გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
330210019002879753
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/4594-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - სა---------–----–---------------------------ო

წარმომადგენელი - მა-------------–--ე

 

მოპასუხე - შპს ,,ნი-----ი"

წარმომადგენელი - ხა------------–---–ი

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ნი-----ს" სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 17 550 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 26 აპრილს სა---------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ნი-----ს" შორის N3-- ხელშეკრულება 2 500 ერთეული ლურჯი სპეც.უნიფორმის კომპლექტის შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 300 000 ლარით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 24 აგვისტომდე.

 

მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიწოდება მოახდინა ვადაგადაცილებით, კერძოდ:

132 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 15 840 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 29 აგვისტოს, 5 კალენდარული დღის დაგვიანებით;

85 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 10 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 17 სექტემბერს, 24 კალენდარული დღის დაგვიანებით;

260 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 31 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 19 სექტემბერს, 26 კალენდარული დღის დაგვიანებით;

340 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 40 800 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 26 სექტემბერს, 33 კალენდარული დღის დაგვიანებით;

144 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 17 280 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 28 სექტემბერს, 35 კალენდარული დღის დაგვიანებით;

256 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 30 720 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 02 ოქტომბერს, 39 კალენდარული დღის დაგვიანებით.

 

მოსარჩელის მიერ მოპასუხეს წერილებით ეცნობა ხელშეკრულების ვადის დარღვევისა და ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის დაკისრების შესახებ. კერძოდ, პირგასამტეხლოს სახით 2 250 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 12 სექტემბრის N2------ წერილით; პირგასამტეხლოს სახით 8 550 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 24 სექტემბრის N2------ წერილით; პირგასამტეხლოს სახით 900 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 25 სექტემბრის N2------ წერილით; პირგასამტეხლოს სახით 3 150 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 02 ოქტომბრის N2------ წერილით; პირგასამტეხლოს სახით 2 700 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 08 ოქტომბრის N2------ წერილით; ჯამში მოპასუხეს ხელშეკრულების შესრულების ვადის 39 კალენდარული დღის ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა 17 550 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ შპს ,,ნი-----მა" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა მცირე დაგვიანებით, რომელიც გამოწვეული იყო მოპასუხისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო.

 

მოპასუხე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნიფორმის შესაკერად ქსოვილს იღებდა ჩი-----დან, შპს ,,ნი-----სა" და ჩი----ში გუ--------ის პროვინციაში მდებარე ფაბრიკას შორის დადებული ნედლეულის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. სამხრეთ ჩი----ში ქარიშხალი ტანგოს შედეგად შეფერხდა ფაბრიკის მუშაობა, შეჩერებული იყო როგორც ფაბრიკების მუშაობა, ისე სწავლა, რის გამოც დაგვიანებით მიიღეს ქსოვილი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მოპასუხის მიერ ვადის გადაცილება. რაც შეეხება პირგამატეხლოს, მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან ვალდებულების დარღვევა არ მომხდარა მოპასუხის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რის გამოც მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0.02 %-მდე, რაც საერთო ჯამში შეადგენს 2 340 ლარს, ნაცვლად 17 550 ლარისა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 26 აპრილს, ერთის მხრივ, სა---------–----–---------------------------ოსა და, მეორეს მხრივ, შპს ,,ნი-----ს" შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N3--, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი იყო 2 500 ერთეული ლურჯი სპეც.უნიფორმა, ერთი კომპლექტის (1 ცალი ქურთუკი და 1 ცალი შარვალი მათბუნებლით) ღირებულებით 120 ლარი. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 300 000 ლარს. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 26 აპრილის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. შპს ,,ნი-----მა" 2018 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიწოდება მოახდინა ვადაგადაცილებით, კერძოდ:

132 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 15 840 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 29 აგვისტოს, 5 კალენდარული დღის დაგვიანებით;

85 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 10 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 17 სექტემბერს, 24 კალენდარული დღის დაგვიანებით;

260 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 31 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 19 სექტემბერს, 26 კალენდარული დღის დაგვიანებით;

340 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 40 800 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 26 სექტემბერს, 33 კალენდარული დღის დაგვიანებით;

144 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 17 280 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 28 სექტემბერს, 35 კალენდარული დღის დაგვიანებით;

256 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 30 720 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 02 ოქტომბერს, 39 კალენდარული დღის დაგვიანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტები (იხ. ს.ფ. 25, 28, 31, 34, 37, 38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი).

 

3.1.3. სა---------–----–---------------------------ოს მიერ შპს ,,ნი-----ს" წერილებით ეცნობა ხელშეკრულების ვადის დარღვევისა და ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის დაკისრების შესახებ.

 

კერძოდ, პირგასამტეხლოს სახით 2 250 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 12 სექტემბრის N2------ წერილით; პირგასამტეხლოს სახით 8 550 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 24 სექტემბრის N2------ წერილით; პირგასამტეხლოს სახით 900 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 25 სექტემბრის N2------ წერილით; პირგასამტეხლოს სახით 3 150 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 02 ოქტომბრის N2------ წერილით; პირგასამტეხლოს სახით 2 700 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 08 ოქტომბრის N2------ წერილით. წერილებით ასევე მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა 30 კალენდარული დღის განმავლობაში, თუმცა უშედეგოდ.

 

შპსპ ,,ნი-----ს" ჯამში ხელშეკრულების შესრულების ვადის 39 კალენდარული დღის ვადაგადაცილებისათვის სა---------–----–---------------------------ომ დააკისრა 17 550 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი შეტყობინებები (ს.ფ. 26-27, 29-30, 32-33, 35-36, 39-70).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სა---------–----–---------------------------ოს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 327-ე, მე-400-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო პირგასამტეხლოს სახით 2 340 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი, კი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების სინალაგმანტური ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 26 აპრილს, ერთის მხრივ, სა---------–----–---------------------------ოსა და, მეორეს მხრივ, შპს ,,ნი-----ს" შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N3--, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი იყო 2 500 ერთეული ლურჯი სპეც.უნიფორმა, ერთი კომპლექტის (1 ცალი ქურთუკი და 1 ცალი შარვალი მათბუნებლით) ღირებულებით 120 ლარი. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 300 000 ლარით. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 24 აგვისტომდე.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

დადგენილია, რომ შპს „ნი-----ის" მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ:

- 132 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 15 840 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 29 აგვისტოს, 5 კალენდარული დღის დაგვიანებით;

- 85 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 10 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 17 სექტემბერს, 24 კალენდარული დღის დაგვიანებით;

- 260 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 31 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 19 სექტემბერს, 26 კალენდარული დღის დაგვიანებით;

- 340 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 40 800 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 26 სექტემბერს, 33 კალენდარული დღის დაგვიანებით;

- 144 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 17 280 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 28 სექტემბერს, 35 კალენდარული დღის დაგვიანებით;

- 256 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 30 720 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 02 ოქტომბერს, 39 კალენდარული დღის დაგვიანებით.

 

შესაბამისად, წარმოიშვა ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2018 წლის 26 აპრილს სა---------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ნი-----ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, კერძოდ, შპს ,,ნი-----მა" 2018 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიწოდება მოახდინა ვადაგადაცილებით, 39 დღის ვადადარღვევით, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 17 550 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 17 550 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (იხ. სუსგ. №ას-164-160-2016; 28 ივლისი, 2016 წელი)

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი)

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვადას გადააცილა მხოლოდ 39 დღით და მოსარჩელეს მის მიმართ გარდა ვადის გადაცილებისა, სხვა პრეტენზია არ აქვს, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს სამჯერ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 5850 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 17550 ლარისა.

 

ამასთან, რაც შეეხება პირგასამტეხლოს არაგონივრულობის დასადასტურებლად, მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების მიზეზი სტიქიური მოვლენა იყო, აღნიშნული ფაქტი, არარელევანტურია, იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისათვის, სასამართლოს საკმარისად მიაჩნია, ვადის გადაცილების მოკლე ვადა და მოპასუხის მხრიდან უნაკლო შესრულება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელე გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო 2340 ლარის ნაწილში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნისა და სარჩელის ცნობის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 105.30 ლარის გადახდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სა---------–----–---------------------------ოს სარჩელი შპს ,,ნი-----ის" მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. შპს ,,ნი-----ს" სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 5 850 ლარის გადახდა.

 

2. შპს ,,ნი-----ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 105.30 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ხათუნა კაკაბაძე