გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
140210018002486927
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002486927

საქმე №2/1080-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - სს “ს----------–--------ი”

წარმომადგენელი - ი-----–--------–--

მოპასუხეები - ვ------------–----–---–ი

შ------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

მ--------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

 

წარმომადგენელი - ი-----–-------ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს: შ------------–---–ს, ვ------------–----–---–ს და მ--------------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 12168.54 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

2009 წლის 25 მარტს მოპასუხე შ------------–---–მა მოსარჩელესთან გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 8760 ლარი, 36 თვით, წლიური 27.6% სარგებლით, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე თარიღით სესხის უზრუნველსაყოფად სოლიდარული თავდებობა გაფორმდა მოპასუხეებთან, ვ------------–----–---–სა და მ--------------–---–თან. თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 17520 ლარით. მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მიუხედავად გაფრთხილებისა ისინი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ, კერძოდ, ვ------------–----–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

რაც შეეხება მოპასუხეებს, მ--------------–---–ს და შ------------–---–ს, მათ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2009 წლის 25 მარტს სს „ს----------–--------სა“ და შ------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 8760 ლარი, 36 თვით, წლიური 27.6% სარგებლით, ხელშეკრულებით განისაზღვა პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2009 წლის 25 მარტის ხელშეკრულება №672014 საბანკო კრედიტის და გირავნობის შესახებ.

 

3.1.2. 2009 წლის 25 მარტს სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხეებს, ვ------------–----–---–სა და მ--------------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 17520 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2009 წლის 25 მარტის წერილობითი განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ №672014-1 და №672014-2.

 

3.1.3. მოპასუხე მხარემ არ შეასრულა კრედიტორისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება და დავალიანება 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით შეადგენს 169.676.06 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 7 168.54 ლარი, სარგებელი 15 532.28 ლარი, პირგასამტეხლო - 146 975.24 ლარი.

 

- ინფორმაცია დავალიანების შესახებ.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სადავო გარემებები არ გამოვლენილა, სადავო ფაქტობრივ გარემოებაა მოთხოვის ხანდაზმულობა.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 623-ე, 416 მუხლები,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელე სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

გნსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავო არ გაუხდიათ მატ შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერება, სადავოა მხოლოდ მოპასუხე მხარის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მითითებულ ნორმას ავსებს იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნას სრულად უჭერს მხარს მოპასუხე ვ------------–----–---–მა სარჩელი არ ცნო და მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

სასამართლოს მიერ ზემოთ აღინიშნა სარჩელის დაკმაყოფილების უფლების შესახებ, რაზეც გავლენას ახდენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას განსაზღვრულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან მოპასუხეს წარმოეშვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, დროის გარკვეულ პერიოდში - ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი.

 

6.6. სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი (მოპასუხე) მხარის მითითების გარეშე. სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც მოპასუხის მიერ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ თავისი პოზიცია შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ ხანდაზმულობის ვადა თავისებურად აითვლება. ამ შემთხვევაში პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. ამდენად, ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ს----------–--------ის“ მიერ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი აღძრულია 2018 წლის 08 ივნისს. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად. ამასთან, მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია 2009 წელს, 36 თვის ვადით და ყოველი თვის გადასახადის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა აითვლება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ყოველი თვის შესაბამისი რიცხვის მომდევნო დღიდან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით პირადი ანგარიშიდან დგინდება, რომ ოპერაციის შინაარსი-სესხის დაფარვა განხორციელებულია 2009 წლის 30 აპრილს, რაც ასევე არ უარყო მოპასუხე მხარემ, სარჩელი კი შემოტანილია 2018 წლის 08 ივნისს შესაბამისად გასულია მოთხოვნის სამწლიანი ვადა ყველა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხე შ------------–---–მა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება ბოლოს 2017 წლის 11 აპრილს შეასრულა და გადაიხადა 127.54 ლარი და ამ მოქმედებით მოპასუხეებმა აღიარეს ხანდაზმული დავალიანება, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პირველ რიგში ამ საბანკო ოპერაციით დასტურდება, რომ კრედიტორმა თავად განახორციელა საბანკო ოპერაცია, კერძოდ, შემასწორებელი კონვერდაცია და თანხის გადატანა სესხის დასაფარად, რითაც ვერ დგინდება მსესხებლის მიერ ნების განხორციელება და ბოლოს, მსესხებლის მიერაც რომ იოს აღნიშნული საბანკო ოპერაცია განხორციელებული, როგორც უკვე აღინიშნა ადგილი აქვს პერიოდულად შესასრულებელ ვალებულებასთან და თუნდაც ერთი თვის სარგებლის გადახდით ხანდაზმულობის ვადა ვერც შეჩერდება და აღნიშნული მოქმედება ვერც ვალდებულების აღიარებად იქნება მიჩნეული (სსკ 132 და 341-ე მუხლი).

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 365.05 ლარის ოდენობით, რომელიც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სარჩელი მოპასუხეების: შ------------–---–ის, მ--------------–---–ის და ვ------------–----–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 365.05 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი