განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-314-19
(№078300319002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31.05.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი გიორგი ღონღაძე
დაცვის მხარე: ადვოკატი მაკა ბერაძე
ბრალდებული: გ------------–-------ე
დაბადებული: 05.09.1--- წ.
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: ქ. რუსთავი, ს-------–---–------------;
ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, მ--------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორ ეპიზოდი) - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა (2019 წლის 11 მარტის და 2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდები).
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. გ-----------–-------ე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისისა და 2017 წლის 21 ივლისის განაჩენებით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტითა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ შემთხვევაში 05 წლის ვადით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 03 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 2019 წლის 11 მარტს, დაახლოებით 00:05 საათზე, ქ. რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე მართავდა ,,ტ--------------ის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით S--------.
1.2. გ-----------–-------ე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისისა და 2017 წლის 21 ივლისის განაჩენებით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტითა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ შემთხვევაში 05 წლის ვადით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 03 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 2019 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 11:10 საათზე, ქ. რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მართავდა ,,ტ-------------ის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით Q--------.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, გ-----------–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ზ------------------–---–ის 29.03.19 წლის პატაკს, შ--–------------ის 08.04.19 წლის პატაკს, მოწმეების - ზ------------------–---–ის, შ--–------------ის, კ-------------–---–ის, გ---------------–---–ის, გ-----------–-------ის და ნ----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განაჩენებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2019 წლის 02 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ე.ი. ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს კანონიერ საქმიანობას მიღებულ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად.
სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ხელს უშლის მართლმსაჯულების ამოცანების განხორციელებას. განაჩენის აღუსრულებლობა მსჯავრდებულს ათავისუფლებს დამსახურებული სასჯელის მოხდისაგან, რითაც საშიშროება იქმნება დანაშაულის რეციდივისთვის.
დანაშაულის საგანია დოკუმენტურად გაფორმებული პროცესუალური აქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოტანილი - სასამართლო განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება.
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს როგორც მოქმედებით - სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლა, ასევე უმოქმედობით - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით.
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რომ არ ასრულებს კანონიერ გადაწყვეტილებას, ითვალისწინებს შედეგს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ინტერესებისათვის ზიანის სახით და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------–-------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის სამართლიანობის პრინციპის დაცვით გ-----------–-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ორ ეპიზოდში უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი ადეკვატური ზომა, რაც ზუსტად მოემსახურება სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გ-----------–-------ის მიმართ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 13.09.2018 წლის №1/653-18 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გ-----------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა 2000(ორი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია სადეპოზიტო ანგარიშზე, გირაოს პირობის დარღვევის გამო უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში(ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალად შერაცხული სხვა დანაშაულის გამო).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ორ ეპიზოდში გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 11 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 08 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და გ-----------–-------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს გ-----------–-------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 13.09.2018 წლის №1/653-18 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 13.09.2018 წლის №1/653-18 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------–-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გ-----------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა 2000(ორი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია სადეპოზიტო ანგარიშზე, გირაოს პირობის დარღვევის გამო გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გ-----------–-------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის დადგენის დღიდან - 2019 წლის 31 მაისიდან;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი