განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119002982522
N1/189-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30.05.2019 წელი ქ. გ----ი
გ----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - ტანია რაზმაძე
ბრალდებული - გ------ი ს----------ის ძე მ-----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, განქორწინებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გო----------------------–------------------------------–----------------------------–-------------–-----------–--------.
კვალიფიკაცია
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------ი მ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 ოქტომბერს, გ----ის რაიონული სასამართლოს გადაწყევტილებით, გამოიცა დამცავი ორდერი გ------ი მ-----–---–ის მიმართ, რითაც მას 6 (ექვსი) თვით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ლ--–ა ჯ--–----ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მასთან ყველა სახის კომუნიკაცია. აკრძალვის მიუხედავად, 2019 წლის 29 მარტს, გ------ი მ-----–---–ი მივიდა ლ--–ა ჯ--–----ის საცხოვრებელ სახლში, ქ. გ----ში, კ-----–-------------–----------–---–---------------------------ში და მიუახლოვდა ლ--–ა ჯ--–----ეს, რითაც დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2019 წლის 29 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. გ----ში კ-----–---ის დ-----–თა ჩ-----–--აში, N453-ე კ-------ში მდებარე ლ--–ა ჯ--–----ის საცხოვრებელ სახლში, გ------ი მ-----–---–ი, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ლ--–ა ჯ--–----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფძვლიანი შიში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის გ------ი მ-----–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ------ი მ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, მოწმეების - ს-----------–---–ის, ლ---- ბ----–----ის, გ------ი მ-----–---–ის, ვ------- მ-----–---–ის, ქ------ნ მ---------–ის და ლ--–ა ჯ--–----ის გამოკითხვის ოქმები, ლ--–ა ჯ--–----ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფოტოცრილით, გ----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება გ------ი მ-----–---–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, გ------ი მ-----–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, ამოღებული ნივთმტკიცებები.
გ------ი მ-----–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგ----ც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგ----ც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ------ი მ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში გ------ი მ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------ი მ-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. გ------ი მ-----–---–ს ამოძრავებდა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივი. მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიზანს სწორედ ლ--–ა ჯ--–----ესთან აკრძალული კომუნიკაცია და მუქარის გზით მისი დაშინება წარმოადგენდა, რაც მან, ჩადენილი ქმედებებით სისრულეში მოიყვანა. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ გ------ი მ-----–---–ის ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია გ------ი მ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------ი მ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს გ------ი მ-----–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძალადობისა და მუქარის ჩადენისათვის მიზანშეწონილია გ------ი მ-----–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, განახორციელოს ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროული და ეფექტური რეაგირება, სასამართლო, თავდაპირველად, მიზანშეწონოლად მიიჩნევს, მიმოიხილოს ამ მიმართებით მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები, სახელდობრ:
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში (რეკ(2002)5), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგ----ც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.
სასამართლო ასევე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, -
საქმეში ბეგანოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Beganovic v. Croatia, No. 46456/06, 25.6.09) სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც კერძო პირების მიერ მიყენებული ძალადობა აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს მე-3 მუხლი, ხელისუფლების ორგანოებს მოეთხოვებათ ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მოქმედების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები არ იქნა შესრულებული განმცხადებელზე სერიოზული თავდასხმის პასუხად გატარებული ღონისძიებებით, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოწვეული გაჭიანურების გამო, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად.
საქმეში A.T. v. Hungary (2005 წლის 26 იანვრის განჩინება), სადაც მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე (ჩვეულებითი სამართლის მიხედვით) და მისი ორი შვილის მამა მას ფიზიკურაც უსწორდებოდა და ემუქრებოდა 1998 წლიდან მოყოლებული, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა მიმართა უნგრეთს "უზრუნველეყო მომჩივანისა და მისი ოჯახის ფიზიკური და გონებრივი შეუვალობა" ისევე როგ----ც მიეცა მისთვის ბავშვებთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებელი და ბავშვის დახმარება, იურიდიული დახმარება და გაეცა კომპენსაცია მისი უფლებების დარღვევის პროპორციულად. კომიტეტმა ასევე წარუდგინა რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია უნგრეთს ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ქალთა დაცვის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეფექტიანი გამოძიების, სამართლებრივი და მართლმსაჯულების პროცესების დადგენისა და მკურნალობისა და დახმარების რესურსების გაზრდის გზით.
საქმეში კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kontrova v. Slovakia, No. 7510/04, 31.5.07) პოლიციამ ვერ შეძლო ადეკვატურად ეპასუხა განმცხადებლის სისხლისსამართლებრივ საჩივრებსა და სატელეფონო ზარებზე გადაუდებელი დახმარების თხოვნით, რაც გამოწვეული იყო მისი ქმრის მიერ ფიზიკური ხელყოფით; მათ არ დაარეგისტრირეს საჩივარი, არ ჩაიწერეს ზარები, არ დაიწყეს გამოძიება და არ აღძრეს სისხლისსამართლებრივი წარმოება. სასამართლომ შესაბამისად დაადგინდა, რომ დაირღვა მე-2 მუხლი, მას შემდეგ რაც ქმარმა სროლის შედეგად მოკლა მათი ორი შვილი.
კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი ჰქონდა აგრეთვე საქმეში ბრანკო ტომაშიცი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Branko Tomazic and others v. Croatia, No. 46598/06, 15.1.09), სადაც მამაკაცმა შეასრულა თავისი მუქარა და მოკლა თავისი პარტნიორი და თავიანთი ახალშობილი ქალიშვილი. ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ საფრთხის სერიოზულობის შესახებ, მაგრამ ვერ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური მოვალეობები...არავითარი რისკების შეფასება არ მომხდარა უშუალოდ მისი (მამაკაცის) გათავისუფლების წინ.
საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ოპუზის საქმეში განმცხადებელი და დედამისი განმცხადებლის ქმრის სისტემატური ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლნი იყვნენ, რაც დაგვირგვინდა დედამისის მოკვლით. განმცხახდებლის ქმრის მხრიდან მუდმივად გამწვავებადი ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, რის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ შეეძლოთ განეჭვრიტათ სასიკვდილო თავდასხმა. სისხლის სამართალწარმოება იქამდე დაწყებული იქნა განმცხადებლის ქმრის მიმართ, მაგრამ მთავრობა ამტკიცებდა, რომ დევნის განმახორციელებელ ორგანოებს თითოეულ შემთხვევაში, როცა დაიწყეს დევნა, უწევდათ შიდა სამართლის თანახმად მისი შეწყვეტა, რადგან განმცხადებელს და დედამისს გაჰქონდათ თავიანთი საჩივრები. ისევე როგ----ც ამ სიტუაციაში, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს კანონი არ აძლევდა საშუალებას, გაეგრძელებინა სისხლის სამართალწარმოება, რადგან სადაო ქმედებები არ იწვევდა ავადმყოფობას ან შრომმისუნარიანობის დაკარგვას 10 დღით ან მეტი ვადით. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვდა ოჯახური ძალადობის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნას და ეფექტიან ამოქმედებას, აგრეთვე დადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, გაეტარებინა პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად. ამას ერთვოდა ისიც, რომ გამოძიება იყო არასაკმარისად სწრაფი, შესაბამისად, განცხადებლის დედის მიმართ დაირღვა მე-2 მუხლი და თავად განცხადებლის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი, აგრეთვე დაირღვა მე-14 მუხლი, როგ----ც მე-2, ისე მე-3 მუხლთან მიმართებით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტის (CEDAW) 2015 წლის 13 ივლისის დასკვნას საქმეზე „X დაY საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც კომიტეტმა დაადგინა „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დარღვევა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები, გაეტარებინა შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აღკვეთდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინა, რითაც შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მყისიერი ამოქმედების თვალსაზრისით. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა დროულმა რეაგირებამ, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ქალის სათანადო დაცვა და საქმეზე დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ. გ------ი მ-----–---–მა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გულწრფელად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა და ითხოვა პატიება. ამასთან, მან ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. გ------ი მ-----–---–ი 41 წლისაა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, დაკავებამდე იყო უმუშევარი, მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებით პიროვნებად.
სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით გ------ი მ-----–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებული ბრალდებულთან შერიგებული არ არის და ითხოვს კანონის შესაბამისად მის დასჯას. სასამართლოს აზრით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ოჯახური მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, გ------ი მ-----–---–ის დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შუსრულებლობისათვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა მინიმალური ოდენობით, ხოლო მუქარისათვის - შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, გ------ი მ-----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციონაწილი
სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 42-ე, 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------ი მ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------ი მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. მსჯავრდებულ გ------ი მ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 მარტის 23:15 საათიდან.
3. გ------ი მ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· სუნის ნიმუში და სუნის კვალი განადგურდეს;
· განხორციელდეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გ----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე