გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210115730876
საქმე №2/169-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2019 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე შ--–-ა ო-----------ე
წარმომადგენელი ტ---ა რ------ე
მოპასუხე დ-------ნ მ---------ე
წარმომადგენელი: ნ--ა ქ--–----ა, ნ--ო ბ---–----–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე დ-------ნ მ---------ეს მოსარჩელე შ--–-ა ო-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 6 300 (ექვსიათას სამასი) ლარის გადახდის დაკისრება;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე დ-------ნ მ---------ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოც დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებელი 2014 წლის 17 ივნისის N140616597 ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება შესრულებულია მოპასუხის მიერ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.2 ზემოხსენებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მოპასუხე დ-------ნ მ---------ეს მოსარჩელე შ--–-ა ო-----------ისათვის გადასახდელი აქვს 6300 ლარი. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, შეთანხმებაში მითითებული თანხა მოპასუხის მიერ დღემდე გადახდილი არ არის.
3.2.3 ამავე შეთანხმებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ხსნებული თანხის 2014 წლის 17 სექტემბრამდე ეტაპობრივად დაბრუნების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 623-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის გადახდის დაკისრება სესხის სამართლებრივ ურთიერთობაზე მითითებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდეთ მოთხოვნის უფლება, საჭიროა ისინი ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყვენ ერთმანეთთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ხელშეკრულება არის ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა სესხად აღებული თანხა მათ მიერ შესრულებულ ხელწერილში მითითებული ვადის გასვლის მიუხედავად.
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათ შორის არსებობდა სასესხო-ვალდებულებითი ურთიერთობა. მოპასუხე დ-------ნ მ---------ემ სარჩელზე თანდართული 2014 წლის 17 ივნისის N140616597 ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით აღიარა, რომ მას შ--–-ა ო-----------ისათვის გადასახდელი აქვს 6300 ლარი, ასევე იკისრა ვალდებლება ამ თანხის კონკრეტულ ვადაში სრულად გადახდის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ისეთ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ ვალის აღიარებიდან წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობა ერთის მხრივ მოსარჩელე შ--–-ა ო-----------ესა და მეორეს მხრივ მოპასუხე დ-------ნ მ---------ეს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დ-------ნ მ---------ეს მოსარჩელე შ--–-ა ო-----------ისათვის დღემდე არ გადაუხდია. ამდენად, შ--–-ა ო-----------ეს ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა დ-------ნ მ---------ისგან 6300 ლარის გადახდის მოთხოვნის უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტის მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 102-ე მუხლში ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ გააჩნია უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სადავოობისას ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი და სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლის მიხედვით, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთმითითებული გარემოების დადასტურებას.
ვინაიდან მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ ნაკისრი ვალებულების შესრულების ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის "ე" პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია შეადგენს 50 ლარს.
კონკრეტულ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე დ-------ნ მ---------ეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 189 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1 მოპასუხე დ-------ნ მ---------ეს მოსარჩელე შ--–-ა ო-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 6300 (ექვსიათას სამასი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხე დ-------ნ მ---------ეს მოსარჩელე შ--–-ა ო-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 189 (ას ოთხმოცდაცხრა) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე