განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
140100119002966232
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100119002966232

№1/172-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

21.05.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–ი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - მ---------–-–---–-

 

ბრალდებული - ე--------- გ--ს ძე მ-------–---–-, დაბადებული 1--- წლის 1----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–-----------------------.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ე--------- მ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ პ------- გ----------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ე--------- მ-------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დის - ი----ა მ-------–---–-ს მიმართ. კერძოდ, ე-------- მ-------–---–მა ყური ძლიერად აუწია ი----ა მ-------–---–ს, რის შედეგადაც ი----ა მ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ე--------- მ-------–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ე--------- მ-------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, მოწმეების - ი----ა მ-------–---–-ს, ნ--- მ-------–---–-ს, ვ---- მ---------ის, დ----- ღ----–---–ის, ტ------- მ-------–---–-ს, პ----ნა ხ--------–---–ის, ნ--ა მ-------–---–-ს, დათო მ-------–---–-ს, მარიამ მ-------–---–-ს და ე-------- მ-------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ი----ა მ-------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექპსერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ი----ა მ-------–---–-ს ტანასცმლის დათვალიერების ოქმი, ე-------- მ-------–---–-ს დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, შეტყობინების ოქმები.

 

ე--------- მ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე ითანამშრომლა გამოძიებასათან, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ე--------- მ-------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ე--------- მ-------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ეან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი დამამაძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა წინასაწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (1261-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი).

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე--------- მ-------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. შინ დაბრუნებულმა ე--------- მ-------–---–მა, სრულიად უმიზეზოდ, დას - ი----ე მ-------–---–ს ყური ძლიერად აუწია, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ ე--------- მ-------–---–-ს ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ე--------- მ-------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას, ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, თუმცა, აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ე--------- მ-------–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართლებრივი შეფასება მისცეს ინსპექტორ-გამომძიებელ თ--------------- სამსახურებრივი ბარათით სსიპ „112“-დან ნ--- მ-------–---–-ს შეტყობინების აუდიოჩანაწერის გამოთხოვის საკითხს.

 

თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, თუმცა, აღნიშნული ფუნდამენტური უფლება აბსოლუტური არ არის. მისი შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას განამტკიცებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა - თეონა კასრაძემ 2019 წლის 29 მარტის სამსახურებრივი ბარათით (წერილობითი მიმართვით) საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოითხოვა ნ--- მ-------–---–-ს მიერ „112“-ზე 2019 წლის 25 მარტს გაკეთებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი. 2019 წლის 2 აპრილს, აღნიშნული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ასევე წერილობითი მიმართვით, გამომძიებელს გადაუგზავნა შეტყობინების აუდიოჩანაწერი, ე.წ. „მიბმულ ფაილად“, რომელიც გამომძიებელმა გადაიტანა დვდ დისკზე, დალუქა და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა გამომძიებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სსიპ „112“-ის კომპიუტერულ სისტემაში დაცული კომპიუტერული მონაცემის - შეტყობინების აუდიოჩანაწერის მოპოვების და საპროცესო დამაგრების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, რაც, საერთო ჯამში, საფუძველს აცლის აღნიშნული ქმედების კანონიერებას მთლიანობაში და ქმნის ამ ფორმით მოპოვებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის წინაპირობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენეტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

 

რაც შეეხება კომპიუტერულ სისტემასა და მონაცემს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის მიხედვით, კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). ამავე მუხლის 28-ე ნაწილით, კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე-14310-ე მუხლების დებულებები. შესაბამისად, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე მუხლით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ სსიპ „112“-ში გაკეთებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი წარმოადგენს კომპიტერულ სისტემაში დაცულ კომპიუტერულ მონაცემს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310 -ე მუხლების დებულებების გარდა, სხვა საშუალებით აუდიო ჩანაწერის გამოთხოვა/მოპოვება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნორმატიული შინაარსი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ანალოგიურ მიდგომაზე მიუთითებს. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-10-15 პუნქტების თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით“. მე-4 ნაწილი კი ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432–14310 მუხლებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ადგენენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების პრინციპებსა და პროცედურას. სსსკ-ის 136-ე მუხლი მოთავსებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 თავში, რომელიც საგამოძიებო მოქმედებათა ზოგადი რეგულირებიდან გამოყოფს სპეციალურ ობიექტს - კომპიუტერულ მონაცემებს და ითვალისწინებს მოწესრიგების განსხვავებულ წესებს. აღნიშნულს უკავშირდება სსსკ-ის 136-ე მუხლით განსაზღვრული წესიც, რომელიც „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტად ითვალისწინებს მხოლოდ პროკურორს. რეგულაცია მართალია პირდაპირ არ უთითებს დაცვის მხარისათვის ხსენებული შუამდგომლობის დაყენების შეზღუდვის შესახებ, თუმცა კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების სპეციალური სუბიექტის ამომწურავად განსაზღვრით ცალსახად უსვამს ხაზს კანონმდებლის ნებას აღნიშნული უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭების და დაცვის მხარის რეგულირებიდან გამორიცხვის შესახებ. გასათვალისწინებელია ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილიც, რომელიც ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო ინსტრუმენტზე ავრცელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის განსაზღვრულ წესებს. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება კომპიუტერული წესით შენახულ ნებისმიერ მონაცემზე რომელიც ხასიათდება რელევანტურობით და ეხება სსსკ მე-3 მუხლის 23-ე ნაწილში მითითებულ საკითხებს. შესაბამისად, კანონმდებლობა სპეციალურ მოწესრიგებას ადგენს რა „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებულ მტკიცებულებათა სასამართლო წესით გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს უზღუდავს ხსენებული შუამდგომლობის დაყენების უფლებას ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებული საქმის განხილვისას კომპიუტერული წესით შენახული ნებისმიერი მონაცემის (მათ შორის საჯარო ინფორმაციის) მიმართ“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება მოხდეს, ამდენად, უდავოა, რომ ასეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ არსებული საპროცესო ნორმები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებაში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იმისათვის, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება ჩაითვალოს „კანონის შესაბამისად“, შეზღუდვას უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, კანონი უნდა იყოს საკმარისად ზუსტი და შეიცავდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისაგან დაცვის მექანიზმს.

 

საქმეში „გილანი და ქუინტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №4158/05“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს რომ „ფრაზა „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს სადავო ზომას ჰქონდეს გარკვეული საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში და ასევე შეთავსებადი იყოს კანონის უზენაესობის პრინციპთან, რაც პირდაპირაა მოცემული კონვენციის პრეამბულაში და მე-8 მუხლის საგნისა და მიზნისგან განუყოფელია. ამდენად, კანონი უნდა იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი და წინასწარ განჭვრეტადი, ანუ, ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რომ პირს შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში სათანადო კონსულტაციით, საკუთარი ქცევის რეგულირება. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა იყოს სამართლებრივი დაცვის მექანიზმი კონვენციით გარანტირებულ უფლებებში საჯარო ხელისუფლების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ. საკითხებში, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, კანონის უზენაესობის, კონვენციით დაცული დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის, საწინააღმდეგო იქნებოდა, რომ აღმასრულებლისთვის მიცემული სამართლებრივი დისკრეცია გამოხატული ყოფილიყო შეუზღუდავი უფლებამოსილებით. აქედან გამომდინარე, კანონში საკმარისი სიცხადით უნდა იყოს მითითებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მინიჭებული ნებისმიერი ამგვარი დისკრეციის ფარგლები და მისი განხორციელების ფორმა. სიზუსტის ხარისხი, რაც საჭიროა ეროვნული კანონმდებლობისთვის (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ითვალისწინებს ყველა შემთხვევას), მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განსახილველი დოკუმენტის შინაარსზე, სფეროზე, რომელსაც ის მოიცავს და მისი ადრესატების რაოდენობასა და სტატუსზე“.

 

საქმეზე P.G. and J.H. v. the United Kingdom სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონთან შესაბამისობა“ ორ იმპერატივს მოიცავს. პირველ რიგში, სადავო ღონისძიებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში; შემდეგ განიხილება კანონის ხარისხი, რაც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ცხადად ფორმულირებული, რათა პირმა წინასწარ შეძლოს თავისი ქმედების შესაძლო შედეგის განჭვრეტა; ასევე, დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის ზოგადი პრინციპი“.

 

საქმეზე Malone v. the United Kingdom, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ „ფრაზა „კანონთან შესაბამისი“ არ გულისხმობს მხოლოდ შიდა სამართალს, იგი გულისხმობს ასევე ზოგად პრინციპებსაც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისგან დაცვის სამართლებრივი საშუალებები. თვითნებობის რისკი უფრო მაღალია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება თავის უფლებამოსილებებს ფარულად ახორციელებს. ამგვარად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტექსტში კანონის განჭვრეტადობის მნიშვნელობა განსხვავებულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში ინდივიდების ქმედებების დარეგულირებისას. კანონი საკმარისად ზუსტად უნდა აყალიბებდეს ტერმინებს, რომლებითაც იგი მოქალაქეებს კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებებსა და პირობებზე, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილები არიან მიმართონ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში საიდუმლო და პოტენციურად სახიფათო შეზღუდვას“.

 

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს, საქმეზე Shimovolos v. Russia სასამართლომ დაადგინა, რომ „კანონი, რომელიც უშვებს საგამოძიებო მოქმედებებს, უნდა მოიცავდეს „დაშვებული ზომების ხასიათს, შინაარსსა და ხანგრძლივობას, მათი მიღების საფუძვლებს, მათ განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების ჩამონათვალს და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებას“, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება.

 

ამდენად, სახელმწიფოს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურია და მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო თვითნებურად არ უნდა ჩაერიოს ამ უფლებებში, გარდა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამასთან, აღნიშნული ნორმები ითვალისწინებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც, რაც მდგომარეობს ადეკვატური ღონისძიებების განხორციელებაში პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისამართლებრივი დევნა ხორციელდება მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის გამო, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ფაქტზე.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაცია გამოძიების მიერ შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310-ე მუხლების შესაბამისად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ბრალდების მხარეს კანონი აძლევდა საშუალებას, აუდიოჩანაწერში ასახული ინფორმაცია მოეპოვებინა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე და 126-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ანუ დაეთვალიერებინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიოჩანაწერი და დათვალიერების ოქმის შედგენით შეექმნა ერთი კონკრეტული მტკიცებულება - დაედგინა შემთხვევის ვითარება, გაერკვია დანაშაულის ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი ან ჩანაწერში ასახული ინფორმაცია იყო თუ არა კავშირში სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან. რაც შეეხება აუდიოჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვას სსიპ „112“-დან, მის გადმოგზავნას, აუდიოჩანაწერის გადატანას დვდ დისკზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღებას, აღნიშნული მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც არავითარ გამონაკლისს არ ითვალისწინებს. კომპიუტერული მონაცემის ამ გზით მოპოვება შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად, რადგან აღნიშნული ასევე არ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებიდან, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსამართლის განჩინების გარეშე, მესაკუთრის (მფლობელის) წინაწარი წერილობითი თანხმობით, დათვალიერების წარმოება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე-126-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაწესს, თუმცა, აუდიოჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვა, სსიპ „112“-დან მის გადმოგზავნა, აუდიოჩანაწერის გადატანა დვდ დისკზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღება ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ინსპექტორ -გამომძიებელ თ--------------- 2019 წლის 29 მარტის მიმართვა საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის სახელზე, 2019 წლის 2 აპრილის საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილის მომართვა თანდართული აუდიოჩანაწერის ამსახველი ფაილით და აუდიოჩანაწერის ამსახველი დვდ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნეს ცნობილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე--------- მ-------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება. მან პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოგვიანებით, ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.

 

რაც შეეხება ე--------- მ-------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ე--------- მ-------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის, ოჯახურ დანაშაულთა რიგს, რომელიც იმავდროულად არღვევს ოჯახის კეთილდღეობის კონსტიტუციურ უფლებას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ე--------- მ-------–---–მა პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას. ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ე--------- მ-------–---–მა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ე--------- მ-------–---–-ს ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო ი----ა მ-------–---–-ს ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ ასევე დაირღვა მისი, როგორც არასრულწლოვნის, სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოში და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება (გაეროს გენერალური ასამბლეის 1959 წლის N1386 რეზოლუცია (პრინციპი 2), რომელიც ცნობილია „ბავშვის უფლებათა დეკლარაციის“ სახელით).

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ე--------- მ-------–---–-ს ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომაზე ე--------- მ-------–---–მა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი და ითხოვა პატიება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს: ე--------- მ-------–---–- 21 წლისაა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 11 აპრილის სანოტაროდ დამოწმებული განცხადებით დაზარალებულის კანონიერმა წარმომადგენელმა - გ-- მ-------–---–მა დაადასტურა ი----ა მ-------–---–-ს ე--------- მ-------–---–თან შერიგების ფაქტი და აღნიშნა, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ. მან ითხოვა ე--------- მ-------–---–-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენება.

 

სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, იმას, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ე--------- მ-------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე--------- მ-------–---–ს უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს აზრით, სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 63-ე-65-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ე--------- მ-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

2. მსჯავრდებულ ე--------- მ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 25 მარტიდან 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.

 

4. მსჯავრდებულ ე--------- მ-------–---–ს დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

5. მსჯავრდებულ ე--------- მ-------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

6. მსჯავრდებულ ე--------- მ-------–---–-ს მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაკისრებული აკრძალვა იმ ადგილებთან მიახლოების შესახებ, სადაც დაზარალებული იმყოფება, გაუქმდეს.

 

7. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქმეზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი ნივთმტკიცება - საინფორმაციო ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი „დვდ“ დისკით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, განადგურდეს.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე