განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002614817
N1/194-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
ბრალდებული - ო---- გ--–-–---–-, დაბადებული 1--- წ-–-- 8-------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ხ---------–-- რ------, ს------–- ნ----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 08:00 საათზე, ხ---------–-- რ------- ს------– ნ---------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ო---- გ--–-–---–მა, განაწყენების ნიადაგზე, ორივე ხელი დაარტყა ზურგის არეში მეუღლეს, გ---–----- გ--–-–---–ს და წააქცია ძირს, რის შედეგადაც გ---–----- გ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 08:00 საათზე, ხ---------–-- რ------- ს------– ნ---------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ო---- გ--–-–---–ს, მეუღლის - გ---–----- გ--–-–---–-ს მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ ო---- გ--–-–---–- არის მისი მამა, ხოლო გ---–----- გ--–-–---–- დედა. ისინი, ერთად ცხოვრობენ ზ------------ რ------- ს------– ნ---------ში.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ს-------მ განაცხადა, რომ ო---- გ--–-–---–- არის მისი მამამთილი, ხოლო გ---–----- გ--–-–---–- დედამთილი და ისინი ერთად ცხოვრობენ ს------– ნ---------ში.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–-------- შ--–-----მ განაცხადა, რომ ო---- გ--–-–---–- არის მისი სიძე, კერძოდ დის - გ---–----- გ--–-–---–-ს ქმარი.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო---- გ--–-–---–- და დაზარალებული გ---–----- გ--–-–---–- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის:
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ს-------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ხ---------–-- რ------- ს------– ნ---------ში, მეუღლესთან და დედამთილ-მამამთილთან ერთად. 2018 წლის 23 ივლისს, როდესაც იმყოფებოდა სახლში, ოთახში და ეძინა, დაახლოებით დილის 07:00 საათზე, მას კარებზე დაუკაკუნა ო---- გ--–-–---–მა და სთხოვა ძირს ჩასვლა, ვინაიდან სალაპარაკო ჰქონდა. როდესაც ქვევით ჩავიდა, ო----- ანერვიულებული იყო, ხოლო ოთახში მყოფი გ---–----- გ--–-–---–-, ტიროდა და იძახდა „მეტი არ შემიძლია, უნდა წავიდე ჩემს ძმასთანო“. მის კითხვაზე, თუ რა მოხდა, პასუხი არ გასცა. ანერვიულებულმა ო---- გ--–-–---–მა სიგარეტს მოუკიდა და გავიდა გარეთ. ასევე, გარეთ გავიდა გ---–----- გ--–-–---–-ც. რამდენიმე ხანში, როდესაც თვითონაც გავიდა გარეთ, დაინახა, რომ გ---–----- გ--–-–---–- წაქცეული იყო ძირს, თუმცა, არ უკითხავს რა მოუვიდა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 18-20) ნაწილი, სადაც აღნიშნულია „ო---- გ--–-–---–-ს გასამართლების შემდეგ, გ---–----- გ--–-–---–ს ყოველდღე უთქვამს ჩემთვის, ო----- გ--–-–---–- სვამს სისტემატურადო და ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, ყოველდღე მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ აღნიშნული მას არ უნახავს და არც შესწრებია, იცის გ---–-----სგან. ასევე, პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა ამონარიდი, სადაც მითითებულია „გ---–----- გ--–-–---–- როდესაც ავაყენა ძირს წაქცეული, ის იტკიებდა მარცხენა ფეხს და მარცხენა ფეხზე, მუხლთან ეტყობოდა სისხლნაჟღენთი“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ არ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ ესე არ ყოფილა.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 23 ივლისს, როდესაც იმყოფებოდა ხაშურში, მას დაუკავშირდა მეუღლემ და უთხრა, რომ მშობლებმა იკამათეს. აღნიშნულის შემდეგ, მას დაურეკა მ----- ყ-------–მა. ჩავიდა სოფელში, სადაც ყველა სახლში დახვდა. დედამ, გ---–----- გ--–-–---–მა განუმარტა, რომ ო---- გ--–-–---–- შეეხო ხელით, ცემა. ხოლო მამამ, ო---- გ--–-–---–მა უთხრა, რომ შემთხვევით დაეჯახა გ.გ--–-–--–ს, რა დროსაც ის წაიქცა.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–-------- შ--–-----მ განაცხადა, რომ 2018 წლის 23 ივლისს, მას ტელეფონზე დაურეკა დამ - გ---–----- გ--–-–---–მა და უთხრა, რომ სახლში ავიწროვებდნენ, ცემა მეუღლემ. აღნიშნულის საფუძველზე დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ამ დროს, თვითონ ქუთაისში იმყოფებოდა. როდესაც და მასთან ჩავიდა, არ ჩაძიებია დეტალებზე, არაფერი უკითხავს და არც დაზიანებები უნახავს. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 153-155) ნაწილი, სადაც აღნიშნულია „მე დაველოდე ჩემს დას, რომელიც წავიყვანე ჩემთან სოფელში და იქ დაჰყო რამდენიმე დღე“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა აღნიშნული გარემოება.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----- ყ-------–მა განაცხადა, რომ მუშაობს ბორითის პოლიციის განყოფილებაში, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 ივლისს, ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობას, მეწყვილე ფ.ბ--–----თან ერთად გამოცხადდა ს------– ნ---------ში. ადგილზე მისულებს, დახვდათ დაზარალებული გ.გ--–-–---–-, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ იძალადა მასზე. აღნიშნულის საფუძველზე, სოფელში მოძიებული იქნა ო---- გ--–-–---–-, რომელიც არ იმყოფებოდა არც სახლში და არც სოფელში. შემდეგ, დაზარალებული გადაიყვანეს განყოფილებაში, გამოკითხვის მიზნით. ასევე, მოცემულ საქმეზე, მის მიერ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ-------- ბ--–---მ განაცხადა, რომ მუშაობდა ბორითის განყოფილებაში, უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 ივლისს, ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობას, თანამშრომელ მ----- ყ-------–თან ერთად გამოცხადდა ს------– ნ---------ში, სადაც დახვდათ დაზარალებული გ---–----- გ--–-–---–-, რომელიც ტიროდა და განუცხადა, რომ იძალადა მეუღლემ. გ.გ--–-–---–ს, აღენიშნებოდა დაზიანებები. აღნიშნულის საფუძველზე, გადაამოწმეს ო.გ--–-–---–-, რომელიც არც სახლში იმყოფებოდა და არც მაღაზიაში.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------- ზ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონული სამმართველოს, ბორითის პოლიციის განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ო---- გ--–-–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაზარალებულს გააცნო დადგენილება და უფლებები, დანიშნა ექსპერტიზები, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო ო.გ--–-–---–ს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ო.გ--–-–---–-ს მიმართ.
14. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა გ---–----- გ--–-–---–მა, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ო---- გ--–-–---–მა, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.
15. 2018 წლის 23 ივლისის გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ შ------- ც-–--–---–-ს მიერ, განხორციელდა გ---–----- გ--–-–---–-ს ვიზუალური დათვალიერება. ვიზუალური დათვალიერებისას, გ---–----- გ--–-–---–ს, მარცხენა ფეხზე, ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, აღენიშნება 02 სმ-მდე გემატომა. ასევე, ამავე ფეხის მუხლზე, აღენიშნება სისხლნაჟღენთი, დაახლოებით 02 სმ დიამეტრის. მისი გადმოცემით, დაზიანებები არის მტკივნეული. დაზიანებები მან მიიღო 2018 წლის 23 ივლისს, ს------– ნ---------ში, მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც იგი ცემა მეუღლემ, ო----- გ--–-–---–მა, რომელმაც ზურგში დაარტყა ხელები და წააქცია ბეტონის საფარზე.
16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ 23.07.2018წ. 21:44-21:50სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ---–----- გ--–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (მარცხენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 1.9X1.7სმ.). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ-----------მ.
17. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით დასტურდება, რომ ო---- გ--–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
18. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის N----------------- მომართვით დასტურდება, რომ ო---- გ--–-–---–- აღრიცხვაზე იმყოფება და მასზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს შიდა ქართლის პრობაციის ბიურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენის საფუძველზე. გამოსაცდელი ვადის დასაწყისია - 05.05.2018 წელი, ხოლო დასასრული - 08.05.2019 წელი.
19. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტის ე---------- ა-------ს დაკითხვა.
20. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. არაერთგზისობა გულისხმობს კოდექსის ერთი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა, არაერთგზისად რომ ჩაითვალოს, წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
21. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ო---- გ--–-–---–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ო---- გ--–-–---–-ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ო---- გ--–-–---–-ს უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ო---- გ--–-–---–-ს მხრიდან დაზარალებულ გ---–----- გ--–-–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 08:00 საათზე, ხ---------–-- რ------- ს------– ნ---------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ო---- გ--–-–---–ს, მეუღლის - გ---–----- გ--–-–---–-ს მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
22. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
25. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ ო---- გ--–-–---–-ს მიერ გ---–----- გ--–-–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - მ----- ყ-------–ის, ფ-------- ბ--–---ს, მ------ გ--–-–---–-ს და ვ-–-------- შ--–-----ს ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო---- გ--–-–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2018 წლის 23 ივლისს, ო---- გ--–-–---–მა ძალადობა ჩაიდინა მისი მეუღლის - გ---–----- გ--–-–---–-ს მიმართ. მოწმეებმა ზოგადად მიუთითეს იმ ფაქტის შესახებ, რომ გ---–----- გ--–-–---–მა მათ უთხრა, რომ მეუღლემ - ო---- გ--–-–---–მა იძალადა მასზე, ცემა. გ---–----- გ--–-–---–ს ემჩნეოდა დაზიანებები (ფ-------- ბ--–---ს ჩვენება). მოწმეების განმარტებები დაფუძნებულია სხვა პირის ჩვენებაზე და წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს. შესაბამისად, მათ მიერ დეტალები, რა დროს, რა ვითარებაში, სად, როგორ, რა ადგილებში და რა საგნის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები დაზარალებულს ო.გ--–-–---–მა, სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებიათ. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ გარეგნული დათვალიერების ოქმსა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია დაზარალებულ გ---–----- გ--–-–---–-ს სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს, აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა. აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა და სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. სსკ 1261 მუხლი კომპლექსური ნორმაა და სამივე კომპონენტი ძალადობა (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ერთობლივად უნდა იყოს სახეზე. მათგან ერთერთის არარსებობა, გამორიცხავს ქმედების სსკ 1261 მუხლით კვალიფიკაციას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა გ---–----- გ--–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ფაქტს, რომ 2018 წლის 23 ივლისს, ო---- გ--–-–---–მა ძალადობა განახორციელა მეუღლის გ---–----- გ--–-–---–-ს მიმართ.
29. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ო---- გ--–-–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
30. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო---- გ--–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ო---- გ--–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
გამართლებულ ო---- გ--–-–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სსიპ 112-ის აუდიოჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე