გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#2-559-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.04.2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე ზუ---- ტა-----–---–-
წარმომადგენელი ა-----------------–ი
მოპასუხე ვა-----გ კი-----
წარმომადგენელი გ---------------–---–ი
დავის საგანი უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის და მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზუ---- ტა-----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე ვა-----გ კი-----ს დაეკისროს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული 8000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მეორე მოთხოვნაა მოპასუხეს დაეკისროს 43200 აშშ დოლარის მოცულობის მიუღებელი შემოსავალი და გაწეული საპროცესო ხარჯები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 ვა-----გ კი-----მ სასამართლოს მომართა შესაგებლით და სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები არ ხდიან სადავოდ ვა-----გ კი-----ს მიერ მოსარჩელისგან 8000 აშშ დოლარის მიღების ფაქტს. დასახელებული თანხა მოპასუხეს გადაეცა დაბა მა---–--–ი კლდ--–---–-ს ქუჩა #--–- მდებარე უძრავი ქონების საფასურის სანაცვლოდ.
3.1.2. ზუ---- ტა-----–---–სა და ვა-----გ კი-----ს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმდა და ნივთი კვლავ ირიცხება ვა-----გ კი-----ს სახელზე.
3.1.3. ვა-----გ კი-----ს მოსარჩელისთვის 8000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია.
3.1.4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზუ---- ტა-----–---–ს დაევალა დაბა მა---–--–ი კლდ--–---–-ს ქუჩა #--–- მდებარე უძრავი ქონების ხელყოფის აღკვეთა და თავისუფალ მდგომარეობაში ვა-----გ კი-----სთვის გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1999 წლის 15 დეკემბრის შეთანხმება-ვალდებულება (ს.ფ. 26)
- 2016 წლის 23 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-25)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსსკ-ის 102-ე მუხლით დაწესებული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში დასახელებული გარემოებანი მოსარჩელე მხარემ უნდა დაადასტუროს. ზუ---- ტა-----–---–მა სასამართლოს საბანკო ანაბარზე თანხის განთავსების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოუდგინა. აქედან გამომდინარე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზუ---- ტა-----–---–-ს მიზანს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა და 8000 აშშ დოლარი განკუთვნილი არ იყო შემოსავლის მისაღებად, მათ შორის საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1999 წლის 15 დეკემბრის შეთანხმება-ვალდებულება (ს.ფ. 26)
- 2016 წლის 23 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზუ---- ტა-----–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე, 976-ე 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 8000 აშშ დოლარის ასევე მიყენებული ზიანის 43200 აშშ დოლარის დაკისრებას.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სამოქალაქო კოდექსი 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას.
მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. 976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე.
სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.
მოცემულ შემთხვევაში ზუ---- ტა-----–---–მა ვა-----გ კი-----ს გადასცა 8000 აშშ დოლარი. თანხა მოპასუხეს გადაეცა დაბა მა---–--–ი კლდ--–---–-ს ქუჩა #--–- მდებარე უძრავი ქონების საფასურის ნაწილის ანგარიშში.
დადასტურებულია, რომ ზუ---- ტა-----–---–სა და ვა-----გ კი-----ს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმდა და ნივთი კვლავ ირიცხება ვა-----გ კი-----ს სახელზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე ვა-----გ კი-----მ ზუ---- ტა-----–---–-სგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 8000 აშშ დოლარი, რაც უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე უკან უნდა იქნეს გამოთხოვილი მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების სახით 43200 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით იგი დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაბუთებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოთხოვნის ავტორმა დაამტკიცოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება სხვადასხვა პერიოდში ანგარიშზე თანხის განთავსების და შედეგად მიღებული შემოსავლის თაობაზე.
მხოლოდ დასახელებული გარემოების დადასტურების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რომ სახეზეა უშუალოდ მოპასუხის მოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, როგორც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესითაა განსაზღვრული.
სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზუ---- ტა-----–---–-ს შეეძლო ვა-----გ კი-----სთვის გადაცემული თანხების განთავსება საბანკო დეპოზიტზე და სარგებლის მიღება ვერ ქმნის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობებს. ამავე საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, 8000 აშშ დოლარი ზუ---- ტა-----–---–-ს მიერ გადახდილი იქნა უძრავი ქონების შეძენის მიზნით და აღნიშნული თანხა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი თავიდანვე არ ყოფილა. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ზუ---- ტა-----–---–- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შედეგად ვა-----გ კი-----ს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი პროპორციის სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ზუ---- ტა-----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1 ვა-----გ კი-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 8000 აშშ დოლარი.
1.2 ზუ---- ტა-----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნები ვა-----გ კი-----ს მიმართ 43200 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. ვა-----გ კი-----ს სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისროს 240 აშშ დოლარის ექვივალენტი (გადახდის დღეს არსებული კურსის გათვალისწინებით) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე