გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
330210018002779681
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/37004-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს ,,ალ----------------ლო“

წარმომადგენლები - ქე-------------ე, სა-–--------------ე

 

მოპასუხე - შპს „ლუ---“

წარმომადგენელი - ნი---–--------–-–---–ი (დირექტორი)

 

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ლუ---“ შპს ,,ალ----------------ლოს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 961.68 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს ,,ალ----------------ლომ“ 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 24 ივლისამდე შპს „ლუ---“ მიაწოდა გარკვეული რაოდენობისა და სახეობის საქონელი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა - 1202.64. მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან შპს „ლუ---ს“ მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ - 240.96 ლარი. შესაბამისად, გადასახდელი დარჩა - 961.68 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებიდან გადახდილი აქვს 240.96 ლარი. დანარჩენი დავალიანება წარმოადგენს რაფაელოსა (572.78 ლარი) და როშენის (388.9 ლარი) ბანბანერკების დავალიანებას, რომელიც არის ვადაგასულები. აღნიშნული ვადაგასული რაფაელოების უკან დაბრუნება რომ არ გააკეთეს, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხეს განუცხადა, რომ ვადაგასული რაფაელოების თანხა არ გადაეხადა და მხოლოდ იმის ზემოთ არსებული თანხა გადაეხადა. შესაბამისად, მოპასუხეც ასე მოიქცა. რაც შეეხება როშენის ბანბანერკებს, მის დისტრიბუციას ახორციელებდა ბი-----------ი დაახლოებით 2008-2009 წლებში (სანამ ალ-----------------–ო დაიწყებდა როშენის დისტრიბუციას) და ეს 388.9 ლარის ვადაგასული როშენის ბანბანერკები, რომლებსაც უკვე მატლი ჰყავდა დასეული, დიდი ხვეწნის შემდგომ, მანქანაშიც არ ჩადეს და იქვე გადაყარეს. შესაბამისად, უნდა გაეკეთებინათ უკან დაბრუნება, რომელიც მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, არ გააკეთეს, ხოლო აღნიშნული ვალი შემდგომ ალ-----------------–ოს გადააწერეს, როგორც მოპასუხის მიერ გადაუხდელი თანხა. როდესაც შპს „ალ----------------ლოს“ წარმომადგენლები მივიდნენ შპს „ლუ--–ი“ შედარებაზე, მოპასუხემ მათ განუმარტა, რომ ეს 388.9 ლარი იყო ბი-----------ის წარმომადგენლების მიერ გადაყრილი ბანბანერკებს დავალიანება და როდესაც ობიექტის ვალებს იბარებდნენ, ორივე წარმომადგენელი უნდა მისულიყო შპს „ლუ--–ი“ და ამ უკანასკნელის წარმომადგენლის დამოწმებით (ხელის მოწერა) მოეხდინათ ვალის გადაბარება-ჩაბარება, რაზეც მოსარჩელის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ არ იქნებოდა პრობლემა თუ ამის შემდგომ გადარიცხავდა იმ თანხებს, რასაც აიღებდა. ასეც იყო წლების განმავლობაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ალ----------------ლოსა“ და შპს „ლუ---“ შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ალ----------------ლომ“ 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით შპს „ლუ---“ მიაწოდა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა - 1202.64 ლარი.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან შპს „ლუ---ს“ მიერ გადახდილია - 240.96 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ. 16-21);

- სასაქონლო ზედნადები (იხ. 18.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);

- ცნობა (იხ. ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ მას შპს „ალ----------------ლოს“ მიერ 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით მიწოდებული პროდუქციის ღირებულება სრულად აქვს გადახდილი და სარჩელში მითითებული დავალიანება - 961.68 ლარი წარმოადგენს მიწოდებული რაფაელოსა და როშენის ფირმის ბანბანერკების ღირებულებას, რომელსაც ვადა გაუვიდა და რომელიც მოსარჩელეს უკან უნდა დაებრუნებინა;

 

სასამართლო ადგენს, რომ შპს „ლუ---ს“ დავალიანება შპს „ალ----------------ლოს“ მიმართ შეადგენს - 961.68 ლარს;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მიწოდებული პროდუქციის გადაუხდელი ღირებულების - 961.68 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრებას. აღნიშნული მოთხოვნის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ. 16-21), ასევე სასაქონლო ზედნადები (იხ. 18.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება) და შპს „ალ----------------ლოს“ მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც დგინდება, რომ 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით შპს „ალ----------------ლომ“ შპს „ლუ---“ მიაწოდა ჯამში - 1202.64 ლარის ღირებულების პროდუქცია. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას აღნიშნული ღირებულებიდან გადახდილი აქვს - 240.96 ლარი, თუმცა სადავოდ ხდის იმ გარემობას, რომ მას არ ეკისრება დარჩენილი ღირებულების გადახდა ვინაიდან დარჩენილი - 961.68 ლარი წარმოადგენს მიწოდებული რაფაელოსა (572.78 ლარი) და როშენის (388.9 ლარი) ბანბანერკების დავალიანებას, რომლებსაც ვადა გაუვიდა და მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელეს უკან უნდა დაებრუნებინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს „ალ----------------ლო“ პერიოდულად იბრუნებდა შპს „ლუ---საგან“ ვადაგასულ პროდუქციას, თუმცა ეს ხდებოდა თავისი კეთილი ნებიდან გამომდინარე და ამის თაობაზე მხარეთა შორის სხვა არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ მითითებული რაფაელოსა და როშენის ბანბანერკები შპს „ლუ---სათვის“ მიწოდებულია არა 2018 წლის 15 მაისიდან - 2018 წლის 24 ივლისის პერიოდში, არამედ მანამდე ბევრად უფრო ადრე, აღნიშნულს მხარეები თავადვე ადასტურებენ.

 

ამდენად, მოპასუხე სადავოდ ხდის დავალიანების ოდენობას და მიიჩნევს, რომ მას არ ეკისრება აღნიშნული დავალიანების გადახდა, თუმცა მას მისი პოზიციის დასადასტურებლად გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს, მისი მოთხოვნის დასადასტურებლად, წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით შპს „ლუ---სათვის“ - 1202.64 ლარის პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საიდანაც სადავო არაა მოპასუხის მიერ მხოლოდ 240.96 ლარის გადახდის ფაქტი, მოპასუხის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ. 16-21);

- სასაქონლო ზედნადები (იხ. 18.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);

- ცნობა (იხ. ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ალ----------------ლოს“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, მე-400, 477-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამყიდველსა და მყიდველს გააჩნიათ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება. კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ალ----------------ლოსა“ და შპს „ლუ---“ შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ალ----------------ლომ“ 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით შპს „ლუ---“ მიაწოდა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომლის საერთო ღირებულებამ ჯამში შეადგინა - 1202.64 ლარი. ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია ასევე და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან შპს „ლუ---ს“ მიერ გადახდილ იქნა - 240.96 ლარი. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მას 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით მიწოდებული პროდუქციის ღირებულება სრულად აქვს გადახდილი და სარჩელში მითითებული დავალიანება - 961.68 ლარი წარმოადგენს შპს „ლუ---სათვის“ მიწოდებული რაფაელოსა და როშენის ფირმის ბანბანერკების ღირებულებას, რომელსაც ვადა გაუვიდა და რომელიც მოსარჩელესთან შეთანხმებით უკან უნდა დაბრუნებულიყო.

 

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია რა, რომ გამყიდველმა გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, გამყიდველს მის მიერ ვალდებულების შესრულების მომენტიდან - წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მიწოდებული პროდუქციის დარჩენილი ღირებულება - 961.68 ლარის ოდენობით.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, შპს „ლუ---“ შპს „ალ----------------ლოს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 961.68 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 50 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს „ლუ---“ მოსარჩელე შპს „ალ----------------ლოს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ალ----------------ლოს“ სარჩელი შპს „ლუ---ს“ მიმართ დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე შპს „ლუ---“ მოსარჩელე შპს „ალ----------------ლოს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 961.68 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „ლუ---“ მოსარჩელე შპს „ალ----------------ლოს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე