გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
140310019002896452
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019002896452

საქმე № 3/49-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

მოსარჩელე: ქ------- შ---------ი

 

მოპასუხე: საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი

 

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

სახელფასო დავალიანების - 855,72 ლარის საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისთვის (ს/კ 217884181) გადასახდელად დაკისრება.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ქ------- შ---------ი (პ.ნ 4----------) მუშაობდა საქართველოს შს რაიგანყოფილების საპასპორტო სამსახურში და მას მისაღები აქვს 1998 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნომებრის, 1999 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის და 2003 წლის ნოემბრის თვის ხელფასი - 967, 11 ლარი, საიდანაც ხელზე ასაღბი თანხა შეადგენს 855,72 ლარს. აღნიშნული დავალიანების მიღების მიზნით, 2019 წლის 4 მარტს მიმართა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს, საიდანაც 2019 წლის 05 მარტს მიღებული №573358 წერილის თანახმად, ეცნობა, რომ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტი ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. ამასთან, ქ------- შ---------ს ეცნობა, რომ 2019 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კაკნონით არ იქნა გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებები წინა წლების ფაქტობრივი სახელფასო დავალიანების დასაფარად და მოქმედი კანონმდებლობით მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ქ.შ---------ს აუნაზღაურონ სახელფასო დავალიანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ პოლიციელის ხელფასი შედგება თანამდებობრივი და წოდებისთვის დადგენილი სარგოებისაგან. ე.ი. ხელფასში არ შედის ულუფის კომპენსაცია და წელთა ნამსახურის დანამატი და ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ დამატებით კომპონენტებს. როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, იგი დავობს 1998-2003 წლების გარკვეული თვეების ხელფასის ანაზრაურებას. აღნიშნულ შემთხვევაში, მის მიერ ხელფასის მოთხოვნაზე, წელთნამსახურის დანამატსა და ულუფის კომპნესაციაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. კერძოდ: ხელფასი(თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) და ულუფის კომპენსაცია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილ მოთხოვნათა რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტს არ აუნაზღაურებია 1998-2003 წლების ცალკეული თვეების ხელფასი, წელთნამსახურის დანამატი და ულუფის კომპენსაცია. ე.ი. იცოდა მისი დარღვეული უფლების თაობაზე, მაგრამ მას თავისი დარღვეული უფლების შესახებ სასამართლოსთვის არ მიუმართავს 2019 წლამდე. ამდენად, მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. გარდა ამისა, თუნდაც არ გავრცელებულიყო ხანდაზმულობის ვადა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მართლაც რომ ჰქონოდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანება, ვერ შეძლებდა შეესრულებინა მოსარჩელის მოთხოვნა და მოითხოვდა არ დაკმაყოფილებულიყო სარჩელი, ვინაიდან, ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიოზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. ამდენად, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას სხვა სახსრებს მიმართოს სახელფასო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მის დასაფარავად, წინააღმდეგ შემთვევაში ადგილი ექნება ,,ახალი დავალიანების დაგროვებას“, რასაც კრძალავს ზემოაღნიშნული კანონი.

შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი არ სცნობს სარჩელს და მოითხოვს არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.მოსარჩელემ 2019 წლის 04 მარტს მიმართა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტს, ცალკეული თვეების ხელფასის - 855,72 ლარის დავალიანების მიღების მიზნით. შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტის 2019 წლის 05 მარტის №573358 ცნობით მოსარჩელეს უარი ეთქვა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებაზე;

მტკიცებულება: შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტის 2019 წლის 05 მარტის №573358 მიმართვა;

 

3.2. ქ------- შ---------ი (პირ. №4----------) მუშაობდა საქართველოს შსს ორგანოებში, რომლისთვისაც 1998, 1999, 2000, 2003 წლების ცალკეული თვეების ხელზე გასაცემი ასანაზღაურებელი დავალიანება მთლიანად შეადგენს: თანამდებობრივი სარგო _ 318,11 ლარი, წოდების სარგო - 0.00 ლარი, წელთა ნამსახურობის დანამატი - 0.00 ლარი და ულუფის კომპენსაცია _ 649 ლარი, სულ- 967,11 ლარი; აქედან საშემოსავლო გადასახადი 111,39 ლარია, გასაცემი თანხა - 855,72 ლარი.

მტკიცებულება: საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 04 მარტის № 552931 მიმართვა, სახელფასო უწყისი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სასარჩელო მოთხოვნის კანონიერად მიჩნევის საფუძველს, გარდა 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციისა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

ქ------- შ---------ი მუშაობდა რა საქართველოს შსს ორგანოებში, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის (1997 წლის კანონი) მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს;

იმავე კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის (1993 წლის რედ.) 31-ე მუხლი, ხელფასის შემადგენელი კომპონენტების განსაზღვრის მიზნით;

ამ მუხლის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულად იქნა განმარტებული ხელფასის შემადგენლობა;

ამ კანონის 31-ე მუხლში 2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს;

ამდენად, წელთა ნამსახურობის დანამატი და დანამატი ულუფისათვის 2000 წლის 28 ივნისის ცვლილებებამდე შედიოდა ხელფასში და წარმოადგენდა მის შემადგენელ ნაწილს;

,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის № 139-ე ბრძანებულებით) 55-ე მუხლით (ძვ. რედ.), პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს;

პოლიციის თანამშრომელი წარმოადგენდა სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეს, რომელსაც უფლება ჰქონდა, მიეღო ხელფასი კანონით გათვალისწინებულ დანამატებთან ერთად.

აღნიშნულის შესაბამისად, იმ პერიოდისათვის ულუფის კომპენსაცია და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა ხელფასს, მის შემადგენელ ნაწილს;

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ 1999, 2000, 2003 წლების ცალკეული თვეების მიუღებელ ხელფასზე;

,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად (დავალიანებების დაფარვა), სახელფასო დავალიანება ასევე წარმოადგენს აღიარებულ დავალიანებას, რაც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას ხელფასზე;

მითითებული მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულია ძველი დავალიანებების დაფარვის შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელფასო დავალიანება ძველ ურთიერთობებზე აღიარებულია ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონითაც. ახალი დავალიანებების დაგროვებაში კი იგულისხმება კანონის მოქმედების დროისათვის საჯარო სამსახურში მყოფ პირთა მიმართ სახელფასო დავალიანებების წარმოშობა იმ მიზეზით, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებებით მოხდა ძველი დავალიანებების დაფარვა, რაზეც კანონი მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს სწორედ საბიუჯეტო დაწესებულებას.

როგორც აღინიშნა, ქ------- შ---------ის 1999, 2000, 2003 წლების ცალკეული თვეების თანამდებობრივი სარგო, სულ _ 796.72 ლარი მთლიანად წარმოადგენდა ხელფასს;

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის (1993 წლის რედ.) 31-ე მუხლი 2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ახლებურად ჩამოყალიბდა, კერძოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტი ხელფასში მოიაზრებდა თანამდებობრივ სარგოსა და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს, და მასში აღარ შედიოდა დანამატი წელთა ნამსახურობისა და ულუფის კომპენსაციისათვის;

ზემოთ მითითებულ ნორმათა საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა კომპენსაცია ულუფისათვის _ 59 ლარი 2003 წლის ნოემბრისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ 2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ხელფასიდან წელთა ნამსახურობის დანამატისა და კვების კომპენსაციის გამოსვლის შემდეგ, მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას სანივთე ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 04 მარტის №552931 მიმართვა, რომლითაც გაირკვა მოსარჩელის მიმართ დეპარტამენტის დავალიანების არსებობა, თავისი შინაარსით, საჯარო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს წარმოადგენს და არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს პირდაპირი სახის დაპირებას ამ თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების შესახებ (მითითებულია მხოლოდ ზოგადად მიუღებელი ანაზღაურების თაობაზე).

აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონებრივი უფლების - 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის (59 ლარი) ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია და ამ ნაწილში დაკმაყოფილებული ვერ იქნება;

რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელისათვის გასაცემი თანხები ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, სასამართლოს, ზემოთ მითითებული მსჯელობის შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, მით უფრო, რომ მთელი პასუხისმგებლობა ახალი დავალიანების წარმოშობაზე ეკისრება თვით სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს და არა მუშაკს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე ქ------- შ---------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 796 (შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრი.

3. მოსარჩელე ქ------- შ---------ს მოპასუხე საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისთვის 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის _ 59 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვას ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.

4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნინო გერგაული