განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
110100119002964712
დავის ტიპი
151
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110100119002964712

№1/95-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მაისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ფ------ ა----------;

 

ბრალდებული - ზ------ პ--------, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ-------------------–---------------;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2000 წლიდან, 2009 წლამდე, თ----- გ--------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ პ--------სთან. 2018 წლის 14 თებერვალს, თ----- გ---------, მეორედ დაქორწინდა ქალაქ გორში მცხოვრებ გ------ ბ------–---–ზე, რაც გახდა ყოფილ მეუღლესთან უკმაყოფილების მიზეზი. 2018 წლის ზაფხულში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------ პ--------მ, მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილ მეუღლეს - თ----- გ---------ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნული მუქარა, თ----- გ---------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. 2000 წლიდან, 2009 წლამდე, თ----- გ---------, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ პ--------სთან. 2018 წლის 14 თებერვალს, თ----- გ---------, მეორედ დაქორწინდა ქალაქ გორში მცხოვრებ გ------ ბ------–---–ზე, რაც გახდა ყოფილ მეუღლესთან უკმაყოფილების მიზეზი. 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ზ------ პ--------ს, ყოფილ მეუღლესთან, თ----- გ---------სთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ზ------ პ--------მ, თ----- გ---------ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნული მუქარა, თ----- გ---------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. ზ------ პ--------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ: მხოლოდ 2019 წლის 14 მარტის ეპიზოდში.

 

4. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

5. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ პ--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი ნაწილობრივი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის თ----- გ---------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ზ------ კ----------ს, მ------ ჯ------ს, თ------ უ--------------–-ს, თ----- ძ-----ს, ნ---- გ---------ს და მ------ პ--------ს გამოკითხვის ოქმები; დათვალიერების ოქმები; ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები; შემაკავებელი ორდერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

9. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ზ------ პ--------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

სამართლებრივი შეფასება:

 

10. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. ასევე, დამნაშავემ, მუქარა შეიძლება შეუთვალოს ადამიანს სხვა პირის მეშვეობით. მუქარად ითვლება ისეთი შემთხვევაც, როცა დამნაშავე, პირის ახლობელთან იმუქრება, რომ გადაწყვეტილი აქვს ამ პირის მოკვლა. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.

 

11. საქართველოს სსკ 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

12. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, 2018 წლის ზაფხულის თვის ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთბლიობით, რომელიც დაცვის მხარეს, სადავოდ არ გაუხდია. საქმეზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხული თ----- გ---------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის ზაფხულში, ყოფილმა მეუღლემ, ზ------ პ--------მ, მას, დაურეკა კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, რამდენჯერმე შეაგინა დედის მისამართით, უწოდა ბოზი, ავადმყოფი და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რის გამოც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. აღნიშნულის შემდეგ, ზ----------მ უთხრა, რომ "მუცელგამოფატრულს ნახავდა დედამისი, ყელს გამოჭრიდა და დაამახინჯებდა’’, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმის ჩვენაბაშივე მითითებულია, რომ აღნიშნულ სატელეფონო ზარამდე, დედამისს, ნ---- გ---------ეს ტელეფონზე დაუკავშირდა ზ------ პ--------მ და უთხრა, "შენს შვილს ნახავ მუცელგამოფარტულს და ყელგამოჭრილს. თქვენი ევროპული ოჯახის დედა მოვ...". აღნიშნული, მას ტელეფონზე უამბო დედამისმა, ნ---- გ---------მ. სწორედ აღნიშნული სატელეფონო კავშირის და შემდეგ უკვე მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო, თ----- გ---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძველიანი შიში.

 

13. მოწმე ნ---- გ---------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის ზაფხულში, ზ------ პ--------მ, მას, დაურეკა კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შეაგინა დედის მისამართით და განუცხადა, რომ შვილს ნახავდა მუცელ გამოფატრულს და ყელგამოჭრილს. აღნიშნული საუბრის შესახებ, თავის მხრივ, მოგვიანებით, ტელეფონზე უამბო შვილს - თ----- გ---------ს.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან - პრეიუდიცია.

 

15. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდების და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მათ სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებები (მათ შორის, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები) ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებებად და დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე.

 

16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა და ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებები. ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ზ------ პ--------ს დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გაბათილდება ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც როგორც უკვე აღინიშნა, მუქარად ითვლება ისეთი შემთხვევაც, როცა დამნაშავე, პირის ახლობელთან იმუქრება, რომ გადაწყვეტილი აქვს ამ პირის მოკვლა.

 

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ზ------ პ--------მ ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი); 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზ------ პ--------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ზ------ პ--------ს მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

18. ზ------ პ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

20. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ პ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ------ პ-------- არ არის ნასამართლევი და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის თვის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ასევე, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ზ------ პ--------ს მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება, კერძოდ: საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------ პ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. ამასთან, საბოლოო ძირითადი სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ: პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (დაკავებაში იმყოფებოდა 2019 წლის 15 მარტიდან, 2019 წლის 16 მარტის ჩათვლით), ზ------ პ--------ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, ჯარიმა 1800 (ათასრვაასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, შეძლებს დააფიქროს ზ------ პ-------- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია ზ------ პ--------ს მიმართ ჯარიმის განსაზღვრა და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

21. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ პ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის თვის ეპიზოდი), სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის თვის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ზ------ პ--------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------ პ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (დაკავებული იყო 2018 წლის 15 მარტიდან, 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით), დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა შეუმსუბუქდეს და განესაზღვროს ჯარიმა 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით;

 

ზ------ პ--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის N12/8-2019 განჩინებით, მ-----– პ--------ს (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზ------------------–----–-------, ს------–- დ--–--------, საკადასტრო კოდით N--.0-.4-.1--);

 

დამატებით სასჯელზე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: ზ------ პ--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზ------ პ--------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

სსიპ 112-ის დეპარტამენტის ჩანაწერი დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე