გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-15-2019
(130310019002878765)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - მ-–---- ს--------ე
წარმომადგენელი - ლ-- ჩ---------–---–ი
მოსარჩელე - თ----- ს--------ე
წარმომადგენელი - ზ------ ს--------ე, ლ-- ჩ---------–---–ი
მოპასუხე - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ი----- ფ-----ე, თ----- გ-----–--ე
მე-3 პირი (ასკ-ის მე-16მ. Iნ.) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - ქ------- გ------–--ე
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ-–---- ს--------ე და თ----- ს--------ე ითხოვენ დაავალოს სასამართლომ მოპასუხეს გადაუგზავნოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას ინფორმაცია მოსარჩელეთა შესახებ, მათი 2018-2019 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტის მიზნით (იხ. 2019 წლის 28 მარტის სხდომის ოქმი, 15:31:13-15:32:57).
მოსარჩელეები უთითებენ, რომ მ-–---- ს--------ე არის კ-----------------–------------------------ის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი, ხოლო თ----- ს--------ე ჩარიცხულია ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. თითოეულის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2500 ლარს.
მოსარჩელეები რეგისტრირებულნი არიან და ცხოვრობენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩ-------აში, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელს. გასულ წლებში მათი სწავლის დაფინანსება ხორციელდებოდა სოციალური პროგრამის ფარგლებში. 2018 წელს მათ კვლავ მოითხოვეს დაფინანსების მიღება, თუმცა მათ შესახებ მონაცემები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ გადააგზავნა.
მათთვის ცნობილი გახდა, რომ მერიამ 2018 წლის 8 ნოემბრის წერილით სამინისტროს გადაუგზავნა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ სხვა სტუდენტებთან ერთად მათ შესახებაც ინფორმაცია, თუმცა 2018 წლის 12 ნოემბერს მოხდა ახალი წერილით ახალი სიის გადაგზავნა, რომელშიც მათი მონაცემები უკვე აღარ იყო.
მოსარჩელეები უთითებენ, რომ მათი საცხოვრებელი ადგილია სოფ. ჩ-------ა, სადაც აქვთ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. რეგისტრირებულნი არიან ამავე მისამართზე. 2016-2018 წლებში მათი სწავლის დაფინანსება მოხდა სრულად, ამიტომ უკანონოა მერიის მოქმედება, რომ აღარ მოხდა მათ შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა 2018-2019 წლის სწავლის საფასურის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს გადაგზავნილ სიაში იყო მოსარჩელეთა მონაცემები. შემდეგ სამინისტროდან მიიღეს ზეპირი მითითება სიის კორექტირების შესახებ. დროებითი სამთავრობო კომისიისათვის 2018 წლის 12 ნოემბრის სიაში მოსარჩელეთა შესახებ ინფორმაციის არარსებობა გამოიწვია იმან, რომ, როგორც გადამოწმებით დადგინდა, ისინი არ არიან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში (ჩ-------აში) მუდმივად მცხოვრებნი, მათ არ დაუმთავრებიათ ამავე ტერიტორიაზე (სოფ. წ-----–ში ან ბ-----–-----ში, რადგან სოფ. ჩ-------აში საშუალო სკოლა არ არის) განთავსებული საშუალო სკოლები. მათმა ოჯახმა გაცილებით ადრე დატოვა სოფ. ჩ-------ა, ვიდრე ისინი სასკოლო ასაკს მიაღწევდნენ და მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა ა----ა, სადაც სწავლობდნენ სკოლაშიც. ასეთი კატეგორიის სტუდენტები არ სარგებლობენ სახელმწიფოსაგან დადგენილი შეღავათებით, რის გამოც ვერ მოხდებოდა მათ შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის გადაგზავნა.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელეთა მოთხოვნას და განმარტა, რომ ისინი არ წარმოადგენენ პროგრამით განსაზღვრულ დაზარალებულ სტუდენტებს, რის გამოც არ ეკუთვნით დაფინანსება. დაზარალებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები და ამ კუთხით სამინისტრო ფაქტობრივად მონაცემებს არ ამოწმებს. სამინისტრო სიაში მყოფი სტუდენტების მონაცემებს აფასებს მხოლოდ იმ კუთხით, არიან თუ არა ისინი სტუდენტები ამ ეტაპზე, სწავლობენ თუ არა შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებში და შესაბამის ფაკულტეტებზე და რამდენია სწავლის საფასურის ოდენობა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. თ----- ს--------ემ 2013 წელს, ხოლო მ-–---- ს--------ემ 2016 წელს დაამთავრა სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა ა----ის საჯარო სკოლის სრული კურსი (ს.ფ. 17; 24).
4.2. თ----- ს--------ე შპს „კ-----------------–------------------------ის“ რექტორის 2018 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა ბისნესის ფაკულტეტის საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. მ-–---- ს--------ე 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხა ამავე სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე და 2018 წლის ნოემბრისათვის მე-3 სემესტრის სტუდენტია (ს.ფ. 19-20; 25-26).
4.3. 2016-2018 წლებში მ-–---- ს--------ეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებების საფუძველზე, მოპოვებული ჰქონდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, რომლის ოდენობა ერთ სემესტრში შეადგენდა 1125 ლარს, ხოლო მთლიანად მოცემულ პერიოდში ჩარიცხულია 4500 ლარი (ს.ფ. 29).
4.4. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 8 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადააგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტის წ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებული 94 სტუდენტის სია. ამ სიაში არის მონაცემები მოსარჩელეთა შესახებ (იხ. წერილი N03/11915 დანართით).
4.5. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 12 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადააგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტის წ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებული 15 სტუდენტის სია, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფ. წ-----–ში და სოფ. ჩ-------აში და დაამთავრეს ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წ-----–ისა და ბ-----–----ის საჯარო სკოლები. მოცემულ სიაში მოსარჩელეთა შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (იხ. წერილი N03/12045 დანართით).
4.6. 2019 წლის 25 იანვარს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაუგზავნა 2018 წლის 12 ნოემბრის სიაში დასამატებელი კიდევ 2 სტუდენტის მონაცემები (იხ. წერილი N03/789).
4.7. 2018 წლის 8 ნოემბრის და 12 ნოემბრის წერილებს საფუძვლად დაედო წ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 8 ნოემბრის და 12 ნოემბრის მოხსენებითი ბარათები. 8 ნოემბრის მოხსენებით ბარათში მითითებულია მონაცემები იმ სტუდენტებისა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოფ. წ-----–ში და სოფ. ჩ-------აში, მათ შორის მოსარჩელეებისაც, ხოლო 12 ნოემბრის მოხსენებით ბარათში - მხოლოდ იმ სტუდენტების მონაცემები, რომლებიც არამარტო რეგისტრირებულნი არიან, არამედ, რომელთა ოჯახებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და რომლებმაც დაამთავრეს სოფ. წ-----–ისა და სოფ. ბ-----–----ის საჯარო სკოლები.
მოპასუხე მხარე განმართავს, რომ სიის ხელმეორედ გადაგზავნა მოხდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან განხორციელებული ზეპირი მითითების გამო, რომ გადაგზავნილიყო მხოლოდ იმ სტუდენტების სია, რომელთა ოჯახებიც კონკრეტულად ამ სოფლებში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ და იმყოფებოდნენ საფრთხის ქვეშ, გარდა ამისა, რადგან პირველად გაგზავნილი სია იყო ძალიან გაზრდილი წინა წლის მონაცემებთან შედარებით. აღნიშნული დაადასტურეს მოწმეებმა ვ-–- ლ-----ემ და ნ---- ს-----–---–მა (2019 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი, 14:03:14-14:04:48; 17:20:14-17:22:12; 17:29:57-17:31:22; 17:34:38-17:35:44; 17:48:36-17:52:12; 18:02:57-18:03:03).
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაზუსტებულ სიად მიიჩნია 2018 წლის 12 ნოემბერს გაგზავნილი მონაცემები და ეს სია გადაუგზავნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნულს სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მხარეთა განმარტების, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 5 მარტის N01/1015 წერილიდან, ასევე, 2019 წლის 30 იანვრის N01/366 წერილიდან და მისი დანართიდან გამომდინარე (იხ. წერილები).
4.8. 2019 წლის 28 იანვარს თ----- ს--------ემ და მ-–---- ს--------ემ მიმართეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს მათ შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, რათა მომხდარიყო მათი სწავლის საფასურის დაფინანსება (ს.ფ. 18; 27). მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ საკითხი ეხებოდა დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამას და არა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის N463-ე დადგენილების საფუძველზე სწავლის საფასურის დაფინანასებას. ამგვარად არის მოსარჩელეთა მოთხოვნა გაგებული ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რაც მისი პასუხებიდანაც ირკვევა, რადგან საუბარია მონაცემების დროებითი სამთავრობო კომისიისათვის გადაგზავნაზე (ს.ფ. 22; 30).
4.9. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 1 თებერვალს მოსარჩელეებს მიწერა, რომ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილია ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა ა----ა და ჩ-------აში იმყოფებიან მხოლოდ სეზონურად, დროებით, მათმა ოჯახმა სოფ. ჩ-------ა დატოვა გაცილებით ადრე, ვიდრე ისინი სასკოლო ასაკს მიაღწევდნენ და არასოდეს უსწავლიათ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მდებარე სკოლებში, ამიტომ მერია მოკლებული იყო შესაძლებლობას მათი მონაცემები გადაეგზავნა დროებითი სამთავრობო კომისიისათვის (ს.ფ. 22; 30).
4.10. მოწმე ვ-–- ლ-----ის ჩვენებით, რომელიც არის წ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, თ----- და მ-–---- ს--------ის ოჯახი არ ცხოვრობს სოფ. ჩ-------აში (2019 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი, 17:54:47-17:55:46). მოსარჩელე მხარეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილია სოფ. ჩ-------ა, არ წარმოუდგენია.
4.11. მერიის თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათის და განმარტებითი ბარათის მიხედვით, თ----- და მ-–---- ს--------ეების ოჯახს არ მიუღია დახმარება ზამთრის სეზონზე გათბობისათვის და შესაბამისი ოჯახების სიაში არ ფიქსირდება (იხ. მოხსენებითი და განმარტებითი ბარათი დანართით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაგებლის მე-13-20 ფურცლები).
4.12. თ----- ს--------ე და მ-–---- ს--------ე არიან ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე 8100კვ.მ. მიწის ფართის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია 100,5 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. ეს ქონება მათ 2014 წლის 17 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით მიღებული აქვთ პაპისაგან (ს.ფ. 32-34). მოსარჩელის განმარტებით ეს სახლი საცხოვრებლად უვარგისია (2019 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი 18:24:55-18:25:29).
4.13. თ----- ს--------ე და მ-–---- ს--------ე სოფ. ჩ-------აში რეგისტრირებულნი არიან 2014 წლის 17 ივლისიდან (ს.ფ. 21; 28). მანამდე მათი საცხოვრებელი ადგილი იყო მშობლების საცხოვრებელი ადგილი დაბა ა----აში, სადაც სწავლობდნენ და დაამთავრეს საჯარო სკოლა. ოჯახი ა----აში ცხოვრობს 1998 წლიდან (2019 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი 18:10:23-18:10:42).
4.14. მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ მავთულხლართების გადმოწევის შედეგად უშუალო ქონებრივი ზიანი მას არ მიუღია, თუმცა უთითებს, რომ არც სხვა სტუდენტებს მიუღიათ, რომლებიც დაფინანსდნენ (2019 წლის 31 მაისის სხდომის ოქმი, 12:37:01-12:38:02).
4.15. წ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში (რომელშიც შედის სოფ. ბ-----–-----ი და სოფ. ჩ-------ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის განმარტებით 2018 წლის 12 ნოემბრის სიაში შეტანილი სტუდენტების ოჯახები ცხოვრობდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (2019 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი, 17:59:41-18:01:31).
4.16. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. წ-----–ის და სოფ. ბ-----–----ის საჯარო სკოლებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაფინანსებამიღებული სტუდენტების უდიდესი უმრავლესობა სწავლობდა და დაამთავრა ამ სოფლებში არსებული საჯარო სკოლები (იხ. სოფ. ბ-----–----ის და სოფ. წ-----–ის საჯარო სკოლების 2019 წლის 28 მაისის წერილები).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის N257 დადგენილებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N400 დადგენილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 დეკემბრის N609 ბრძანებით.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის N257 დადგენილებით შეიქმნა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია და დამტკიცდა მისი დებულება. კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დებულების მე-2 მუხლის მიხედვით, კომისიის ფუნქციებს და ამოცანებს წარმოადგენს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა, შესაბამისი დასკვნების შემუშავება, ამ მოსახლეობის დახმარებისათვის წინადადებების მომზადება და საქართველოს მთვრობისთვის წარდგენა, დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამებისა და პროექტების განხილვა და განხორციელების კოორდინაცია.
7.2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N400 დადგენილებით განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობები.
7.3. აღნიშნული პერიოდიდან ყოველწლიურად ხდებოდა მოცემული კატეგორიის სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება შემდეგი წესით: ზოგად გადაწყვეტილებას დაფინანსების პროგრამის გაგრძელების შესახებ ყოველწლიურად იღებდა დროებითი სამთავრობო კომისია, რაც ფორმდებოდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხოლო დაფინანსების პროგრამის დამტკიცება ხდებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. ამავე მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ენიჭებოდათ დაფინანსება კონკრეტულ სტუდენტებს, რომლებიც დააკმაყოფილებდნენ პროგრამის კრიტერიუმებს (იხ. შესაბამისი ბრძანებები). როგორც სასამართლომ დაადგინა 2016-2018 სასწავლო წლების სწავლის საფასური მოსარჩელეებს დაუფინანსდათ მოცემული პროგრამის შესაბამისად.
7.4. 2018 წლის 5 ნოემბერს ჩატარდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა (ოქმი N19), რომელზეც გადაწყდა, რომ გაგრძელებულიყო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება 2018-2019 წელს. კომისიის ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით 2018 წლის 16 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულება N2205, რომლითაც დაევალა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2018-2019 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების უზრუნველყოფა პროგრამული დაფინანსების ფარგლებში და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
7.5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 დეკემბრის N609 ბრძანებით დამტკიცდა „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა“. პროგრამის მე-4 მუხლის მიხედვით, პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად მიიღეს ქონებრივი ზიანი და რომლებიც: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ და სწავლობენ აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ და სწავლობენ აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
7.6. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაფინანსება გაიცემა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მიერ დროებითი სამთავრობო კომისიისათვის ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. პროგრამის მე-9 მუხლის მიხედვით, დაზარალებული სტუდენტების სიების მოწოდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის მუნიციპალიტეტებს (მოცემული ნორმებიდან გამომდინარე მიიჩნია სასამართლომ სარჩელი დასაშვებად და 2019 წლის 7 მაისის საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ).
7.7. 2018 წლის 20 დეკემბრის N609 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტებიდან გამომდინარე, პროგრამით განსაზღვრულია 2018-2019 სასწავლოს წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 თებერვლის N123 ბრძანებით დამტკიცდა ანალოგიური პროგრამა 2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად. ამ პროგრამების შინაარსი და დაფინანსების კრიტერიუმები იდენტურია.
7.8. მხარეებს სადავო არ გაუხდიათ და შპს „კ-----------------–------------------------ის“ მიერ გაცემული ცნობებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებენ პროგრამის მე-2 კრიტერიუმს - ერთი სწავლობს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მეორე მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
7.9. ამდენად, მხარეთა შორის სადავოა პროგრამის მეორე კრიტერიუმი - რამდენად ითვლებიან მოსარჩელეები დაზარალებულ სტუდენტებად. როგორც საქმის განხილვისას დადგინდა და მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს, მავთულხლართების და სხვა ბარიერების გადმოწევის შედეგად, მათ ოჯახს რაიმე უშუალო ქონებრივი ზიანი არ მიდგომია. თუმცა, ამავე დროს, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ დასაფინანსებელი სტუდენტების სიაში (2018 წლის 12 ნოემბრის სია) შეყვანილი პირების ოჯახებსაც არ მიუღიათ ამგვარი ზიანი. სიაში შეყვანილი სტუდენტების ოჯახებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი ვერ მიუთითა ვერც მოპასუხე მხარემ და მესამე პირმა და ვერც საქმის განხივლისას იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება.
7.10. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარე სრულად არ აკმაყოფილებდა დაფინანსების პროგრამის კრიტერიუმებს და შესაბამისად, მისი სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია. თუმცა ამავე დროს სასამართლო თვლის, რომ უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ ისეთ შემთხვევაში, როცა არცერთი სტუდენტი სრულად არ აკმაყოფილებდა დაფინანსების პროგრამის კრიტერიუმებს (კონკრეტულად ქონებრივი ზიანის არსებობის კუთხით), რატომ მოხდა მერიის მიერ 17 სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა დაფინანსების საკითხის გადასაწყვეტად და არ გადაიგზავნა მოსარჩელეთა შესახებ მონაცმები, ანუ ხომ არ ჰქონდა ადგილი მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობას.
7.11. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
7.12. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაფინანსების პროგრამის შინაარსიდან, მისი მიზნებიდან გამომდინარე არსებობს ისეთი დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია განხორციელდეს სტუდენტების დიფერენციაცია დაფინანსების მოპოვების კუთხით და ამ კრიტერიუმებს შორის უმნიშვნელოვანესია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სკოლაში სწავლის ადგილი. მართალია განათლების მინისტრის ბრძანებებში შესაბამისი დაფინანსების პროგრამის დამტკიდების შესახებ არ არის მითითება სტუდენტის საცხოვრებელ ადგილზე, თუმცა დროებითი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის N19 სხდომის ოქმში, როდესაც გადაწყდა დაფინანსების პროგრამების გაგრძელება 2018-2019 სასწავლო წელს, მითითებულია, რომ საკითხი ეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინასებას და კომისიის გადაწყვეტილებაშიც მითითებულია, რომ გაგრძელდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება.
7.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მიმართ განსხვავებული მოპყრობა გამოწვეულია იმით, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ დაფინანსებამიღებული სტუდენტების იდენტურ მდგომარეობაში და მათი პირობები არ იყო ანალოგიური. შესაბამისად, დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია და განხორციელებულ დიფერენციაციასაც აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.
7.14. სასამართლო განმარტავს, რომ დაფინანსების პროგრამის განხორციელების დანიშნულებაა იმ მოწყვლადი ფენის სოციალური დახმარება, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ, რის გამოც მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან და მოკლებულნი არიან თავიანთი უფლებების სრულყოფილად განხორციელებას.
7.15. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ფაქტობრივი ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები შეზღუდულია. ამავე დროს, როგორც მოწმემ სხდომაზე განმარტა, წინა წლებთან შედარებით უჩვეულო და არაბუნებრივი ზრდა დაფიქსირდა იმ პირებისა, რომლებიც რეგისტრირდებიან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და ბევრი მათგანი ფაქტობრივად ცხოვრობს რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით.
7.16. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა რეგისტრაცია სოფ. ჩ-------აში მოხდა მას შემდეგ, რაც თ----- ს--------ემ დაამთავრა საჯარო სკოლა. პაპის მიერ მოსარჩელეთათვის უძრავი ქონების ჩუქებისა და მათი რეგისტრაციის დრო ემთხვევა ერთმანეთს. რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელეები ძირითად საცხოვრებელ ადგილად იყენებენ სოფ. ჩ-------ას, საქმეზე არ წარმოდგენილა. როგორც მათი განმარტებიდან, ასევე, მოწმის ჩვენებიდან ირკვევა პაპის მიერ მათთვის ნაჩუქარი სახლი საცხოვრებლად ამჟამადაც უვარგისია. მოსარჩელე მ-–---- ს--------ე 2014 წლიდან რეგისტრირებულია სოფ. ჩ-------აში, მაშინ, როდესაც მხოლოდ 2016 წელს დაამთავრა ა----ის საჯარო სკოლა და ფაქტობრივად ცხოვრობდა ა----აში. დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ რატომ მოხდა რეგისტრაცია იმ ადგილას, სადაც ფაქტობრივად არ ცხოვრობდა იგი, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
7.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელეები არ აკმაყოფილებენ დაფინანსების პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ამავე დროს მათი პირობები განსხვავებულია იმ პირთა პირობებისაგან, რომელთა მონაცემებიც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაუგზავნა განათლების სამინისტროს და რომლებმაც მიიღეს შესაბამისი დაფინანსება, ამიტომ მ-–---- ს--------ის და თ----- ს--------ის სარჩელი სამართლებრივად დაუსაბუთებლად უნდა ჩაითვალოს.
7.18. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
7.19. იმავე კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ვინაიდან, არ დადგინდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის უარის უკანონობა დროებითი სამთავრობო კომისიისათვის მოსარჩელეთა მონაცემების გადაგზავნაზე, ამიტომ მათი მოთხოვნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ვინაიდან, მოსარჩელეთა მოთხოვნა ეხება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამით სარგებლობას, ამიტომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა მივლინების ხარჯების ანაზღაურება დღეში 15 ლარის ოდენობით, ასევე, წარმოადგინა გახარჯული საწვავის ღირებულების 132,08 ლარის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ეს ხარჯები წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯს, საიდანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ აუცილებელი ხარჯები. სასამართლო არ მიიჩნევს აუცილებელ ხარჯად მძღოლის მივლინების და საწვავის ხარჯს, ვინაიდან, იგი აუცილებლობით არ არის გამოწვვეული და სრულიად შესაძლებელი იყო წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით. ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა.
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამხსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კონპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N211 დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება 15 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს უნდა დაკისროთ მე-3 პირის სასარგებლოდ მისი წარმომადგენლის ქ------- გ------–--ის 2 დღით მივლინების ხარჯი 30 ლარი, რომელიც მათ უნდა გადახდეთ თანაბარწილად, თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა. დანარჩენი ხარჯის ანაზღაურებაზე მე-3 პირს უნდა ეთქვას უარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 24-ე, 331-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. თ----- ს--------ის და მ-–---- ს--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. თ----- ს--------ეს და მ-–---- ს--------ეს დაეკისროთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ თითოეულს 15-15 (თხუთმეტ-თხუთმეტი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი