განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1120-18 (N069201118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
01.05.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული ა---------------ე
მამის სახელი: მ--–-----
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: წ---–--------------------------–-----------
ადვოკატი - გ-------–-------------ე
სხდომის სახე ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოთხი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ა---------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის სექტემბერში, წ---–-------------------------–---------–- მდებარე სახლში ა--------------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს მ--------------ეს ხელი მოუჭირა ყელის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
- 2018 წლის სექტემბერში, წ---–-------------------------–---------–- მდებარე სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ა--------------ემ მეუღლეს მ--------------ეს მუჭი დაარტყა რამდენჯერმე თავის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
- 2018 წლის ნოემბერში წ---–-------------------------–---------–- მდებარე სახლში, ა--------------ემ მეუღლეს მ--------------ეს ხელი მოუჭირა ყელის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.
- 2018 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, წ---–-------------------------–---------–-, მდებარე სახლში, ა--------------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს მ--------------ეს, რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის არეში და მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
- ა--------------ე 2015 წლიდან სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მ--------------ეს. ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მ--------------ე მეუღლის ქმედებით განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე რ-----------–-----ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ის ცხოვრობს ს------–---------–ი ბრალდებულ ა---------------ის მეზობლად. 2018 წლის 19 ნოემბერს სამსახურიდან ახალი მოსული იყო და იმყოფებოდა სახლში, ჰყავდა სტუმრები, უკვე დაღამებული იყო, როდესაც მასთან შემოვიდა ა------ის მეუღლე მ--------------ე, რომელიც იყო ანერვიულებული. ჰკითხა თუ რა დაემართა მას, მ-------ა კი უპასუხა, რომ ა------მა სცემა, ხოლო შეკითხვაზე, თუ რა იყო მიზეზი, მ-------ა უთხრა, რომ არ იცოდა, ა------ი იყო მთვრალ მდგომარეობაში. მას ძალიან შეეცოდა მ------ი და მიიღო სახლში, როგორც მისი შვილი. შემდეგ მოვიდა ა------ი, რომელსაც ჰკითხა, თუ რატომ სცემა მეუღლე, რაზეც ა--------------ემ განაცხადა, რომ მთვრალი იყო და შეცდა. იმ ღამით მ------ი მასთან დარჩა, რადგანაც ეშინოდა კიდევ არ მომხდარიყო რამე, მ------ი ღამით კვნესოდა, მისივე თქმით, თავის არეში ნაცემი ადგილები სტკიოდა. დილით რ-----------–-----ას სამუშაოზე ეჩქარებოდა და ამიტომ მ------ს უთხრა, რომ სახლში წასულიყო, ან თუ კიდევ წაეჩხუბებოდა ა------ი, მაშინ წასულიყო დედასთან. მოწმემ განმარტა, რომ წარსულში მსგავსი ფაქტი არასოდეს მომხდარა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ნ----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ის არის დაზარალებულ მ--------------ის დედა. ბრალდებული ა---------------ე და მისი შვილი რამდენიმე წელია, რაც დაქორწინებულები არიან, თავიდან მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო შემდეგ მ------ის ნათლიის, ვ--–--------------ისგან შეიტყო, რომ მის შვილს ურტყამდა მეუღლე - ა---------------ე. მ------ს უთქვამს ნათლიისათვის, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ საკითხთან დაკავშირებით სიძის ოჯახში მივიდა მისი მეუღლე გ------------ე, რათა გაერკვია რა იყო ძალადობის მიზეზი. მშობლებმა მ------ისგან შეიტყვეს, რომ ბრალდებული ა---------------ე იყო ძალიან ეჭვიანი, სცემდა მ------ს, დაშინებული ჰყავდა და ძალიან ეჭვიანობდა. როდესაც ბავშვი მიყავდა ბაღში, ა------ი ეჩხუბებოდა, იმის გამო, თუ სად იმყოფებოდა ამდენი ხანი, რატომ აგვიანდებოდა. მოწმე ნ----------ე განმარტავს, რომ ძალადობის ფაქტს თავად არ შესწრებია, ეს გადმოცემით იცოდა მისი შვილის - მ--------------ისაგან. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ექსპერტ - შ--------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მან ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მ--------------ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. ექსპერტიზა ჩატარდა მასთან წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით. კერძოდ, მას წარედგინა სამედიცინო დოკუმენტაცია - ს.ს. ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის’’ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული სამედიცინო ბარათი, რომლითაც ირკვეოდა, რომ მ--------------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 20.11.18წ-ს 14:44 საათზე, საიდანაც გაეწერა 21.11.18წ-ს 15:00 საათზე დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა ქვედა ყბის არეში მარჯვნივ. დაზიანებები განვითარებულნი იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ექსპერტ - ე------------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მან ჩაატარა მ--------------ის მიმართ დანიშნული ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზა ჩატარდა 2018 წლის 18 დეკემბერს. ექსპერტის წინაშე დასმული იყო შეკითხვა: ა--------------ის ქმედებიდან გამომდინარე მსხვერპლი მ--------------ე განიცდიდა თუ არა სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნული ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარდა ამბულატორიული და ფსიქოლოგიური გამოკვლევა, კლინიკური საუბრის მეთოდი, გარკვეული კითხვარები და ტესტები, ასევე საქმის მასალების ანალიზი, რაც მოწოდებული იყო გამომძიებლის მიერ. აღნიშნული კომპლექსურად შეფასდა, შეჯერდა და გამოკლევის შედეგების შეთანხმებით ჩამოყალიბდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, ა--------------ის ქმედებიდან გამომდინარე მ--------------ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებასა და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. მოწმის განმარტებით, გამოკვლევებზე ყოფნის დროს მ--------------ემ განუმარტა შემდეგი: ,,თავიდანვე სიმთვრალეში ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მერე ბოდიშს იხდიდა... მერე დაემატა ხელის დარტყმა... სულ დაძაბული ვიყავი, ნასვამი არ მოსულიყო, ან რაიმეზე არ ეეჭვიანა, ჩემ ნებაზე მეზობლებთან არ გადავდიოდი, დაძაბული ვიყავი რო გზაში ვინმე არ შემხვდეს ან არ დამელაპარაკოს, რო მაგის გამო მერე არ ეეჭვიანა და არ ვეცემე... ნერვიულობაზე ღამეები არ მეძინა, უმადობა მქონდა, ბავშვებზეც ვბრაზდებოდი, მაგათი ტირილის ხმას ვერ ვიტანდი, ცუდად მხდიდა; სტრესში ვიყავი, მაგრამ მინდოდა რომ ოჯახი შემენარჩუნებინა, თან მიყვარს ჩემი ქმარი, ეხლა მეცოდება დაჭერილი როა, ჩვენს გარეშე, ბავშვების გარეშე... მასე რო მექცეოდა, კი ვფიქრობდი, ნეტავი არ ვიყო ცოცხალი, დავისვენებდითქო, მაგრამ შვილები მყავს... ახლა საავადმყოფოში რომ მოვხვდი, მაგათ გამოიძახეს პატრული, მე არც მიფიქრია, არ მინდა ოჯახის დანგრევა, ბოდიში მომიხადა და მივცემ კიდევ შანსს, მაგრამ ისე ვეღარ გავაგრძელებ ცხოვრებას...’’. მოწმის განმარტებით, დაზარალებული თან არ უარყოფდა მის ემოციურ მდგომარეობას, რომ დამთრგუნველ და ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა შექმნილი მდგომარეობის გამო, თუმცა ჩამოუყალიბებელი და არამდგრადი პოზიცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგები უნდა მოჰყოლოდა ამას და როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება აღნიშნული ფაქტის შემდეგ. მოწმის განმარტებით, ეს დამოკიდებულება გამოწვეული იყო მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, რომელიც გამოხატულია სხვაზე დამოკიდებულების ნიშნებით, თავდაჯერებულობის სიმწირე, თვითშეფასების ნაკლებობა, ეს ყველაფერი ზოგადად გარემო ფაქტორების მიერ შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული ადამიანის განვითარების პროცესში, თუმცა, ამ ყველაფერმა საერთო საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. კვლევები ჩატარებულ იქნა დაზარალებულის მონაწილეობით. ექსპერტმა ე------------------ემ კვლევის ჩატარების პროცესში დაზარალებულთან ისაუბრა ყველა ფაქტზე, რაც იყო მითითებული საქმის მასალებში. ის იკვლევდა, იყო თუ არა შესაბამისობაში საქმის მასალები და მოწმეთა ჩვენებები მ------ის მონათხრობთან მიმართებაში. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ვ---------------ის ჩვენებით, 2018 წლის 20 ნოემბერს გ-------- პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ ს------–---------–ი მ--------------ეზე ძალადობდა მისი მეუღლე ა--------------ე. ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, გამოიკითხა მოწმეები, რის შემდეგაც დაზარალებულს დაენიშნა სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზები. პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს პირის დაკავების თაობაზე, შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ დაკავებულ იქნა ა---------------ე, რის შემდეგაც წარედგინა ბრალდება. მოწმის განმარტებით, დაზარალებულის ჩვენებით იკვეთებოდა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის მრავალჯერადი ფაქტები მეუღლის მხრიდან, მას ჰქონდა მიყენებული ფიზიკური ტრავმები, რაც გახდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზეზი. (სასამართლო სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა მ--------------ემ და აგრეთვე მოწმეებმა: ბრალდებულის მამამ მ--–------------ემ, მ----------–---------ემ, ძმამ გ---------------ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის, შვილის და ძმის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 20 ნოემბერს 17:06 საათზე შინაგან საქმეთა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დაუკავშირდა გ-------- პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ------------------ი და განაცხადა, რომ მ-----------------ემ ტელეფონის ნომრიდან 5----------- აცნობა, რომ ქალაქ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გამოცხადდა წყალტუბოს რაიონის ს------–---------–ი მცხოვრები მ--------------ე 20 წლის, რომლის განმარტებით იგი სცემა მისმა მეუღლემ. (ს.ფ. 2).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული პაციენტის გასინჯვის ფურცლის თანახმად, მ--------------ეს დაესვა დიაგნოზი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა.(ს.ფ.11).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ: ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ს.ს. ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი’’ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ის ასლი, საიდანაც ირკვევა, რომ: მოქ. მ------ი დეისაძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 20.11.18წ-ს 14:44 სთ-ზე. გაეწერა 21.11.18-წ-ს 15:00 სთ-ზე. ავადმყოფის გადმოცემით ნაცემია მეუღლის მიერ. უჩივის თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, თავბრუსხვევას. ნევროლოგიური სტატუსით: დამძიმებულია ვერტიკალური ნისტაგმით. აღენიშნება სისხლჩაქცევა ქვედა ყბის არეში მარჯვნივ. პაციენტის გადმოცემით გუშინ სცემა მეუღლემ. ჩატარებული კტ. კვლევით: ტრავმული დაზიანება არ აღენიშნება. ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფია: მუცლის ღრუს ექოსკოპია: ტრამვული ცვლილებების გარეშე. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა თავის ტვინის შერყევა’’. დასკვნა - ,, თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ს.ს. ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი’’ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული სამედიცინო ბარათი N------ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე მ--------------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 20.11.18წ-ს 14:44 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 21.11.18წ-ს 15:00 სთ-ზე დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა ქვედა ყბის არეში მარჯვნივ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.’’ (ს.ფ. 89-92).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ,, სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, ა--------------ის ქმედებიდან გამომდინარე მ--------------ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას’’ (ს.ფ. 39-41).
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შ--------------ემ და ე------------------ემ (სასამართლო სხდომის ოქმი).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
ოჯახში ძალადობა(2018 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი):
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
ა---------------ის მიმართ 2018 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდში ოჯახური ძალადობის ფაქტზე წარდგენილი ბრალდება დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: რ-----------–-----ას, ნ----------ის, ვ---------------ის, ე------------------ის და შ--------------ის ჩვენებებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის და სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით და პაციენტის გასინჯვის ფურცელით. ზემოთ მითითებული მტკიცებულებები სასამართლოს აწვდის უტყუარ და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ.
მართალია, შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა დაზარალებულმა და ბრალდებულის ოჯახის წევრებმა დედამ, მამამ და ძმამ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ახლო ნათესავის(შესაბამისად, მეუღლის, შვილის და ძმის) საწინააღმდეგო ჩვენება, მაგრამ სასამართლომ საფუძვლიანად გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ, მოწმე რ-----------–-----ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 19 ნოემბერს მასთან მივიდა ანერვიულებული მ--------------ე, რომელმაც უთხრა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა------მა სცემა, მას ძალიან შეეცოდა მ------ი და მიიღო სახლში, როგორც მისი შვილი. შემდეგ მოვიდა ა------ი, რომელსაც ჰკითხა, თუ რატომ სცემა მეუღლე, რაზეც ა--------------ემ განაცხადა, რომ მთვრალი იყო და შეცდა. იმ ღამით მ------ი მასთან დარჩა, რადგანაც ეშინოდა კიდევ არ მომხდარიყო რამე, მ------ი ღამით კვნესოდა, მისვე თქმით, თავის არეში ნაცემი ადგილები სტკიოდა.
მოწმე რ-----------–-----ას ჩვენება ერთი მხრივ წარმოადგენს იმის მადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ძალადობას გამოქცეული, ნაცემი დაზარალებული ძალადობის ფაქტის განხორციელებისთანავე ღამით მყისიერად მივიდა თავის მეზობელთან და ღამე გაათია მასთან, რათა ახალი ძალადობის ფაქტი თავიდან აეცილებინა, მ------ი ღამით კვნესოდა, რადგან თავის არეში ნაცემი ადგილები სტკიოდა, მეორე მხრივ, რ-----------–-----ას ჩვენება ირიბად ადასტურებს ა------ი დეისაძის მიერ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რადგან მოწმეს უშუალოდ არ უნახავს ძალადობის განხორციელების პროცესი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების(მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სამოტივაციო ნაწილის 36-ე პუნქტის შესაბამისად ”საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს“.
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტებს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორ წესი, გარეშე თვითმხილველ პირები თითქმის არ ჰყავს. ოჯახის წევრები არცთუ იშვიათად სარგებლობენ ახლო ნათესავის სტატუსით და რიგ შემთხვევებში ოჯახის ბრალდებული წევრის მიმართ სიბრალულის გამო, ხოლო რიგ შემთხვევებში ნათესავების ან ახლობლების ზეგავლენით უარს ამბობენ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. ასეთ ვითარებაში, მართლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება ბრალდებულის ოჯახის წევრთა ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული. შესაბამისად, მოცემული კატეგორიის საქმეებზე დეტალურად უნდა შემოწმდეს და გაანალიზდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი ერთობლიობაში შეფასებით უნდა გაკეთდეს ობიექტური დასკვნა შერაცხულ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობი შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული მ--------------ე, რომელიც არის 2 მცირეწლოვანი შვილის დედა, შემთხვევიდან რამდენიმე დღეში შეურიგდა მოძალადე მეუღლეს და კვლავ მის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. იმ მიზნით, რომ დაპატიმრებული მეუღლე დროულად დაუბრუნდეს მის ოჯახს, მან გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და გადაწყვიტა, რომ არ მისცეს სასამართლოს ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ის გამონაკლისი შემთხვევა, რაც დასაშვებს ხდის ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას, ვინაიდან სახეზეა ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია მ--------------ის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია რაიმე გონივრული ეჭვი რ-----------–-----ას ჩვენების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით, რადგან მისი ჩვენება დასტურდება სამედიცინო ექსპერტ შ--------------ის ჩვენებით, შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და პაციენტის გასინჯვის ფურცლით უტყუარად დადგენილი დაზარალებულზე ძალადობის ამსახველი დაზიანებებით: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე მ--------------ემ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა 20.11.18წ-ს 14:44 საათზე, საიდანაც გაეწერა 21.11.18წ-ს 15:00 საათზე დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. სისხლჩაქცევა ქვედა ყბის არეში მარჯვნივ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ა---------------ის ბრალეულობა წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში ასევე დასტურდება დაზარალებულის დედის ნ----------ის ირიბი ჩვენებით, რომელიც პირადად არ შესწრებია ძალადობის ფაქტს, მაგრამ მისი შვილის მ--------------ის და შვილის ნათლიის ვ--–--------------ის გადმოცემით იცის ამ ძალადობის შესახებ.
მ--------------ის მიმართ დანიშნული ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მ--------------ემ ექსპერტ ე------------------ეს განუმარტა შემდეგი: ,,თავიდანვე სიმთვრალეში ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მერე ბოდიშს იხდიდა... მერე დაემატა ხელის დარტყმა... სულ დაძაბული ვიყავი, ნასვამი არ მოსულიყო, ან რაიმეზე არ ეეჭვიანა, ჩემ ნებაზე მეზობლებთან არ გადავდიოდი, დაძაბული ვიყავი რო გზაში ვინმე არ შემხვდეს ან არ დამელაპარაკოს, რო მაგის გამო მერე არ ეეჭვიანა და არ ვეცემე... ნერვიულობაზე ღამეები არ მეძინა, უმადობა მქონდა, ბავშვებზეც ვბრაზდებოდი, მაგათი ტირილის ხმას ვერ ვიტანდი, ცუდად მხდიდა; სტრესში ვიყავი, მაგრამ მინდოდა რომ ოჯახი შემენარჩუნებინა, თან მიყვარს ჩემი ქმარი, ეხლა მეცოდება დაჭერილი როა, ჩვენს გარეშე, ბავშვების გარეშე... მასე რო მექცეოდა, კი ვფიქრობდი, ნეტავი არ ვიყო ცოცხალი, დავისვენებდითქო, მაგრამ შვილები მყავს... ახლა საავადმყოფოში რომ მოვხვდი, მაგათ გამოიძახეს პატრული, მე არც მიფიქრია, არ მინდა ოჯახის დანგრევა, ბოდიში მომიხადა და მივცემ კიდევ შანსს, მაგრამ ისე ვეღარ გავაგრძელებ ცხოვრებას“.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 20 ნოემბერს 17:06 საათზე შინაგან საქმეთა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დაუკავშირდა გ-------- პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ------------------ი. მისი განცხადებით, მ-----------------ემ ტელეფონის ნომრიდან 5----------- აცნობა, რომ ქალაქ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გამოცხადდა წყალტუბოს რაიონის ს------–---------–ი მცხოვრები მ--------------ე 20 წლის, რომლის განმარტებით იგი სცემა მისმა მეუღლემ.
სასამართლო განმარტავს, რომ ნ----------ის და ე------------------ის ირიბი ჩვენებები და დანაშაულის შესახებ შეტყობინება სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად ქმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ა---------------ის ბრალეულობაში მოცემულ ძალადობის ეპიზოდში.
რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს - ძალადობით გამოწვეული ფიზიკურ ტკივილის განცდას, ეს ფაქტი დაზარალებულის ჩვენების გარეშეც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და დიაგნოზის თანახმად მ--------------ეს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. სისხლჩაქცევა ქვედა ყბის არეში მარჯვნივ და ასევე გამოკვლეული მტკიცებულებით უტყუარად დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ მ------ი ღამით კვნესოდა, რადგან თავის არეში ნაცემი ადგილები სტკიოდა.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ა---------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება უშუალოდ დანაშაულის ფაქტის ჩადენა არასრულწლოვანთა თანდასწრებით, რაც სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სავალდებულო ნიშანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება(2018 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილზე.
2018 წლის სექტემბერში ძალადობის 2 ეპიზოდი, 2018 წლის ნოემბრის ძალადობის ეპიზოდი და სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი სარწმუნო მტკიცებულებები მოცემულ ეპიზოდებში ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ა---------------ემ 2018 წლის სექტემბრის თვეში ორჯერ იძალადა მ--------------ეზე მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და აგრეთვე 2018 წლის ნოემბრის თვეში იძალადა მ--------------ეზე, ამყარებს მხოლოდ ვარაუდებზე.
რაც შეეხება სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდს, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქიკური ძალადობას, რამაც ტანჯვა გამოიწვია. ეს განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის მრავალჯერად შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფსიქოლოგიური დათრგუნვაა, ხოლო შედეგი სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტანჯვის განცდა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ე------------------ის ჩვენებით ა--------------ის ქმედებიდან გამომდინარე მ--------------ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას’, თუმცა, ექსპერტი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ავრცელებს მხოლოდ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ ნაწილში მისი ჩვენება წარმოადგენენ ირიბ ჩვენებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა ექსპერტის ირიბი ჩვენებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებებით ა---------------ის მსჯავრდება მოცემულ ეპიზოდში.
ამასთან, სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი არაპირდაპირი ჩვენებები.
მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარემ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სახით წარმოადგინა დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების მრავლობითი ეპიზოდების არსებობა. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე არ არის საკმარისი სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტების დასადასტურებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ა---------------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას წარდგენილ 4 ეპიზოდში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
შესაბამისად, ა---------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (2018 წლის სექტემბრის ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით(სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებებში.
ამდენად, ა---------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი), 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი), 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებებში. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილზე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებული ა---------------ე ნასამართლობის არ მქონე პირია, კმაყოფაზე ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, ის შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც ითხოვს მის გათავისუფლებას.
დანაშაულების ჩადენის გარემოებების, და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან ხანმოკლე იზოლაციის გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით მინიმალური ზომით და მისი რეალური მოხდით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი), 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი), 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2. ა---------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი), წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს 1261 მუხლის 1-ელ ნაწილზე.
3. ა---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა---------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე