გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2019
საქმის ნომერი
621210018002787600
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N621210018002787600

N2/97-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

დმანისის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,სა---------–-------–------–-ა"

წარმომადგენლები: ზი-----------ი (არ გამოცხადდა), სო---------------–---–ი

მოპასუხე - რუ------------ა (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ან-------------ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე რუ------------ასათვის მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 600 ლარის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-16).

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს ,,სა---------–-------–------–-ა" წარმოადგენს სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურებას. შპს ,,სა---------–-------–------–-ა" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის N2-89 ბრძანების საფუძველზე ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებს სამელიორაციო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე. 2018 წლის 12 ივლისს შპს ,,სა---------–-------–------–-ის" კომერციის ჯგუფის სპეციალისტმა ავ--------–-------ამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სა---------ის ტერიტორიაზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000218, რომლის მიხედვით, რუ------------ას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი 250 ლარის ოდენობით სამელიორაციო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე. იმავე დღეს შედგა სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,სა---------–-------–------–-ისათვის" მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის თანახმად ზიანის ოდენობამ შეადგინა 600 ლარი. აქტში მოცემული ფართობის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად: ინსპექტორი ჯი-პი-ეს სისტემების საშუალებით ზომავს იმ ფართობს, რომელიც რეალურად გასარწყავებულია და აღნიშნულ ფართობზე ადგენს მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტს. მოცემულ შემთხვევაში, სარწყავი წყალი ხელშეკრულების გარეშე ხმარდებოდა 8 ჰა-ს, ხოლო ერთი ჰექტარი მიწის გასარწყავებაზე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 75 ლარს. რუ------------ას მიერ არ მომხდარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული თანხის გადახდა და 2018 წლის 25 ოქტომბერს, შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-16).

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, მხოლოდ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ მის მიმართ შედგენილი იყო სამართალდარღვევის ოქმი. მოპასუხის მოსაზრებით, სამართალდარღვევის ოქმი არის უსაფუძვლო და უკანონო, მისი მხრიდან არ მომხდარა სარწყავი წყლის დატაცება (იხ. შესაგებელი ს.ფ. 52-59).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 12 ივლისს, შპს ,,სა---------–-------–------–-ის" კომერციის ჯგუფის სპეციალისტმა ავ--------–-------ამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სა---------ის ტერიტორიაზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000218, რომლის მიხედვით რუ------------ას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი 250 ლარის ოდენობით სამელიორაციო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000218 (ს.ფ. 19).

 

3.1.2. 2018 წლის 12 ივლისს შედგა შპს ,,სა---------–-------–------–-ისათვის" მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის თანახმად გასარწყავდა 8 ჰა მიწის ნაკვეთი (სკ 83.02.16.2--), ხოლო ზიანი შეადგენს 600 ლარს (8X75).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზიანის გაანგარიშების აქტი (ს.ფ. 20).

 

3.1.3. ერთი ჰექტარი მიწის გასარწყავებაზე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 75 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-16).

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 01.02.2011წ. დადგენილება.

 

3.1.4. რუ------------ას სახელზე ქ. მარნეულში, რეგისტრირებულია 89 502.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 83.02.16.2--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-25).

 

3.1.5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რუ------------ას კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (იხ. 25.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 14:12:23).

 

3.1.6. რუ------------ას მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, 2018 წლის 25 ოქტომბერს შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,სა---------–-------–------–-ის" 2018 წლის 19 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 21);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2018 წლის 24 ოქტომბერს წერილი (ს.ფ. 22);

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რუ------------ას მიერ სამელიორაციო სისტემიდან წყლის დატაცების ფაქტი.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. მოპასუხის არგუმენტი ემყარება იმ გარემოებას, რომ იგი ოქმის შედგენის პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის N2-89 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის" მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ვერ დადგინდება დამრღვევი პირი, პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი რუ------------ას მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. თუმცა, ნაკვეთი, რომელზეც ხდებოდა წყლის დატაცება წარმოადგენს რუ------------ას საკუთრებას. შესაბამისად, წყლის დატაცებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული თავის შემადგენელი 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

 

ხოლო 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხის მიერ სარწყავი წყლის დატაცების ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით.

 

ამავე კოდექსის 2231 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ უფლებამოსილი პირი.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის N2-89 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ადგენენ პირველადი წყალმოსარგებლეები სათანადოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით (შემდგომში - პირი).

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ მის კომპეტენციაში არსებულ საკითხზე შედგენილ აქტს, რომელიც მოპასუხემ ჩაიბარა, თუმცა არ გაასაჩივრა. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით და მიმდინარეობს მისი აღსრულება.

 

შესაბამისად, ის წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებას, რომლის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რუ------------ას მიერ სამელიორაციო სისტემიდან წყლის დატაცების ფაქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 25.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ (ს.ფ. 80-81);

- სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 19);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-25).

 

3.2.2. რუ------------ას მიერ წყლის დატაცების შედეგად შპს ,,სა---------–-------–------–-ას“ მიადგა 600 ლარის ოდენობის ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა წყლის დატაცებით მისთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, სადაც მითითებულია, თუ რომ წყალი ხმარდებოდა 8 ჰა მიწის ნაკვეთს, რისი გათვალისწინებითაც ზიანმა შეადგინა 600 ლარი.

 

მოპასუხეს, ცხადია, შეუძლია სადავო გახადოს ზიანის ოდენობა, თუმცა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

მოსარჩელემ კი, თავის მხრივ, დამაჯერებლად განმარტა აქტში მოცემული ფართობის განსაზღვრის პროცედურა, კერძოდ, მისი მითითებით, ინსპექტორი ჯიპიეს სისტემების საშუალებით ზომავს იმ ფართობს, რომელიც რეალურად გასარწყავებულია და აღნიშნულ ფართობზე ადგენს მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტს.

 

ამასთან, უდავოდ არის დადგენილი, რომ ერთი ჰექტარის გასარწყავებისათვის გადასახდელი საზღაური შეადგენს 75 ლარს. შესაბამისად, ზიანის ოდენობა - 600 ლარი (8X75) დადასტურებულია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 25.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ზიანის გაანგარიშების აქტი (ს.ფ. 20).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე და 992-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნულიდან ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ზიანი ანაზღაურდება, თუ მოცემულია ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ზიანი მიყენებულია მოპასუხის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედებით, ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არის მიზეზობრივი კავშირი.

 

მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება დადგენილ იქნეს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილა, რომ რუ------------ამ დაიტაცა სარწყავი წყალი, რითაც მან ბრალეულად ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

 

ასევე დადგენილია, რომ მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად შპს ,,სა---------–-------–------–-ას" მიადგა ზიანი 600 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ყველა პირობა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, რუ------------ასთვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც ადასტურებს მოპასუხის მხრიდან სარწყავი წყლის დატაცების ფაქტს.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ზიანის ოდენობა, რაც მიყენებულია 8ჰა მიწის ნაკვეთის გასარწყავებით და შეადგენს 600 ლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სა---------–-------–------–-ის’’ სარჩელი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე რუ------------ას მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 600 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

8. გასაჩივრების უფლება

 

გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. თუმცა ამავე კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 600 ლარის დაკისრებას, რაც დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება იქნება 600 ლარი. ამდენად, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება, გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე რუ------------ას მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 600 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე რუ------------ას მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დმანისის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე ია ლაბაძე