გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
330210019002867993
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - დ-------------------ე

წარმომადგენელი - დ----------------ე

 

მოპასუხე - სს ,,ე-----------------------ა“

წარმომადგენელი - ც---–-----------–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს „ე-----------------------ა“-ს მოსარჩელის დ-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სანაცვლოდ 700 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 21 ივლისს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა ბათუმში, უ-----ს დასახლებაში, ც---- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მოპასუხის ტრანსფორმატორი, რის შედეგადაც ტრანსფორმატორზე მიერთებულ შიდა ქსელში წამოვიდა მაღალი ძაბვის დენი, რასაც მოჰყვა მოსარჩელის, როგორც აბონენტის, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებისა და სხვა ნივთების დაზიანება. მოსარჩელეს დაუზიანდა ბოილერის ავტომატი და ორი ტელევიზორი. ბოილერის აღდგენის ხარჯმა შეადგინა 450 ლარი, ხოლო ტელევიზორების შეკეთების ხარჯმა 150 ლარი, მთლიანობაში ზიანმა 700 ლარი შეადგინა.

 

სს „ე-----------------------ამ“ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სს „ე-----------------------ამ“ არ ცნო სარჩელი. კონკრეტულ დავაში მოპასუხემ გამორიცხა ზიანის არსებობისთვის საჭირო ელემენტების არსებობა, მისი მხრიდან ბრალი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე გააჩნდა თუ არა საერთოდ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება.

 

მოპასუხის განმარტებით, ბათუმში, უ-----ს დასახლებაში მდებარე სატრანსფორმატორო პუნქტი ელექტრო ენერგიით ამარაგებს შვიდ ათეულზე მეტ აბონენტს. ქსელში ძაბვის ცვალებადობის ან ტექნიკის დაზიანების შესახებ განცხადებით კომპანიისთვის არც ერთ აბონენტს არ მოუმართავს. თავად მოსარჩელემაც 7 თვის შემდგომ მიმართა კომპანიას. მხოლოდ ერთი მომხმარებლის შემთხვევაში კი არ არის შესაძლებელი ზიანის დადგომა და შეუძლებელია მსჯელობა კომპანიის ბრალეულობაზე. ამდენად, სარჩელზე დართული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას. მოსარჩელე მხოლოდ მისი მეზობლების ახსნა-განმარტებას წარმოადგენს, რომელთაც არ გააჩნიათ სპეციალური ცოდნა, რომ დაადასტურონ მითითებული გარემოება. ასეთი შეიძლება იყოს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ექსპერტი საკითხის სათანადოდ შესწავლის შემდგომ დაასაბუთებდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების მიზეზებს. ქსელში მაღალი ძაბვის არსებობის დადასტურება მოითხოვს სათანადო ცოდნას, რომელიც სწორედაც რომ ექსპერტს გააჩნია და არ უნდა დადასტურდეს მოსარჩელის მეზობლების ახსნა-განმარტებით. მოწმეთა ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს თავად ფაქტის არსებობა (რაც ასევე სადავოა), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დადგინდეს სადავო ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

 

გარდა ამისა, ენერგოკომპანიის ოპერატიული ჟურნალის ამონაწერით, სადაც დაფიქსირებულია 2017 წლის 21 ივლისის ყველა მოქმედება, არ დასტურდება ბათუმში, უ-----ს დასახლებაში მითითებულ თარიღში ადგილი არ ჰქონია ძაბვის ცვალებადობის და სატრანსფორმატორო პუნქტის დაზიანების ფაქტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავოა რომ მოსარჩელე წარმოადგენს სს „ე-----------------------ის“ ელექტრო ენერგიის მომხმარებელ აბონენტს და ცხოვრობს მითითებულ მისამართზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ 2017 წლის 21 ივლისს ადგილი ჰქონდა ქ. ბათუმში, უ-----ს დასახლებაში მდებარე ტრანსფორმატორზე ხანძრის გაჩენას, მის დაწვას, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა ტრანსფორმატორზე მიერთებულ შიდა ქსელში მაღალი ძაბვის დენის გატარება. ამავდროულად, დადგენილად მიიჩნევს სასამართლო, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება გამოწვეული არ არის სს „ე-----------------------ის“ ბრალით.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ პოზიციაზე, რომ კომპანიის კუთვნილ ტრანსფორმატორს გაუჩნდა ხანძარი და დაიწვა. აღნიშნულის შედეგად მოხდა ტრანსფორმატორზე მიერთებულ შიდა ქსელში მაღალი ძაბვის დენის გატარება, რასაც შედეგად მოჰყვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ აღნიშნული ფაქტის დადასტურება სპეციალური ცოდნის საფუძველზე უნდა მოხდა, კონკრეტულ ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგინდებოდა, თავდაპირველად ტრანსფორმატორზე ხანძრის გაჩენის ფაქტი, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში დაზიანებულ ტრანსფორმატორში მაღალი ძაბვის დენის გატარება, რასაც შესაძლოა გამოეწვია ტექნიკის დაზიანება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს მეზობლების ახსნა-განმარტებებსა და მოწმეთა ჩვენებებზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ შეიძლება ჩაითვალოს იმ მტკიცებულებად, რაც მოსარჩელეს ასეთი ტიპის დავაზე უნდა წარმოედგინა. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუკი ადგილი ჰქონდა ტრანსფორმატორზე ხანძრის გაჩენას, აღნიშნულის შესახებ უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულება, იქნება ეს ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის გამოძახების აქტი, თავად მოპასუხე კომპანიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი შესაბამისი აქტი, თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რაც სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად გაამყარებდა ამ ფაქტის არსებობას. აღსანიშნავია, რომ საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 22.03.2019 წლის M---------------- წერილი, რომლის თანახმადაც ამ სამსახურში 2017 წლის 21 ივლისს ქ. ბათუმში, უ-----ს დასახლებაში ხანძრის ფაქტის შესახებ რაიმე სახის შეტყობინება არ შესულა. ასევე აღსანიშნავია, რომ სს „ე-----------------------ას“ მიერ წარმოდგენილია კომპანიის ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერები, სადაც აღნიშნულია 2017 წლის 21 ივლისში, ცვლის განმავლობაში განხორციელებული ჩანაწერის შინაარსი და არსად აღნიშნული არ არის კონკრეტულ რიცხვში უ-----ს დასახლებაში ტრანსფორმატორის დაზიანების ფაქტი. უფრო მეტიც, მოწმის სახით დაკითხული, სს „ე-----------------------ას“ ბათუმის მომსახურების ცენტრის მთავარი ინჟინერის, გ--------------ის განმარტებით, ხანძრის შემთხვევაში ხდება სახანძრო სამსახურის გამოძახება, ფაქტის დაფიქსირება როგორც სერვის ცენტრში, ასევე ცენტრალურ სადისპეჩერო სამსახურში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოწმემ დამატებით მიუთითა, რომ პროგრამის ფარგლებში პერიოდულად მიმდინარეობს ტრანსფორმატორების შეცვლა და კონკრეტულად უ-----ს დასახლებაში ტრანსფორმატორი 2016 წელს შეიცვალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენება.

- აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 22.03.2019 წლის M----------------

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ტექნიკის აღდგენის ხარჯი შეადგენს 700 ლარს.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ დაზიანებული ბოილერის აღდგენის ხარჯი შეადგენს 450 ლარს, ხოლო ორი ტელევიზორის - 150 ლარს და ჯამში ზიანს განსაზღვრავს 700 ლარით, მაშინ როცა ამ თანხების ჯამი 600 ლარია. გარდა ამისა, ხარჯის გაწევის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს: 1. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, სადაც საქონლის/მომსახურების მიმღებს წარმოადგენს ზ-----------------ე და არა მოსარჩელე - დ-------------------ე, ამასთან არც მისი შინაარსით დგინდება ბოილერის შეკეთების მომსახურების გაწევა. 2. ცნობა, რომლის შინაარსით ტელევიზორის აღდგენისთვის ხელოსანმა დ-------------------ისგან აიღო 150 ლარი. თუმცა სასამართლო აღნიშნულს დოკუმენტს სარწმუნო მტკიცებულებად ასევე ვერ მიიჩნევს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ცნობა, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიაჩნია, რომ დ-------------------ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომაროება, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება რამდენიმე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს: 1) მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა(ზიანს)და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ სახეზეა აღნიშნული ყველა პირობა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგენისთვის გამოვლენილი უნდა იყოს ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და უარყოფითი შედეგი, უპირველესად დასადგენია, რაში გამოიხატა მოპასუხის ბრალეულობა და ასეთი არსებობის შემთხვევაში, სახეზეა თუ არა დამდგარ ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კომპანიის კუთვნილი ტრანსფორმატორის დაზიანების (მასზე ხანძრის გაჩენის), შესაბამისად ვერც ქსელში მაღალი ძაბვის დენის მიწოდების ფაქტი, შესაბამისად სახეზე არც მიზეზობრივი კავშირის არსებობაა. აღნიშნული გარემოებები კი გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე