გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
330210019002997952
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10718-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს ,,გო-–------ი"

წარმომადგენელი - და--------–----------–---ე

 

მოპასუხე - შპს ,,ბო---------------ი''

წარმომადგენელი - ინ---------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ბო---------------ს” შპს ,,გო-–------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 8 715 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

მხარეებს აკავშირებთ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება. მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა სახის პროდუქციას (შესაფუთი მასალები). 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 11 274 ლარი, საიდანაც მოპასუხეს გადასახდელი აქვს 8 715 ლარი. ყოველი მიწოდებისას მყიდველს ეგზავნებოდა ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები.

 

მოსარჩელემ მიმართა აღ------–---------------–-------ოს, სადაც მოპასუხემ წარადგინა წინადადება, რომ დავალიანებას დაფარავდა 24 თვის ვადაში, რაზეც არ დაეთანხმა მოსარჩელე, რის გამოც გამოიცა გადაწყვეტილება ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 4 000 ლარის ოდენობით და განმარტა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, მოპასუხეს გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი 4715 ლარის ოდენობით შპს ,,გო-–------ის" დირექტორისათვის ხელზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არა აქვს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ბო---------------სა” და შპს ,,გო-–------ს" შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულის საფუძველზე, შპს ,,გო-–------მა" მოპასუხე შპს ,,ბო---------------ს” 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის ივნისამდე მიაწოდა სხვადასხვა სახის პროდუქცია (შესაფუთი მასალები), რომლის ღირებულებამ შეადგინა 11 274 ლარი.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან შპს ,,ბო---------------ის” მიერ გადახდილია - 2 559 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ. 16-25ლ

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ დარჩენილი დავალიანებიდან 8 715 ლარიდან მას გადახდილი აქვს 4 715 ლარი და მისი დავალიანება შეადგენს 4 000 ლარს;

 

სასამართლო ადგენს, რომ შპს ,,ბო---------------ის" დავალიანება შპს „გო-–------ის“ მიმართ შეადგენს 8 715 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-570-541-2015, 11.11.2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მიწოდებული პროდუქციის გადაუხდელი ღირებულების - 8 715 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. აღნიშნული მოთხოვნის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ. 16-25), საიდანაც დგინდება, რომ 2018 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით შპს „გო-–------მა" შპს „ბო---------------ს“ მიაწოდა ჯამში - 11 274 ლარის ღირებულების პროდუქცია. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას აღნიშნული ღირებულებიდან გადახდილი აქვს თანხა არასრულად. დარჩენილი თანხის 8 715 ლარის გადახდასთან დაკავშრებით კი, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

თანხის გადახდის თაობაზე მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად უნდა მოხდეს. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა უნაღდო, ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით 4 715 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა, ხოლო მოპასუხის წარმომადგენლის მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებას სასამართლო ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ, სახეზეა, შპს ,,გო-–------ის" სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 477-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 4 000 ლარის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი). აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გო-–------ის" სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.2. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამყიდველსა და მყიდველს გააჩნიათ.

 

6.3. განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება ნასყიდობის ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება. კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულის საფუძველზე, შპს ,,გო-–------მა" მოპასუხე შპს ,,ბო---------------ს” 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის ივნისამდე მიაწოდა სხვადასხვა სახის პროდუქცია (შესაფუთი მასალები), რომლის ღირებულებამ შეადგინა 11 274 ლარი. ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია ასევე და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხემ ნაყიდობის ხელშეკრულებიდან გამომოდინარე თანხის გადახდის ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დავალიანება შეადგენს 4 000 ლარს, რის გამოც, შპს ,,ბო---------------ს” შპს ,,გო-–------ის" სასარგებლოდ 8 715 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი).

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია რა, რომ გამყიდველმა გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, გამყიდველს მის მიერ ვალდებულების შესრულების მომენტიდან - წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მიწოდებული პროდუქციის დარჩენილი ღირებულება - 8715 ლარის ოდენობით.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, შპს ,,ბო---------------ს” შპს ,,გო-–------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 8715 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 262 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარისა და სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 4000 ლარის ნაწილში. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი - ანუ 120 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, გაღებულ იქნა იურიდიული მომსახურების ხარჯი - 500 ლარის ოდენობით. დავის საგნის ღირებულების, საქმის სირთულის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ - 250 ლარის გადახდა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 141.45 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 8 715 ლარს, რომლის 3 %-ია 261.45 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება, რაც განსახილველ შემთხვევაში 00.55 ლარია.

 

რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟს - 50 ლარს, სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,გო-–------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ბო---------------ს” შპს ,,გო-–------ის" სასარგებლოდ დაეკისროს - 8 715 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს ,,ბო---------------ს” შპს ,,გო-–------ის" სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 141.45 ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ - 250 ლარის გადახდა.

 

3. შპს ,,გო-–------ს" დაუბრუნდეს და--------–----------–---ის მიერ 19/10/2018 წელს სს „თი---------–ი'' სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 262.00 ლარის ნაწილი - 120.55 ლარი (სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება №0).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელა.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე