გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/967-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,ლუ--------–ს“
წარმომადგენელი: შა-–---–-----ა
მოპასუხე: ვა---------------ე
წარმომადგენელი: მა--------------ე (კანონიერი წარმომადგენელი), ნი---------–-ა, ჯუ-- ჭო------–--ე
დავის საგანი: ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ჯარიმის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვა---------------ეს მოსარჩელე შპს ,,ლუ--------–ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ევროს ეკვივალნეტის ლარში გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,ლუ--------–ს“-მა და ვა---------------ემ 2016 წლის 1------------ს დადეს ხელშეკრულება მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ვა---------------ისათვის უნდა გაეწია სამოდელო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, ეწარმოებინა მოლაპარაკებები მოდელის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით შოუბიზნესის სფეროს, ტელევიზიის, კინოს, მეჭდვით მედიის რეკლამირების სფეროს და ცოცხალი შოუების წარმომადგენლებთან. მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 3 (სამი) წლის ვადით. ვა---------------ემ მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიხედვით არ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ვა---------------ის კანონიერმა წარმომადგენელმა ზ----------------მ 2017 წლ----------------ს მიმართა შპს ,,ლუ--------–სს“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის სურვილით, რათა გადასულიყო კონკურენტ სააგენტოში. ვა---------------ე შპს ,,ლუ--------–ს“-ის გვერდის ავლით, მხარეთა შორის 2016 წლის 1------------ს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკურენტ სააგენტოსთან და დაიწყო მასთან თანამშრომლობა. ამავდროულად, ვა---------------ე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში იმყოფებოდა პარიზში და მონაწილეობდა კასტინგებში.
მხარეები მომსახურების ხელშეკრულების დადებისას შეთანხმდნენ მოდელის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებასა და მის ოდენობაზე. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, მოდელის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, იმისათვის რომ გადასულიყო კონკურენტ სააგენტოში ან დამოუკიდებლად გაეგრძელებინა მუშაობა, მოდელს ერთი თვის ვადაში სააგენტოსათვის ჯარიმის სახით უნდა გადაეხადა 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
მოსარჩელე თვლის, რომ 2016 წლის 1-----------ის ხელშეკრულების 6.1. პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს კონკურენტ სააგენტოში გადასვლის მიზნით მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის გადახდა 5000 ევროს ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოაპასუხე ვა---------------ის კანონიერმა წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულების 6.1. პუნქტი, რომელიც ჯარიმას ითავლისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო კონვენციებთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულ პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების მიზნებთან და აგრეთვე საჯარო წესრიგთან.
მოპასუხე თვლის, რომ 2016 წლის 1-----------ის მომსახურების ხელშეკრულების სახით სახეზე გვაქვს კაბალური ხასიათის, ცალმხრივ ინტერესებზე მორგებული ხელშეკრულება, რომლის არც ერთი პუნქტი არ ითვალისწინებდა არასრულწლოვანის მხრიდან მისი ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარემ გამოიჩინა კეთილსინდისიერება და მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე 1 თვით ადრე წერილობითი ფორმით შეატყობინა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, რის გამოც ცალმხრივად წყვეტდა მას.
გარდა ამისა, მოპასუხე უთითებს, რომ თუ სასამართლო არ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, 5000 ევროს დაკისრების შესახებ ჯარიმის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტით და ასევე, რა სარგებლობას იღებდა მოპასუხე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 1------------ს შპს ,,ლუ--------–ს“-ა და ვა---------------ეს შორის, კანონიერი წარმომადგენლის მა--------------ის თანხმობით, დაიდო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,ლუ--------–ს“ ვა---------------ისათვის უნდა გაეწია სამოდელო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება. სააგენტომ აიღო ვალდებულება, გააკეთოს მაქსიმუმი მოდელის წარმატებისა და წინსვლისათვის სამოდელო საქმიანობის სფეროში.
ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, სააგენტო პასუხისმგებლობას იღებს და ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით აწარმოოს მოლაპარაკებები მოდელის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამოდელო საქმიანობა მოიცავს შოუბიზნესის სფეროს, ტელევიზიას, ინტერნეტის სივრცეს, კინოს, ბეჭვდით მედიას, რეკლამირების სფეროს, პოდიუმზე ცოცხალ შოუს, ფოტო-გამოფენებს, ფოტოკონკურსებს.
ამავე ხელშეკრულების 3.2. მოდელის ვალდებულებაა არ განკარგოს რაიმე ფორმით ის უფლებები, რომლებიც მან სააგენტოს დაუთმო. შესაბამისად თავი შეიკავოს სხვა პირისათვის საკუთარი მომსახურების პირდაპირ ან ირიბად გაწევისაგან, ან ანალოგიური უფლებების პირადად მიღებისაგან, რომლებიც მან სააგენტოს დაუთმო.
მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება დაიდო სამი წლის ვადით, ხოლო 5.2. პუნქტით განსაზღვრეს წინასწარ შეტყობინების 6 თვიანი ვადა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 1-----------ის მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2016 წლის 1-----------ის მომსახურების ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განსაზღვრული იქნა მხარეთა პასუხისმგებლობა. კერძოდ, 6.1. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოდელი ცალმხრივად შეწყვეტს წინამდებარე ხელშეკრულებას 5.1. მუხლში განსაზღვრული ვადის დასრულებამდე, იმისათვის, რომ გადავიდეს კონკურენტ სააგენტოში ან დამოუკიდებლად განაგრძოს მუშაობა, მოდელი კისრულობს ვალდებულებას ერთი თვის ვადაში გადაუხადოს სააგენტოს ჯარიმის სახით 5 000 ევროს ეკვივალენტი ლარში და ასევე აუ--ზღაუროს სააგენტოს მასზე გაწეული ყველა დანახარჯი, რომელსაც 4.6. მუხლი განსაზღვრავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 1-----------ის მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2016 წლის 1-----------ის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ვა---------------ის მიერ შპს ,,ლუ--------–ს“-ში 2017 წელს მიღებული ანაზღაურება შეადგენს 760 ლარს გადასახადების ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბუღალტრული ამონაწერი (ს.ფ. 92);
- საგადახდო დავალება N1------ (ს.ფ. 40);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ ყოფილა განპირობებული მოსარჩელის ბრალეული მოქმედებით.
საქმეში წარმოდგენილი ზ---------------ის კანონიერი წარმომადგენლის ვა---------------ის 2017 წლის 04 დე-------ს წერილით დგინდება, რომ მხარემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ხოლო რაც შეეხება მხარეებს შორის არსებულ უთანხმოებას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ვა---------------ის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი აღნიშნულ წერილში მითითებული არ არის.
მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებზე აპელირება მოხდა, მხოლოდ მას შემდეგ რაც ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2017 წლის 04 დე-------ს წერილის საპასუხოდ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა მოსთხოვა მხარეს.
მოპასუხე მხოლოდ ზოგადი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა სარჩელის შემოტანის შემდეგ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვა---------------ის სამოდელო საქმიანობა შეფერხდა, რადგან მოსარჩელემ თავის მხრივ არ განახორციელა მასზე დაკისრებული მოვალეობები. მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურდება მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე ის ფაქტი, რომ მოპასუხეს სარჩელის შემოტანამდე ჰქონდა პრეტენზია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვა---------------ემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად, რაც არ ყოფილა განპირობებული მოსარჩელის ბრალეული მოქმედებით.
3.2.2. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების 6.1. პუნქტის მართლზომიერება, რომელზე მითითებითაც მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარმოადგინა და ამ პუნქტის ბათილობის შედეგად ცდილობს სარჩელის უარყოფას.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო (ჯარიმა) წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სსკ-ის 417-ე მუხლი). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „სსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება“ (იხ. სუსგ# ას-951-2018, 25.09.2018წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მითითებული სახელშეკრულებო პირობა შეიცავს კონკრეტულ და მკაფიო განმარტებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების შესახებ. საქმის გარემოებებითაც არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, უფრო კონკრეტულად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მოპასუხის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს მის ერთადერთ ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც არ დაურღვევია.
ამდენად, ხელშეკრულების სადავო 6.1. პუნქტი წარმოადგენს შეთანხმებას პირგასამტეხლოზე, ხოლო მოპასუხე ამტკიცებს, რომ ეს შეზღუდვა თავისი შინაარსით საჯარო წესრიგისა და კეთილსინდისიერების წინააღმდეგ მიმართული შეთანხმებაა;
სსკ-ის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის, თუმცა, ხელშეკრულების მხარეთა მდგომარეობა ყოველთვის თანაბარი არ არის, სწორედ აქედან გამომდინარეობს კანონისმიერი ვალდებულება, რომ მხარეებმა უნდა იმოქმედონ კეთილსინდისიერად (სსკ-ის 8.3-ე, 115-ე მუხლები).
ამ ვალდებულების კონტექსტში კეთილსინდისიერების და ნდობის საწინააღდეგო შეთანხმებად არ შეიძლება ჩაითვალოს შეთანხმება იმაზე, რომ მოსარჩელემ, რომელსაც ევალებოდა ვალდებულების შესრულება და შეასრულა კიდეც, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მოითხოვოს ჯარიმის გადახდა. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ შპს ,,ლუ--------–ს“-ის მხრიდან 1 წლის განმავლობაში, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, გაწეული იქნა გარკვეული სახის სამუშაოები, კერძოდ, მოსარჩელემ გადაიღო სურათები და შეუქმნა მოპასუხეს ე.წ. ,,პორტფოლიო“, ასევე, მოხდა მოდელის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით საჭირო უ--რ-ჩვევების შესწავლა. ხელშეკრულების შინაარსი ცხადყოფს, რომ შპს ,,ლუ--------–ს“-ის მოტივაციას წარმოადგენდა მისი მხრიდან გარკვეული სამუშაოების შესრულების შედეგად ყოველ დადებულ ხელშეკრულებაზე საზღაურის მიღება. ნათელია, შპს ,,ლუ--------–ს“-ის მიზანი იყო სახელშეკრულებო ვადის პერიოდში შენარჩუნებულიყო ის უფლებები, რაც მან ამ ხელშეკრულებით მოპასუხისაგან მიიღო. მოპასუხის მიერ სხვა პირისათვის საკუთარი მომსახურების გაწევა, საზღაურის დაკარგვასთან იყო დაკავშირებული. მოსარჩელემ ხელშეკრულების ფარგლებში გასწია გარკვეული ხარჯი, აღნიშნულ გარემოებას კი მოპასუხე არ უარყოფს.
მხარეთა შორის ამგვარი შეთანხმება, ბუნებრივია, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არაკეთილსინდისიერ პირობად, რადგან კონტრაჰენტისთვის მარტივად და გონივრულად სავარაუდოა და არ შეიცავს ზოგადისგან განსხვავებულ, მოულოდნელ და უჩვეულო დათქმებს. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხისათვის სავარაუდო იყო ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცალმხრივად შეწყვეტდა წინამდებარე ხელშეკრულებას 6.1. მუხლში განსაზღვრული ვადის დასრულებამდე, იმისათვის, რომ გადავიდეს კონკურენტ სააგენტოში ან დამოუკიდებლად განაგრძოს მუშაობა, სააგენტოს გადაუხდიდა ჯარიმას.
რაც შეეხება კონკურენტ სააგენტოში გადასვლასა და დამოუკიდებლად მუშაოების გაგრძელებას, მოპასუხემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფა. კერძოდ, 2017 წლის 07 დეკემბერს ვა---------------ის სურათები საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა სამოდელო სააგენტო ,,Pr-----”-მა, ხოლო პორტფოლიო სურათები განათავსა სააგენტოს ,,ახალი სახეების“ ველში. რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვა---------------ე 2016 წლის 1-----------ის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკურენტ სააგენტოსთან.
სამართალში კეთილსინდისიერების, როგორც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ საკასაციო სასამართლომ სხვადასხვა საქმეში არაერთხელ განმარტა: „სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება. იგი წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება“. „თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა, შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ-ები: №ას-23-18-2011,24.05.2011წ; №ას-221-213-2012, 24.07.2012წ; №ას-528-501-2015, 04.11.2015წ; №ას-549-521-2015, 18.11.2015წ; . №ას-898-848-2015, 09.03.2016წ).
კეთილსინდისიერების ჭრილში განიხილება სსკ-ის 54-ე მუხლიც, რომელიც ბათილად ცნობს ისეთ გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი“ (იხ. სუსგ №ას-813-764-2015, 28.10.2015წ.) ამ მუხლთან მიმართებით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა, (შდრ. სუსგ-ებს: №ას-755-811-2011, 10.09,.2012წ ; ას-40-38-2013,25.02.2013წ; ას-63-58-2013, 11.02.2013წ; საქმე №ას-813-764-2015, 28.10.2015წ; საქმე №ას-1167-1087-2017, 23.01.2018წ.) .
ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო პირობა, რომელიც 6.1. პუნქტშია ასახული, არ არის ბათილი პირობა.
სასამართლო არ იზიარებს ასევე მოპასუხის პრეტენზიას, რომ ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელეს არ ჰქონია მეორე კანონიერი წარმომადგენლის, მამის თანხმობა, აღნიშნული ფაქტი ბათილად აქცევს სადავო ხელშეკრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ვერ უთითებს კანონის რომელი მოთხოვნა დაირღვა. ამასთან, საგულისხმოა, რომ კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ნამდვილობა ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მხოლოდ ხელმომწერთა რაოდენობის გამო.
სასამართლოს მიიჩნია, რომ მოპასუხემ მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებაა მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და იმაზე, გამოიღებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების იმ პირობების შესაბამისად შესრულებას რაც მხარეთა მიერ იქნა შეთანხმებული. ვალდებულების ყოველგვარი შეუსრულებლობა, გამოიხატება ეს ვალდებულების არადროულად თუ არასრულად შესრულებაში, გულისხმობს ვალდებულების დარღვევას.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება -მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე დადგენილია, რომ ვა---------------ემ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად, რაც არ ყოფილა განპირობებული მოსარჩელის ბრალეული მოქმედებით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს (ჯარიმა) ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:
1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით. ან 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს, ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.
ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.
წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, იმისათვის, რომ მოდელი გადავიდეს კონკურენტ სააგენტოში ან დამოუკიდებლად განაგრძოს მუშაობა, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით 5000 ევროს გადახდაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს.
სასამართლო სარჩელის საფუძვლის - მომსახურების ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ერთი სახე: ჯარიმა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს შემცირების დისკრეციით ლეგიტიმური სარგებლობისათვის მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-1199-1127-2015; 13 აპრილი, 2016 წელი).
მოცემულ შემთხვევაში მოაპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს შემცირებული სახით. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობა უნდა შემცირდეს 50 ევრომდე. შესაბამისად სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).
სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩლის მიერ მოთხოვნილი ჯარიმა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1 წლის განმავლობაში, ხელშეკრულების შეწყვეტამდე ვა---------------ეს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს მხოლოდ 760 ლარი, რაც მოსარჩელისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხზე მიუთითებს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს საზღაურის დაკარგვასთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და მიუთითებს, რომ, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოვალის მიერ არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი არათანაზომიერია პირგასამტეხლოს ოდენობასთან, შესაბამისად, არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 461 ლარი (ს.ფ. 50).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შპს ,,ლუ--------–ს“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ვა---------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ევროს გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 5000 ევროსი. ამდენად, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 1%. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვა---------------ეს შპს ,,ლუ--------–ს“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 461 ლარის 1%-ს 4,61 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ლუ--------–ს“-ის სარჩელი მოპასუხე ვა---------------ის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ვა---------------ეს მოსარჩელე შპს ,,ლუ--------–ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ევროს გადახდა;
3. მოპასუხე ვა---------------ეს მოსარჩელე შპს ,,ლუ--------–ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 4,61 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 456,39 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი