გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/169-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - მ---------------ე
წარმომადგენელი - ი-----–-------ე
მოპასუხეები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ო-------------–--ე
2. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ა--------------ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 19 სექტემბრის N------- ბრძანება;
1.2. არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 20 იანვრის N------ ბრძანება;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მ---------------ის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე;
1.4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. მათი განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებები გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მათი არარად აღიარების სამართლებრივი საფუძვლები.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 1 მაისის N------– ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დ-----–---------------–----------------–-------------------------–-------–-–------–------–-------------------------------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აყვანილ იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კადრების განკარგულებაში და დაინიშნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დ-----–---------------–----------------–----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 1 მაისის N------– ბრძანება (იხ.ს.ფ. 17).
3.2. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა 2014 წლის 17 სექტემბერს N------- პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. სააგენტოს დირექტორმა მოითხოვა მინისტრის განკარგულება, რათა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებულიყვნენ და აეყვანათ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში 2014 წლის 17 სექტემბრიდან სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეები, მათ შორის მ----------------------------.
თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის N------- ბრძანებით, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) დ-----–---------------–----------------–--------------------–-–--------–-------------------------------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის N------ ბრძანებით, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი დ-----–---------------–----------------–--------------------–-–--------–-------------------------------------- დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2015 წლის 20 იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 17 სექტემბერს N------- პატაკი (იხ.ს.ფ. 46);
- თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის N------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 16);
- შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის N------ ბრძანება (იხ.ს.ფ. 15).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება; ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანება; საჯარო ,,სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის N56 ბრძანება (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან).
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) დ-----–---------------–----------------–--------------- (მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა) სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, მხოლოდ დასადგენია გარემოება - წარმოადგენს თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ პირთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს თუ არა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არარად.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - მ---------------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული რედაქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
დადგენილია, რომ მ------------------–--------------–-–--------–--------, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში მუშაობდა შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) დ-----–---------------–----------------–--------------- თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება, რომლის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მითითებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტების (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით.
სასამართლო ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურეები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტემანტი) დ-----–---------------–----------------–--------------- დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანისა და შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებს იმ საფუძვლით, რომ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ-ის თანამშრომლის გათავისუფლება არ შედის უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს.
სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომლითაც დადგენილია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესი და პირობები. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს, სამსახურის გავლა კი ასევე გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“, ეს არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული წოდების მქონე პირი (პოლიციელი) მიჩნეული იქნეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ; ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც, საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 74.1 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა) (სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან) დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება, რომელიც აწესრიგებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს. ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ---------------ე დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს, შესაბამისად, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს).
სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების’’ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმებით (მინისტრი - აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, იგი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე, ვინაიდან იგი წარმოადგენდა სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ-ის მოსამსახურეს. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სადავო შემთხვევაში განხორციელდა სწორედ სსიპ-ის მოსამსახურე მ---------------ის თანამდებობიდან გათავისუფლება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლით განსაზღვრულია შემთხვევები, რომლებიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძველს, კერძოდ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, არარად უნდა იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, მ---------------ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, ვინაიდან ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ.
6.4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღდგენილ იქნება მოსარჩელე გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------ის თანამდებობაზე აღდგენა უნდა დაევალოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ვინაიდან, სწორედ სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილებას წარმოადგენს სააგენტოს მოსამსახურის დანიშვნის საკითხი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, ვინაიდან მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე მ---------------ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 19 სექტემბრის N------- ბრძანება მ---------------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 20 იანვრის N------ ბრძანება მ---------------ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ;
3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მ---------------ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა;
4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე