გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 210210018002404052
საქმე N 2/282-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლ მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე: სს ,,ბო-------------------------------–-------------------------ი’’
მოსარჩელის წარმომადგენელი: ქე------ ტყ-–--–-–---–-
მოპასუხე: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მოპასუხის წარმომადგენლები: ქე------ გო---–-–---–-, და---- ფხ-----–-–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მოსარჩელე სს ,,ბო-------------------------------–-------------------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 27 554.76 ლარის გადახდა.
მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ სს ,,ბო-------------------------------–-------------------------ს’’ გაფორმებული აქვს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება შპს ,,------’’-სთან, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დამთმობს(მიმწოდებელი სახლემწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში N86) და არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო იურიდიული პირი. 2014 წლის 14 აგვისტოს შპს ,,-------სა’’ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. 2014 წლის 29 აგვისტოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მიმწოდებელს გამოეყო ავანსი, ხოლო 2014 წლის სექტემბრის თვიდან ნოემბრის თვის ჩათვლით ხდებოდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ანაზღაურება მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რა დროსაც ხდებოდა თითოეული გადმორიცხვიდან ასანაზღაურებელი თანხის 5%-ის დაკავება. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა ხარისხიანად და გამოვლენილი ხარვეზი(ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოესწორებინა საკუთარი სახსრებით სამუშაოს ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოპასუხის მხრიდან უნდა მომხდარიყო დაკავებული საგარანტიო თანხების მიმწოდებლისთვის ანაზღაურება. სამუშაოს ჩაბარებიდან გავიდა 2 წელზე მეტი, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაო შესრულებულია ხარვეზის გარეშე, აღნიშნული საგარანტიო თანხის დაბრუნება მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებისა და თანმხლები სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენდა ის სამუშაოები, რომელიც მოპასუხის მტკიცებით წყლის გაჟონვის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, 2014 წლის 14 აგვისტოს შპს ,,------’’-სა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–- არსებულ ცენტრალური რეზერვუარამდე გ------- სატუმბი სადგურებიდან ახალი სადაწნევო მილის მონტაჟისა და ცენტრალური რეზერვუარის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 12 ნოემბერს და საგარანტიო ვადა იყო 2 წელი 2016 წლის 31 დეკემბრამდე. მიმწოდებელი გარანტიას იძლეოდა სამუშაოს ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით თავად უზურუნველყო გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება, რის შედეგადაც მოხდებოდა დაკავებული საგარანტიო თანხის ანაზღაურება. საგარანტიო ვადის გასვლამდე მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გამოუვლინდა ხარვეზი, რის შესახებაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის 18 მაისის წერილით ეცნობა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–- არსებულ ცენტრალურ რეზერვუარამდე გ------- სატუმბი სადგურებიდან ახალი სადაწნევო მილის მონტაჟისა და ცენტრალური რეზერვუარის რეაბილიტირებულ ობიექტს ექსპლუატაციაში შესვლისას გამოუვლინდა ხარვეზი, კერძოდ რეზერვუარიდან მოხდა წყლის დიდი რაოდენობით გაჟონვა. 2016 წლის 18 აგვისტოს წერილით მოსარჩელეს ეცნობა დედოფლისწყაროში გ------- სატუმბ სადგურში დამონტაჟებული მრავალსაფეხურიანი ტუმბო-აგრეგატის მუშაობის რეჟიმთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიაწოდა დედოფლისწყაროს გამგეობას 2016 წლის 08 ოქტომბრის წერილით, თუმცა გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება მიმწოდებლის მიერ დღემდე არ მომხდარა. შპს ,, ს-----’’-ის მიერ შესრულებული სამუშაო არ იყო შესრულებული მაღალხარისხოვნად, რისი გამოვლენაც ვერ მოხდა სამუშაოს ჩაბარების მომენტში და ხარვეზი გამოვლინდა საგარანტიო ვადის გასვალამდე. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი არ არის ვალდებული მოახდინოს დაკავებული საგარანტიო თანხის დაბრუნება მიმწოდებლისთვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 14 აგვისტოს შპს ,,------’’-ისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადა იყო 2 წელი -2016 წლის 31 დეკემბრამდე. მიმწოდებელი გარანტიას იძლეოდა სამუშაოს ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით თავად უზურუნველყოფს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებას, რის შედეგადაც მოხდებოდა დაკავებული საგარანტიო თანხის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,------’’-ისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2014 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N86;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სს ,,ბო-------------------------------–-------------------------სა’’ და შპს ,,------’’ -ს შორის 2018 წლის 12 აპრილს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N1/12-04;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ბო-------------------------------–-------------------------სა’’ და შპს ,,------’’ -ს შორის დადებული 2018 წლის 12 აპრილის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N1/12-04;
3.1.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 სექტემბრის დასკვნის თანახმად, რეზერვუარიდან წყლის გაჟონვის ფაქტი ვერ დაუკავშირდება კონსტრუქციებში გამოვლენილ ცალკეულ დეფექტს, თუმცა მათი გამოსწორება საჭიროა. რეზერვუარიდან წყლის გაჟონვის სავარაუდო მიზეზად მიიჩნევა დარღვევით შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ ახალი მილების მოწყობისას, ძველ და ახალ მილებს შორის გაჩენილი ღრეჩო ან უხარისხო ამოქოლვა, გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური ხარვეზებიც, მაგალითად არაკონდიციური ჩამკეტი ვენტილის გამოყენება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 სექტემბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა;
3.1.4. 2014 წლის 12 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,------’’-ს შორის 2014 წლის 14 აგვისტოს დადებული N86 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–- არსებულ ცენტრალურ რეზერვუარის რეაბილიტაციის სამუშაოები 2014 წლის 12 ნოემბრისათვის შესრულებულია სრულად, სახელშეკრულებო მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 12 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი;
- მოწმეთა ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
- 3.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია, 2014 წლის 14 აგვისტოს შპს ,,------’’-ისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სს ,,ბო-------------------------------–-------------------------სა’’ და შპს ,,------’’ -ს შორის დადებული 2018 წლის 12 აპრილის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N1/12-04; ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–- არსებულ ცენტრალური რეზერვუარამდე გ------- სატუმბი სადგურებიდან ახალი სადაწნევო მილის მონტაჟისა და ცენტრალური რეზერვუალის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა ხარისხიანად და გამოვლენილი ხარვეზის გამოესწორებინა საკუთარი სახსრებით სამუშაოს ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოპასუხის მხრიდან უნდა მომხდარიყო დაკავებული საგარანტიო თანხების მიმწოდებლისთვის ანაზღაურება. სამუშაოს ჩაბარებიდან გავიდა 2 წელზე მეტი, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაო შესრულებულია ხარვეზის გარეშე, აღნიშნული საგარანტიო თანხის დაბრუნება მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სს ,,ბო-------------------------------–-------------------------ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ)სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში. ამ კანონიდან გამომდინარე, შემსყიდველის განსაკუთრებული ინტერესია, რომ არ მოხდეს სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული პროექტების შესრულების გაჭიანურება და ამ მიზნის უზრუნველყოფისათვის დგინდება შესაბამისი პირგასამტეხლოს პროცენტიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად, 1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. 2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება,თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის თანახმად, 1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. 2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად, 1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. 2. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები. 3. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. 4. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 14 აგვისტოს შპს ,,------’’-სა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სს ,,ბო-------------------------------–-------------------------სა’’ და შპს ,,------’’ -ს შორის დაიდო 2018 წლის 12 აპრილის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N1/12-04; ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–- არსებულ ცენტრალური რეზერვუარამდე გ------- სატუმი სადგურებიდან ახალი ,,სადაწნევო’’ მილის მონტაჟისა და ცენტრალური რეზერვუალის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად სამუშაო შესრულებულად ჩაითვლებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშ -ფაქტურის/სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის შემდეგ, რაც დასტურდება 2014 წლის 12 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, სადაც აღნიშნულია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–- არსებულ ცენტრალურ რეზერვუარის რეაბილიტაციის სამუშაოები 2014 წლის 12 ნოემბრისათვის შესრულებულია სრულად, სახელშეკრულებო მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე ხელშეკრულების მე-8 პუნქტში გათვალისწინებულია, რომ მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო არ გამოავლენს ხარვეზებს და შესრულებული იქნება მაღალხარისხოვნად, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება სამუშაოს ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოხდება დაკავებული საგარანტიო თანხის ანაზღაურება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხევაში თუ ე.წ. ,,ტუმბო’’ გამოვიდა წყობიდან მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხეს უნდა მიეცა გარკვეული ვადა აღნიშნულის გამოსასწორებლად, თუმცა მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ადგილზე მისვლისა და ,,ტუმბოს’’ ნახვის შემდგომ მათ აღნიშნული ნივთი უკვე შეცვლილი დახვდათ. შესაბამისად შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ რამ გამოიწვია რეზერვუარიდან წყლის გაჟონვა და შესაბამისად ვეღარ დადგინდებოდა ამ დაზიანებაში მოსარჩელის ბრალეულობა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გააჩნდა ხარვეზი და რეზერვუარიდან წყლის გაჟონვა იყო მისი ბრალეულობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, მას უნდა ემტკიცებინა ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის, ამ ნაკლის წარმოშობაში მოსარჩელის ბრალეულობის, ამის შესახებ გამყიდველისათვის პრეტენზიის წაყენების ნაკლის გამოსწორების ვადის მიცემისა და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს სს,,ბო-------------------------------–-------------------------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი 826.65 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს,,ბო-------------------------------–-------------------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 მოპასუხე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მოსარჩელე სს,,ბო-------------------------------–-------------------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 27 554.76 (ოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცდა თოთხმეტი ლარი და 76) ლარის გადახდა.
2. მოპასუხე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს სს,,ბო-------------------------------–-------------------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი 826.65 (რვაას ოცდაექვსი ლარი და 65) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი