გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2019
საქმის ნომერი
330210118002641721
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/27476-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მაისი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - გ-------------–---–ი

წარმომადგენელი - გ---------------–---–ი

მოპასუხეები - ა---------–---------–---–ი

წარმომადგენელი - ბ------------–-–---–ი

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულების ბათლად ცნობა, ნოტარიუსის მიერ

გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს გ-------------–---–სა და ა---------–---------–---–ს შორის 2018 წლის 3 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულება;

1.2. გაუქმდეს ნოტარიუს ქ--------------–----ის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1---------

 

უძრავი ქონების გასხვისების მიზნით გ-------------–---–ი და მისი მეუღლე ლ--–--------ე, საშუამავლო კომპანიამ შეახვედრა ა---------–---------–---–ს. ნასყიდობის გაფორმებამდე ლ--–--------ესა და ა---------–---------–---–ს შორის 2018 წლის 3 ივლისს გაფორმდა ბეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ ბეს სახით გადასცა 5000 აშშ დოლარი და აიღო ვალდებულება დარჩენილი 135000 აშშ დოლარი გადაეხადა გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის სურვილით ბეს ხელშეკრულება ნოტარიულად უნდა დამოწმებულიყო, თუმცა ნოტარიუსმა ქ--------------–----ემ უარი განაცხადა მის დამოწმებაზე, იმ მოტივით, რომ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან იყო ძველი. ამის ნაცვლად გ-------------–---–სა და ა---------–---------–---–ს შორის გაფორმდა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ გ-------------–---–მა ისესხა 12234,50 ლარი 2018 წლის 10 ივლისამდე და ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 2018 წლის 10 ივლისის ჩათლით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხისგან უკვე მიღებული ჰქონდათ ბეს სახით 5000 აშშ დოლარი და დარჩენილ თანხასაც მიიღებდნენ, ასევე სესხი 2018 წლის 10 ივლისის შემდეგ ხანდაზმული იქნებოდა, ფიქტიური ხელშეკრულების გაფორმებაში საფრთხე ვერ დაინახეს და დათანხმდნენ ხელშეკრულებას. სინამდვილეში სესხის თანხის გადაცემა არ მომხდარა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა.

 

ა---------–---------–---–მა დაარღვია ბეს შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა და არ გადაიხადა 135000 აშშ დოლარი. ხოლო იმავე უძრავ ქონებაზე 2018 წლის 7 სექტემბერს ლ--–--------ესა და ვ------------–--ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

მოგვიანებით ა---------–---------–---–მა მოითხოვა ბეს თანხის დაბრუნება, რაზეც უარი მიიღო. 2018 წლის 13 სექტემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მისი მოთხოვნით სესხის ხელშეკრულებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორია ა---------–---------–---–ი, მოვალე - გ-------------–---–ი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 12234,50 ლარი, ხოლო სააღსრულებო ფურცლის ხარჯი120 ლარი და აღსრულების ეროვნული ბიუროს გადასახდელი - 50 ლარი.

 

სესხის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან თანხის სესხებას ადგილი არ ქონია.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ბეს ხელშეკრულება შუამავლების საშუალებით გაფორმდა, თუმცა ვინაიდან არ იყო ფორმის დაცვით დადებული და იყო ბათილი, ამასთან, მესაკუთრეს ნასყიდობის საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, ბეს ხელშეკრულების სათანადო ფორმით დადება აღარ მომხდარა. გარდა ამისა, გამყიდველს თანხის მიღება ეჩქარებოდა და 5000 აშშ დოლარზე სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დაიდო იმ იმედით, რომ დოკუმენტაციაში არსებული პრობლემები დროულად მოგვარდებოდა და დაიდებოდა ან ნასყიდობის ხელშეკრულება ან სათანადო ფორმით ბეს ხელშეკრულება.

 

ბეს ხელშეკრულების თანახმად, 135000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ა---------–---------–---–ს მხოლოდ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ წარმოეშობოდა. მიუხედავად მოპასუხის მზადყოფნისა, სრულად გადაეხადა დარჩენილი თანხა, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო უძრავ ქონებასთან არსებული სამართლებრივი პრობლემის მოგვარება. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ვერ მოხერხდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 7 სექტემბრამდე, თბილისში, ბ----–-------------------–- მდებარე უძრავი ქონებიდან 68/91 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ლ--–--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. ლ--–--------ე არის მოსარჩელე გ-------------–---–ის მეუღლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მეუღლეებს ლ--–--------ეს და და გ-------------–---–ს სურდათ თბილისში, ბ----–-------------------–- მდებარე უძრავი ქონების გასხვისება. ამ მიზნით, 2018 წლის 3 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ბეს გადაცემის შესახებ, სადაც გამყიდველად მიეთითა ლ--–--------ე და გ-------------–---–ი, ხოლო მყიდველად - ა---------–---------–---–ი. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს თბილისში, ბ----–-------------------–- მდებარე უძრავი ქონება, ხოლო ნასყიდობის საფასური - 140000 აშშ დოლარი, საიდანაც ბეს სახით გადახდილი 5000 აშშ დოლარის გამოკლებით 135000 აშშ დოლარი მყიდველს უნდა გადაეხადა ეტაპობრივად: 2018 წლის 5 ივლისს - 40000 აშშ დოლარი და 2018 წლის 1 სექტემბერს- 95000 აშშ დოლარი.

 

ბეს გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ორ ეგზემპლარად შედგა, რომელთაგან მოსარჩელესთან არსებულ ხელშეკრულებაზე გამყიდველის მხრიდან ხელს აწერს გ-------------–---–ი და ლ--–--------ე, ხოლო მოპასუხესთან არსებულ ხელშეკრულებაზე გამყიდველის მხრიდან მხოლოდ გ-------------–---–ი , ხოლო ლ--–--------ის ხელმოწერა არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება ბეს გადაცემის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2018 წლის 3 ივლისს, სანოტარო წესით დაიდო სესხის ხელშეკრულება მსესხებელს - გ-------------–---–სა და გამსესხებელს - ა---------–---------–---–ს შორის, სესხის სახით გადაცემული თანხა შეადგენდა 12234,50 ლარს, რაც 2018 წლის 10 ივლისამდე უნდა დაბრუნებულიყო. სესხის ხელშეკრულება შეიცავდა დათქმას, თანხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.07.2018 წლის სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.5. მიუხედავად იმისა რომ გაფორმდა ორი დოკუმენტი ბეს ხელშეკრულება და სესხის ხელშეკრულება გ-------------–---–მა ა---------–---------–---–ისგან მიიღო მხოლოდ ერთჯერადად 5000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. ლ--–--------ესა და ა---------–---------–---–ს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. ქონების მესაკუთრეს 2018 წლის 7 სექტემბრის გარიგების საფუძველზე წარმოადგენს ვ------------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.7. ა---------–---------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, სესხის ხელშეკრულებაზე 2018 წლის 13 სექტემბერს ნოტარიუს ქ--------------–----ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენს ა---------–---------–---–ი, მოვალეს - გ-------------–---–ი, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას - 12234,50 ლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 120 ლარი და აღსრულების ეროვნული ბიუროს გადასახდელი - 50 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცელი კრედიტორმა წარადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.09.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი;

- 14.09.2018 წლის განცხადება;

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბეს გადაცემის შესახებ ხელშეკრულების მხარეს ლ--–--------ე არ წარმოადგენს, იგი ხელშეკრულების გაფორმებას არ ესწრებოდა და მას ხელშეკრულების დადების ნება არ გამოუხატავს.

 

საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილია ბეს გადაცემის 2 ხელშეკრულება, რომელთაგან ხელშეკრულებაზე, რომელიც მოსარჩელესთან ინახება, არის ლ--–--------ის ხელმოწერა, ხოლო მოპასუხესთან არსებულ ხელშეკრულებაზე ლ--–--------ე არ აწერს ხელს. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მაკლერი - ირინა ჭავჭანიძე ადასტურებს, რომ ბეს ხელშეკრულების გაფორმებას ლ--–--------ე არ დასწრებია, მაგრამ რადგან ბინის მესაკუთრეს იგი წარმოადგენდა გამყიდველად მოხდა მისი მითითება. გარდა ამისა, მოსარჩელე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის კუთვნილი ხელშეკრულების დედანზე ლ--–--------ის ფაქსიმილიე (ხელმოწერა) არ არის.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე გ-------------–---–ის განმარტებას, რომ ბეს ხელშეკრულების მოსარჩელის ეგზემპლარზე ლ--–--------ის ხელმოწერით მისი ნება გამოვლენილად უნდა ჩაითვალოს ა---------–---------–---–ის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგება ვლინდება გარიგების მონაწილე პირთა მიერ ურთიერთ ნების გამოვლენაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები;

- ბეს ხელშეკრულებები.

 

3.2.2. მხარეებს, გ-------------–---–სა და ა---------–---------–---–ს შორის სასესხო ურთიერთობა არ წარმოშობილა. სესხის ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხა - 12234,50 ლარი წარმოადგენს ე.წ ბეს ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 5000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში და არის უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის ანგარიშში გადახდილი თანხა.

 

უდავოა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის ლ--–--------ის და მისი მეუღლის გ-------------–---–ის სურვილს წარმოადგენდა უძრავი ქონების გასხვისება. თავის მხრივ, ა---------–---------–---–საც სურდა მისი შეძენა რა მიზნითაც მოხდა მაკლერის საშუალებით მხარეთა დაკავშირება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, საკუთრების შეძენა ხდება ქონების ნამდვილ მესაკუთრესა და შემძენს შორის დადებული გარიგების საფუძველზე. ვინაიდან გარიგების გაფორმებისას თავად მესაკუთრე - ლ--–--------ე არ ესწრებოდა, მის მეუღლესთან - გ-------------–---–თან გაფორმდა ჯერ ბეს ხელშეკრულება, ხოლო მოგვიანებით სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი ის გარემოება გახდა, რომ ბე ქონების არამესაკუთრე პირს შორის იყო გაფორმებული (ბეს ხელშეკრულების დადებისას არ არსებობდა უძრავი ქონების მესაკუთრის ნება), ამავდროულად, მოსარჩელეს იმწუთიერი საჭიროება ჰქონდა გარკვეული თანხა მიეღო, მოსარჩელემ და მოპასუხემ თანხის გადაცემას მისცეს სამართლებრივი ფორმა და დადეს სესხის ხელშეკრულება.

 

აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა მოწმეთა ჩვენება და თავად მხარეთა ახსნა-განმარტება. კერძოდ: ნოტარიუსის ახსნა-განმარტების თანახმად, ბეს ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებას აბრკოლებდა ის გარემოება, რომ გ-------------–---–ი მესაკუთრეს არ წარმოადგენდა, ხოლო თავად ლ--–--------ე არ ესწრებოდა გარიგების გაფორმებას. შემდგომში, თავად მხარეების სურვილს წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება, რაც იქნებოდა ბეს სახით გადაცემული თანხის გარანტია. გარდა ამისა, თავად მოპასუხე განმარტავს, რომ მის მიზანს ნასყიდობის ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა, თუმცა ვინაიდან ნოტარიუსის განმარტებით, ბეს ხელშეკრულება ვერ ფორმდებოდა, თანხის გადაცემა სესხის სახით გაფორმდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ ე.წ ბეს ხელშეკრრულებაში და სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირდა ერთი და იგივე თანხა, ორივე მხარე ადასტურებს რომ 5000 აშშ დოლარი ნასყიდობის საფასურში უნდა ჩათვლილიყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებმა წერილობით გამოავლინეს ნება იმ გარიგების დადებასთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში მათ შორის არ დადებულა. თანხის გადაცემის საბოლოო მიზანს ნასყიდობის ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 421-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

აღნიშნული მუხლის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, რომლითაც, როგორც ნების გამომვლენი, ისე ნების მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.

 

მოჩვენებითი გარიგების დროს, მხარეები შესაბამისი იურიდიული შედეგების მიღწევის გარეშე დებენ გარიგებას, მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოშობს რეალურ სამართლებრივ შედეგებს.

 

იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“ საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებმა სესხის ხელშეკრულების გაფორმებით გამოავლინეს ნება იმ გარიგებასთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში მათ შორის არ დადებულა. მხარეთა სურვილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის ანგარიშში წინასწარ გადახდილ თანხას.

 

აღნიშული გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას სესხის ხელშეკრულების არანამდვილობასთან დაკავშირებით გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას, მისი გაცემა მოხდა ბათილ გარიგებაზე, რაც სააღსრულებო ფურცელს სამართლებრივ საფუძველს უკარგავს და ისიც უნდა გაუქმდეს.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეეხოს თავად ბეს ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

 

ამდენად, ბეს მიცემით ხელშეკრულების დადების ფაქტი დასტურდება.

 

„ბეს ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც ხელშეკრულების დადების ფაქტს ადასტურებს, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება ითვალისწინებს მომავალში ხელშეკრულების დადების ვალდებულებას და არა გარიგების დადების ფაქტს. წინარე ხელშეკრულება ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა სახის არსებით პირობებზე თანხმდებიან მხარეები, რომელიც მომავალში დასადები ხელშეკრულების შინაარსს უკავშირდება. ბეს ხელშეკრულება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათაგან ერთ-ერთი, ხელშეკრულების დადების ფაქტს ადასტურებს და ავანსისგან (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი შესრულების წინასწარ ან მთლიანად გადახდილი თანხა) სწორედ ამით განსხვავდება. ბე ხელშეკრულების ნაწილია და არა დამოუკიდებელი ხელშეკრულება და ეს განასხვავებს მას წინარე ხელშეკრულებისგან“ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი - www. gccc.ge, 421-ე მუხლის კომენტარი- ველი 3-4) .

 

კონკრეტულ შემთხვევაში კი მხარეებს შორის სადავო არაა, რომ ლ--–--------ესა და ა---------–---------–---–ს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. ამდენად ე.წ ბეს ხელშეკრულების დადებას ლ--–--------ე-მესაკუთრეც რომ დასწრებოდა და მოეწერა ხელი ამ ხელშეკრულებაზე, ის მაინც ვერ ჩაითვლებოდა ბედ, ვინაიდან თავად ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა, შეთანხმების ბედ მიჩნევისთვის კი აუცილებელია დადებული იყოს თავად ძირითადი გარიგება, მოცემულ შემთხვევაში -ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 422 (372+50) ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა---------–---------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის გადახდა. რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას, გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის გამო. სსკ 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, დავის საგნის 4 %-ის ფარგლებში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს გ-------------–---–სა და ა---------–---------–---–ს შორის 2018 წლის 3 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულება ნომრით N1--------;

 

3. გაუქმდეს ნოტარიუს ქ--------------–----ის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ნომრით N1---------

 

4. მოპასუხე ა---------–---------–---–ს მოსარჩელე გ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 422 ლარის გადახდა;

 

5. მოსარჩელე გ-------------–---–ს უარი ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე