გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/35702-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე რკ „პ------–-------------------–---ი“
წარმომადგენელი თ------------ა
მოპასუხეები გ---------------–ი, დ---------------ე, ვ--------------------ე
წარმომადგენლები და----------–--–---–ი, თ--------–--------ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს გ---------------–ს, დ---------------ეს და ვ--------------------ეს, რკ „პ------–-------------------–---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 292 533.20 ლარი.
1.2. მოპასუხეებს გ---------------–ს, დ---------------ეს და ვ--------------------ეს, რკ „პ------–-------------------–---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით გადასახდელი თანხის - 292 533.20 ლარის წლიური 14%, 26 704.67 ლარის გადახდა 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 20 ნოემბრის პერიოდზე.
1.3. მოპასუხეებს გ---------------–ს, დ---------------ეს და ვ--------------------ეს, რკ „პ------–-------------------–---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით გადასახდელი თანხის - 292 533.20 ლარის წლიური 14%-ის (ყოველთვიურად 3412.89 ლარი) გადახდა 2018 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
საქართველოს ეროვნული ბანკის პეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის #2-- განკარგულების საფუძველზე დაიწყო რკ „პ------–-------------------–---ის“ ლიკვიდაციის პროცესი. აღნიშნული პროცესის დაწყებას წინ უძღვოდა საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 30 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე დაწყებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის კავშირის ხელმძღვანელი პირების მიერ კანონით დადგენილი დანაწესებისა და აკრძალვების საწინააღმდეგოდ, ამორალური მიზნით დადებული გარიგებები, რასაც შედეგად მოჰყვა კავშირის გაკოტრება.
კავშირის ხელმძღვანელობა სისტემატურად არღვევდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნორმატივებს, მათ შორის ლიკვიდურობის ნორმატივს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ხელმძღვანელობა წინასწარ გამიზნულად არასწორ ინფორმაციას აწვდიდა ეროვნულ ბანკს, რაც მიზნად ისახავდა კავშირის ფინანსებისა და სხვა აქტივების გადამალვას.
2017 წლის 17 მაისს მოსარჩელესა და დ---------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა სესხის თანხა 452 900 ლარი, 150 თვით, წლიური 14%-ის დარიცხვით.
სესხის უზრუნველყოფილი იქნა 2017 წლის 17 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ვ--------------------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ნავთლუღის დასახლება, 2 360 კვ.მ, ნაკვეთი 72, ს/კ 0---------------, იპოთეკის საგანი შეფასებული იქნა 300 000 ლარად.
სესხის ამონაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 17 მაისს სესხი გაიცა 452 900 ლარის ოდენობით, 2018 წლის 27 მარტს სესხის სახით დაბრუნებული იქნა 160 366.80 ლარი, ხოლო გადასახდელი თანხა დარჩა 292 533.20 ლარი.
მაშინ, როდესაც მოსარჩელეს ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მისი გაკოტრების საფრთხე იყო რეალური დირექტორმა აპატია დ. ტაბატაძეს სესხის დარჩენილი თანხა და გასცა ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ, შესაბამისად იპოთეკის საგანი სამართლებრივი დატვირთვისგან განთავისუფლდა. იპთეკის გაუქმება განხორციელდა 2018 წლის 27 მარტს.
ხელმძღვანელ პირთა მიერ განხორციელებულმა არაკეთილსინდისიერმა ქმედებებმა გამოიწვია კავშირის გაკოტრება და მას დღეის მდგომარეობით გააჩნია 4 000 000 ლარამდე დავალიანება მეანაბრეების და სხვა კრედიტორების წინაშე.
დ---------------ე 2011 წლიდან წარმოადგენდა კავშირის მსესხებელს და ის მუდმივად სარგებლობდა რამოდენიმე სესხით ერთდროულად, რომელთა დაფარვა ხორციელდებოდა კავშირის მიერ ახალი სესხის გაცემის ხარჯზე, ისე რომ დირექტორს ვადაგადაცილებული სესხის დაბრუნება არ მოუთხოვია.
დ---------------ეზე გაცემული სესხები კავშირისთვის იყო ზიანის მომტანი, ვინაიდან მის მიერ არ ხდებოდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, არ იფარებოდა სესხის ძირითადი თანხა, არ ხდებოდა სარგებლის და ჯარიმის გადახდა. ბოლოს გაცემულმა სეხმა შეადგინა 452 900 ლარი, რომელის მიზნობრიობაც ასევე იყო არსებული სესხების გადაფარვა.
ნაცლად იმისა, რომ დირექტორს მოეთხოვა მსესხებლისგან სესხის დროული დაფარვა და მის გადაუხდელობის შემთხვევაში მოეხდინა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რომლის ღირებულება აღემატებოდა მსესხებლის მიერ შეტანილ თანხას, მან სესხის ამოღების ყოველგვარი მცდელობის გარეშე, გააუქმა იპოთეკის უფლება იპოთეკის საგანზე. გასცა ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ, რომლითაც შეწყვიტა სასესხო ურთიერთობა მსესხებელთან და იპოთეკის საგნის მესაკუთრესთან.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული ფაქტი განხორციელდა კავშირის ლიკვიდაციის დაწყებამდე 24 დღით ადრე. დასახელებული გარემოება ცალსახად ადასტურებს, მოპასუხეთა ერთობლივ, შეთანხმებულ, განზრახ ქმედებას, სარგებელი მიეღოთ სხვისი ქონების ხარჯზე.
გ---------------–ისთვის ცნობილი იყო იმ შეზღუდვების შესახებ, რაც დაწესებული იყო კავშირისთვის. თუმცა მან მაინც გასცა გრძელვადიანი სესხი, რომლის ვადა აღემატებოდა 5 წელს, რითაც დაარღვია ეროვნული ბანკის #163 ბრძანებით დადგენილი შეზღუდვა.
გ---------------–ს ჰქონდა შესაძლებლობა იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიეღო იმაზე მეტი ვიდრე მსესხებლის მიერ იქნა შეტანილი.
სარგებლის მიმღებია როგორც მსესხებელი, რომელიც 2011 წლიდან სარგებლობდა სხვისი ფულადი სახსრებით, ისე რომ არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, ასევე იპოთეკის საგნის მესაკუთრე, ვინაიდან მან დაზოგა საკუთარი ქონება სხვისი ქონების ხარჯზე. მსესხებელი და იპოთეკის საგნის მესაკუთრე წარმოადგენენ ოჯახის წევრებს და მათ გააჩნდათ საერთო ეკონომიკური ინტერესი. მათ საერთო ინტერესს მოხმარდა სესხის პატიებით მიღებული სარგებელიც.
2018 წლის 27 მარტს დ---------------ეს და სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ--------------------ის უძრავი ქონება ს/კ 0--------------- (ქონება, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო კავშირის მოთხოვნები). ბანკიდან აღებული სესხით განხორციელდა კავშირში არსებული სესხის ნაწილობრივ დაფარვა - 160 366.80 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა დ---------------ემ და ვ--------------------ემ ერთობლივად წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს შემდეგი:
მოპასუხეები ეთანხმებიან სარჩელში დასახელებულ გარემოებას მასზედ, რომ 2017 წლის 17 მაისს დ---------------ეს და მოსარჩელეს შორის ნამდვილად გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ--------------------ის საკუთრებაში არსებული ქონება. გარიგების მიზანს წარმოადგენდა დ---------------ის კავშირის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებების გადაფარვა. მოპასუხე დ---------------ე ასევ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 27 მარტს კავშირის ანგარიშზე შეიტანა სესხის ნაწილი 160 366.80 ლარის ოდენობით, თუმცა იქვე უთითებს, რომ გარდა ამ თანხისა, ვალდებულებების შესრულების მიზნით გადახდილი აქვს 20 000 ლარი, 17 800 ლარი და 800 ლარი. ჯამში 38 600 ლარი.
მოპასუხე ასევე ეთანხმება სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას და განმარტავს, რომ 2018 წლის 27 მარტს სს ვითიბი ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა მოსარჩელის მიმართ არსებული სესხის დაფარვა.
2018 წლის დასაწყისში, მოსარჩელემ მოითხოვა ვალდებულების სრულად გადახდა ვადამდე, რომლის შესაძლებლობაც მას არ გააჩნდა. ამასთან მისთვის ცნობილი იყო, რომ იპოთეკით დატვრთული ქონების რეალიზაციიდან მისაღები სავარაუდო თანხა არ აღემატებდა 66 000 აშშ დოლარს. ამის გათვალისწინებით, დ---------------ემ მიმართა ბანკს სესხის მისაღებად. ბანკმა შეაფსა იპოთეკის საგანი და დათანხმდა გადაეფარა მოსარჩელესთან არსებული დავალიანება. თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ მოსარჩელესთან მიმდინარე ვალდებულებები დაიფარებოდა და ნივთზე იპოთეკა გაუქმდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რომ დ---------------ეს მიეღო სესხის თანხა, მოსარჩელემ მოხსნა იპოთეკა, რაც იყო კრედიტორის დაკმაყოფილების ერთადერთი შესაძლებლობა.
დ---------------ემ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში იყო კავშირის მსესხებელი, თუმცა პრივილეგიებით არასდროს უსარგებლია. მიუხედავდა იმისა, რომ მისი მხირდან ადგილი ჰქონდა ვადაგადაცილებებს, მაინც იხდიდა თანხებს. აღნიშნულ გარემოებას ნაწილობრივ ადასტურებს სარჩელზე დართული დოკუმენტაცია, თუმცა ეს უკანასკნელი სრულად არ ასახავს მსესხებლის მიერ განხორციელებულ გადახდებს. შესაბამისად, მითითება, რომ მოპასუხე არ ასრულებდა ვალდებულებებს არ შეესაბამება სინამდვილეს.
ანალოგიურად მცდარია ის, რომ თითქოს იპოთეკის საგნის ღირებულება ბევრად აღემატებოდა მსესხებლის მიერ გახორციელებულ შენატანს. ბანკმა სესხი გასცა 66 000 აშშ დოლარის (160 366.80 ლარი) ოდენობით, რაც მსესხებლის მიერ მთლიანად მიემართა კავშირთან არსებული ვალდებულებების შეწყვეტისკენ. მოპასუხეები არ უარყოფენ ფაქტს, რომ ისინი არიან ოჯახის წევრები, თუმცა განმარტავენ, რომ მათ კავშირთან არსებული ურთიერთობიდან სარგებელი არ მიუღიათ. მოპასუხეები უარყოფენ რაიმე შეთანხმებული განზრახვის ფაქტს და აღნიშნავენ, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში დ. ტაბატაძე საერთოდ არ მიმართავდა ბანკს სესხის მიღების მიზნით.
უსაფუძვლოა ისიც, რომ დ. ტაბატაძე როგორც კავშირის წევრი საქმის კურსში იყო შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე. იგი არასდროს დასწრებია კავშირის კრებებს და არც სხვა ფორმით ჩარეულა მის საქმიანობაში. შესაბამისად, მისთვის არ იყო ცნობილი მოსალოდნელი ლიკვიდაციის და საკითხების შესახებ. მხარეთა ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საკანონმდებლო მოთხოვნებთან, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილშიც და მიაჩნიათ, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული მსჯელობიდან გამომდინარე არ არსებობს მათი დაკმაყოფილების საფუძველიც.
2.2. გ---------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სარჩელში დასახელებული ფაქტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სათანადო გარემოებების დასახელებითა და მტკიცებულებებით არ უარყო. მოპასუხემ მხოლოდ ფორმალურად წარმოადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, სადაც შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის მითითებით, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელში აღწერილ გარემოებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის #2-- განკარგულების საფუძველზე დაიწყო რკ „პ------–-------------------–---ის“ ლიკვიდაციის პროცესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის #2-- განკარგულება (ს.ფ 28)
3.1.2. 2017 წლის 17 მაისს რკ „პ------–-------------------–---“-ს და დ---------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა 452 900 ლარი, 150 თვით, წლიური 14%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის 0.15% მოცულობით.
სესხის თანხა მსესხებელს უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად. სესხის გაცემის მიზანს წარმოადგენდა რკ „პ------–-------------------–---ში“ უკვე არსებული სესხის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 29-30)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 31-34)
3.1.2. სესხის უზრუნველყოფილი იქნა 2017 წლის 17 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ვ--------------------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ნავთლუღის დასახლება, 2 360 კვ.მ, ნაკვეთი 72, ს/კ 0---------------. იპოთეკის საგანი შეფასებული იქნა 300 000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 35-43)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 44-46)
3.1.4. 2018 წლის 27 მარტს დ---------------ეს და სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ--------------------ის უძრავი ქონება ს/კ 0--------------- (ქონება, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო მოსარჩელის მოთხოვნები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 47-48)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 103-104)
3.1.5. უდავო გარემოებაა, რომ სს ვითიბი ბანკიდან აღებული სესხით განხორციელდა რკ „პ------–-------------------–---ში“ არსებული სესხის ნაწილობრივ დაფარვა, კერძოდ მსესხებლის მიერ გასტუმრებული იქნა 160 366.80 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ამონაწერი (ს.ფ 98)
3.1.6. დადგენილია, რომ დ---------------ის ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 17 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენდა 452 900 ლარს, საიდანაც მსესხებლის მიერ გადახდილია 160 366.80 ლარი, ხოლო გადაუხდელი დავალიანება შეადგენს 292 533.20 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 29-30)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 31-34)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 52)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 29 მარტს რკ „პ------–-------------------–---ის“ დირექტორმა გ---------------–მა გასცა ცნობა, რომლის შინაარსით მოპასუხე დ---------------ეს 2018 წლის 29 მარტის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ ფულადი დავალიანება არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ (ს.ფ 49)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რკ „პ------–-------------------–---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 361-ე, 411-ე, 412-ე, 982-ე, 998-ე მუხლები;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლოს მოსაზრებით რ/კ პ------–-------------------–---ის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს რამოდენიმე სამართალურთიერთობიდან და ეფუძნება განსხვავებულ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა ერთობლივად განხილვის შედეგად წარმოიქმნება სარჩელში დასახელებული მოპასუხეების სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი.
მოპასუხე გ---------------–ის მიმართ წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მისი ქმედება შეესაბამება თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის მოქმედების სტანდარტს.
დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც საწარმოს დირექტორისგან მოითხოვს გულმოდგინე ზრუნვის მოვალეობას, რაც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას.
აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა, „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებთან მიმართებაში კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი.
დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვინაიდან ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გ---------------–ს, როგორც რკ „პ------–-------------------–---ის“ დირექტორს მოსარჩელის წინაშე ეკისრებოდა განსაკუთრებული მოვალეობები, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად. კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“).
მოპასუხე გ---------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მასში აღწერილი ფაქტები სათანადო გარემოებების დასახელებითა და კვალიფიციური სახით წარმოდგენილი შესაგებლით არ უარყო.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლზე, რომლის შინაარსით პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოპასუხე გ---------------–ს სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური შედავება სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია და ამ მოპასუხესთან დაკავშირებით სასარჩელო განცხადეებაში დასახელებული ფაქტები დადასტურებულია.
განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტებზე: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ დ---------------ეს კავშირთან სასესხო ვალდებულებანი აკავშირებს 2011 წლიდან დამოპასუხე წლების განმავლობაში სარგებლობდა ერთდროულად რამოდენიმე სესხით. ხელშეკრულებების შინაარსი ცხადყოფს, რომ ყოველი ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზანს წარმოადგენდა მოპასუხის მიმართ უკვე არსებული სესხის გადაფარვა. მათ შორისაა 2017 წლის 17 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებაც, რომლითაც გადაიფარა მოპასუხის წინაშე არსებული დავალიანება 120 144.42 აშშ დოლარის და 57 505.05 ლარის ოდენობით.
საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ გ---------------–ის მოქმედება არ შეესაბამება საწარმოს დირექტორის კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების ფარგლებს ვინაიდან მოპასუხე დ---------------ეს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით არ სთხოვდა დიდი ოდენობით გაცემული სესხის დაბრუნებას. მეტიც, წარმოდგენილი ხელშეკრულებები ნათლად ადასტურებს, რომ გ---------------–ი სესხის დაბრუნების მცდელობის გარეშე გასცემდა დ---------------ეზე ახალ სასესხო ვალდებულებას რაც კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის მოქმედებას არ შეესაბამება. უდავო გარემოებაა, რომ საბოლოოდ დ---------------ის ვალდებულებამ შეადგინა 452 900 ლარი.
სარჩელზე წარმოდგენილია 2013 წლის შეთანხმებები, სადაც გ---------------–მა, როგორც კომპანიის დირექტორმა მოპასუხეს სრულად აპატია 2012 წლის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო. ასევე 2013-2014 წლის შეთანხმებები ადასტურებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსესხებელს მიეცა საშეღავათო პერიოდი ვადაგადაცილებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად, ვადაგადაცილებულ სესხზე შეეცვალა გადახდის პირობა.
გ---------------–ის ქმედებებთან ერთობლიობაში მნიშვნელოვანია დ---------------ის ქმედებების შეფასებაც, რომელიც წარმოდგენილ შესაგებელში არ უარყოფს ვალდებულების დარღვევის და არაჯეროვნად შესრულების ფაქტს. მსესხებლის მხრიდან მოსარჩელე კომპანიის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზს შედეგად მივყავართ დასკვნამდე, რომ დ---------------ის მიმართ ადგილი ჰქონდა განსხვავებულ, პრივილეგირებულ დამოკიდებულებას, რაშიც განსაკუთრებული წვილი მიუძღვის კომპანიის იმჟამინდელ დირექტორ გ---------------–ს. სასამართლოს უყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ დ---------------ის მიმართ არსებული განსაკუთრებული დამოკიდებულება გ---------------–სა და ამავე მოპასუხეს შორის არსებული სამოქალაქო მართლწინააღმდეგობის შინაარსის მატარებელი გარიგების შედეგია.
2018 წლის 29 მარტს რკ „პ------–-------------------–---ის“ დირექტორის, გ---------------–ის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხე დ---------------ეს 2018 წლის 29 მარტის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. მოპასუხე გ---------------–ი საქმის განხილვის ეტაპზე აღნიშნავდა, რომ დ---------------ე იყო პრობლემური მსესხებელი და მისი მხრიდან სოლიდური ოდენობის სესხის დაფარვა მხოლოდ ამ გზით იყო შესაძლებელი. მისი შეფასებით, იგი მოქმდებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რამაც განაპირობა მსგავსი შინაარსის ცნობის გაცემა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად იპოთეკის საგანი შეფასებული იქნა 300 000 ლარად. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ გ---------------–ის მხრიდან კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის სტანდარტით მოქმედების პირობებში, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მოსარჩელე საზოგადოება გაცილებით მეტ შემოსავლს მიიღებდა ვიდრე დ---------------ის გადახდილი 160366,80 ლარი.
სასამართლოს დასკვნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის ინტერესების მხოლოდ 300 000 ლარით დაკმაყოფილების პირობებშიც მოსარჩელე საზოგადოებას იპოთეკის ხელშეკრულების 8.6 პუნქტის შესაბამისად გააჩნდა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის და ამ გზით ვალდებულების სრულად დაფარვის შესაძლებლობა.
წინამდებარე საქმის განხილვისას, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულებათა სსსკ 105-ე მუხლის სტანდარტით შეფასების შედეგად სასამართლო დადასტურებულია გ---------------–ის მხრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გულმოდგინების, ერთგულების და კეთილსინდისიერების პრინციპის უგულებელყოფის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესებისარადაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა,რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან.
ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებას უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დასკვნით მოსარჩელე მხარის დირექტორთან შეთანხმებული მოქმედებით სარგებლი მიიღო მსესხებელმა დ---------------ემ, რომელიც 2011 წლიდან სარგებლობდა სხვისი ფულადი სახსრებით და საბოლოოდ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შედეგად მთლიანად გათავისუფლდა სასაესხო ვალდებულებისგან. ანალოგიურად, მატერიალური სიკეთე დაზოგა იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, ვინაიდან მან უფლებრივი ტვირთისგან გაათავისუფლა საკუთარი ქონება კრედიტორის არასაკმარისად დაკმაყოფილების შედეგად.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ვ--------------------ის 300 000 ლარად შეფასებული ქონება იპოთეკისგან გათავისუფლდა მხოლოდ 160366,80 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დ---------------ემ მოპასუხე კომპანიის დირექტორთან შეთანხმებული არაკეთილსინდიერი ქმედების შედეგად დაზოგა 292533,20 ლარი და აღნიშნული თანხა უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე ექვემდებარება დაბრუნებას.
ვ--------------------ის ნაწილობრივი სოლიდარულ პასუხისმგებლობა გამომდინარეობს შემდეგი საფუძვლებიდან:
იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებმა იპოთეკის საგნის ღირებულება განსაზღრეს 300 000 ლარად. ასევე უდავო გარემოებაა, რომ დ---------------ემ მიღებული სესხიდან (452 900 ლარიდან) დაფარა 160 366.80 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იპოთეკის საგანი შეფასებული იქნა 300 000 ლარად და იპოთეკის საგანი ვალდებულებებისაგან გათავისუფლდდა მხოლოდ 160 366.80 ლარის გადახდის სანაცვლოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--------------------ის მატერიალური პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს (300 000-160 366.80) 139 933.2 ლარით, ვინაიდან იპოთეკის საგნის შეფასების გათვალისწინებით ვ--------------------ის ქონების რეალიზაციის შედეგად კრედიტორი 300 000 ლარს მიიღებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.
დასახელებულული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი მსჯელობა ცალსახად ადასტურებს მოპასუხეთა არაკეთილსინდისერ ქმედებას, სარგებელი მიეღოთ, სხვისი ქონების ხარჯზე. შესაბამისად რ/კ პ------–-------------------–---ის პირველი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გ---------------–სა და დ---------------ეს დაეკისროთ 292533,20 ლარი ხოლო ვ--------------------ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვროს 139933,2 ლარით.
6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხეებს გ---------------–ს, დ---------------ეს და ვ--------------------ეს, რკ „პ------–-------------------–---ის“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად დაეკისროთ 292 533.20 ლარის წლიური 14%, 26 704.67 ლარის გადახდა 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 20 ნოემბრის პერიოდზე. ასევე 292 533.20 ლარის წლიური 14%-ის (ყოველთვიურად 3412.89 ლარი) გადახდა 2018 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მსესხებლის და იპოთეკის საგნის მესაკუთრისთვის ცნობილი იყო, რომ სესხს ერიცხებოდა პროცენტი, შესაბამისად მათთვის ნათელი იყო ის სარგებელი რასაც იღებდნენ ბათილი გარიგების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს მოპასუხეებისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება, ასევე ამ თანხაზე საპროცენტო სარგებლის გადახდაც.
განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნების საფუძველს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რომელიც მან განიცადა მოპასუხეების არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხებოდა კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული.
ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
მოსარჩელე ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას მოგების მიღების მიზნით თანხის გაცემა წარმოადგენს, შესაბამისად მოპასუხეებისთვის ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენება სავარაუდო უნდა ყოფილიყო და სასამართლო რ/კ პ------–-------------------–---ის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეებისთვის მიუღებველი შემოსავლის დაკისრების ნაწილშიც მიიჩნევს დასაბუთებულად. გასათვალისწინებელია, რომ ვ--------------------ეს მიუღებელი შემოსავალი უნდა დაეკისროს მხოლოდ ამ მოპასუხისთვის დაკისრებული 139 933.2 ლარის გათვალისწინებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქ/პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების, მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელის მოთხოვნა ვ--------------------ის მიმართ განისაზღვრა მხოლოდ 139 633.2 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, საიდანაც ვ--------------------ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს მხოლოდ 4188.99 ლარით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რკ „პ------–-------------------–---ის“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეებს გ---------------–ს, დ---------------ეს და ვ--------------------ეს, რკ „პ------–-------------------–---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 292 533.20 ლარი, საიდანაც ვ--------------------ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 139 633.2 ლარით.
1.2. მოპასუხეებს გ---------------–ს, დ---------------ეს და ვ--------------------ეს, რკ „პ------–-------------------–---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით გადასახდელი თანხის - 292 533.20 ლარის წლიური 14%, 26 704.67 ლარის გადახდა 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 20 ნოემბრის პერიოდზე. აღნიშნულ მოთხოვნაში ვ--------------------ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს ამავე პერიოდში ასანაზღაურებელი თანხიდან მხოლოდ 139 633.2 ლარის წლიური 14% ფარგლებში.
1.3. მოპასუხეებს გ---------------–ს, დ---------------ეს და ვ--------------------ეს, რკ „პ------–-------------------–---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით გადასახდელი თანხის - 292 533.20 ლარის წლიური 14%-ის (ყოველთვიურად 3412.89 ლარი) გადახდა 2018 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნულ მოთხოვნაში ვ--------------------ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს ამავე პერიოდში ასანაზღაურებელი თანხიდან მხოლოდ 139 633.2 ლარის 14% ფარგლებში.
1.4 რკ „პ------–-------------------–---ის“ სასარჩელო მოთხოვნები ვ--------------------ისთვის 152900 ლარის და მასზე დარიცხული სარგებლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს გ---------------–ს, დ---------------ეს და ვ--------------------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5000 ლარი, საიდანაც ვ--------------------ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 4188.99 ლარით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე