განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-346-19
(N012220319001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ქეთევან სონიძე,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ია მეარაყიშვილი
ბრალდებული: ბ-----------–---–ი
დაბადებული: 30.04.1--- წ.
პირადი ნომერი: N3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, 2--------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 22 მარტს, დაახლოებით 01:40 საათზე, ქ. რუსთავში, მე-2---------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-----------–---–ი რკინის დეტალის გამოყენებით, აპარატის დაზიანების გზით ცდილობდა შპს „დ--------------------------ას“ კუთვნილი „ს----------–--------ის“ ჩასარიცხი აპარატიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა 3 236 (სამიათას ორას ოცდათექვსმეტი) ლარს, რითაც შპს „დ--------------------------ას“ შესაძლოა მისდგომოდა 3 236 (სამიათას ორას ოცდათექვსმეტი) ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ბ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: შეტყობინება დანაშულის შესახებ, მოწმეების: გ------------–---–ის, ა-–----------------–---–ის, ა----------------–---–ის, კ-----------ის გამოკითხვის ოქმებს და მათგან მიღებული ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბ-----------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმს და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2019 წლის 13 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.
ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.
ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.
ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა ამ ქონების რეალიზება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ-----------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, ბ-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
6.1. ბექა ვაზაგაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს (გადაუხდელია).
6.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე;
- საქმეზე ამოღებული ძალაყინი და სუნის ნიმუშები - განადგურდეს.
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - დაუბრუნდეს დაზარალებულს.
- ერთი ცალი დისკი შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ-----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
ბ-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.
2. ბ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე:
- საქმეზე ამოღებული ძალაყინი და სუნის ნიმუშები განადგურდეს.
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაუბრუნდეს დაზარალებულს(ნივთმტკიცება ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).
- ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სს საქმეს. შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი