გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210019002917519
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/6631-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე - შპს „დი-–-----------------ი“

წარმომადგენელი - ნი-----------ე

მოპასუხე - გი--------------–---–ი

წარმომადგენელი - რა------------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხე გი--------------–---–ის დაეკისროს, მოსარჩელის შპს „დი-–-----------------ის“ სასარგებლოდ, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 29,831,96 ლარის ოდენობით. სარჩელის საფუძვლები 1.1.2 შპს “დი-–-----------------ი” წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კვერცხისა და ქათმის პროდუქციის წარმოება. 2009-2012 წლებში შპს“ დი-–-----------------თან“ თანამშრომლობდა საქართველოს მოქალაქე გი--------------–---–ი, რომელსაც კომპანიასთან თანამშრომლობის მანძილზე დაუგროვდა დავალიანება 29,831,96 (ოცდაცხრაათას რვაასოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი), კერძოდ მას თანამშრომლობის პერიოდში გაქონდა სხვადასხვა ღირებულის პროდუქცია, ხოლო რეალიზების შედეგად შემოქონდა თანხები როგორც კომპანიის სალაროში, ასევე კომპანიის საბანკო ანგარიშზე, მაგრამ თანხა 29,831,96 ოდენობისა მის მიერ საბოლოოდ აღარ იქნა მოტანილი, რაც გახდა საფუძველი წინამდებარე სარჩელის შედგენისა. აღნიშნული თანხების მოთხოვნით კომპანიამ მას არაერთხელ მიმართა გასულ წლებში მაგრამ გი--------------–---–ს მიმართვებზე პასუხი არც კი გაუცია, ბოლო ასეთი მიმართვა მას გაეგზავნა მიმდინარე წელსაც, რომელი მიმართვაც კვლავ მის მიერ იქნა უგულებელყოფილი. 2017 წლის 28 აგვისტოს, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს დი-–-----------------ის შემოწმება, სადაც მაკონტროლებელი უწყების მიერ, დოკუმენტაციის გაცნობისა და შესაბამისი განმარტების მოსმენის შემდეგ, შპს დი-–-----------------ის იმ თანამშრომლებზე (მათ შორის გი--------------–---–ი) ვალად დადებული თანხები, მათ მიერ რეალიზებული პროდუქციის შედეგად არ იყო დამქირავებელთან დაბრუნებულები, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კომპანიის მხრიდან სრულად იქნა გადახდილი რეალიზებული თანხების სრული ოდენობიდან კანონით გათვალისწინებული გადასახადებიც, ჩაითვალა როგორც ამ თანამშრომლებზე სესხად გაცემული თანხები რამაც გამოიწვია კომპანიისთვის დამატებითი საჯარიმო სანქციების დაკისრება, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი დავა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში დღის წესრიგში დადგა გი--------------–---–ისთვის, მისი კომპანიის წინაშე წარმოშობილი დავალიანების სასამართლოს გზით მოთხოვნის საკითხი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

2.2. მოპასუხე შესაგებელში უთითებს, რომ გი--------------–---–ს მოსარჩელის წინაშე არანაირი დავალიანება არ გააჩნია და ასევე მოპასუხე შესაგებელში უთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავოა, რომ 2007 წლის 12 მარტიდან შპს „დი-–-----------------ში“ გი--------------–---–ი მუშაობდა დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

- ცნობა მუშაობის შესახებ იხ.(ს.ფ 111);

3.1.2. უდავოა, რომ გი--------------–---–ი 2010 წლის 01 მაისს გათავისუფლდა დისტრიბუტორის თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

- ცნობა მუშაობის შესახებ იხ.(ს.ფ 111);

3.1.3 უდავოა, რომ მოსარჩელე შპს „დი-–-----------------სა“ და მოპასუხე გიორგი სომონიშვილს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, გი--------------–---–ი დათქმულ დროსა და ადგილას იღებდა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს და სარეალიზაციოდ გაჰქონდა სარეალიზაციო ქსელში. ხოლო ანგარიშსწორება ხდებოდა საქონლის რეალიზაციის შემდგომ ყოველი თვის თავზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.4 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „დი-–-----------------ი“ 2014-2017 წლის პერიოდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება იხ.(ს.ფ 79);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მნიშვნელოვან სადავო გარემოებას წარმოადგენს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხიგარდა (ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას შემოგთავაზებთ სამოტივაციო ნაწილში).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „დი-–-----------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-146-ე მუხლები, 316-ე, 317-ე, 1008-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128 I მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლებების განხორციელების არა თანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

ხანდაზმულობის საერთო ვადაა ათი წელი, რომელიც დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომლისთვისაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ მხარის მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მხედველობაშია მისაღები, თუ ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის დენის დაწყების ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

როგორც მოსაჩელე უთითებს, განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ დავალიანებასთან, შესაბამისად სასამართლომ იხელმძღვანელა ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადით.

 

შპს დი-–-----------------სა და მოპასუხე გი--------------–---–ს შორის 2007 წლიდან არსებობს სამართალურთიერთობა.

სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ შეთანხმების საფუძველზე გი--------------–---–ს კომპანიის მიერ ყოველი ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული ჰქონდა პერიოდი თითოეული თვის ბოლომდე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გი--------------–---–სა და შპს „დი-–-----------------ს“ შორის ურთიერთობა შეწყდა 2010 წლის 01 მაისიდან. ბოლო ვალდებულება რომელიც შეიძლებოდა ეკისრა შპს „დი-–-----------------ის“ მიმართ გი--------------–---–ს შეიძლება დათარიღდეს 2010 წლის 1 მაისით, აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადა კი დადგებოდა ამავე თვის ბოლოს;

 

მოთხოვნის უფლება მოსარჩელე მხარეს წარმოეშვა 2010 წლის მაისის ბოლოდან, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენაც დაიწყო ამავე დროს; მისი დენა კი დასრულდა 2013 წლის მაისის ბოლოს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა სარჩელით 2019 წლის 28 მარტს. ანალოგიური მეთოდით უნდა გამოითვალოს 2010 წლამდე არსებული ხანდაზმულობის ვადაც უკან სვლით.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 895 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „დი-–-----------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი