N1-ში ე----------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე (კვალიფიკაცია სსკ-ის 1261-1 ნაწ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფორმა N1.
3.1.2. ე----------–---–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლიდან ფაქტობრივად გაშორებულია მეუღლეს შ---------–----ეს და ის მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა მშობლებთან მ-----------–---სთან და ა-–--------------–---–თან ერთად. ოფიციალურად მეუღლესთან განქორწინდა 2019 წლის 2 მაისს. 2018 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა---------–--------სთან, რომელიც არის სასულიერო მოღვაწე და რომელთან ერთად ცხოვრობს ხან მშობლების სახლში და ხან მისი მეუღლის სახლში (სამტრედია, სოფელი ტ---–--ი). მისი ქორწინებას არ ეთანხმება მშობლები და კატეგორიულად სთხოვენ დაშორდეს ა---------–--------ს, რასაც ასევე არ ეთანხმება ე----------–---–ი და განმარტავს, რომ ის აღნიშნულით განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას და არ მისცემს მშობლებს მის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებას. 2019 წლის 3 მაისს მამასთან მოუვიდა ავტომანქანის გამო შელაპარაკება, რა დროსაც პანკრიასმა მისცა შეტევა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გამოკითხვის ოქმი.
3.1.3. ა---------–--------ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ე----------–---–თან ერთად, რომელიც თავდაპირველად ცხოვრობდა მისი მეუღლის მშობლების სახლში, მაგრამ ურთიერთობის დაძაბვის გამო ის მათთან აღარ ცხოვრობს, თუმცა მეუღლესთან აგრძელებს თანაცხოვრებას. ა---------–-------- აღნიშნავს, რომ ეთერისთან საუბრის დროს მან მოისმინა, რომ მშობლები უშლიათ მეუღლესთან ურთიერთობას, აყენებენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ეთერი განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას. ა---------–-------- განმარტავს, რომ ეთერი მშობლების მხრიდან ადგილი აქვს როგორც ფსიქოლოგიურ ასევე, ფიზიკურ ძალადობასაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გამოკითხვის ოქმი.
3.1.4. დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის-ინსპექტორის გიორგი შანიძის მიერ შედგა შემაკავებელი ორდერი N015037, რომლის თანახმად, მ-----------–---მ 2019 წლის 4 მაისს ფსიქოლოგიურად იძალადა შვილზე ე----------–---–ზე.
შემაკავებელი ორდერის თანხმად, მოძალადე მ-----------–---ს 30 დღით აეკრძალა: ე----------–---–ის სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მ-----------–---ს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერი ოქმი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო, ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
ამდენად, მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.
სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლად, თუმცა აღნიშნული ღონისძიების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სახელმწიფოს (მისი უფლებამოსილ პირის) მხრიდან ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც პირს აყენებს მკაცრი, შემზღუდავი პირობის შესრულების ვალდებულების წინაშე, კანონის ზედმიწევნით დაცვითა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა ხორციელდებოდეს.
რაც შეეხება თავად ძალადობის ფაქტს, სასამართლოს მოსაზრებით საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით არ დასტურდება მ-----------–---ს მიერ ე----------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში.
სასამართლო მიუთითებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ (შემდგომ სტამბულის კონვენცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კონვენციის მიზნებია დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. მოცემული კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე (მუხლი 2.1). კონვენციის მე-3 მუხლი იძლევა ტერმინთა განმარტებას, კერძოდ, მოცემული კონვენციის მიზნებისთვის: ა. „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ბ. „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. გ. „გენდერული“ გულისხმობს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს; დ. „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე; ე. „მსხვერპლი“ გულისხმობს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული ქმედების ობიექტია.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ნათელია, რომ კონვენციის მიზნებში ტერმინის - „ქალთა მიმართ ძალადობა“ მოიაზრება, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, ქალთა მიმართ ძალადობა კი, მათ შორის, ოჯახში ძალადობა, მიიჩნევა მკაფიოდ გენდერული ასპექტით განპირობებულ ფენომენად (რაც ბუნებრივია, არ უარყოფს რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება იყვნენ ბავშვები, მამაკაცები და ბიჭები).
სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ოქმის შედგენის ერთადერთ საფუძვლად მითითებულია ფსიქოლოგიური ძალადობა. მოცემულ შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადებული პირის (ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების წარმომადგენელის) განმარტებით, მ-----------–---ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზეზს წარმოადგენდა, ე----------–---–ის განმარტება მ-----------–---ს მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმების თანახმად, ე----------–---–ის მშობლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ე----------–---–ს და მის მეუღლეს ა---------–--------ს.
სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიჩნეული იქნეს ფსიქოლოგიურ ძალადობად, ბუნებრივი პირველ რიგში, უტყუარად უნდა იქნეს დადგენილი, რომ აღნიშნული ფაქტს ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდგომ უნდა მიეცეს შეფასება იმ გარემოებას სახეზეა თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობა. ამდენად, სახეზე უნდა იყოს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის შემცველი ისეთი ქმედება, როგორიცაა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ანუ, სავარაუდო მსხვერპლის მიმართ გამოვლენილი ქმედება უნდა შეიცავდეს ისეთ ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს, რომ იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ხოლო, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა უნდა დასტურდებოდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით - წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. და უნდა იყოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროისათვის აქტუალური. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მ-----------–---მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ე----------–---–ს, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურ ძალადობად შეიძლება იქნეს მიჩნეული. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ე----------–---–ის და ა---------–--------ს განმარტებით ასახული გარემოება, რომ მ-----------–---ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, საქმეში არსებული და საქმის განხილვის დროს გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის სამართლებრივი მოქმედების პრინციპი ეყრდნობა მხარეთა შორის არსებული იმწუთიერი, კონკრეტულ დროში აღმოცენებული კონფლიქტის სწრაფი რეაგირებით მოწესრიგებას, რათა სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე მხარეები (მსხვერპლი და მოძალადე) დაცულები იყვნენ შემდგომი ვითარების ესკალაციისგან და იმ საფრთხეებისგან, რაც შეიძლება დაპირისპირებული მხარეების ქმედებამ გამოიწვიოს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ N015037 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია 2019 წლის 7 მაისს, სადაც ასახულია ამავე წლის 04 მაისის ფაქტის შესახებ. აღნიშნული გარემოების თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ოქმი შედგენილი იქნა 7 მაისს იმის გამო, რომ ეთერ ჭეიშვილი გამოკითხვის შემდგომ, ანუ 4 მაისის შემდეგ წავიდა მისი გადაუდებელი საქმეების მოსაგვარებლად და მხოლოდ 7 მაისს გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო სადავო შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
სასამართლოს, საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, მ-----------–---ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევას. მისი მხრიდან არ იკვეთება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა ქცევის იმ მოდელზე, რომელიც ძალადობის გამოვლინებაში გამოიხატებოდა. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფსიქოლოგიურ ძალადობის ფაქტი, რაც შემაკავებელი ორდერის გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოდგენს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, რაც 2019 წლის 7 მაისს გამოცემული N015037 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გიორგი შანიძის მიერ 2019 წლის 7 მაისს გამოცემული N015037 შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი