განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
170100119002958985
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/28-19

გამოძიების №0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

23 მაისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ-------------, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი #5----------, დაოჯახებული, საშუალო-ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: წ--–--- რაიონი სოფელი ა--–-----, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - ნ----–-------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; სსკ-ის მე-111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე, წ--–--- რაიონის სოფელ ა--–----–- მდებარე ზ--------------- და ც-–----------–---- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ-------------მ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მეუღლეს, ც-–----------–---- ესროლა ყავის ჭიქა და ცხელი ჩაიდანი. მათი აცილების შემდეგ, ზ-------------მ მარცხენა ხელის სახის არეში ძლიერად დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ც-–----------–---- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, ზ------------- სიტყვიერი მუქარით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ც-–----------–----, რომელმაც თავი შეაფარა შვილის ნ--------------- იმავე ეზოში მდგარ საცხოვრებელ სახლს, სადაც ზ-------------ს ძალის გამოყენებით სურდა შესვლა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ზ-------------- მიერ 2019 წლის 14 მარტს მეუღლეზე - ც-–----------–------ ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ასევე ამ უკანასკნელზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.

 

4. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლისა და მე-111 მუხლის მიზნებისთვის (ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე) ზ------------- და ც-–----------–--- არიან მეუღლეები და შესაბამისად ერთი ოჯახის წევრები, რაც სადავო არ გამხდარა.

 

ძალადობის ეპიზოდი:

 

5. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისათვის ძალადობა გულისხმობს როგორც ცემას, ანუ არაერთჯერად დარტყმას, ასევე ძალადობის სხვაგვარ ფორმებს, მაგალითად ერთჯერად დარტყმას. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი შეიძლება დადგინდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმით.

 

6. ბრალდებულმა დუმილის უფლებით ისარგებლა, დაზარალებულმა ც-–----------–---მ მეუღლის ზ-------------- საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო დაცვის მხარემ დანარჩენი ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით (ჩატარდა 2019 წლის 14 მარტს), დაზარალებულმა გამომძიებელს აჩვენა ის ადგილი, სადაც ზ-------------მ მას მარცხენა ხელით სილა გაარტყა სახეში მარჯვენა მხარეს. ასევე მიუთითა კარზე, რომელში შესვლაც უნდოდა ზ-------------ს, ხოლო ის აწვებოდა და არ აძლევდა საშუალებას. აღსანიშნავია, რომ შეტყობინებაში (#6-----) მითითებულია ზოგადი, სტანდარტული ფრაზები ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინების თაობაზე. ბუნდოვანია, აღნიშნული პროგრამული ჩანაწერია, თუ განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. 2019 წლის 14 მარტის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, ც-–----------–---- დაუდგინდა მარჯვენა ლოყის არეში ხაზობრივი შეწითლება. სამედიცინო ბარათი #193-ის მიხედვით, ც-–----------–---- მარჯვენა ლოყის არეში აღენიშნება თითების ხაზოვანი დაზიანება (თითების ნაჭდევი). სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა ეფუძნება აღნიშნულ სამედიცინო ბარათს. თუმცა ექსპერტის მიერ დასკვნაში მითითებულია მხოლოდ ის, რომ ც-–----------–---- დაუდგინდა ნაჭდევი მარჯვენა ლოყის არეში, რაც განვითარებულია, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების არასრული მორფოლოგიური აღწრილობის გამო ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია. როგორც ჩანს სამედიცინო ექსპერტმა არათუ არ მიუთითა, რომ ეს დაზიანებები თითების ნაჭდევია, არამედ აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობაც კი ვერ დაადგინა. ერთადერთი ფაქტის შემსწრე მოწმე ნ----–----–---- (დაზარალებულის/ბრალდებულის რძალი), რომლის განმარტებით, დარტყმის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ბრალდებული როდესაც გამოეკიდა დაზარალებულს, ხოლო ეს უკანასკნელი მასთან შევიდა და კარს აწვებოდნენ, რათა ზ------ არ შესულიყო, ამ დროს ეს უკანასკნელი უყვიროდა, რომ მოკლავდა, ც-–---- იყო შეშინებული და ტიროდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნ----–----–---- უჩვენა კარი, რომელში შესვლაც უნდოდა ზ-------------ს. მოწმეები - ნ-------------- (დაზარალებულის/ბრალდებულის შვილი) და პოლიციის თანამშრომლები - კ---------------- და რ--------------- თავად არ შესწრებიან რაიმეს და წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს. ასევე არაფერს შესწრებია მოწმე ო------–------ - მეზობელი. ალკოტესტის შედეგად ზ-------------ს დაუდგინდა 1.943 პრომილე, რაც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაა.

 

7. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ც-–----------–------ ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტში, რაც დაიწყო დაზარალებულის შენიშვნით ბრალდებულის მიმართ, რომ აღარ დაელია ალკოჰოლური სასმელი, რასაც მოჰყვა ბრალდებულის მიერ ჭიქის სროლა, რა დროსაც გაიქცა დაზარალებული და ბრალდებული გაეკიდა, არავინ ადასტურებს, რომ ბრალდებული დაზარალებულს ფიზიკურადაც შეეხო. მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების ოქმსა და სამედიცინო ბარათში მითითებული დაზიანებები, რომლებთან დაკავშირებითაც სამედიცინო ექსპერტმა ვერც ხანდაზმულობის დადგენა შეძლო და ვერც ის მიუთითა გადაჭრით, რომ ისინი თითების ნაჭდევები იყო განსხვავებით სასწრაფოს ექიმისგან, უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ ეს დაზიანებები წარმოიშვა 2019 წლის 14 მარტს და მით უმეტეს, რომ ისინი ბრალდებულმა მიაყენა დაზარალებულს. ასეთ ვითარებაში, მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზ-------------მ განახორციელა ძალადობა ც-–----------–------, არც საკმარისია და არც უტყუარი მაშინ, როდესაც ობიექტურად ვერ დგინდება დაზიანებების წარმოშობის მომენტი. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეყრდნობა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ-------------- მიერ ც-–----------–------ ფიზიკურ ძალადობას.

 

მუქარის ეპიზოდი:

 

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარა დასჯადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუქარამ დაზარალებულს გაუჩინა მისი განხორციელების რეალური შიში, რისი შეფასებაც ხდება ყველა გარემოების შეფასებით.

 

10. სასამართლო კვლავ იხსენებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოცემულ საქმეზე იქნა წარმოდგენილი (იხ. წინამდებარე განაჩენის მე-6 პარაგრაფი). ერთადერთი მტკიცებულება, სადაც ნახსენებია, რომ ბრალდებული მოკვლით ემუქრებოდა დაზარალებულს მოწმე ნ--- შ----–---- გამოკითხვის ოქმია, რომლითაც იმის უტყუარად დადგენა, რომ სხვა პირს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში თითქმის წარმოუდგენელიც კია მაშინ, როდესაც სასამართლოსთვის უცნობი დარჩა დაზარალებულის პოზიცია და მოსაზრება ამ საკითხზე, სასამართლოს არ მიეცა საშუალება რეალურად შეემოწმებინა ასეთი შიში რეალური იყო თუ არა.

 

11. ასეთ ვითარებაში, სასამართლო უტყუარად ვერ ადგენს მუქარამ დაზარალებულს შეუქმნა თუ არა მუქარის განხორციელების რეალური შიში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ-------------- მიერ მუქარის განხორციელებას.

 

12. ფაქტების დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, აგრეთვე მუქარა, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი არაერთი ეჭვის არსებობა დასტურდება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ასევე, სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის [...] 149-ე−1511, [...] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე. რაც შეეხება სსკ-ის 151-ე მუხლს, აუცილებელია, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

14. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ზ-------------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ზ-------------მ განახორციელა ძალადობა მეუღლეზე, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება ( იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).

 

15. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

16. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ-------------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ზ------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ზ-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ზ-------------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. ნივთმტკიცებები: ჩაიდანი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ც-–----------–----, ხოლო ფინჯანის ნამსხვრევები - იმავე ვადაში განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი