გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2019
საქმის ნომერი
330210018002730902
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/33791-18

16 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე სს ,,ი--------”

წარმომადგენელი ს--–---------------

მოპასუხეები: წარმომადგენელი შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------", ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-" დ-------------–---–-

დავის საგანი პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეების შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–---------" და ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-სთვის" მოსარჩელე სს ,,ი--------ს” სასარგებლოდ 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 416 240,28 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 29 აპრილს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---” და შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------” შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის (,,ოვერდრაფტის") ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 1 056 500 აშშ დოლარი, სარგებელი - წლიური 17%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 30 დღე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება შესაბამისი თანხა ოვერდრაფტის დაბრუნების დროს, ბანკი უფლებამოსილია გადაახდევინოს მსესხებელს პირგასამტეხლო, რომელიც გამოითვლება ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის ნაწილზე გაორმაგებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 29 აპრილს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---" და ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-" შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 1 200 000 აშშ დოლარით. 2013 წლის 29 მაისს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---” და შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------” შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2013 წლის 29 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით კრედიტის თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვადა განისაზღვრა - არაუგვიანეს 2013 წლის 27 დეკემბრისა. 2013 წლის 27 დეკემბერს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---” და შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------” შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2013 წლის 29 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც კრედიტის თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვადა განისაზღვრა - არაუგვიანეს 2014 წლის 29 იანვრისა. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში არ იქნა დაფარული სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. მოპასუხეებმა სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი დაფარეს ეტაპობრივად, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა საბოლოოდ დაფარული იქნა 2015 წლის 07 დეკემბერს, ხოლო პროცენტი - 2015 წლის 23 დეკემბერს. კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილების გამო, მსესხებელს დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც 2014 წლის 30 იანვრიდან 2015 წლის 07 დეკემბრამდე შეადგინა 416 240,28 აშშ დოლარი. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 416 240,28 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით სს ,,ა-----------------------–----------------------------–---" უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს ,,ი--------". (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 4-11, იხ. 2019 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მხარეთა შორის 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკავება ბანკის მიერ ხორციელდება მორიგი გადახდის დროს, რის შესახებაც ბანკი ატყობინებს მსესხებელს ამონაწერით ანგარიშიდან. შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" კრედიტი უნდა დაეფარა 2014 წლის 29 იანვარს. საქმის მასალების თანახმად, მსესხებელმა პირველი გადახდა განახორციელა 2014 წლის 12 მარტს, შემდეგი: 2014 წლის 13 მარტს, 2014 წლის 03 აპრილს, 2015 წლის 12 ივნისს, 2015 წლის 21 ივლისს, 2015 წლის 20 ნოემბერს და 2015 წლის 07 დეკემბერს. მსესხებლის მიერ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების გამო, ხელშეკრულების 6.3. პუნქტის საფუძველზე, 2014 წლის 29 იანვარს მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ასეთი უფლება მოსარჩელეს ჰქონდა მსესხებლის ანგარიშზე თანხის ყოველი განთავსებისას ვიდრე ვალდებულება სრულად არ შესრულდებოდა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ არ განახორციელა პირგასამტეხლოს დაკავება თანხის ყოველი გადახდისას. შესაბამისად, 2014 წლის 12 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლოს (39 123,29 აშშ დოლარი), ასევე 2014 წლის 13 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლოს (881,64 აშშ დოლარი), 2014 წლის 08 აპრილამდე დარიცხული პირგასამტეხლოს (22 864,48 აშშ დოლარი), 2015 წლის 12 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს (280 383,56 აშშ დოლარი), 2015 წლის 21 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს (21 821,91 აშშ დოლარი) და 2015 წლის 20 ნოემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს (45 602,72 აშშ დოლარი) მოთხოვნა არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, 2013 წლის 29 აპრილის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 252-255) მოპასუხე ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-" სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის დაბრუნების საბოლოო ვადა იყო 2014 წლის 29 იანვარი. ამასთან, მოსარჩელემ ბოლო წერილი თავდებს გაუგზავნა 2014 წლის 16 მაისს, ხოლო სარჩელი აღძრა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პირგასამტეხლოს გაანგარიშების ცხრილი შეიცავს მცდარ მონაცემებს და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გაანგარიშების სისწორის დადასტურების მიზნით, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი ფინანსური ექსპერტიზის დასკვნა. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 267-269, იხ. 2019 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 29 აპრილს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---” და შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------” შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის (,,ოვერდრაფტის") ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 1 056 500 აშშ დოლარი, სარგებელი - წლიური 17%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 30 დღე. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება შესაბამისი თანხა ოვერდრაფტის დაბრუნების დროს, ბანკი უფლებამოსილია გადაახდევინოს მსესხებელს პირგასამტეხლო, რომელიც გამოითვლება ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის ნაწილზე გაორმაგებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2013 წლის 29 აპრილის ოვერდრაფტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 36-38) 3.1.2. 2013 წლის 29 აპრილის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 29 აპრილს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---" და ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-" შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 1 200 000 აშშ დოლარით. თავდებობის ხელშეკრულებით საგანგებოდ იქნა შეთანხმებული, რომ თავდები პასუხს აგებდა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2013 წლის 29 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 46-48) 3.1.3. 2013 წლის 29 მაისს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---” და შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------” შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2013 წლის 29 აპრილის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულებით კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვადა განისაზღვრა - არაუგვიანეს 2013 წლის 27 დეკემბრისა. 2013 წლის 27 დეკემბერს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---” და შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------” შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2013 წლის 29 აპრილის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რომლითაც კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვადა განისაზღვრა - არაუგვიანეს 2014 წლის 29 იანვრისა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 42) - 2013 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 44) 3.1.4. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა 2013 წლის 29 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მსესხებელმა შეთანხმებულ ვადაში - 2014 წლის 29 იანვრამდე არ დაფარა კრედიტის თანხა და დარიცხული პროცენტი. 2014 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს. 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანება დაფარული იქნა ეტაპობრივად, 2015 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით. კერძოდ, კრედიტის თანხის დაფარვის მიზნით 2014 წლის 12 მარტს გადახდილი იქნა 53 538,04 აშშ დოლარი, 2014 წლის 13 მარტს - 2 396,98 აშშ დოლარი, 2014 წლის 08 აპრილს - 244 064,98 აშშ დოლარი, 2015 წლის 12 ივნისს - 99 321,59 აშშ დოლარი, 2015 წლის 21 ივლისს - 199 400,88 აშშ დოლარი, 2015 წლის 20 ნოემბერს - 50 000 აშშ დოლარი და 2015 წლის 07 დეკემბერს - 351 277,53 აშშ დოლარი, ასევე ეტაპობრივად - 2015 წლის 23 დეკემბრამდე იქნა დაფარული კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–---------" საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 69, ტომი 2, ს.ფ. 184-185) - მემორიალური ორდერები (ტომი 2, ს.ფ. 186-1971) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.5. სს ,,ი--------" (საიდენტიფიკაციო კოდი #2--------) წარმოადგენს სს ,,ა-----------------------–----------------------------–---" (საიდენტიფიკაციო კოდი #2--------) უფლებამონაცვლეს.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ,,ი--------ს" მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას.

 

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და მიუთითებენ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (იხ. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, მოპასუხეების პოზიცია). სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 29 აპრილს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---” და შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მსესხებელს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კრედიტის თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 29 იანვარი. ვინაიდან ამ თარიღისთვის მოვალის მიერ სესხის თანხის და პროცენტის სრულად დაბრუნება არ მომხდარა, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან მეორე დღეს - 2014 წლის 30 იანვარს და მითითებული თარიღიდან დაიწყებოდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლაც, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეჩერებული იყო კანონით გათვალისწინებული საფუძვლით:

 

2014 წლის იანვრის მდგომარეობით შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" გააჩნდა საგადასახადო დავალიანება. 2014 წლის 20 იანვარს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---", როგორც შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–---------" კრედიტორმა, წერილობით განაცხადა თანხმობა განხორციელებულიყო შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–---------" საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ,,საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად (იხ. ტომი 2, ს.ფ. 134). აღნიშნული თანხმობის საფუძველზე, 2014 წლის 18 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–---------" საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (იხ. ტომი 2, ს.ფ. 135-139), ასევე საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 06 მარტს გამოიცა განკარგულება შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–---------" საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (იხ. ტომი 2, ს.ფ. 129-133). რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების და მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–---------" დავალიანების გაყინვის პერიოდი განისაზღვრა 24 თვით, 2014 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე, ხოლო დავალიანების გადავადების პერიოდი განისაზღვრა 36 თვით, 2016 წლის 20 იანვრიდან 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

 

,,საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს თანხმობა მისცეს დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე, უფლება არა აქვთ სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება.

 

ამდენად, ,,საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---" მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იყო შეჩერებული შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–---------" საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდის დასაწყისიდან - 2014 წლის 20 იანვრიდან, მის დასრულებამდე - 2019 წლის 20 იანვრამდე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ი--------ს" სარჩელი არ არის ხანდაზმული.

 

3.2.2. მოპასუხე ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-ს" წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პირგასამტეხლოს გაანგარიშების ცხრილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 70-75) შეიცავს მცდარ მონაცემებს და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გაანგარიშების სისწორის დადასტურების მიზნით, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი ფინანსური ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წარმოდგენილი ცხრილის გარკვეულ ნაწილში დაშვებულია უსწორობა, თუმცა აღნიშნული უსწორობა შემდგომში შესწორდა და ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეს ცხრილი შეიცავს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 74). აღნიშნული იმითაც დასტურდება, რომ ცხრილის ბოლოში მითითებული თანხის ოდენობა ემთხვევა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას, რომლის დეტალური გაანგარიშება მოცემულია სარჩელში (იხ. სარჩელი, ტომის 1, ს.ფ. 7-8). სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელში მართლაც მოცემულია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დეტალური გაანგარიშება დღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის, ვადაგადაცილების დაწყების ზუსტი თარიღების და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის მითითებით. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება წარმოდგენილ გაანგარიშებაში არსებული რაიმე სახის უსწორობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გამოთვლილია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ი--------ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 895-ე, 898-ე, 463-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. დადგენილია, რომ 2013 წლის 29 აპრილს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---" და შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა საბანკო კრედიტი 1 056 500 აშშ დოლარის ოდენობით, ერთი თვის ვადით. 2013 წლის 29 აპრილს, სს ,,ა-----------------------–----------------------------–---" და ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-" შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–--" იკისრა სოლიდარული ვალდებულება 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. თავდებობის ხელშეკრულებით საგანგებოდ იქნა შეთანხმებული, რომ თავდები პასუხს აგებდა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამდენად, შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" და ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-" ეკისრებათ სოლიდარული ვალდებულება 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2013 წლის 29 მაისის და 2013 წლის 27 დეკემბრის შეთანხმებების საფუძველზე და საბოლოოდ, საბანკო კრედიტის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 29 იანვარი. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები. 2014 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს. დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდა ეტაპობრივად, 2014 წლის 12 მარტიდან 2015 წლის 07 დეკემბრამდე. ასევე ეტაპობრივად, 2014 წლიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე, იქნა დაფარული სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანების წლიური 34%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მსესხებელს და სოლიდარულ თავდებს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 416 240,28 აშშ დოლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო დარიცხულია 2014 წლის 30 იანვრიდან 2015 წლის 07 დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში (დეტალური გაანგარიშება იხილეთ სარჩელში, ტომი 1, ს.ფ, 7-8), ამ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა სესხის ძირითადი თანხის ეტაპობრივად დაფარვა და პირგასამტეხლოს დარიცხვაც ხდებოდა ყველა მომდევნო გადახდის შემდეგ დარჩენილ სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაზე. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კრედიტის თანხა დაფარული იქნა 2015 წლის 07 დეკემბერს ანუ მსესხებელი სესხით სარგებლობდა 2013 წლის 29 აპრილიდან 2015 წლის 07 დეკემბრამდე (დაახლოებით 31 თვე). მითითებული პერიოდის განმავლობაში გადასახდელი საპროცენტო სარგებელი დაახლოებით შეადგენდა 463 979 აშშ დოლარს (1 056 500 აშშ დოლარი*17/100=14967 აშშ დოლარი *31 თვე= 463 979 აშშ დოლარი). მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი იქნა ამონაწერი შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–---------" საბანკო ანგარიშიდან (იხ. ტომი 2, ს.ფ. 184-185), ასევე მემორიალური ორდერები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 186-1971). აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, სესხის ძირითადი თანხის გარდა, გადახდილია 540 528,1 აშშ დოლარი. ამდენად, მოვალის და თავდების მიერ სესხის ძირითადი თანხის, ასევე ხელშეკრულების ვადის განმავლობაში და მისი ვადის გასვლის შემდეგ დარიცხული პროცენტის (463 979 აშშ დოლარი) გარდა, გადახდილი იქნა 76 549,1 აშშ დოლარი (540 528,1-463 979). სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის დროს შესთავაზა როგორც მოსარჩელე მხარეს, ისე თავდების წარმომადგენელს (მსესხებლის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა) განემარტათ მითითებული თანხის გადახდის დანიშნულება, თუმცა მათ მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ იქნა მოწოდებული (იხ. 2019 წლის 10 მაისის სასამართლოს სხდოის ოქმი). სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხით სარგებლობის ვადის განმავლობაში (2013 წლის 29 აპრილიდან 2015 წლის 07 დეკემბრამდე) დარიცხული პროცენტის გადახდის გზით განხორციელდა მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალებით დგინდება გარკვეული ოდენობის თანხის გადახდაც, რომლის გადახდის დანიშნულებასთან დაკავშირებით მხარეთ მიერ ინფრომაცია ვერ იქნა მოწოდებული. ზემოაღნიშნულის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 40 000 აშშ დოლარის გადახდა.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის დროს გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 416 240,28 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას. ამდენად, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 416 240,28 აშშ დოლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა). შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენდა 5 000 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ბ." ქვეპუნქტისა). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 40 000 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად 416 240,28 აშშ დოლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 9,6%). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 5 000 ლარის 9,6%-ს, 480 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,ი--------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

მოპასუხეებს შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" და ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-" მოსარჩელე სს ,,ი--------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 40 000 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. მოპასუხეებს შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–--------" და ,,ა--------------------------------–--------------–--------------–---–-" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 480 ლარის გადახდა სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია