გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N (2–4) 911210019002859812
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,17 ‘’ აპრილი, 2019 წელი ქ.ონი
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ონის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე – ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი – ნინო ლებანიძე
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენელი - გ-------– გ-------–---–-
მოპასუხე - შ.პ.ს. ,, გ------–- ‘’
წარმომადგენელი - ზ--------------–--- ;
დავის საგანი - საურავის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შ.პ.ს. .,, გ------–-ს'' საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს საურავის გადახდა 1455,30 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შპ.ს. ,, გ------–- ‘’–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 26 ივნისის N 15/3-337 ხელშეკრულების და 2018 წლის 5 სექტემბრის N2159057 წერილის საფუძველზე, მოსარჩელისათვის 2018 წლის 04 სექტემბრის N 2144153 წერილის საფუძველზე, 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 215,60 ლარის ღირებულების 20 კილოგრამი ყველი, რომლის მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 20 სექტემბერს, 10 დღის დაგვიანებით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 26 ივნისის N 15/3-337 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრას ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების ღირებულების 0,15% -ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 1455,30 ლარი (დღეში 145,53 ლარი).
ზემოაღნიშნული საურავის შესახებ შ.პ.ს. ,,გ------–-ს '' ეცნობა 2018 წლის 22 ოქტომბრის N 2579521 წერილით. საურავი უნდა ჩაერიცხათ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ერთი თვის ვადაში და წარმოედგინათ გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, რაც სარჩელშია მითთბული და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის მიერ ნამდვილად იქნა დარღვეული პროდუქციის მიწოდების ვადები, თუმცა ეს გამოწვეულია იმით, რომ თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია დაგვიანებით ახდენდა შესყიდული პროდუქცუიის თანხების ჩარიცხვას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენდა მათ მიერ ახალი პროდუქციის მიწოდებაზე. მიაჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის კაბალური, შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს მინიმუმამდე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მიწოდების ხელსეკრულების დაგვიანებით შესრულება მოსარჩელე მხარის მიერ თანხების გადაუხდელობას უკავშირდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 26 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და შ.პ.ს. ,, გ------–-ს'' შორის დაიდო N15/3-337 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ყველის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 97.020.00 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 01 მარტის ჩათვლით.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ იქნა ყველის მიწოდების ვადა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოთხოვნის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან - შემსყიდველის მოთხოვნიდან კვირაში ერთხელ (შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად) ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 04 სექტემბრის წერილით მოპასუხეს დაევალა 20 კილოგრამი ყველის მიწოდება 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-337 ხელშეკრულება (;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 04 სექტემბრის წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. მოპასუხემ მოსარჩელისათვის 20 კილოგრამი ყველის მიწოდება 2018 წლის 10 სექტემბრის ნაცვლად განახორციელა 2018 წლის 20 სექტემბერს - 10 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზედნადები;
- მიღება-ჩაბარების აქტი N 44550317;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. 2018 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ წერილობითი მიმართვით, შ.პ.ს. ,,გ------–-ს'' აცნობა, რომ საქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო დაერიცხა პირგასამტეხლო 1455.30 ლარი.
.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წერილობითი მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.
უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 26 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-337 ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ იქნა შესყიდული საქონლის ჩამონათვალი და მიწოდების ვადა, ხოლო მოსარჩელის 2018 წლის 04 სექტემბრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მოპასუხის ვალდებულებად განისაზღვრა შემსყიდველისათვის 20 კილოგრამი ყველის მიწოდება - 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
6.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ მისაწოდებელი საქონელი ნაცვლად 2018 წლის 10 სექტემბრისა შემსყიდველს მიაწოდა 10 დღის დაგვიანებით _ 2018 წლის 20 სექტემბერს.
დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შ.პ.ს. ,, გ------–-ს '' დააკისრა პირგასამტეხლო.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
2018 წლის 26 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შ.პ.ს. ,, გ------–-ს '' შორის დადებული N15/3-337 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც შეადგენს 1455,30 ლარს _ ხელშეკრულების საერთო ღირებულების ( 97.020.00 ლარი) 0.15%-ს (დღეში 145.53 ლარი) ვადაგადაცილებულ 10 დღეზე გადაანგარიშებით;
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დანაწესის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტიაციას პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან მიმართებით და მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულია, შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. შესაბამისად, დაანგარიშებული პირგასამტეხლო როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შ.პ.ს. ,,გ------–- ''-ს დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ , – 100 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი