გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5136-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე შპს „ე-------------–“
წარმომადგენლები ზუ---------------ე, ვა--------------ა, თე-–--------–--------ი
მოპასუხე შპს „პ---–--------“
წარმომადგენლები ლე--------------ე, გი--------------–-–---–ი
დავის საგანი მიწოდებული პროდუქციის ღირებულების და ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „პ---–--------“-ს, შპს „ე-------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 194 431.71 ლარის გადახდა;
1.2. შპს „პ---–--------“-ს, შპს „ე-------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 517.7 აშშ დოლარი.
სარჩელის მიხედვით, 2019 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ შპს „პ---–--------“-ს მიაწოდა 50 ტონა პოლიეთილენის გრანულა EX5-PE100 Black, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 193 589.5 ლარი. გარდა ამისა, მხარეებს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხეს გააჩნდა დავალიანება 842.21 ლარის ოდენობით.
მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხეს შპს „ე-------------–ის“ მიმართ 5 დღის ვადაში, 2019 წლის 14 იანვარს უნდა უზრუნველეყო საქონლის ღირებულების სრული ანაზღაურება. ამ დღის მონაცემებით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით შეადგენს 2.66 ლარს. მოსარჩელე არის იმპორტიორი, მას საქონელი შემოაქვს საზღვარგარეთიდან და პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება უწევს აშშ დოლარში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხა აშშ დოლარში ტოლი უნდა ყოფილიყო 72859 აშშ დოლარის.
მოპასუხე თავს არიდებს მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებას, რის გამოც შპს „ე-------------–ის“ გადასახდელი თანხა შეადგენს 194 431.71 ლარს. ამასთან, მოსარჩელე განიცდის მატერიალურ ზიანს, რაც თანხის დათქმულ ვადაში მიუღებლობის გამო შეადგენს 517.7 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებას რომლის მიხედვით, მიწოდებული მასალის გადახდის ვადა შეადგენდა მიწოდებიდან 5 დღეს. მოპასუხის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რადგან შპს „პ---–--------“-ის ქარხანა ზამთრის პერიოდში არ მუშაობს და ამ თვალსაზრისით ზამთრის და გაზაფხულის პერიოდი არ არის შემოსავლიანი მოპასუხე პროდუქციას მიიღებდა, თუმცა დავალიანებას სრულად დაფარავდა არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა. რამდენადაც, მოთხოვნის ვადა ჯერ არ დამდგარა, მოპასუხე არ არის ვალდებული გადაიხადოს ნასყიდობის საფასური. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო მიუღებელი შემოსავლის ნაწილშიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „პ---–--------“-სა და შპს „ე-------------–ს“ შორის არსებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კომპანია შპს „პ---–--------“-ს აწვდიდა პოლიეთილენის გრანულის პროდუქციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.1.2. უდავოა გარემოებაა, რომ 2019 წლის 9 იანვარს შპს „ე-------------–მა“ შპს „პ---–--------“-ს მიაწოდა 193 589.5 ლარის ღირებულების პოლიეთილენის გრანულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ 15-17)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს მოსარჩელის მტკიცების ხარისობრივ ნაკლზე და ამავდროულად სადავო გარემოების დადასტურების მაღალ სტანდარტზე, რაც გამოხატული უნდა იქნეს სასარჩელო განცხადებაში მითითებული უმთავრესი გარემოებების სათანადო ხასიათის მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაში.
ის გარემოება, რომ პროდუქციის მიწოდებიდან 5 დღის ვადაში მყიდველს უნდა აენაზღაურებინა მისი ღირებულება სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლის დეფინიციის შესაბამისად წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას.
მოპასუხის მხრიდან პროდუქციის მიწოდების ფაქტი უდავო გარემოებაა, ხოლო რა ვადაში უნდა განეხორციელებინა მყიდველს მიღებული მასალის ღირებულების ანაზღაურება აღნიშნულზე მხარეები განსხვავებულ მოსაზრებებს ავითარებენ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული ფაქტის რეალობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია გაანალიზდეს საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები:
მოწმე რევაზ ქარჩავამ სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს შპს „პ---–---------ში“ და არის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოწმემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 9 იანვარს შპს „ე-------------–ისგან“ მიიღეს პროდუქცია, რომლის ღირებულების ანაზღაურებაზე მხარეთა დირექტორებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი.
კერძოდ, შპს „პ---–---------ის“ ფინანსურმა დირექტორმა ილია სეფიაშვილმა შპს „ე-------------–ის“ დირექტორს თე-–--------–--------ს განუმარტა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას ვერ გადაიხდიდა 5 თვის განმავლობაში, თუმცა არ გადააცილებდა 2019 წლის 1 ივლისის პერიოდს. ვინაიდან ზამთრის განმავლობაში კომპანია პრაქტიკულად არ მუშაობს მისთვის შეუძლებელი იქნებოდა თანხის გადახდა. მოწმის ჩვენებით, თე-–--------–--------ი შეთავაზებულ პირობას დაეთანხმა.
მოწმემ განმარტა, რომ კომპანიის დირექტორს საქმიანი საუბრის დროს ყოველთვის ჩართული აქვს ტელეფონის ხმამაღალი ხმის რეჟიმი და მათი შეთანხმება ამ გზით მოისმინა. მოწმემ დამატებით დაადასტურა, რომ მოპასუხე კომპანიასთან მანამდეც ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა და თანხას იხდიდა მიწოდებიდან დაახლოებით 10 დღის ვადაში ან მაქსიმუმ ერთ თვეში.
მოწმის სახით ასევე დაკითხული იქნა შპს „პ---–--------“-ს დირექტორი ილია სეფიაშვილი, რომლის ჩვენებით, მოსარჩელესთან საქმიანი ურთიერთობა დაიწყო ნოემბრის თვეში. მოპასუხე აწარმოებს პოლიეთილენის მილებს და მოსარჩელისგან ძირითადად ყიდულობდა დამხმარე მასალას. დეკემბრის თვეში მას დაუკავშირდა თე-–--------–--------ი, რომელმაც შესთავაზა დაახლოებით 100 ტონა მასალის მიწოდება. თე-–--------–--------ს განემარტა, რომ ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში კომპანია ვერ შეძლებდა თანხის ანაზღაურებას. გადახდა შესაძლებელი იქნებოდა მიწოდებიდან 5 თვის განმავლობაში, თუმცა არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა, რაზეც მოპასუხის დირექტორმა თანხმობა განაცხადა. მოწმის განმარტებით, წინა პერიოდებში მოწოდებული პროდუქციის ღირებულებას შპს „პ---–--------“ ანაზღაურებდა მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადებში.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში შპს „პ---–--------“ -ის დირექტორთან სატელეფონო საუბრის ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თე-–--------–--------მაც.
სასამართლო საქმის განხილვისას მხარეთა ახსნა-განმარტებების და დაკითხული მოწმეების ჩვენებების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ შპს „პ---–--------“-სთვის 2019 წლის 9 იანვარს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის უკიდურეს ვადად, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 2019 წლის 1 ივლისი. აღნიშნული გარემოება წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასამართლოს მიერ დადგენილია მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომელთა ჩვენებანი ერთგვაროვანია და ზუსტად აღწერს მოვლენათა განვითარებას. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარემ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის ალტერნატიული ვადის არსებობა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები (2.05.2019წ, სხდომის ოქმი, 10:55:57წთ/11:06:20წთ; 11:09:07წთ/11:27:37წთ)
3.2.2. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული 842.21 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტი ვერ დაადასტურა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ უნდა ადასტუროს იგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.
სასამართლოს შეფასებით, პროდუქციის მიწოდების ფაქტის დადასტურებისათვის რელევანტურ მტკიცებულებად მიჩნეულ უნდა იქნეს საგადასახადო ანგარიშფაქტურები და მოსარჩელის მიერ შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული სასაქონლო ზედნადებები.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები ერთმნიშვნელოვნად ადგენენ, რომ მოპასუხის მიერ 193 589.5 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება დადასტურებულია სასაქონლო ზედნადებებით. ანალოგიური ხასიათის მტკიცებულებანი 842.21 ლართან მიმართებაში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლოს მიიჩნია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდების და დავალიანების არსებობის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოება სარჩელში დასახელებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. ეს გარემოება მეტყველებს მასზედ, რომ მოპასუხეს 842.21 ლარის დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ 15-17)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე-------------–ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 366-ე, 477-ე, 383-ე, 389-ე, 411-ე მუხლი; საქართველოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვება ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „პ---–--------“-ს და შპს „ე-------------–ს“ შორის ზეპირი ფორმით დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე კომპანია შპს „პ---–--------“-ს აწვდიდა პოლიეთილენის გრანულის პროდუქციას.
ასევე უდავოა გარემოებაა, რომ 2019 წლის 9 იანვარს შპს „ე-------------–მა“ შპს „პ---–--------“-ს მიაწოდა 193 589.5 ლარის ღირებულების პოლიეთილენის გრანულა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს წარმოადგენს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების თარიღის განსაზღვრა.
სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლის თანახმად, თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს. როგორც წესი, ვადა დადგენილია მოვალის ინტერესებისათვის. აღნიშნული უფლების შეზღუდვა მხოლოდ კრედიტორის ლეგიტიმური ინტერესის არსებობის შემთხვევაშია დასაშვები. კრედიტორი უფლებამოსილი არ არის ვადაზე ადრე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს ყოველთვის შეუძლია ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება. გამონაკლისს კრედიტორის პატივსადები ინტერესი წარმოადგენს. ამდენად, თუკი კრედიტორს მოვალისათვის უარის სათქმელად აქვს პატივსადები ინტერესი, მაშინ მოვალეს ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების უფლება არ აქვს.
თუ ვალდებულების შესრულებისათვის დრო განსაზღვრული არ არის და მისი შესრულების დრო არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა, კრედიტორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალე ვალდებულია კრედიტორის მოთხოვნისთანავე შეასრულოს ვალდებულება. მოვალის ვალდებულება, შეასრულოს ვალდებულება, წარმოიშობა მას შემდეგ, რაც კრედიტორის ნება ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე, მოვალეს მიუვა. ვალდებულების შესრულების დროს მბოჭავი ხასიათი მხოლოდ კრედიტორისათვის აქვს, რადგან კრედიტორს ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების მოთხოვნის უფლება არ აქვს, მაშინ როდესაც მოვალე, უფლებამოსილია, ვალდებულება ვადის დადგომამდე შეასრულოს. მოვალისათვის უფლების მინიჭება, ვადის დადგომამდე შეასრულოს ვალდებულება, ნიშნავს კრედიტორისათვის ვალდებულების დაწესებას, მიიღოს შეთავაზებული შესრულება.
კრედიტორის უფლება, ვადაზე ადრე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულებას საფრთხე ექმნება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა აშკარა ხდება ვალდებულების მომავალში შესრულების შეუძლებლობა, ან თუნდაც გაძნელება, კრედიტორი უფლებამოსილია, ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება მოითხოვოს.
განსახილველი დავის ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ახსნა-განმარტებების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „პ---–--------“-სთვის 2019 წლის 9 იანვარს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის ვადა არის 2019 წლის 1 ივლისი და შესაბამისად მოსარჩელეს ვადაზე ადრე მოთხოვნის უფლება მიწოდების საქონლის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე არ გააჩნია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების მომავალში შესრულების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი ან გარემოებანი არ წარმოუდგენია.
6.2 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას.
საგადასახდო ანგარიშფაქტურას ამოწერს გამყიდველი, რისი დადასტურების ვალდებულებაც აქვს მყიდველს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი მიიღებს გამყიდველისაგან ნასყიდობის საგანს.
ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.
სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლს, რომლის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად უნდა დავასკვანთ, რომ მყიდველს შესასყიდი საქონლის საფასურის გადახდის ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშობა, რაც გამყიდველი საქონლის ან/და საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მყიდველისათვის გადაცემის ვალდებულებას შეასრულებს პირნათლად.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
როგორც სასამართლომ დაადგინა მოსარჩელე მხარემ, სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის კერძოდ 842.21 ლარის პროდუქციის რეალურად მიწოდების დადასტურებისთვის საკმარისი მტკიცებულებანი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან სასარჩელო განცხადებაში დასახელებული პროდუქცია მოპასუხე მხარისთვის გადაცემული არ არის და სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
6.3. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი - 517.7 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხეს შპს „ე-------------–ის“ მიმართ 5 დღის ვადაში უნდა უზრუნველეყო საქონლის ღირებულების სრული ანაზღაურება, კერძოდ 2019 წლის 14 იანვარს. ამ დღის მონაცემებით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით შეადგენს 2.66 ლარს.
ამასთან, მოსარჩელე კომპანია არის იმპორტიორი, მას საქონელი შემოაქვს საზღვარგარეთიდან და პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება უწევს აშშ დოლარში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხა აშშ დოლარში ტოლი უნდა ყოფილიყო 72859 აშშ დოლარის. მოპასუხე თავს არიდებს მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელე განიცდის მატერიალურ ზიანს, რაც თანხის დათქმულ ვადაში თანხის მიუღებლობის გამო შეადგენს 517.7 აშშ დოლარს.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების მიზნით საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსების შესახებ, რომელიც 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით ასახავს ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან მიმართებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ამდენად, მოცემული ნორმა ითვალისწინებს ნომინალიზმის პრინციპის დისპოზიციურობას, რომლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ‚ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოური ვალუტითაც და განსაზღვრონ მისი გადახდის წესი.
საგულისხმოა, რომ ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის წესი მხარეებმა განსაზღვრეს ეროვნულ ვალუტაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 389-ე მუხლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
სასამართლო განმარტავს რომ ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. ჰიპერინფლაციას ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა. ვინაიდან ქართულ ეროვნულ ვალუტის - ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება.
ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროს, რადგან აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებულ იქნეს რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, რადგან როგორც ცნობილია, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს, ზოგი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში იზრდება.
ნორმის მიზანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ნორმის განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნორმის სწორი ინტერპრეტაციისათვის კი დადგენილ უნდა იქნეს ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლის თეორიისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშეუსაბამობა. „ნომინალიზმის პრინციპის“ მიხედვით, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამებოდა. მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული ეს პრინციპი, ვალის გადახდისას ყურადღებას უთმობს არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველობაუნარიანობას, არამედ თავად ნომინალს და ფულადი ნიშნების რაოდენობას. ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულების საგანი ფულადი ერთეულების რაოდენობაა და არა ფულის მსყიდველობაუნარიანობა.
როგორც უკვე აღინიშნა ვინაიდან, ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთმითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსისნორმალური გაუარესების დროსაც, რადგანაც აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სარჩელის საფუძვლად დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი ეწინააღმდეგება მატერიალური ნორმის მიზნებს, რის გამოც სარჩელი არც ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთანავე სადავო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია განიმარტოს მიუღებელი შემოსავლის არსი: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა, რაც ცალსახად გამორიცხავს მოსარჩელის მიმართ ზიანს და მასთან დაკავშირებით რაიმე სახის მსჯელობის განვითარებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მხარემ წარმოადგინა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის ჩანაწერის მიხედვით, ადვოკატის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების - 200 000 ლარის 4%-ით, რაც შეადგენს 8 000 ლარს, რომელიც გადახდილ უნდა იქნას წარმატების შემთხვევაში. წარმატებად ჩაითვლება გარემოება, თუ შპს „ემ ერ ჩემიკალს“ სასამართლო უარს ეტყვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ვინაიდან შპს „ემ ერ ჩემიკალის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 7832.88 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,პ---–--------"-ს (ს/ნ 206346097) აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის 200 000 ლარის განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემისა;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „შპს „ე-------------–ის“ სასარჩელო მოთხოვნები შპს „პ---–--------“-ის მიმართ 194431,71 ლარის და 517,7 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,პ---–--------"-ს (ს/ნ 206346097) აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის 200 000 ლარის განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემისა;
4. შპს „ე-------------–ს“ მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს შპს „პ---–--------“-ის წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების ნაწილი 7832,88 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე