გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
330210019002860331
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/22020-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------ო

წარმომადგენელი - ს------------–--ე

მოპასუხე - შ----------

წარმომადგენელი - ი-----–------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შ-----------ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 4003.14 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ს----------–-----------–---------------ოსა და შ-----------ს შორის 2017 წლის 06 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 79 650 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–---------------ოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული საქონლის (ნაქსოვი ქუდი) შესყიდვა.

 

ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში (2017 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით) მიეწოდებინა საქონელი შემსყიდველისათვის.

 

ხელშეკრულების 22.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. მოპასუხემ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მის მიერ დარღვეული იქნა საქონლის მიწოდების ვადა, რის გამოც 04.12.2017 წლის N3---- აქტით დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.2% პირგასამტეხლო ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, ჯამში 4003.14 ლარის ოდენობით. მიწოდებული სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად საქონელი მიწოდებულია:

· 18.10.2017 წელს - 14 დღის დაგვიანებით;

· 20.10.2017 წელს - 16 დღის დაგვიანებით;

· 23.10.2017 წელს - 19 დღის დაგვიანებით;

· 24.10.2017 წელს - 20 დღის დაგვიანებით;

· 30.10.2017 წელს - 26 დღის დაგვიანებით;

· 01.11.2017 წელს - 28 დღის დაგვიანებით;

· 06.11.2017 წელს - 33 დღის დაგვიანებით;

· 07.11.2017 წელს - 34 დღის დაგვიანებით;

· 08.11.2017 წელს - 35 დღის დაგვიანებით.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების 16.1 და 16.1.1 პუნქტის თანახმად ,,მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრება შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ამავე ხელშეკრულების 16.7 პუნქტის თანახმად ,,დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგება“.

 

ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად ,,მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღების აქტის თარიღი“.

 

შ--------“-ს ს----------–-----------–---------------ოს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ნიერ 04.12.2018 წლის #------- წერილით გაეგზავნა 16.07.2017 წლის #--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიმწოდებლის მხრიდან დარღვევის გამო შედგენილი პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი #3---- (04.12.201 და მითითებული აქტის მე-5.1. პუნქტის თანახმად, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა აქტის ჩაბარებიდან 10 დღე, მაგრამ მოპასუხის მიერ დღემდე არ მომხდარა თანხის გადახდა.

 

(მტკიცებულება: 24.07.2018 წლის სარჩელი; 20.05.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპი და სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვროს თაობაზე, რომლითაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 0.2%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია და აღნიშნული უნდა შემცირდეს 0.02%-ამდე, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო პირგასამტეხლოს ოდენობა 400 ლარის ნაწილში.

 

(მტკიცებულება: 26.02.2019 წლის შესაგებელი, 20.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 2016 წლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს----------–-----------–---------------ოსა და შ-----------ს შორის 2017 წლის 06 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 79 650 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–---------------ოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული საქონლის (ნაქსოვი ქუდი) შესყიდვა.

 

ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში (2017 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით) მიეწოდებინა საქონელი შემსყიდველისათვის.

 

ხელშეკრულების 22.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. მოპასუხემ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მის მიერ დარღვეული იქნა საქონლის მიწოდების ვადა, რის გამოც 04.12.2017 წლის N3---- აქტით დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.2% პირგასამტეხლო ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, ჯამში 4003.14 ლარის ოდენობით. მიწოდებული სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად საქონელი მიწოდებულია:

· 7009,20 ლარის ღირებულების საქონელი 18.10.2017 წელს - 14 დღის დაგვიანებით;

· 12 106,80 ლარის ღირებულების საქონელი 20.10.2017 წელს - 16 დღის დაგვიანებით;

· 9558 ლარის ღირებულების საქონელი 23.10.2017 წელს - 19 დღის დაგვიანებით;

· 4715,28 ლარის ღირებულების საქონელი 24.10.2017 წელს - 20 დღის დაგვიანებით;

· 7264,08 ლარის ღირებულების საქონელი 30.10.2017 წელს - 26 დღის დაგვიანებით;

· 9558 ლარის ღირებულების საქონელი 01.11.2017 წელს - 28 დღის დაგვიანებით;

· 24213,6 ლარის ღირებულების საქონელი 06.11.2017 წელს - 33 დღის დაგვიანებით;

· 4587,84 ლარის ღირებულების საქონელი 07.11.2017 წელს - 34 დღის დაგვიანებით;

· 637,2 ლარის ღირებულების საქონელი 08.11.2017 წელს - 35 დღის დაგვიანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 06.07.2017 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება;

- სასაქონლო ზედნადებები;

- მიღება-ჩაბარებისა და დროებითი შენახვის აქტები;

- 2017 წლის 4 დეკემბრის N3---- აქტი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების 16.1 და 16.1.1 პუნქტის თანახმად ,,მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრება შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ამავე ხელშეკრულების 16.7 პუნქტის თანახმად ,,დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგება“.

 

ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად ,,მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღების აქტის თარიღი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.07.2017 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება.

 

3.1.3. შ--------“-ს ს----------–-----------–---------------ოს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ნიერ 04.12.2018 წლის #------- წერილით გაეგზავნა 16.07.2017 წლის #--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიმწოდებლის მხრიდან დარღვევის გამო შედგენილი პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი #3---- (04.12.2017 და მითითებული აქტის მე-5.1. პუნქტის თანახმად, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა აქტის ჩაბარებიდან 10 დღე, მაგრამ მოპასუხის მიერ დღემდე არ მომხდარა თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 06.07.2017 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება;

- 2017 წლის 4 დეკემბრის N3---- აქტი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

- 04.12.2017 წლის ს----------–-----------–---------------ოს წერილი #------------------

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულება შპს ,-------ის მიერ შესრულდა ვადაგადაცილებით და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 4003.14 ლარს, რისი ანაზღაურებაც შ-----------ის მხრიდან დღემდე არ მომხდარა.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება დაგვიანებით განხორციელდა, მაგრამ დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო 4003.14 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება 400 ლარამდე.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ვადის გასვლით მოსარჩელეს არ დაუკარგავს მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულება ჯეროვნად უნდა შესრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე იტოვებდა უფლებას, მოეთხოვა მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ამდენად, ხელშეკრულების არსებით პირობაზე შეთანხმებით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ მხოლოდ ვალდებულების ჯეროვანი შესრულებით წყდებოდა მათ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ვალდებულების შესრულება გულისხმობს მის ჯეროვან შესრულებას, რაც მხარეებმა დაუკავშირეს მათ შორის პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიწოდებას. მოპასუხე არ უარყოფს რომ მისი მხრიდან საქონლის მიწოდება მოხდა ვადის გადაცილებით, აღნიშნული გარემოება კი მოსარჩელეს უფლებას აძლევს მოითხოვოს მისგან პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 06.07.2017 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება;

- სასაქონლო ზედნადებები;

- მიღება-ჩაბარებისა და დროებითი შენახვის აქტები;

- 2017 წლის 4 დეკემბრის N3---- აქტი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

- 04.12.2017 წლის ს----------–-----------–---------------ოს წერილი #------------------

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს სახით შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი არ დაეკისროს ხელშეკრულების მხარეს და ვალდებულების დარღვევის ხარისხის შესაბამისად დაეკისროს ფულადი პასუხისმგებლობა.

 

პირგასამტეხლოს დაანგარიშება მოსარჩელის მიერ მოხდა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,2%, რაც შეადგენს 4003.14 ლარს. სადავო არაა, რომ მთლიანობაში ხელშეკრულება შესრულდა, ხოლო კონკრეტული ხარვეზები მოპასუხის მიერ ერთობლიობაში შესრულებულ სამუშაოს მოცულობასთან მიმართებაში დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს ქმნის და სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განახევრებას. შესაბამისაც, შ--------“-ს უნდა დაეკისროს 2001.57 ლარი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ს----------–-----------–---------------ო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 2001.57 ლარის ნაწილში და მოპასუხემ ცნო მოთხოვნის 10%, (4003.14 ლარიდან ცნო, 400 ლარი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე მე-14 მუხლის თანახმად, შ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 22.5 ლარის გადახდა.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ს----------–-----------–---------------ოს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხე შპს ,------'-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) აეკრძალს შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა:

 

· მ--------------–---------------------------------–-–-----------------------------------------------

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე შ--------“-ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს - 2001.57 ლარის გადახდა;

3. მოსარჩელე ს----------–-----------–---------------ოს უარი ეთქვას 2001.57 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში;

4. მოპასუხე შ--------“-ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 22.5 ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე