გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3237-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - შპს ,,ს---------------’’;
წარმომადგენელი - თ-------- ს----–---–-;
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენლები: გ------- მ-–---–---–---–-, თ----- გ--------–---;
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ო----- ჯ-----–---;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის N1--- განკარგულება შპს ,,ს---------------’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 29 ნოემბერს შს სამინისტროსა და შპს „ს--------------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში ანუ არა უგვიანეს 2018 წლის 8 იანვრისა შემსყიდველისთვის მიეწოდებინა დრონები და აქსესუარები, რომელთა შესყიდვის საერთო ღირებულება ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა 7----- ლარის ოდენობით. 2018 წლის 23 იანვარს, შპს „ს--------------“-მა წერილი მიწერა შს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, თუ რა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა სატენდერო პირობების ტექნიკური დავალების მიხედვით გაწერილი ერთ-ერთი უნიკალური პროდუქტის (ტენდერის ტექნიკური დავალების N1 საქონელი 1 ცალის ოდენობით - თერმული ვიდეოკამერა თავისი დეტალურად აღწერილი მახასიათებლებით ერთადერთია მსოფლიო მასშტაბით) ზუსტად იმ მოდელის მიწოდება (მწარმოებელის მიერ სხვადასხვა ტექნიკური პარამეტრების გათვლით არა რეკომენდირებული იყო ამ მოდელის ჩვენს რეგიონში გამოყენება), თუმცა სანაცვლოდ იმავე მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული იყო უფრო გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც ნაცვლად 7.5 მმ-იანი ლინზისა ქონდა 9.0 მმ-იანი ლინზა. აქვე აღსანიშნავია, რომ შპს „ს--------------“-მა შს სამინისტროს გაუმჯობესებული მოდელის მიწოდება შესთავაზა ფასის გაზრდის გარეშე და ითხოვა საქონლის მიწოდების ვადის გადაწევა 2018 წლის 13 მარტზე. 2018 წლის 15 თებერვალს, შპს „ს--------------“-მა წერილი მიწერა შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტენდერის მიხედვით განსაზღვრული ერთ-ერთი საქონელი თავისი მახასიათებლებით არის უნიკალური და მისი ზუსტი ანალოგი არ არსებობს ბაზარზე, ხოლო მწარმოებელი კი უარს აცხადებს აღნიშნული მოდელის საქართველოს ბაზარზე რეალიზაციაზე. აღნიშნულს ადასტურებს მწარმოებლის 2018 წლის 24 იანვრის წერილი და ასევე, ამავე მწარმოებლის ოფიციალური დილერი საქართველოში შპს „კ-------- ტ--“ მისი 2018 წლის 15 თებერვლის წერილით. შესაბამისად, შპს „ს--------------“-მა შს სამინისტროს მოსთხოვა, რომ ორმხივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. 2018 წლის 20 თებერვალს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტმა წერილი მიწერა შს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს, სადაც ლოჯისტიკის დეპარტამენტი ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას. 2018 წლის 21 თებერვლის წერილის საფუძველზე შს სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა ხელშეკრულების 11.1 პუნქტისა და 11.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვიტა ხელშეკრულება. 2018 წლის 23 თებერვალს შს სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა წერილი მიწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესის და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოითხოვა შპს „ს---------------“-ს „შავ სიაში“ დარეგისტრირება, ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის საფუძველზე. 2018 წლის 13 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს „ს--------------“-ს აცნობა შს სამინისტროსგან მისი „შავ სიაში“ განთავსების მოთხოვნის შესახებ.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ზეპირად განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ს---------------“ (ს/ნ 2--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 16.03.2018წ. (ს.ფ. 54-55);
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს, ქ. თბილისში, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ს--------------ს“ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრისათვის დრონებისა და აქსესუარების (თანმდევი მომსახურებით: გამართვა-ინსტალაციით) შესყიდვა (C-----------). 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულებაა 7---- ლარი. 5.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული ვადის შესაბამისად. დანართ N1-ის თანახმად, მიწოდების ვადა არის - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი (ინსპექტირების ჯგუფი). კერძოდ, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს მოთხოვნების დაზუსტებისა და მარაგებით უზრუნველყოფის სამსახურის უნიფორმების მოთხოვნების დაზუსტების და უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 10.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. 12.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან (29 ნოემბერი, 2017წ.) და მოქმედებს 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.11.2017 წლის ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--- (ს.ფ. 17-23);
3.1.3. 2018 წლის 23 იანვარს, შპს ,,ს--------------მა“ წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორს და აცნობა, რომ პროექტის განხორციელების ეტაპზე გამოიკვეთა რიგი წინააღმდეგობები, რომელიც განპირობებული არის საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიერ. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას ეცნობა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი თერმული ვიდეოკამერა არის სუპერ სენსიტიური, გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვის, სპეცოპერაციებისა და ტაქტიკური მანევრებისთვის. ასევე, მსგავსი ან ანალოგიური ტიპის კამერა არ იყო რეგიონში რეალიზებული. მწარმოებელმა კომპანიამ გადაამოწმა შემსყიდველი კომპანიისა და საბოლოო მომხმარებლის დადგენის მიზნით. ასევე, კლიმატისა და გარემო პირობების თავსებადობისათვის მიმწოდებელს შესთავაზა მოთხოვნილი საქონლის ნაცვლად გაუმჯობესებული ვარიანტი (ანუ 7,5 მ ლინზის ნაცვლად 9,0 მმ). პროდუქციის ჩანაცვლება არ გამოიწვევდა სატენდერო ღირებულების ცვლილებას. აღინიშნა, რომ პროცედურა არ იყო ცნობილი, არც ტენდერში მონაწილე კომპანიებისათვის და არც დამკვეთის (შსს-ს) მხარესათვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე ეცნობა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული იყო როგორც ამერიკული, ასევე ჩინური კომპანიები და შობა-ახალ წელთან დაკავშირებით განსხვავებული უქმე დღეების გამო კომუნიკაცია ვერ შედგა დროულად. ხსენებული წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას ეთხოვა პროექტის ჩაბარების საბოლოო ვადის გაზრდა 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს---------------ს“ 23.01.2018 წლის წერილი N-წ----------- (ს.ფ.24);
- ტექნიკური დავალება (ს.ფ. 25-27);
3.1.4. 2018 წლის 24 იანვარს, შპს ,,ს--------------მა“ წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორს და აცნობა, რომ პროექტის განხორციელების ეტაპზე გამოიკვეთა რიგი წინააღმდეგობები, რომელიც განპირობებული იყო მწარმოებელი კომპანიის ,,D------- i---------- S------ a-- T--------- C-., L--"-ს მიერ. ამავე წერილით ითხოვა მოდელის ჩანაცვლება, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა პროექტის დროულად შესრულება და პროექტის ჩაბარების საბოლოო ვადის გაზრდა 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს---------------ს" 2018 წლის 24 იანვრის წერილი (ს.ფ.130);
3.1.5. 2018 წლის 15 თებერვალს, შპს ,,ს--------------მა“ წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორს და ითხოვა კანონით გათვალისწინებული გარემოებების შესაბამისად, ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა, ვინაიდან შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მოდელის შემოტანა-რეალიზაცია. აღნიშნულ წერილს თან დაურთო N------------ 7.5 mm 1/4 მოდელის მწარმოებლის პოზიცია, ასევე, კომპანია ,,D------- i---------- S------ a-- T--------- C-., L--"-ს ო---–---–------–--------------–--------------–--------------------- შპს ,,კ-------- ტ--"-ის წერილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს---------------ს’’ 2018 წლის 15 თებერვლის წერილი (ს.ფ.47);
- კომპანია ,,D------- i---------- S------ a-- T--------- C-., L--"-ს ო---–---–------–--------------–--------------–--------------------- შპს ,,კ-------- ტ--"-ის წერილი (ს.ფ. 127);
- N------------ 7.5 mm 1/4 მოდელის მწარმოებლის პოზიცია (ს.ფ.128);
3.1.6. 2018 წლის 20 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის N M--------------- ბრძანებით შსს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორს ეცნობა, რომ 2018 წლის თებერვალს შპს ,,ს--------------მა“ წერილობით მომართა შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტს და ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 20.02.2018 წლის N M--------------- ბრძანება (ს.ფ. 39);
3.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 21 თებერვლის N M---------------- წერილით შპს ,,ს--------------ს" ეცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და 7------ ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
ამავე წერილით, მიმწოდებელ მხარეს ეცნობა მისი შავ სიაში რეგისტრაციის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესაბამისი მიმართვის გაგზავნის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 21 თებერვლის N M---------------- წერილი (ს.ფ. 41-42);
3.1.8. 2018 წლის 23 თებერვლის MIA 9------------ წერილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და მოითხოვა მიმწოდებლის - შპს ,,ს---------------ს" შავ სიაში რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის მიერ ვერ ხერხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება და მოთხოვნილ იქნა 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტა.
ამავე წერილში აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2018 წლის 21 თებერვლის N4----- წერილით შეწყვიტა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის MIA 9------------ წერილი (ს.ფ. 43-44);
3.1.9. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 13 მარტის N9-- წერილით, შპს ,,ს--------------ს’’ ეთხოვა წარმოედგინა თავისი განმარტება, ეთანხმებოდა თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს. ასევე, ეცნობა, რომ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 13 მარტის N9-- წერილი (ს.ფ. 45);
3.1.10. 2018 წლის 20 მარტს შპს ,,ს---------------ს’’ დირექტორმა წერილობით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის გამო. კერძოდ, საქონლის მწარმოებელმა კომპანიამ უარი განაცხადა ფასების ცხრილის N1 პოზიციაზე მითითებული საქონლის მიწოდებაზე საქართველოში, რაც ახსნა კომპანიის პოლიტიკით. ამასთან, კომპანიის განცხადებით, ხსენებული მოდელი არ იყო განკუთვნილი საქართველოს რეგიონისთვის და შეუძლებელი იყო, რომელიმე იურიდიულ პირს განეხორციელებინა მისი რეალიზება საქართველოში.
ამავე წერილში შპს ,,ს---------------ს’’ დირექტორმა განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეთხოვა მოდელის ჩანაცვლება, რომლის მიწოდებაც დაუბრკოლებლად შეიძლებოდა. მოდელის ცვლილებაზე უარის მიღების შემდგომ, კომპანიამ შემსყიდველ ორგანიზაციას შესთავაზა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნის გამო, კანონით გათვალისწინებული გარემოებების შესაბამისად ორმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტა. მიმწოდებელმა მხოლოდ აღნიშნა, რომ ფორსმაჟორული გარემოებების არსებობას ადასტურებდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა. შესაბამისად, შპს ,,ს---------------’’ არ ეთანხმებოდა შსს სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ საჯარიმო სანქციას და შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს---------------ს’’დირექტორის 2018 წლის 20 მარტის წერილი (ს.ფ.46);
3.1.11. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის N1--- განკარგულებით, შპს ,,ს---------------“ 2018 წლის 8 მაისს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის N1--- განკარგულება (ს.ფ. 49-52);
3.1.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - შპს ,,ს--------------ს" შს სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 184-193);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,,ს---------------“-ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის N1--- განკარგულება შპს ,,ს---------------“-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს, ქ. თბილისში, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ს--------------ს“ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრისათვის დრონებისა და აქსესუარების (თანმდევი მომსახურებით: გამართვა-ინსტალაციით) შესყიდვა (C-----------). 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულებაა 7---- ლარი. 5.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული ვადის შესაბამისად. დანართ N1-ის თანახმად, მიწოდების ვადა არის - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი (ინსპექტირების ჯგუფი). კერძოდ, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს მოთხოვნების დაზუსტებისა და მარაგებით უზრუნველყოფის სამსახურის უნიფორმების მოთხოვნების დაზუსტების და უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 10.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. 12.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან (29 ნოემბერი, 2017წ.) და მოქმედებს 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (---------------------) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ)მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს– CPV კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და მოითხოვა მიმწოდებლის - შპს ,,ს---------------ს" შავ სიაში რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის მიერ ვერ ხერხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება და მოთხოვნილ იქნა 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტა.
6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12 მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომოკიური დეპარტამენტის დირექტორის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ს---------------’’-ს მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ს---------------’’-ს მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის N1--- განკარგულება შპს ,,ს---------------’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ს---------------’’-ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,ს---------------’’-ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად -100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,ს---------------’’-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ს---------------’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი