გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
140210018002701712
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002701712 საქმე № 2/2087-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“

წარმომადგენელი - თ--------------–---–ი

მოპასუხეები - გ---------------–-----ი, მ---------------–---–ი, ელენა გოგოლაური, გ---------------–-----ი

დავის საგანი- თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს: გ---------------–-----ს (პ/ნ: 2---------3), მ---------------–---–ს, ე-–-----------–-----ს, გ---------------–-----ს (პ/ნ: 2---------1) სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 41 226.55 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 26 847.43 ლარი, პროცენტი - 14 183.26 ლარი, პირგასამტეხლო - 195.86 ლარი).

 

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. კ---ი ა----–-----–---------, ს/კ: 6-.---------.

 

1.3. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

2. მოსარჩელის პოზიცია

 

მხარეებს შორის 2013 წლის 29 აპრილს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 34 800 ლარზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 28 ივნისი, წლიური სარგებელი 22%, პირგასამტეხლო 0.5%. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებთან: ე-–-----------–-----თან, გ---------------–-----თან და მ---------------–---–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება და მათ სოლიდარულად ძირითად მოვალესთან ერთად იკისრეს ვალდებულების შესრულება ბანკის წინაშე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 172 633.23 ლარით. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. კ---ი ა----–-----–---------, ს/კ: №6-.---------. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. რაც შეეხება მოპასუხეებს, მათ დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი, მიუხედავად გაფრთხილებისა ისინი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირითადი თანხის - 41 226.55 ლარის ნაწილში სრულად, სარგებელი - 6000 ლარის ნაწილში, პირგასამტეხლო - 195.86 ლარი - სრულად.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 29 აპრილს სს „ლ-------------სა“ და გ---------------–-----ს (პ/ნ: 2---------3) შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, ლიმიტი განისაზღვრა 40 000 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 240 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 29/04/2013 წ. გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2013 წლის 29 აპრილს სს „ლ-------------სა და გ---------------–-----ს (პ/ნ: 2---------3) შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 34 800 ლარზე, ხელშეკრულების ხმოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 28 ივნისი, წლიური სარგებელი 22%, პირგასამტეხლო - 0.5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 29/04/2013 წ. გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება;

- 27/06/2014 წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

3.1.3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებთან ე-–-----------–-----თან, გ---------------–-----თან და მ---------------–---–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება და მათ ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ვალდებულების შესრულება ბანკის წინაშე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 172633.23 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.1.4. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ---------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. კ---ი აღმაშენებლის ქ. №138, ს/კ 6-.---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება

 

3.1.5. 2013 წლის 31 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების, მდებარე: ქ. კ---ი აღმაშენებლის ქ. №138, ს/კ 6-.---------. მესაკუთრე არის ე-–-----------–-----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.6. მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულბა არ არის შესრულებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილები წერილები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- მოპასუხე მხარის განმარტება (ნაწილობრივ აღიარეს სარჩელი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მოპასუხეთა დავალიანება შეადგგენს 41 226.55 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 26 847.43 ლარი, დარიცხული პროცენტი - 14 183.26 ლარს, პირგასამტეხლო - 195.86 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

მოპასუხე მხარემ სადავო გახადა მხოლოდ სარგებლის ოდენობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''საქართველოს ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები;

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 29 აპრილს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 34 800 ლარზე, მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 28 ივნისი, წლიური სარგებელი 22%, პირგასამტეხლო 0.5%.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, გ---------------–-----მა საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელისთვის (კრედიტორისთვის) არ აუნაზღაურებია. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 26847.43 ლარის ანაზღაურება მითუმეტეს, რომ მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო დავალიანება ძირი თანხის ნაწილში.

 

6.7. რაც შეეხება სარგებელს, სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხი იყო სარგებლიანი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სარგებლის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია.

 

რაც შეეხება სარგებლის ოდენობას, მხარეთ შორის სადავოა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული სარგებლის ოდენობა. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში სარგებლის ოდენობის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვილი სარგებლის საფუძვლიანობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ 29.08.2018 წლიდან დაირღვა სესხის დაფარვის გრაფილი, რის გამოც 18.10.2018 წ. მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართო სხდომაზე მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე 2015 წლის სესტემბრიდან არღვევდა ხელშერულების პირობებს, ხოლო 2017 წლის ნოემბრის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა გადახდა, თუმცა სარგებლის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია 2015 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ვადადარღვეული დღეები, სულ დაახლოებით სამი წელი და ერთიანობაში გადასახდელი სარგებლი შეადგენს 17 719.29 ლარს (იხ. 22.04.2019 წ. სასამართლო სხდომის ოქმი 15:39:19 – 15:39:21 სთ), რასაც სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ვინაიდან თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ამონაწერილს მიხედვით 2017 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით მოპასუხე მხარე რეგულარულად იხდიდა თანხებს, ამასთან თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, გ---------------–-----მა (პ/ნ: 2---------3) სესხის დაფარვის გრაფიკი დაარღვია 2017 წლის 27 დეკემბრიდან, თუმცა 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით მას ერიცხება დავალიანება, მათ შორის სარგებლის სახით 14 183.26 ლარი. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებული თანხიდან - 17 719.29 ლარიდან, რომელიც წარმომადგენელმა დაიანგარიშა სამ წელზე გათვლით, დღეში 16.18 ლარის ოდენობით, მოპასუხის მიერ 2015 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით გადახდილია 9314.24 ლარი, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 8405.05 ლარი.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

6.9. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 195.86 ლარით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა არ სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ლ-------------სა“ და მსესხებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნვეყოფის მიზნით მოპასუხეებთან ე-–-----------–-----თან, გ---------------–-----თან და მ---------------–---–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება და მათ სოლიდარულად, ძირითად მოვალესთან ერთად იკისრეს ვალდებულების შესრულება ბანკის წინაშე, შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხა სოლიდარულ ყველა მოვალეს უნდა დაეკისროს.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. კ---ი აღმაშენებლის ქ. № 138, ს/კ: 6-.---------.

 

საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების 2.2.8 პუნქტის, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, სარჩელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1237 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 991.45 ლარი, ხოლო დარჩენი 245.55 ლარიდან 72.15 ლარის ანაზღაურება უნდა დაევალოს მოპასუხე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე სს “ლ-------------ის” სარჩელი მოპასუხეების: გ---------------–-----ის, მ---------------–---–ის, ე-–-----------–-----ის და გ---------------–-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს: გ---------------–-----ს, ე-–-----------–-----ს, მ---------------–---–ს და გ---------------–-----ს მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 35 448.34 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა არის 26 847.43 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 8 405.05 ლარი, პირგასამტეხლო - 195.86 ლარი.

 

3. მოსარჩელე სს „ლ-------------ს“ (ს/კ: 2--------) დაუბრუდეს 2018 წლის 30 ოქტომბერს, შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1237 ლარიდან (საგადასახადო დავალება №1) 991.45 ლარი, დანარჩენი 245.55 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხეებს: გ---------------–-----ს, ე-–-----------–-----ს, მ---------------–---–ს და გ---------------–-----ს მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 72.15 ლარის გადახდა.

 

5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ე-–-----------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. კ---ი, დავით აღმაშენებლის ქ. 138, ს/კ: 6-.---------, ხოლო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის” მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების: გ---------------–-----ის, ე-–-----------–-----ის, მ---------------–---–ის და გ---------------–-----ის სხვა ქონებებიც.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

 

7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი