გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210017002136250
№ 2/3002-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე – სსიპ „ს--–---–--------------------------------“;
წარმომადგენელი - ლ---------------–---;
მოპასუხე – შპს „ს---------------–--“;
წარმომადგანელი – დ-----------------;
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ს---------------–--ს“ (ს.ნ. 440886098) სსიპ „ს--–---–--------------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 467 196,13 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს და შპს „ს---------------–--ს“ შორის 2015 წლის 9 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N095 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება ქ. ქუთაისში შ-----–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-----------), დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მე-3 და მე-4 კორპუსების (ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსის, თითოეულის საერთო საცხოვრებელი ფართით 3962,4 კვ.მ. თითოეულ კორპუსში ბინათა რაოდენობა - 80), მშენებლობის და გარე (ეზოს) კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 6918981.42 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადას წარმოადგენდა 2016 წლის დეკემბერი, 16.1 პუნქტით კი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2017 წლის 28 მაისით. „სამინისტროს“ განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით (სამსახურებრივი ბარათი N 09-02/02-4264 27/04/2017), ზემოაღნიშნული სამუშაოები მოპასუხემ დაასრულა 2017 წლის 13 მარტს, ხოლო რიგ შესასრულებელ სამუშაოებზე დარღვეულია გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადები. აქედან გამომდინარე, შპს „ს---------------–--ს“ ხელშეკრულების 12.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო, ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ხოლო 12.3 პუნქტისა და 12.4 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთის/ეტაპების ვადის დარღვევის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,01% ოდენობით. პირგასამტეხლოს თანხამ შეადგინა 642 390,56 ლარი, აქედან 174 194,43 ლარი, როგორც საგარანტიო თანხა, სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, შპს „ს---------------–--ის“ მიერ გადასახდელი თანხა კი შეადგენს 467196,13 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მისი წარმომადგენლის განმარტებით, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების ვადებში დასრულება შეუძლებელი იყო ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N095 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 12.09.2016 წლის და 29.09.2016 წლის შეთანხმებები, რომლებითაც განისაზღვრა ხელშეკრულების ახალი გეგმა-გრაფიკები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადად დადგინდა 28.12.2016 წელი. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ხელმძღვანელობს ხელშეკრულების თავდაპირველი გეგმა/გრაფიკით და მისი დარღვევისთვის მოპასუხეს აკისრებს პირგასამტეხლოს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მათი მხრიდან ვალდებულება შესრულებულია, თუმცა ფორმალურად სახეზეა შესრულების ვადის გადაცილება 74 დღით. აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად, გათვალისწინებულია სანქცია - პირგასამტეხლო, სამუშაოების ღირებულების (6918981,42 ლარი) 0,05% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც წარმოადგენს 256002,26 ლარს, ასევე მოსარჩელე ითხოვს 385388,3 ლარს, რაც ხელშეკრულების 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოა, სამუშაოების ღირებულების (6918981,42 ლარი) 0,01% ოდენობით, ხელშეკრულების თავდაპირველი გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების თავდაპირველი გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნა უსაფუძვლოა, რამდენადაც გეგმა-გრაფიკი შეიცვალა და მან როგორც ხელშეკრულების ნაწილმა, დაკარგა ძალა. ამასთან, ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებში პირგასამტეხლოს დარიცხვაზე საუბარი არ არის, რაც უნდა დაფიქსირებულიყო ხელშეკრულების მე-4 მუხლიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობებში, დამატებითი სანქციის გამოყენება გეგმა- გრაფიკის დარღვევისთვის, წარმოადგენს პირგასამტეხლოს ოდენობის შენიღბულ გაზრდას და ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერი პარტნიორული ურთიერთობის პრინციპს, ასევე წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დააზუსტა ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ ახალი შეთანხმების საფუძველზე, მათ სამუშაოები უნდა დაესრულებინათ 2016 წლის 28 დეკემბერს, თუმცა მშენებლობის პროცესში გამოვლინდა დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, რაც საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებით არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, მშენებლობის დასრულების ვადა გაიზარდა 45 დღით, ანუ 2017 წლის 2 თებერვლის ჩათვლით, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულდა არა 2017 წლის 13 მარტს, არამედ 2 თებერვალს, რაც ასევე ექსპერტიზის დასკვნითაა დადასტურებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს და შპს „ს---------------–--ს“ შორის 2015 წლის 9 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N095 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება ქ. ქუთაისში შ-----–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-----------), დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მე-3 და მე-4 კორპუსების ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსის, (თითოეულის საერთო საცხოვრებელი ფართი 3962,4 კვ.მ. თითოეულ კორპუსში ბინათა რაოდენობა - 80), მშენებლობის და გარე (ეზო) კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 6918981,42 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადა იყო 2016 წლის 30 აგვისტო, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, შეიძლებოდა გაგრძელებულიყო „სამუშაოს“ შესრულებისათვის აუცილებელი გონივრული ვადით, იმ შემთხვევაში, თუ „მიმწოდებელი“ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართავდა „შემსყიდველს“, სამუშაოს დასრულების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით, ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, „ხელშეკრულების ღირებულების“ 0.05% ოდენობით. ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, „ხელშეკრულების“ მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო თითოეული მონაკვეთის/ეტაპის ვადის დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.01 %-ის ოდენობით, „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების 12.4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო „მიმწოდებელს“ დაეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაარღვევდა „ხელშეკრულების“ მე-4 მუხლის 4.2 პუნქტით განსაზღვრული „სამუშაოს“ დასრულების ვადას. ასეთ შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ასევე დაეკისრებოდა ამ მუხლის 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ხელშეკრულების 13.1 პუნქტით, ნებისმიერი ცვლილება „ხელშეკრულებაში“ შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, ხოლო 13.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა „ხელშეკრულების“ პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია 10 (ათი) დღით ადრე წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N095 ხელშეკრულება (ს.ფ. 18–29);
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N095 ხელშეკრულებაში 2015 წლის 26 ივნისს შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულის შესაბამისად, შეიცვალა გეგმა-გრაფიკის ვადებიც. სხვა ვალდებულებები დარჩა უცვლელი. 2016 წლის 12 იანვრის ცვლილებით, სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 2016 წლის 29 სექტემბრის შეთანხმებით N095/6 – 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N095 ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და ახალი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკები (ს.ფ. 31-108);
3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით ცნობილი იქნა სსიპ „სოციალური მომსახურების საგენტო“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლო სხდომის ოქმი;
3.1.4. დადგენილია, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში საბანკო გარანტიის სახით, პრინციპალის შპს „ს---------------–--ის“ მიმართ არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაირიცხა 174194.43 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ბანკის 30/07/2017წ. N35112/01 წერილი (ს.ფ. 110);
- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 222);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის 17 იანვარს მოპასუხემ წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები ობიექტის შემოწმებისას არ მიმდინარეობდა, რაც შეიძლება გამხდარიყო პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, მოითხოვა სამი დღის ვადაში ინფორმაცია ჩამორჩენის მიზეზების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 13 დეკემბრის და 2017 წლის 17 იანვრის წერილები (ს.ფ. 217-218);
3.2.2. შპს „ს---------------–--მა“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N095 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა დაარღვია 74 დღით, კერძოდ, ნაცვლად 2016 წლის 28 დეკემბრისა, „სამუშაოები“ დაასრულა 2017 წლის 13 მარტს, გეგმა-გრაფიკით ჩამორჩენილ სამუშაოთა ჩამონათვალმა კი შეადგინა 557 დღე. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2017 წლის 10 მაისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 03 მაისის დასკვნის წარდგენის შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის 27/04/2017წ. N 09-02/02-4264 სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 224);
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 153);
-ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 157-199);
-2017 წლის 30 მაისის წერილი (იხ.ს.ფ. 231);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა გადაიწია ობიექტური მიზეზების გამო, რომ მოპასუხემ ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმება დადო „შემსყიდველთან“, ასევე არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან „სამუშაოების“ დასრულება 45 დღის ვადაში, ანუ 2017 წლის 2 თებერვალს, არ დასტურდება ვადის გადაცილების გამოთვლა ძველი გეგმა-გრაფიკების მიხედვით. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, რასაც უარყოს მეორე მხარე, არ არის საკმარისი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასატურებლად.
3.2.3. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობამ, შპს „ს---------------–--ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევის გამო, შეადგინა 256002.26 ლარი, რაც წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 6918981.42 ლარის 0.05%, ყოველდღიურად, 74 დღეზე გაანგარიშებით (დღეში 3459.49 ლარი), გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო კი, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 385388.3 ლარი, რაც წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 6918981.42 ლარის 0.01% ყოველდღიურად, 557 დღეზე გაანგარიშებით (დღეში 691.90 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 30 მაისის წერილი (ს.ფ. 231-232);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 327-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე,6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს და შპს „ს---------------–--ს“ შორის 2015 წლის 9 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N095 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება ქ. ქუთაისში შ-----–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-----------), დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მე-3 და მე-4 კორპუსების ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსის, (თითოეულის საერთო საცხოვრებელი ფართი 3962,4 კვ.მ. თითოეულ კორპუსში ბინათა რაოდენობა - 80), მშენებლობის და გარე (ეზო) კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 6918981,42 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადა იყო 2016 წლის 30 აგვისტო. მითითებულ ხელშეკრულებაში 2015 წლის 26 ივნისს შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულის შესაბამისად, შეიცვალა შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ვადებიც, ხოლო სხვა ვალდებულებები დარჩა უცვლელი. 2016 წლის 12 იანვრის ცვლილებით, სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 2016 წლის 29 სექტემბრის შეთანხმებით 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
მოსარჩელე მხარემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შპს „ს---------------–--ს“ გადაუხადა სამუშაოს შესრულებისათვის შეთანხმებული საზღაური, ხოლო „მენარდემ“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N095 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა დაარღვია 74 დღით, კერძოდ, ნაცვლად 2016 წლის 28 დეკემბრისა, „სამუშაოები“ დაასრულა 2017 წლის 13 მარტს, გეგმა-გრაფიკით ჩამორჩენილ სამუშაოთა ჩამონათვალმა კი შეადგინა 557 დღე. მოპასუხის განმარტებით, სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია ობიექტური მიზეზების გამო და ვადის გადაწევა შეთანხმებული იყო მოსარჩელესთან, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ვერ შეძლო. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულების 13.1 პუნქტით ნებისმიერი ცვლილება „ხელშეკრულებაში“ შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, ხოლო 13.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა „ხელშეკრულების“ პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია 10 (ათი) დღით ადრე წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. „მენარდეს“ ასეთი შეთანხმება არ წარმოუდგენია, რაც მის განმარტებას უსაფუძვლოს ხდის. ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ სამუშაოთა შესრულება დასრულდა 2017 წლის 2 თებერვალს, როცა მოპასუხემ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 03 მაისის დასკვნის მიხედვით, მოპასუხეს მართალაც აქვს მიმართული „ბიუროსათვის“ 2017 წლის 2 თებერვალს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემთხვევაში „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო აღნიშნული დაუყონებლივ ეცნობებინა „შემსყიდველისათვის“, ასევე უნდა წარედგინა მისთვის მიმართვა (წერილი), გაგზავნილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, შესრულებული სამუშაოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე (N095 ხელშეკრულების 5.4 პუნქტი), რაც არ განუხორციელებია. რაც შეეხება გეგმა-გრაფიკის ვადების დარღვევას, ყოველი ცვლილების შემდეგ შედგენილია ახალი გეგმა-გრაფიკი და გადაცილებები გამოყვანილია ამ დოკუმენტის და არა ძველი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მართალია მოპასუხე სადაოდ ხდის ამ გარემოებას, თუმცა კონკრეტულად ვერ ასახელებს, რაში გამოიხატება უსწორობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.2 პუნქტით, ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, „ხელშეკრულების ღირებულების“ 0.05% ოდენობით. ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, „ხელშეკრულების“ მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო თითოეული მონაკვეთის/ეტაპის ვადის დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.01 %-ის ოდენობით, „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად.
დადგენილია, რომ შპს „ს---------------–--ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 256002.26 ლარი, რაც წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 6918981.42 ლარის 0.05% ყოველდღიურად, 74 დღეზე გაანგარიშებით (დღეში 3459.49 ლარი), გეგმა- გრაფიკის დარღვევის გამო კი, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 385388.3 ლარი, რაც წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 6918981.42 ლარის 0.01% ყოველდღიურად, 557 დღეზე გაანგარიშებით (დღეში 691.90 ლარი).
ხელშეკრულების 12.4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო „მიმწოდებელს“ დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დაარღვია „ხელშეკრულების“ მე-4 მუხლის 4.2 პუნქტით განსაზღვრული „სამუშაოს“ დასრულების ვადა. ასეთ შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ასევე დაეკისრება ამ მუხლის 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია „სამუშაოს“ დასრულების ვადა, მას ხელშეკრულების 12.2 პუნქტის მიხედვით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან ერთად უნდა დაეკისროს 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოც, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების - 6918981.42 ლარის 0.05% ყოველდღიურად, არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და იგი უნდა შემცირდეს 0.02%-მდე, რის შედეგადაც 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გახდება 102400.90 ლარი (1383.79 ლარი 74 დღეზე), რასაც დაემატება 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 385388.3 ლარი, მიღებულ ჯამს 487789.2 ლარს გამოაკლდება სს „საქართველოს ბანკის“ მიერ საბანკო გარანტიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 174 194,43 ლარი. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეადგენს 339194.87 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მოპასუხეს, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი.
7. სარჩელის უზრუნველყოფა.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ssip „ს--–---–--------------------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შპს „ს---------------–--ს“ ssip „ს--–---–--------------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 339 194.87 ლარის გადახდა;
1.2. შპს „ს---------------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე