გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019002819774
#2/122-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.05.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ნ--------------ე;
მოპასუხე - გ-----------–-----ე;
წარმპომადგენელი - მ-------------–--ე
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ-----------–-----ეს შვილების - 2011 წლის 01 დეკემბერს დაბადებული ნ-------–-----ის, 2013 წლის 20 სექტემბერს დაბადებული ბ------------–-----ის, 2013 წლის 20 სექტემბერს დაბადებული თ---–-----–-----ის და 2016 წლის 22 აპრილს დაბადებული შ------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - მათ სრულწლოვანებამდე.
1.2. შეწყდეს ნ--------------ესა და და გ-----------–-----ეს შორის 2013 წლის 30 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ----------–-----ესთან, 2018 წლიდან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ, მცირეწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად. ნ--- არის სკოლის მოსწავლე, ბ-------ე, თ---–ე და შ------ო კი ბაღის აღსაზრდელები. ბავშვებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ მგზავრობის, კვების, სახელმძღვანელოების, სკოლისა თუ ბაღის სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ფინანსები. პერიოდულად ესაჭიროებათ ექიმის მეთვალყურეობა და მედიკამენტები. ზემოთხსენებული ხარჯების გაღება კი უწევს მოსარჩელეს. მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს სოციალური დახმარება, რომელიც მთლიანად ხმარდება ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას. მოპასუხეს ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდება, თუმცა აქვს სასათბურე მეურნეობა, საიდანაც იღებს შემოსავალს. მოსარჩელისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ასრულებს სარემონტო სამუშაოებს, საიდანაც ასევე იღებს შემოსავალს. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები არანაირი ფორმით არ იღებენ მონაწილეობას შვილების რჩენისათვის. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ----------–-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ოჯახს სასათბურე მეურნეობა არ გააჩნია, არ ასრულებს სარემონტო სამუშაოებს, შესაბამისად არ გააჩნია არანაირი ფინანსური შემოსავალი. მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას 500 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა ასევე მოსარჩელის მოთხოვნას განქორწინების თაობაზე. მოპასუხის განმარტებით განქორწინების მიზეზი მისთვის არ არის ცნობილი და მოითხოვა შესარიგებლად ვადის განსაზღვრა (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ--------------ე და გ-----------–-----ე 2018 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. ნ--------------ე შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, თ------–---–----------ში, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი გადაეცა სახელმწიფოსგან დროებით სარგებლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება ;
3.1.3. მოპასუხე გ----------–-----ე ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის, სოფელ ფ---–---------–-, მშობლებთან და ძმებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ--------------ე და და გ----------–-----ე 2013 წლის 30 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა #6----------;
3.2.2 მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 4 შვილი, 2011 წლის 01 დეკემბერს დაბადებული ნ-------–-----ე, 2013 წლის 20 სექტემბერს დაბადებული ბ-------ე და თ---–-----–-----ე და 2016 წლის 22 აპრილს დაბადებული შ------------–-----ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა #6----------; დაბადების მოწმობა #6----------; დაბადების მოწმობა #6----------; დაბადების მოწმობა #6----------;
3.2.3 მოსარჩელე ნ--------------ე მუშაობს ერთ ერთ კომპანიაში, ოპერატორის პოზიციაზე, მისი შემოსავალი შეადგენს თვეში 150-200 ლარს. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3.2.4. მოპასუხე გ----------–-----ეს მუდმივი სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხის ოჯახში დასაქმებულია მხოლოდ დედა, რომლის შემოსავალი შეადგენს დღეში 20 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.2.5. ნ--------------ის და გ----------–-----ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;
მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელის განმარტებით, შემდგომში ერთ ოჯახად ცხოვრება და ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოება შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის განსაზღვრამ შედეგი არ გამოიღო. საქმის განხილვის მიმდინარეობისას ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენის ვარაუდი და შესაძლებლობა არ გამოკვეთა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულ შვილზე - 80-80 ლარის ოდენობით 2019 წლის 25 იანვრიდან მათ სრულწლოვანებამდე. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ქორწინების შეწყვეტის ნაწილშიც, რადგან მეუღლეთა თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება - ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
6.2. დადგენილია, რომ მხარეები 2013 წლის 30 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებას, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება;
6.4. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წრამოადგენს.
6.5. სამართლებრივი შეფასება ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სს კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სსკ 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.
6.6. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე შესაგებელში აცხადებს და სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა, რომ შვილებისთვის ალიმენტის გადსახდელად არანაირი სახსრები არ გააჩნია.
დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. შვილები ნ-------–-----ე, ბ------------–-----ე, თ---–-----–-----ე და შ------------–-----ე ფაქტობრივად ცხოვრობენს დედასთან, ნ--------------ესთან ერთად. მოსარჩელე მუშაობს და მისი შემოსავალი თვეში შეადგენს 150-200 ლარს. გ----------–-----ე ამჟამად არ მუშაობს და შემოსავალი არ გააჩნია. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვებს სჭირდებათ ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილები, შექმნას მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.
6.7. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
6.8. სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს. იძულებითი მექანიზმის დაწესების მიზანია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით.
6.9. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს სამართლებრივი დახმარების გარეშე.
არასრულწლოვანი შვილების აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე;
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები (ფაქტობრივად მიღებული (მისაღები) აქტივების გათვალისწინებით), სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ის გარემოებაც, თუ რამდენად სტაბილური და მყარია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა, რომელიც გამიზნულია სარჩენი პირის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის, უნდა იყოს აღსრულებადი, რომ მას რეალური შედეგი მოჰყვეს).
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვროს ბავშვი. ამიტომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან. იმ მინიმალური საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია, პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობის, კვების და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელი საჭიროებანი.
მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას თითოეულ შვილზე 150-150 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეულ შვილზე- 80-80 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სსკ 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სსკ კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
7.2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი) ამიტომ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის გათვალისწინებით, მოპასუხეს ალიმენტის დაკისრების ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 57,6 ლარი. ხოლო 50 ლარი განქორწინების მოთხოვნის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ კმაყოფილდება, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხე მხარის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს ნ--------------ეს ( დაბ: 07.04.1994წ.; პ/ნ - 5----------) და გ----------–-----ეს (დაბ: 01.02.1992წ. პ/ნ - 5----------) შორის 2013 წლის 30 სექტემბერს სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის №6----------).
3. გ----------–-----ეს- პ/ნ - 5----------- არასრულწლოვანი შვილების - 2011 წლის 01 დეკემბერს დაბადებული ნ-------–-----ის, 2013 წლის 20 სექტემბერს დაბადებული თ---–-----–-----ის, 2013 წლის 20 სექტემბერს დაბადებული ბ------------–-----ის და 2016 წლის 22 აპრილს დაბადებული შ------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 80-80 ლარის ოდენობით, სულ 320 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
4. გ----------–-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 107,6 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე დარინა აბულაძე