გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
160210018002658911
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210018002658911

N2/843-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - სა------------–---ა

წარმომადგენელი - ნა----------–---–ი

მოპასუხე - ორ-------------ი

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მა---------------–--ე

თარჯიმნები: ნა--–-------------ა, სუ-------------–---–ი

დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 20 მარტს დაბადებული სი-------------ისა და 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებული ნა---------------ას საცხოვრებელ ადგილად დედის - სა------------–---ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

 

1.2. მოპასუხე ორ-------------ს შეეზღუდოს არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 20 მარტს დაბადებული სი-------------ისა და 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებული ნა---------------ას მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იმგვარად, რომ მოსარჩელე სა------------–---ამ მამის ორ-------------ის თანხმობის გარეშე აუღოს ბავშვებს საქართველოს მოქალაქის პასპორტები და გაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ და უკან დააბრუნოს, 1 წლის განმავლობაში არა უმეტეს 3 თვის ვადით, სასკოლო არდადეგებისა და დასვენების დღეებში (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2008 წლიდან, მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 20 მარტს დაბადებული სი-------------ი და 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებული ნა---------------ა. მხარეები 2016 წლის ნოემბრის თვემდე ცხოვრობდნენ ერთად. არასრულწლოვნები ამჟამად ცხოვრობენ მოპასუხის მშობლებთან, რომლებსაც გააჩნიათ ჯანმრთელობის პრობლემები. ბავშვები არ დადიან სკოლაში, რითაც იზღუდება მათი უფლებები. მოსარჩელის განმარტებით, მას სურს, რომ ბავშვები მასთან იზრდებოდნენ და ზრუნავდეს მათზე. სა------------–---ას სურს შვილებთან ერთად პერიოდულად საზღვარგარეთ წასვლა და უკან დაბრუნება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე სა------------–---ამ განმარტა, რომ მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები და ძმა. საზღვარგარეთ მუშაობენ მისი ძმა და დედა და მასთან სურს ხოლმე ბავშვებთან ერთად პერიოდულად წასვლა (იხ. 18.04.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დროებითი განკარგულების გამოცემის შემდეგ, სა------------–---ა მისული იყო ბავშვების წამოსაყვანად და ორ-------------ის მამამ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნულ ფაქტზე იგი მიცემული იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში (იხ. 18.04.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხე ორ-------------ის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ორ-------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ორ-------------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვებს არ სურთ დედასთან ცხოვრება, თვითონ არ უკრძალავს ბავშვებს დედასთან ურთიერთობას. მოპასუხის განმარტებით, მასთან საცხოვრებელი ადგილის შესამოწმებლად არ მისულა სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკი და არც ტელეფონზე დალაპარაკებიან (იხ. 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, სა------------–---ა ცხოვრობს მამის ჯა------------–---ის საცხოვრებელ სახლში, სახლი სუფთა და კეთილმოწყობილია, საცხოვრებელში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ არასრულწლოვნებმა იცხოვრონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. სა------------–---ა მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო ბავშვების მასთან გადასვლის შემდეგ დროის უმეტეს ნაწილს გაატარებს შვილებთან ერთად და დაკავებული იქნება მათი მოვლა-პატრონობით. ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე როდესაც წავა თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, ბავშვებს მეთვალყურეობას გაუწევს დედამისი, რომელიც ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ სამუშაოდ.

 

სოციალური მუშაკის მითითებით, ვიზიტის დროს ორ-------------ი არ იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მასთან არაერთხელ განახორციელა სატელეფონო კავშირი, ორ-------------ი უთანხმდებოდა კონკრეტულ დროზე, თუ როდის შეძლებდა შეხვედრას და გასაუბრებას ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მას ასევე გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, რათა გამოცხადებულიყო სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულ განყოფილებაში, თუმცა კვლავ არ მოჰყოლია მისი მხრიდან სათანადო რეაგირება. აღნიშნულის გამო, ვერ განხორციელდა ორ-------------ის ოჯახისა და მისი არასრულწლოვანი შვილების შეფასება და აზრის დაფიქსირება დავის საგანთან მიმართებაში (იხ. სოციალური მუშაკის დასკვნა ს.ფ. 50-51).

 

სასამართლო სხდომაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მა---------------–--ემ განმარტა, რომ წინააღმდეგი არაა ბავშვებმა იცხოვრონ დედასთან, ასევე ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანა არდადეგების პერიოდში არ ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესებს (იხ. 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლიდან, სა------------–---ა და ორ-------------ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2016 წლის ნოემბრის თვიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.3. სა------------–---ასა და ორ-------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 20 მარტს დაბადებული სი-------------ი და 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებული ნა---------------ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19-20);

 

3.1.4. მშობლების დაშორების შემდეგ, არასრულწლოვნები სი-------------ი და ნა---------------ა ცხოვრობენ მამასთან ორ-------------თან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 50-51).

 

3.1.5. სა------------–---ა ამჟამად არის უმუშევარი და ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. მისი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენს 1300-1400 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 50-51).

 

3.1.6. ორ-------------ის ოჯახს აქვს ფერმა, რომელსაც აქირავებენ, მათ ოჯახს აქვს არასტაბილური შემოსავალი, თვეში საშუალოდ 5000-6000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.7. არასრულწლოვანი სი-------------ი და ნა---------------ა არიან სკოლის მოსწავლეები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.8. სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა სა------------–---ას ოჯახი და გამოიკვეთა, რომ სა------------–---ა ცხოვრობს მამის ჯა------------–---ის საცხოვრებელ სახლში, სახლი სუფთა და კეთილმოწყობილია, საცხოვრებელში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ არასრულწლოვნებმა იცხოვრონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 50-51).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სოციალური მუშაკის მიერ ვერ იქნა შესწავლილი ორ-------------ისა და არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი პირობები, რადგან სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს ორ-------------ი არ იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში. მასთან არაერთხელ განახორციელა სატელეფონო კავშირი, ორ-------------ი უთანხმდებოდა კონკრეტულ დროზე თუ როდის შეძლებდა შეხვედრას და გასაუბრებას, მას ასევე გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, რათა გამოცხადებულიყო სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულ განყოფილებაში, თუმცა კვლავ არ მოჰყოლია მისი მხრიდან სათანადო რეაგირება.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლში არ მისულა სოციალური მუშაკი და არც არავინ არ დაკავშირებია ტელეფონით. მოპასუხის აღნიშნულ მითითებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, მას რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია და არც მთავარ სხდომამდე არ გაუხდია სადავოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს სასამართლომ გაუგზავნა სოციალური მუშაკის დასკვნა და გაცნობილი იყო მის შინაარსს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი პირობების შესწავლა ვერ განხორციელდა ორ-------------ის წინააღმდეგობის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 50-51);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, ის გარემოება, რომ ორ-------------ი და მისი ოჯახის წევრები არ აძლევენ სა------------–---ას შვილებთან ურთიერთობის საშუალებას. კერძოდ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სა------------–---ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებული იქნა დროებითი განკარგულება და სა------------–---ას შვილებთან - 2009 წლის 20 მარტს დაბადებულ სი-------------თან და 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებულ ნა---------------ასთან ურთიერთობისათვის ყოველკვირეულად განესაზღვრა დრო პარასკევს 17:00 საათიდან - კვირას 17:00 საათამდე. დროებითი განკარგულების საფუძველზე სა------------–---ა გამოცხადდა შვილების სანახავად, რა დროსაც ორ-------------ის მამამ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნულ ფაქტზე იგი მიცემული იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. აღნიშნული გარემოება სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოპასუხე ორ-------------მაც.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს სხდომაზე გამოკითხვის დროს არასრულწლოვნებმა სი-------------მა და ნა---------------ამ უარი გამოთქვეს დედასთან საცხოვრებლად გადასვლაზე, თუმცა დედასთან ცხოვრებაზე უარის კონკრეტული მიზეზი ვერ მიუთითეს. ძირითადი არგუმენტი დედასთან ცხოვრებაზე უარის თქმის იყო ის, რომ დედა არ შეურიგდა მამას, ასევე დედამ მამის მეგობრების თანდასწრებით მამას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ ბავშვებს თვითონ არ სურთ დედასთან ცხოვრება, რადგან ბავშვები ვერ უთითებენ უშუალოდ მათთან დაკავშირებულ მიზეზებზე, დედასთან ცხოვრების საწინააღმდეგო არგუმენტები კი გამომდინარეობს მშობლებს შორის არსებული უთანხმოებიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- არასრულწლოვნების სი-------------ისა და ნა---------------ას განმარტებები (იხ. 19.02.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 16:24:13-16:40:35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 18.04.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოსარჩელე სა------------–---ას დედა და ძმა მუშაობენ საზღვარგარეთ და მათ სანახავად სურს მოსარჩელეს პერიოდულად წასვლა, არასრულწლოვან შვილებთან ერთად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 18.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სა------------–---ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-1199-ე, 1201-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს, ხოლო 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხს სასამართლო წყვეტს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ბავშვის აღზრდის ინტერესებში სასამართლო ითვალისწინებს მშობლების მატერიალურ პირობებს, ასევე მხედველობაში იღებს თუ როგორი მორალური გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვისათვის მატერიალური მდგომარეობის, ასაკის, მორალური სახის, ინტელექტუალური დონისა და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით.

 

კანონი არ ცნობს რომელიმე მშობლის უპირატეს უფლებას შვილების მიმართ, ვინაიდან, არა უფლებათა უპირატესობა, არამედ ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესები უნდა იყოს ამ დროს გადამწყვეტი. პირველ რიგში სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვების ასაკს. მოცემულ შემთხვევაში, სი-------------ი არის 10 წლის, ხოლო ნა---------------ა - 8 წლის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაზე, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, შეესაბამება ბავშვების მოთხოვნებს და შესაბამისობაშია არსებულ სტანდარტებთან. როგორც სა------------–---ას, ისე ორ-------------ის ოჯახებს აქვთ სტაბილური შემოსავალი და ორივე მხარეს შესწევს უნარი იზრუნონ საკუთარ შვილებზე.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ,,ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას’’.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად ,,მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს’’.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

ამდენად, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო გამოდის უპირველეს ყოვლისა ბავშვის ინტერესებიდან და ითვალისწინებს მათ ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვებს მოუწევთ ყოფნა, მათი ცხოვრების წესს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დედის მცდელობაზე არ გაწყვიტოს შვილებთან ურთიერთობა და შეუქმნას მათ ნორმალური საცხოვრებელი გარემო, ხოლო მამა თავის მხრივ, არ აძლევს დედას საშუალებას, რომ თავის არასრულწლოვან შვილებთან ჰქონდეს ურთიერთობა. ასევე მხედველობაში იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს თვლის, რომ სა------------–---ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და არასრულწლოვნების: სი-------------ისა და ნა---------------ას საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, სა------------–---ას საცხოვრებელი ადგილი.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელთანაც შვილები ცხოვრობენ, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილებთან და მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საქართველოდან 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის დროებითი გასვლა მისი კანონიერი წარმომადგენლის უნებართვოდ და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადად მიმართულია საქართველოდან არასრულწლოვნების დროებით გაყვანის უფლების მოპოვებისკენ.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად, ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სა------------–---ა და ორ-------------ი ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის დედა და ძმა იმყოფებიან საზღვარგარეთ და მოსარჩელეს სურს მათ სანახავად ბავშვებთან ერთად წასვლა. მართალია, მოპასუხემ ამ ნაწილშიც არ ცნო სარჩელი, თუმცა ვერ მიუთითა კონკრეტულ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა დედისათვის ამგვარი უფლების მინიჭებას.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ასევე იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანა არდადეგების პერიოდში არ ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს გააჩნია დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება. უფლება, თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში, ეზიაროს ხელოვნებას.

 

კანონის ამ მოთხოვნებიდან და საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნის დასაბუთებულობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სა------------–---ას მოთხოვნა მოპასუხე ორ-------------ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სა------------–---ას სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ორ-------------ის მოსარჩელე სა------------–---ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სა------------–---ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 20 მარტს დაბადებული სი-------------ის და 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებული ნა---------------ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის სა------------–---ას საცხოვრებელი ადგილი.

 

3. მოპასუხე ორ-------------ს (პ/ნ 2----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იმგვარად, რომ მოსარჩელე სა------------–---ას (პ/ნ 2----------) მიეცეს უფლება არასრულწლოვან შვილებს: 2009 წლის 20 მარტს დაბადებული სი-------------სა და 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებული ნა---------------ას აუღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიყვანოს ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ, წლის განმალობაში არაუმეტეს 3 თვის ვადით, სასკოლო არდადეგების პერიოდში, მამის ორ-------------ის თანხმობის გარეშე.

 

4. მოპასუხე ორ-------------ს მოსარჩელე სა------------–---ას სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება დროებითი განკარგულების გაცემის შესახებ, დარჩეს უცვლელად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე