განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
110100118002614763
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100118002614763

N1/192-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 მაისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - დ----- ბ-------;

 

ბრალდებული - ნ---- ც-------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზ------------------------------–----------------;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 7------ის ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2017 წლის აგვისტოში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–----- ს----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ---- ც-------ს, ბაბუამ (პაპა), მ------- ც-------მ თხოვა შეეწყვიტა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც განაწყენებულმა ნ---- ც-------მ, ორჯერ დაარტყა ხელი გულმკერდის არეში მ------- ც-------ს და მიანარცხა ფანჯარაზე, რის შედეგადაც მ------- ც-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 7----–--ს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზ------------------------------–----- ს----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ---- ც-------ს, ბაბუამ (პაპა) - მ------- ც-------მ თხოვა შეეწყვიტა უწმაწური სიტყვებით საუბარი, რის გამოც, განაწყენებულმა ნ---- ც-------მ, ბრტყელტუჩა ესროლა ფეხის არეში მ------- ც-------ს, რის შემდეგაც, ნ---- ც-------მ, განაგრძო რა ძალადობა, ორჯერ დაარტყა სახრახნისი მ------- ც-------ს ბარძაყის არეში. აღნიშნული ქმედებებით მ------- ც-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2017 წლის აგვისტოში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–----- ს----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ---- ც-------ს, ბაბუის (პაპა), მ------- ც------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

4. 2018 წლის 7----–--ს, ზ------------------------------–----- ს----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ---- ც-------ს, ბაბუის (პაპა) - მ------- ც------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ------- ც-------მ განაცხადა, რომ ნ---- ც------- არის მისი შვილიშვილი და ისინი ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–-------- ს----ში.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---–- ც-------მ განაცხადა, რომ მ------- ც------- არის მისი მეუღლე, ხოლო ნ---- ც------- შვილიშვილი და ისინი ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–-------- ს----ში.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- ც-------მ განაცხადა, რომ მ------- ც------- არის მისი ბაბუა, ხოლო ნ---- ც------- ძმა და ისინი ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–-------- ს----ში.

 

8. 1996 წლის 21 ნოემბრის ნ---- ც------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ნათია ც-------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია პ----- ც-------.

 

9. 1976 წლის 30 სექტემბრის პ----- ც------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ლ---–- ც-------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია მ------- ც-------.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ---- ც------- და დაზარალებული მ------- ც------- არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება: 1) ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი);

 

2) ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 7------ის ეპიზოდი);

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ------- ც-------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზ------------------------------–-------- ს----ში, მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად. 2018 წლის 7------ს, იმყოფებოდა სათევზაოდ მეგობრებთან ერთად და ცოტაც დალია. როდესაც სახლში დაბრუნდა, ნ---- ც------- აბაზანაში რაღაცას აკეთებდა ბრტყელტუჩათი და სახრახნისით. უთხრა, რომ გამოსულიყო, უნდა ებანავა. ნ----მ უპასუხა, რომ მორჩებოდა და მერე ებანავა. ნ---- ამ პერიოდში აღგზნებული იყო და ვერ იგებდა ნათქვამს. შელაპარაკებისას, ნ----მ მას ესროლა ბრტყელტუჩა, რომელიც მოხვდა ფეხზე, თუმცა ტკივილი არ განუცდია. იმ დღეს, ნ----ს მისთვის სახრახნისი ფეხში არ დაურტყამს, რაიმე სახის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რა მიუყენებია, გარდა ბრტყელტუჩის სროლისა. მას პოლიციისთვის არ დაურეკავს და დახმარება არ უთხოვია. ვინაიდან ნ---- აღგზნებული იყო, დარეკა ექიმთან და სთხოვა შვილიშვილის გადაყვანა საავადმყოფოში. ნ----ს, არც 2017 წლის ივნისის თვეში მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზიანებები, ნეკნზე, რომელიც ჰქონდა, მიიღო თევზაობის დროს, როდესაც დაეცა ქვებზე. აღნიშნულის თაობაზე მან გამომძიებელსაც უთხრა და ექსპერტსაც. მათთვის, შვილიშვილმა მომაყენა დაზიანებებიო, არ უთქვამს. დაზარალებულის განმარტებით, 2017-2018 წლებში, ნ---- ც-------ს მისთვის რაიმე სახის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არასდროს მიუყენებია. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებები (ტომი I, ს.ფ. 12-14, 199-200), თუმცა მ------- ც-------მ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმებში მითითებული ის გარემოებები, რომლებიც ეხებოდა ნ---- ც------ის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. პროკურორის და ადვოკატის შეკითხვებზე დაზარალებულმა განმარტა, რომ მას კარგად არ ესმის და გამომძიებელი რასაც ეუბნებოდა, ყველაფერზე თავს უქნევდა. მართალია გამოკითხვის ოქმებზე არსებული მინაწერები და ხელის მოწერა მას ეკუთვნის, თუმცა არ წაუკითხავს ჩვენება. ის ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურს სასმელს, ეჩვენება რაღაცეები. გამოკითხვის დროსაც იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში და გამომძიებელს, მისთვის არ უკითხავს იყო თუ არა ნასვამი. ის არის თევზაობის მოყვარული, ხშირად დადის მდინარეზე და ქვებზე გადაადგილებისას, იღებს დაზიანებებს.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- ც-------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზ------------------------------–-------- ს----ში. მათ ოჯახში არასდროს მომხდარა კონფლიქტი, ნ---- ც-------სა და მ------- ც-------ს შორის. თვითონ არასდროს შესწრებია ფაქტს, რომ ნ----ს დაზიანებები მიეყენებინოს მ-------ისათვის. მ------- ც-------ს ჰყავს ორი შვილი გარდაცვლილი, არის ალკოჰოლის მომხმარებელი და ეჩვენება რაღაცეები. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 59-60) ნაწილი, სადაც აღნიშნულია „2017 წლის ივნისს, მათ კონფლიქტს მე არ შევსწრებივარ, ხოლო როდესაც მივედი სახლში, გავიგე ბაბუადან, რომელიც იყო დაწოლილი, რომ ჩემმა ძმამ, ნ----მ, მას უნებლიედ კრა ხელი, რის გამოც მას ატკივდა გვერდი“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ არ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის ოქმზე მინაწერი და ხელის მოწერა მას ეკუთვნის, თუმცა გამოკითხვის ოქმს წერდა გამომძიებელი და რა დაწერა, არ იცის.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---–- ც-------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზ------------------------------–-------- ს----ში, მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად. 2018 წლის 7------ს, მ------- ც-------სა და ნ---- ც-------ს შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. ნ---- ც-------ს ჰქონდა ჯანმრთელობის, ფსიქიური პრობლემები. მ-------ი იძახდა საავადმყოფოში დავრეკოთ, ბავშვი წავაყვანინოთ სამკურნალოდო. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენებები (ტომი I, ს.ფ. 34-37, 231-233), თუმცა ლ---–- ც-------მ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმებში მითითებული ის გარემოებები, რომლებიც ეხებოდა ნ---- ც------ის მიერ მ------- ც------ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის ოქმზე ხელის მოწერა და მინაწერები მის მიერ არის შესრულებული, თუმცა გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს. რაც არ მომხდარა, როგორ იტყოდა, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ წერია გამოკითხვის ოქმში ძალადობის შესახებ. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მისი თანხმობით ჩატარდა, ვინაიდან არაფერი მომხდარა და საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა დათვალიერების. მოწმის განმარტებითვე, ნ---- ც-------ს, ბაბუისათვის, მ------- ც------ისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწის სახით დაკითხულმა ლ-–- გ--–-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ს----ის პოლიციის განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ნ---- ც------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო ბრტყელტუჩა და სახრახნისი, შეადგინა ნიმუშის აღების ოქმები, დანიშნა ექსპერტიზები, 112-დან გამოითხოვა აუდიო ჩანაწერი, გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება ნ.ც-------ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ნ---- ც------ის მიმართ. მოწმის განმარტებით, როდესაც გამოკითხა დაზარალებული მ------- ც-------, მას ალკოჰოლის მოხმარების ფაქტი არ ემჩნეოდა, იქცეოდა და იმყოფებოდა ადეკვატურ მდგომარეობაში.

 

16. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ბრალდებულმა ნ---- ც-------მ, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.

 

17. 2018 წლის 7------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზ------------------------------–-------- ს----ში და წარმოადგენს მ------- ც------ის საცხოვრებელ სახლს.... დათვალიერების შედეგად, ამოღებული იქნა: „მოკარიჩნო ფერის ე.წ პლოსკო ლითონის, რომელსაც აქვს მარჯვენა სახელური მოტეხილი, დაილუქა ერთ პაკეტად 33/10 ბეჭდით. პლასტმასის სახელურიანი ატვიორკა, რომელსაც სახელური აქვს მოშაო ფერის, ხოლო პირი ლითონის. ლითონის ქვედა ნაწილში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში ერთ პაკეტად 33/10 ლუქის ბეჭდით“.

 

18. 2018 წლის 7------ის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- გ--–-----ის მიერ, დაზარალებულ მ------- ც------ისაგან ამოღებული იქნა მოშავო ფერის ნაჭრის შარვალი, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა ტოტის შიდა ზედა ნაწილში და ასევე, მარცხენა ტოტის გარე ზედა ნაწილში (აღნიშნული შარვალი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 07.06.1-–--------------------–------- სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ------- ც-------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (მარჯვენა ტერფის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ზოლისებრი ფორმის მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 2.3X0.4სმ. მარჯვენა ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ორი ნაჭდევი თითოეული ზომით 2.0X0.2სმ და 3.4X0.6სმ. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ორი ნაჭდევი თითოეული ზომით 5.2X0.5სმ და 9.3X0.5სმ. ცხვირის ზურგზე ცენტრალურად შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის მოყავისფრო-მორუხო ფერის, მშრალი, სქელი ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 0.6X0.3სმ (მისი გადმოცემით არ ახსოვს თუ როდის და რა ვითარებაში მიიღო ცხვირზე არსებული დაზიანება). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ცხვირის ზურგზე ცენტრალურად შუა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

20. 2018 წლის 4 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- გ--–-----ის მიერ დათვალიერებული იქნა სსიპ 112-ის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი და გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი სადაც აღნიშნულია: „112-ის ოპერატორი: - 112 გისმენთ; მ------- ც------- პასუხობს: - რომელი ბრძანდებით? პოლიცია მინდა; 112-ის ოპერატორი: - მითხარით მისამართი ბატონო; მ------- ც------- პასუხობს: - გიჟების ქვეყანაში ვართ. შვილიშვილი მყავს, სახლში სულ დამალეწა ყველაფერი. 5 თვეა ვინახავ, ვინახავ და ვერ მოვუხერხე ვერაფერი. ზესტაფონელი კაცი ვარ, სოფელი მ------ ს----ი, მ------- ც-------. მოვიდეს პოლიცია ან წაათრიონ სადღაცა ექიმთან ან დაიჭირონ. სულ დანებით დამჭრა; 112-ის ოპერატორი: - ზესტაფონი, მ------ ს----ი, სად მოვიდეს პოლიცია?; ც------- მ-------ი, მ------ ს----ი, იკითხონ პორშინა, ძაან შევიწროვებული ვარ, უნდა მოვკლა?, შვილიშვილია ბოლობოლო, მომეშველეთ რაღაცნაირად“ (აღნიშნული აუდიო ჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ შარვალზე არსებული გამჭოლი დაზიანება განვითარებულია რაღაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი სახრახნისი ან სხვა მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი. დაზიანებების ადგილმდებარეობა აღწერილია დასკვნის კვლევით ნაწილში. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--- ხ------მ.

 

22. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ნ---- ც------- დაავადებულია შიზოტიპური აშლილობით (კოდი - F-21; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს ის დაავადებული იყო შიზოტიპური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის, იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

 

23. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: - პაკეტში წარწერით: „.....სახრახნისი.....“, მოთავსებულ სახრახნისის პირზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------- ც-------ს (ობ. N8, პაკეტი, წარწერით: „......დაზარალებულ მ------- ც------ის ნერწყვის ნიმუში...“). ამავე სარხახნისის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1ა) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

- პაკეტში, წარწერით: „..... შემთხვევის ადგილზე ამოღებული ბრტყელტუჩა (პლოსკო)“...“, მოთავსებულ ბრტყელტუჩაზე (ობ. N2,2ა) არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

- პაკეტში, წარწერით: „...შარვალი...“, მოთავსებულ შარვალზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------- ც-------ს (ობ. N8). ამავე შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N3, 3დ, 6) სისხლი არ აღმოჩნდა. შარვალზე არსებული ქსოვილის დეფექტების ირგვლივ (ობ. N3ა, 3ბ, 3გ) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

24. როგორც წინასასამართლო, ასევე, საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების შ----- კ----–-–---–-ს, ვ----– გ---–---–-ს, დ----- ა---–--ის, თ------ ჭ-----ს, თ-------- ფ---–---–---ს, ა-----– ა---–------ის, მ------ ფ------–--ის, დ----- მ-------ის, ე---------ე ს-------–--ის დაკითხვა.

 

25. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

26. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ---- ც------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ნ---- ც------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნ---- ც------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ნ---- ც------ის მხრიდან დაზარალებულ მ------- ც------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში და 2018 წლის 7------ს, ზ------------------------------–-------- ს----ში, საცხოვრებელ სახლში, ნ---- ც-------ს, ბაბუის - მ------- ც------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

30. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

31. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

33. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ---- ც------ის მიერ მ------- ც------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - შ----- კ----–-–---–-ს და ვ----– გ---–---–-ს გამოკითხვის ოქმები, რომლებიც დაცვის მხარის მიერ, უდავოდ იქნა მიჩნეული. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ---- ც------ის მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. დაცვის მხარის მიერ, უდავოდ ცნობილ ვ----– გ---–---–-ს გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ 2018 წლის 7------ს, შეტყობინების საფუძველზე, შ----- კუბლაშვილთან ერთად გამოცხადდა ზ------------------------------–-------- ს----ში, მ------- ც------ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისულს, მ------- ც-------მ განუცხადა, რომ შვილიშვილმა, ნ---- ც-------მ სახრახნისი დაარტყა ბარძაყის არეში, ასევე, ესროლა ბრტყელტუჩა. ანალოგიურია მითითებული შ.კ----–-–---–-ს გამოკითხვის ოქმშიც. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულის სახით დაკითხულმა მ------- ც-------მ უარყო ნ---- ც------ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის განხორციელების - სახრახნისის ჩარტყმის ფაქტი, ხოლო ბრტყელტუჩას მოხვედრის ფაქტზე განაცხადა, რომ ტკივილი არ უგრძვნია. შესაბამისად, მიუხედავად გამოკითხვის ოქმების პრეიუდიციულობისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მასში მითითებული გარემოებები, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, მასში ასახული ინფორმაცია, ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ - დაზარალებულ მ------- ც------ის ჩვენებას. სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია მ------- ც------ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. ასევე, ყურადსაღებია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც აღნიშნულია დაზარალებულის სისხლის არსებობა სახრახნისზე, თუმცა, თავად დაზარალებულის განმარტებით, მას სახრახნისთან შეხება ჰქონდა, მისი კუთვნილი ნივთიცაა. თუმცა, მანვე კატეგორიულად უარყო ნ---- ც------ის მიერ, მისთვის სახრახსნისის ჩარტყმის ფაქტი. რაც, ასევე, უარყო მოწმე ლ---–- ც-------მაც. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სახრახნისზე არსებული სისხლი ეკუთვნის დაზარალებულს, აპრიორი არ ამტკიცებს ნ---- ც------ის მხრიდან დაზარალებულისათვის სახრახნისის ჩარტყმის ფაქტს. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ან/და სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის სახით დაკითხულმა მ------- ც-------მ განაცხადა, რომ როდესაც მას ნ---- ც-------მ ბრტყელტუჩა ესროლა და მოხვდა ფეხზე, ტკივილი არ განუცდია.

 

34. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ნ---- ც------- უნდა გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდით) და 2) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 7------ის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

35. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ---- ც------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდით) და სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 7------ის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში;

 

ნ---- ც------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის N12/14-2018 განჩინებით ნელი ბოგვერაძის (პ/ნ 1----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ხ---------–--------------------–----–--, საკადასტრო კოდით N------------);

 

გამართლებულ ნ---- ც-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სახრახნისი (ე.წ. ატვიორკა) და ბრტყელტუჩა (ე.წ. პლოსკო), მ------- ც------ისგან ამოღებული შარვალი, დაუბრუნდეს მ------- ც-------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

სსიპ 112-ის აუდიო ჩანაწერი, „CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

მ------- ც------ისგან და ნ---- ც------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე