გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1461-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ნ---- ჯ---------;
მოპასუხე - დ----- მ--–-----;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - დ----- მ--–-----ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 1--.15 ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. მოპასუხე - დ----- მ--–-----ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და დ----- მ--–-----ს შორის 2018 წლის 17 იანვარს გაფორმდა დაცვის მომსახურების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო უზრუნველყო ,,დამკვეთის’’ ბ---- დაცვა, (მდებ: ქ. თბილისი, ვ---------------–-----------------------------------------------------------------) მასში დანერგილი სიგნალიზაციის მეშვეობით. ხოლო, ,,დამკვეთი’’ ვალდებული იყო 2.2 პუნქტის თანახმად გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 7- ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ,,დაცვა’’-მ ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ,,დამკვეთი’’-ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, დ----- მ--–-----მ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტა N--- ხელშეკრულება, რის გამოც წარმოიშვა პირგასამტეხლოს დავალიანება 2-- ლარის ოდენობით, საიდანაც დამკვეთმა გადაიხადა მხოლოდ 3.8- ლარი და დანარჩენი 1--.15 ლარის გადახდაზე მხარე უარს აცხადებს.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - დ----- მ--–-----ს წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე ის გამოცხადდა და არ დაეთანხმა სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 17 იანვარს დ----- მ--–-----სა (დამკვეთი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (დაცვა) შორის დაიდო N--- ხელშეკრულება (პერიმეტრი) (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით), რომლის 1.1. პუნქტის მიხედვით, დაცვა უზრუნველყოფს დამკვეთის ბ---- (საცხოვრებლის დაცვას), მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------------–-----------------------------------------------------------------). 1.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთი იღებს ვალდებულებას, დაცვას გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურეობის ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 7- ლარს, დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის ერთი გასაღების ღირებულება შეადგენს 6- ლარს ხოლო ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ღირებულება 1- ლარი, sms ღირებულება თვეში შეადგენს 2 ლარს. 2.2. პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მოხდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 3.2.13 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 2-- (ო-----) ლარის ოდენობით. 6.7. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17.01.2018 წ. N1---- ხელშეკრულება (ს.ფ. 13-16)
3.1.2. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის N M------------- ბრძანებით, დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ,,125’’ განყოფილებას დაევალა 2018 წლის 26 იანვრიდან უზრუნველეყო ქ. თბილისი, ვ---------------–---------- დ-------------------------------- ნაკვეთი # 0-------ზე მდებარე დ----- მ--–-----ს ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის N M------------- ბრძანება (ს.ფ. 17);
3.1.3. დ----- მ--–-----მ 2018 წლის 1 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და ითხოვა 17.01.2018 წ. N1---- ხელშეკრულების შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 18);
3.1.4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 2 აგვისტოს N M------------- ბრძანებით, 2018 წლის 6 აგვისტოდან შეწყვეტილ იქნა მოქ. დ----- მ--–------ ობიექტის (მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------------–---------- დ--------------------------------- ნაკვეთი #0------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 02.08.2018 წ. N M------------- ბრძანება (ს.ფ. 19);
3.1.5. დ----- მ--–-----ს (პ/ნ. 5----------- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 23.01.19 წლის მდგომარეობით 17.01.18 წლის N--- ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება პირგასამტეხლოს დავალიანება - 1--.15 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 23.01.2019 წ. ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 21)
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 20)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დ----- მ--–-----ს (პ/ნ 5----------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 1--.15 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და დ----- მ--–-----ს შორის 2018 წლის 17 იანვარს გაფორმებული N--- ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 17 იანვარს დადებული N--- ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და დ----- მ--–-----ს შორის 2018 წლის 17 იანვარს გაფორმდა დაცვის მომსახურებისშესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო უზრუნველყო ,,დამკვეთის’’ ბ---- დაცვა, (მდებ: ქ. თბილისი, ვ---------------–-----------------------------------------------------------------) მასში დანერგილი სიგნალიზაციის მეშვეობით. ხოლო, ,,დამკვეთი’’ ვალდებული იყო 2.2 პუნქტის თანახმად გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 7- ლარი, დღგ-ს ჩათვლით. 3.2.13 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 2-- (ო-----) ლარის ოდენობით. ,,დაცვა’’-მ ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ,,დამკვეთი’’-ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, დ----- მ--–-----მ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტა N--- ხელშეკრულება, რის გამოც წარმოიშვა პირგასამტეხლოს დავალიანება 2-- ლარის ოდენობით, საიდანაც დამკვეთმა გადაიხადა მხოლოდ 3.8- ლარი, დანარჩენი 1--.15 ლარის გადახდაზე მხარე უარს აცხადებს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- მ--–-----ს (პ/ნ 5-----------. მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 1--.15 ლარის ოდენობით გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 22.02.2019 წ. N2----- საგადახდო მოთხოვნიდან დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხე - დ----- მ--–-----ს მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ,სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - დ----- მ--–-----ს (პ/ნ. 5----------- მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1--.15 ლარის ოდენობით გადახდა.
3. მოპასუხე - დ----- მ--–-----ს (პ/ნ 5----------- მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი