გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 150210019002953389
2/93-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წ. ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე არარატ ესოიან
სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე _ ნ----- დ----–--- (პ/ნ 0----------);
წარმომადგენელი - ე--------------;
მოპასუხე _ ა------ ა-–---–--- (პ/ნ 0----------);
წარმომადგენლი - ვ----–----–-----;
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა------ ა-–---–---ს მოსარჩელე ნ----- დ----–---ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------------ს დაბადებული ს----- ა-–---–---ის რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 300 ლარის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნ----- დ----–---ი 2013 წელს დაქორწინდა ა------ ა-–---–---თან, ხოლო მათი ქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2014 წელს. აღნიშნული ქორწინებიდან 2----–-–------------------ს შეეძინათ ერთი შვილი, ს----- ა-–---–---ი.
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენის თანახმად ა------ ა-–---–---ი 2016 წლის აპრილიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით, პერიოდულად სცემდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მას, რის გამოც ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. 2016 წლის 16 ივნისიდან მათი შვილი ს----- ა-–---–---ი ცხოვრობს დედასთან. ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის ყველაფერს უზრუნველყოფს დედამისი, თავისი მშობლებისა და ნათესავების დახმარებით. მაგრამ მოსარჩელისათვის ძნელია ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფა სხვაგვარი დახმარების გარეშე. იმ დღიდან, რაც მხარეები ცალკე ცხოვრობენ მოსარჩელეს ბავშვისათვის არანაირი მატერიალური ან სხვაგვარი დახმარება არა აქვს მიღებული მოპასუხისაგან.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არსებობდა სასამართლო დავა მოპასუხე ა------ ა-–---–---ის სარჩელისა გამო სადაც მოსარჩელე მხარემ ყველანაირად დაამტკიცა, რომ ცხოვრობს ძალიან კარგად, აქვს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით და საშუალებებით, ეკონომიკურად დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ უვლის მცირეწლოვან ბავშვს, ამიტომ საშუალება არა აქვს, რომ იმუშაოს და შემოსავალი მიიღოს.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ა------ ა-–---–---მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი 50 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით არანაირი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია, ის სახლი სადაც ცხოვრობს ეკუთვნის მის მშობლებს, არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. ამჟამად არის მშობლების კმაყოფაზე. მოპასუხის აზრით მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება არა აქვს წარმოდგენილი მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ნ----- დ----–---ს და მოპასუხე ა------ ა-–---–---ს ქორწინების პერიოდში, 2----–-–------------------ს შეეძინათ შვილი ს----- ა-–---–---ი. ამჟამად მეუღლეები განქორწინებული არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი შვილი ს----- ა-–---–---ი ცხოვრობს დედასთან ნ----- დ----–---თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
-დაბადების მოწმობა N1----------;
- განქორწინების მოწმობა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელემ განმარტა, რომ ბავშვის მოვლის გამო დასაქმებული არ არის და მას არ აქვს შემოსავალი ხელფასის სახით, იგი ამჟამად არის მშობლების კმაყოფაზე. მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ თუ მოსარჩელე ბავშვს საბავშვო ბაღში მიიყვანს და შემდეგ სკოლაში, მუშაობის შესაძლებლობა ექნება. რაზედაც მოსარჩელემ განმარტა, რომ ბავშვი ტირის და არ რჩება ბაღში, რაც ვერ უარყო მოპასუხემ.
შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე უვლის მცირეწლოვან ბავშვს, რის გამოც დასაქმებული არ არის და მას არ აქვს შემოსავალი ხელფასის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- სოც. მუშაკის 2018 წლის 27 დეკემბრის წლის დასკვნა N---.
3.2.2. მოსარჩელემ განაცხადა, რომ მოპასუხე დადის რუსეთში ყამირზე (სამუშაოდ), ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად ის მკურნალობს სომხეთში. შესაბამისად დადგენილია, რომ ამჟამად მოპასუხე წასულია საქართველოდან, მაგრამ ვერ დგინდება წასვლის მიზეზი, ვინაიდან წასვლის მიზეზის თაობაზე რაიმე მტკიცებულება მხარეებმა არ წარმოადგინეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.3. მოსარჩელემ განმარტა, რომ სასამართლოში არსებობდა დავა ა------ ა-–---–---ის სარჩელისა გამო ბავშვის ნახვის შესახებ, სადაც ა------ ა-–---–---მა ყველან-----დ დაამტკიცა, რომ ცხოვრობს ძალიან კარგად, აქვს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით და საშუალებებით, ეკონომიკურად დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს, ასევე აქვს მუშაობის საშუალება, მისი ოჯახი დაკავებულია სოფლის მეურნეობით.
თუმცა მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ არანაირი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია, ის სახლი სადაც ცხოვრობს ეკუთვნის მის მშობლებს, არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. ამჟამად არის მშობლების კმაყოფაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განმარტება გამყარებულია სოც. მუშაკის 2018 წლის 27 დეკემბრის N--- დასკვნით, ხოლო მოპასუხეს თავის სიტყვების დამადასტურებელი მტკიცებულება არა აქვს წარმოდგენილი.
გამოდის, რომ მოპასუხე მხარემ უარყო 2018 წლის 27 დეკემბრის სოც. მუშაკის N--- დასკვნა, ხოლო სხვა მტკიცებულება მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის თაობაზე არ არის წარმოდგენილი.
სასამართლომ უარყოფითად შეაფასა მოპასუხის მიდგომა, კერძოდ, როდესაც უნდოდა ბავშვის ნახვა, დაეთანხმა სოც. მუშაკის დასკვნას, მათ შორის მისი მატერიალური მდგომარეობის თაობაზე, ეხლა კი, როდესაც ვალდებულების დაკისრების საკითხი დგას, ცდილობს წარმოადგინოს, რომ თავისი მატერიალური მდგომარეობა ცუდია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამით მოპასუხე ცდილობს თავიდან აიცილოს/ შემცირდეს ალიმენტის გადახდის პასუხისმგელობა.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოსარჩელის ის განმარტება, რომელიც ვერ უარყო მოპასუხემ, რომ იმ დღიდან, რაც მხარეები ცალკე ცხოვრობენ მოსარჩელეს ბავშვისათვის არანაირი მატერიალური ან სხვაგვარი დახმარება არა აქვს მიღებული მოპასუხისაგან. ასევე მნიშვნელოვანია მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება, რომ ამჟამად მოპასუხე მკურნალობს სომხეთში, რაც არაფრით არ არის დამტკიცებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით და ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო ეყრდნობა სოც. მუშაკის 2018 წლის 27 დეკემბრის N--- დასკვნას და მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა საკმაოდ კარგია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- სოც. მუშაკის 2018 წლის 27 დეკემბრის დასკვნა N---.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ----- დ----–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები. იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
6.3. აღნიშნულიდან გამომდინარე ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას საყურადღებოა ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.
სამოქალაქო კოდექსი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილის მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
შესაბამისად მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს ბავშვის რჩენა და აღზრდა - განვითარება.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ ჰყავთ საერთო შვილი. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი ბავშვი მოპასუხე ა------ ა-–---–---თან არ იცხოვრებს, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ნ----- დ----–---ს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ორივე მშობელს შვილის მიმართ გააჩნიათ თანაბარი უფლებები და მოვალეობები. კანონი არ ცნობს რომელიმე მათგანის უპირატესობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. როგორც მოსარჩელე მხარე, ისე მოპასუხე ვალდებულია თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გაიღოს ის თანხები, რაც მათი ნორმალური რჩენისათვისაა საჭირო.
შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ასევე მხედველობაში იღებს მშობლების მატერიალური მდგომარეობას და შესაძლებლობას. ანუ გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე.
ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ს----- ა-–---–---ი არის მცირეწლოვანი და მისი ასაკის შესაბამისად ესაჭიროება სათანადო მზრუნველობა. არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯს.
სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა თუ სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს არა მხოლოდ სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობას, ანუ არა მხოლოდ ბავშვის გაზრდაში მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ რაც შეიძლება ბავშვისათვის კარგი პირობების შექმნას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ----- დ----–---ი არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი ხელფასის სახით, ვინაიდან უვლის მცირეწლოვან ბავშვს (იხ. 3.2.1.). მაშინ ამით ბავშვის სათანადო მზრუნველობაში აქვს წონადი მონაწილეობა, თუ ეს გადათვლილ იქნება ყოველთვიურ ხარჯზე თანხობრივად, გამოდის საკმაოდ დიდი თანხა. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა საკმაოდ კარგია (იხ. 3.2.3.).
აქედან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის სასარგებლოდ 210 ლარის ოდენობით, რაც იქნება ადეკვატური დედის ხარჯთან და ემსახურება არა მხოლოდ ბავშვის გაზრდაში მინიმუმის უზრუნველყოფას, ასევე ბავშვისათვის კარგი პირობების შექმნას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლებმა უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი ბავშვისათვის კარგი პირობების შექმნა, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი დედასთან თანაბარი თანხით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მამაკაცია, რომელსაც აქვს მუშაობის საშუალება, მისი ოჯახი დაკავებულია სოფლის მეურნეობით და აქვს რეალური საშუალება აღნიშნული ოდენობით ალიმენტის გადახდისათვის, თავისი ბავშვის რჩენის და განვითარების მიზნით.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ს----- ა-–---–---ი მოსარჩელესთან ცხოვრობდა. შესაბამისად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 18 აპრილიდან (სარჩელის აღძვრის დღიდან), ბავშვის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----- დ----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ა------ ა-–---–---ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ნ----- დ----–---ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------------ს დაბადებული ს----- ა-–---–---ის (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 210 (ორას ათი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან - 2019 წლის 18 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3. მოპასუხე ა------ ა-–---–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან